აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების ჩარჩო-დოკუმენტი დაამტკიცეს

სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე, დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების ერთიანი სისტემის ჩარჩო-დოკუმენტი დაამტკიცეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საბჭოს წევრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების თვალსაზრისით დოკუმენტი პასუხობს ყველა თანამედროვე გამოწვევას.
„მთის მიმართულებით ეს გახლავთ კომპლექსური გეგმა, რომელიც პასუხობს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს. მინდა განსაკუთრებით შევეხო ამ დოკუმენტს მთის განვითარების თვალსაზრისით. ვინაიდან აჭარა არის გამორჩეული რეგიონი მაღალმთიანი დასახლებებით, მთის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი პოლიტიკა, ისე პრაქტიკული ღონისძიებები. სულ რამდენიმე დღის წინ აღინიშნა მთის საერთაშორისო დღე, სადაც პრემიერის მიერ გაჟღერდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. გიორგი ქოჩქიანს მიენიჭა „მთის შვილის“ წოდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებით ჩვენს მთას, ჩვენს სოფელს აქვს სიცოცხლე, აქვს განვითარება და აქვს პერსპექტივა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა მოისმინეს აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის სამოგმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში და დაამტკიცეს აჭარის სოფლის განვითარების 2018-2020 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა.
სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის (EU) დახმარებითა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადდა. მისი ბიუჯეტი 214 მლნ ლარს აჭარბებს. ახალი სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს, გაძლიერდეს რეგიონში სოფლის განვითარების კუთხით პროგრამების დაგეგმარების და განხორციელების სტრატეგიული მიდგომები, რაც სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას შეუწყობს ხელს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ენპარდ-2“ პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ივანე შამუგია, პროექტის აჭარის კოორდინატორი ვატანგ კონცელიძე, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორი ნათია ბერძენიშვილი, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები.

























