ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2018

10 თვეში 1518 თვითმკვლელობა - საგანგაშო სიტუაცია ქვეყანაში

“გოლოდომორი” უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს - კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა კრემლის რეჟიმზე

* * *

10 თვეში 1518 თვითმკვლელობა - საგანგაშო სიტუაცია ქვეყანაში

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 562 საქმე იყო აღძრული, მიმდინარე წლის ათ თვეში კი ეს მაჩვენებელი 1518-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობების რიცხვი 956 ერთეულით არის გაზრდილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა - ფსიქოლოგები ქვეყანაში საგანგაშო სიტუაციაზე საუბრობენ.

“ასევე, ყურადსაღებია სამი დღის წინ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა. “თინეიჯერების 98%-ს ეზიზღება საკუთარი თავი, დარჩენილ 2%-ს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე. მათ რომ სიცოცხლე და საკუთარი თავი უყვარდეთ (თავს ასე არ იგრძნობენ)”, - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე ბათუმიდან. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მშობლების უმრავლესობა ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რომელიც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იშველიებს. “თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ბუნდოვანია დასჯის მიზეზი და მიზანი. მშობელი არ ახდენს სწორ კომუნიკაციას შვილთან, რასაც შედეგად არ მოჰყვება მოზარდის ქცევის გამოსწორება”, - აღნიშნულია ფონდის დოკუმენტში. ფსიქოლოგები საქართველოში წინა წელთან შედარებით სუიციდის გახშირებულ ფაქტებს საგანგებოს უწოდებენ. მათი განცხადებით, თვითმკვლელობის ასაკი ძირითადად ბოლო დროს თინეიჯერებში გახშირდა. თუმცა გამონაკლისები არც ზრდასრული ასაკის ადამიანები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითმკვლელობის რიცხვმა კატასტროფულად იმატა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ამ ყველაფერს კომპლექსური სახე აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში გრაფიკულად პაუზა არ არის და ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო სტრესულ გარემოში ცხოვრობს. ფსიქოლოგი აცხადებს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად საზოგადოებაში დაპირისპირების კოეფიციენტი ბოლო რამდენიმე წელია კიდევ უფრო მძაფრდება. ხიდაშელი ფიქრობს, რომ საქართველოში სიძულვილის ენა ჩვენი ცხოვრების თანმდევი გახდა და მოსახლეობა ძირითადად ბულინგითა და აგრესიით არის დაკავებული. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ხშირია ასევე თვითმკვლელობამდე ადამიანის მიყვანის ფაქტებიც, რომელიც შეიძლება სრულიად გაუთვითცნობიერებლადაც მოხდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“არსებობს საზოგადოებაში საკმაოდ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა. ქვეყანაში დააკვირდით, ყველა საკმაოდ აგრესიულია და პატარა განსხვავებული მოსაზრების გამო, შესაძლოა მძიმე ბულინგის და აგრესიის მსხვერპლი გახდეთ. ბოლო 30 წელია ქვეყანაში სტრესული და მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა. პოლიტიკურადაც ხშირია სიძულვილის ენაზე საუბარი. ფაქტია, ამ სტატისტიკის მიხედვით ჩვენ უმძიმეს სტრესში ვართ და აქედან ვერაფრით გამოვდივართ. შეიძლება ქვეყანას ეკონომიკურად უჭირდეს, მაგრამ ამხელა სიძულვილში ყოფნის შემთხვევაში, ადამიანს ნორმალური ფსიქიკა ვერ რჩება. პოლიტიკამ კი ხალხი ჭკუიდან უფრო შეშალა. ეს არის ადამიანებს შორის ჩვეულებრივი კლასობრივი, რასობრივი, რელიგიური და ყველა ნიადაგზე დაწაყებული დაპირისპირება. ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მძიმე პერიოდს გადის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნონა ხიდაშელი.

“მისივე თქმით, თვითმკვლელობისკენ საქართველოში მიდრეკილება ყველა ასაკში არსებობს. თუმცა ამ ზღვარმა ბოლო დროს კიდევ უფრო დაბლა დაიწია და 12 წლამდე ჩამოვიდა. ხიდაშელი აცხადებს, რომ ბავშვი როგორ ოჯახშიც არ უნდა იზრდებოდეს, მასზე გარე ფაქტორებიც ზეგავლენას ახდენს. ის შესაძლოა ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი სკოლაში და ქუჩაშიც გახდეს. მისი თქმით, მართალია მშობლებს უჭირთ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მათთან კომუნიკაცია, მაგრამ ისინი მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც სუიციდისკენ მიდრეკილების მქონე ბავშვი ყოველთვის იცვლება და ჩაკეტილი ხდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბავშვების მშობლებიც 90-იანი წლების თინეიჯერები არიან, რომელთა ფსიქიკაც არანაკლებ დასტრესილია. ამიტომაც არის ხშირად, რომ შვილების პრობლემების შემჩნევა უჭირთ ხოლმე. თუმცა ძალიან დაკვირვებული მშობელი შვილში შეცვლილ ფსიქიკას ყოველთვის შეამჩნევს. მშობლების უმეტესობა თავის საკუთარ პრობლემებს ვერ უმკლავდება, ამიტომაც ზედ შვილის პრობლემების დამატების ნერვები აღარ აქვს. ხშირად ბავშვის სუიციდის შემთხვევაში, მშობლები ამბობენ, რომ მას არაფერი სჭირდა. ეს ტყუილია, ბავშვში ცვლილებებს როგორც კარგი სკოლის მასწავლებელი, ასევე მშობელიც შეამჩნევს. დიდი მნიშვნელობა ჩვენს განათლების სისტემასაც ენიჭება. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა იმის გამო ხდება, რომ დიალოგი არ არსებობს. მნიშვნელოვანი და საგანგაშო ნიშანია, როდესაც ბავშვს ჩვენთან კონტაქტი და დიალოგი არ სურს. როცა ის ჩაკეტილია და რაღაცის დამალვას ცდილობს. მისი გახსნა და მასთან კონტაქტის ფორმა უნდა მოვძებნოთ“, - განმარტავს ნონა ხიდაშელი.

“გოლოდომორი” უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს - კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა კრემლის რეჟიმზე

“აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც “გოლოდომორი” უკრაინელი ხალხის გენოციდად იქნა აღიარებული და მასზე პასუხისმგებლობა იოსებ სტალინსა და მაშინდელ პარტიულ ხელმძღვანელობას დააკისრა. დოკუმენტში, უკრაინელი ხალხის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები გაკიცხულია. “ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რუსეთის მხრიდან შესაძლოა საკმაოდ უარყოფითი და მწვავე რეაქცია მოჰყვეს. მართალია ამ რეზოლუციაში დაფიქსირებულია, რომ ეს იყო სტალინის დანაშაული და ა.შ. თუმცა რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. რესეთმა “გოლოდომორი” არათუ არ სცნო, არც აპირებს რომ ეს პროცესი დაიწყოს”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომლის განმარტებით გენოციდად აღიარება ნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება მოხდება. ამ რეზოლუციას შეიძლება მოჰყვეს სხვა დასავლეთ-ევროპის სახელმწიფოების აღიარებაც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “გოლოდომორი” უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს - “დადგება რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა”.

“ეს ისეთივე ტიპის დოკუმენტია, როგორიც სომეხი ერის წანააღმდეგ ჩადენილი გენოციდი, თუმცა ეს რეზოლუცია უფრო მკაცრი და ძლიერია. საუბარია მშვიდობიან პერიოდში ჩადენილ დანაშაულზე, სადაც ადამიანები შეეწირნენ უაზრო პოლიტიკას და ეს ფაქტობრივად, შეიძლება გათანაბრდეს ნაციზმისა და ფაშიზმის ისტორიის დიდ დანაშაულთან. კომუნისტური რეჟიმი შეიძლება ამ დონის დამნაშავედ იქნას აღიარებული. ჩვენი ქვეყანაც თუ შეუერთდება ამ რეზოლუციას, ცუდი არ იქნება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც, როგორც ჩანს, ბრიტანეთის პარლამენტშიც დადგება აღნიშნული საკითხი. ამერიკელების ეს ინიციატივა არის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა და გამოწვევა კრემლის ავტორიტარული რეჟიმის მიმართ. ამერიკის პალატამ აღიარა ეს ქმედება როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. გენოციდი, ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელიც შეიძლება წაყენებულ იქნას კონკრეტული სახელმწიფოს კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამ კუთხით საუბარია სტალინის რეჟიმზე - სტალინის კულტი დღევანდელ პუტინის რუსეთში აყვანილია საკმაოდ მაღალ დონეზე. სტალინი ლამის გამოაცხადეს ეროვნულ გმირად 2013-2014 წლებში, მსგავსი რაღაცაც მოხდა პუტინის რეჟიმში. ეს არის კიდევ ერთი სერიოზული დარტმა რუსეთის მიმართ. ამერიკის სენატმა მანამდე რეზოლუცია მიიღო ქერჩის ინციდენტთან დაკავშირებით. კონკრეტული კვალიფიკაცია მიენიჭა, რომ ეს იყო პირდაპირი სამხედრო აგრესია ჩადენილი რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინელების მიმართ. ეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდადაა აღიარებული, რუსეთის წინააღმდეგ უკვე მესამე რეზოლუციაა”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს