ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2018

დავით ბერძენიშვილი - “სააკაშვილი მარცხის ფორმულაა, გაერთიანებულ ოპოზიციას მიშასთან გამიჯვნა მოუწევს”

მეგი გოცირიძე - “არჩილ თალაკვაძე სააკაშვილს დასდევდა და “მიშა მაგარიას” ხმის ჩახლეჩამდე უმღეროდა”

* * *

დავით ბერძენიშვილი - “სააკაშვილი მარცხის ფორმულაა, გაერთიანებულ ოპოზიციას მიშასთან გამიჯვნა მოუწევს”

“პოლიტიკის ფორმები ივანიშვილმა ვერ ისწავლა დ არც სურს ისწავლოს და რა თქმა უნდა, ერთადერთი შესაძლო პოლიტიკა - ეს მტრის ხატზე აგებული პოლიტიკაა! მეორე მხრივ, სანამ სააკაშვილი იქნება ასეთი აგრესიული და სანამ მას ექნება წამოცდენები, რომელსაც მერე დავარცხნიან ხოლმე მისი მხარდამჭერები, სანამ ის იძლევა ბრძანებებს, რომ ხან დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს, ხან ამბობს, რომ გლოვის დრო არ არის და ბრძოლის დროა - მოკლედ, სხვადასხვა ფორმით რევოლუციას აანონსებს, - ასეთ პირობებში სააკაშვილი ივანიშვილის სპარინგ-პარტნიორია... სააკაშვილი და ივანიშვილი ამ დაპირისისპირების უფროსები არიან, წვრილფეხობა კი ისაა, რასაც პარლამენტში ვხედავთ”, - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ბერძენიშვილი: “სააკაშვილი მარცხის ფორმულაა, გაერთიანებულ ოპოზიციას მიშასთან გამიჯვნა მოუწევს” / “რესპუბლიკელები” 16 დეკემბრის აქციას არ უერთდებიან".

“სააკაშვილმა რომ მეოთხე პრეზიდენტს არარაობა უწოდა, მეხუთე პრეზიდენტს კი მახინჯი თოჯინა - საქართველოში არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც კეთილგანწყობა მქონოდა, მაგრამ არც ერთი პრეზიდენტის მიმართ არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული განცხადებაც არ მახსენდება - არც ჩემგან და არც რომელიმე კვალიფიციური პოლიტიკოსისგან. ეს არ არის ის, რითაც უნდა შეამკო ქვეყნის პრეზიდენტი იმის მიუხედავად, რა მოგწონს ან რა არ მოგწონს მასში. საერთოდ, სააკაშვილი მარცხის ფორმულაა. სანამ არის სააკაშვილი, მანამ იქნება ოპოზიცია დამარცხებული. სანამ აქვს საააკაშვილს პრეტენზია ოპოზიციის ლიდერობის, წამყვანი ოპოზიციური პარტიის თუ ბლოკის ხელმძღვანელობის, მანამდე ეს პოლიტიკური ძალა განწირულია მარცხისთვის. ივანიშვილი არის სააკაშვილის სპრანგ-პარტნიორი. ის არის მზად, გავიდეს რინგზე. სააკაშვილს კოალიცია კი არ უნდა სამომავლოდ, სადაც თუნდაც მისი პარტია იქნება ყველაზე მეტი გავლენის მქონე, არამედ სააკაშვილს ამოცანა არის ერთმმართველობა. მას არჩევნები უნდა როგორც ინსტრუმენტი საკუთარი უკონტროლო ხელისუფლებისთვის. ქართული საზოგადოების ამოცანა კი სხვა არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მხოლოდ კოალიციაა მისთვის მისაღები, მაგრამ სააკაშვილი ისე იქცევა, რომ არავითარ კოალიციურობაზე არ ლაპარაკობს. მისსავე თანაგუნდელებს უთხრა, - მე რომ არ ვყოფილიყავი, ხმების 1/5-ს ვერ მიიღებდითო... გრიგოლ ვაშაძე გამოაცხადა პრეზიდენტად - როგორც ფილარმონიაში, ისე 2 დეკემბრის მიტინგზწ განაცხადა, მივესალმოთ ჩვენს პრეზიდენტს გრიგოლ ვაშაძესო. აქამდე ვაშაძეს არასდროს უთქვამს, რომ ის თავს არჩეულ პრეზიდენტად თვლის. სააკაშვილის ამ უკიდეგანო მიდგომებს ნაწილობრივ არბილებს მისივე კოალიცია და გრიგოლ ვაშაძე, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ - ამაზე ძალიან მწყდება გული”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “უნდა გაემიჯნონ სააკაშვილს?” - პასუხობს:

“ადრე თუ გვიან მოუწევთ გამიჯვნა ან პოლიტიკიდან სახლში წასვლა. ეს ძალიან მარტივია. ერთმანეთთან არათავსებადია სააკაშვილი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები. მე სააკაშვილისთვის მხარი არ დამიჭერია არც პიროვნულად და არც პარტიულად. პირველი ტურის დამთავრებისთანავე “რესპუბლიკურმა პარტიამ” ოფიციალურად დავუჭირეთ მხარი მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს - ვინც არ უნდა ყოფილიყო პროდასავლური კანდიდატი, დავუჭერდით მხარს - თუ ბაქრაძე იქნებოდა, მხარს ბაქრაძეს დავუჭერდით”...

“16 დეკემბრის აქციას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევუერთდებით - ჩვენ არ ფილარმონიაში ვყოფილვართ, არც 2 დეკემბრის აქციაზე - მიტინგზე, სადაც სააკაშვილის აცხადებს, რომ მივესალმოთ პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს.ეს ჩვენი მხრიდან პროგნოზირებადი იყო. ბუნებრივია, ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით. რაც შეეხება პროპორციულ სარჩევნო სისტემას, ამაში “რესპუბლიკელები” ისევე, როგორც სრულიად საქართველოს ოპოზიცია, ერთიანები ვართ და ვაშაძის მიერ გამოცხადებულ მიდგომას ჩვენც ვიზიარებთ... მინიმუმ 1 წელიწადი სჭირდება ჩვენი კონსტიტუციით მის მიღებას, დღესვე რომ დაიწყოს ხელისუფლებამ ზრუნვა. ამიტომ ვადამდელი არჩევნები ნაკლებად რეალისტურია. მთავარი და არსებითი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წელს”, - ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი.

“ჩემთვის მთავარია ის, რომ ამ 800 000 ამომრჩევლის შენარჩუნება არ არის სწორი ამოცანა. იმიტომ, რომ ეს ილუზიაა - 800 000 ხმა არის სააკაშვილისა და ვაშაძის ერთობლივი ხმები - ეს არის მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატისთვის მიცემული ხმები. თუ ვაშაძე აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, მას მოუწევს არა 800 000 ამომრჩევლის შენარჩუნებაზე ზრუნვა, არამედ რამდენიმე ასეული ათასი ხმის პოლიტიკურ ორიენტირად გადაქცევა. სააკაშვილთან ერთად ვაშაძეს პერსპექტივა არ აქვს. ვაშაძე თუ მოახერხებს დისტანცირებას - არა შიდა მოლაპარაკებებით და მიშას დაყოლიებით, არამედ მისგან რეალური დისტანცირებით, - მაშინ ის შემოვა ქართულ პოლიტიკაში. თუ ამას არ დააპირებს, დარჩება ერთჯერად პრეზიდენტობის კანდიდატად... ამ ქვეყანაში სააკაშვილს ჰყავს დაახლოებით 300-350 ათასი ამომრჩეველი. ჩამოყალიბდეს ეს ხალხი მიშისტურ ამომრჩევლად მინარევების გარეშე - არ ვჭირდებით დანარჩენები, მხოლოდ თვითონ... 800 000 ხმას ვერც მიშა და ვერც ვერავინ ვეღარ წაიღებს - ეს არის ანტიბიძინას ხმები, რომელიც ხელახლა ვერ შეიკრიბება”, - დაასკვნის დავით ბერძენიშვილი.

მეგი გოცირიძე - “არჩილ თალაკვაძე სააკაშვილს დასდევდა და “მიშა მაგარიას” ხმის ჩახლეჩამდე უმღეროდა”

“მოდი, დაკონკრეტებ - არჩილ თალაკვაძე უბრალოდ კი არ მღეროდა “მიშა მაგარიას”, არამედ ხმის ჩახლეჩამდე” გაჰყვიროდა ამ სიტყვებს. 2012 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით ის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო. მიშას შეხვედრებს სტუდენტებთან სულ თალაკვაძე უკეთებდა ორგანიზებას. გადარეული იყო სააკაშვილზე, ცდილობდა რამენაირად მის გვერდით ყოფილიყო. მიშამ არჩევნებში დამარცხება 2012 წლის 1 ოქტომბრის გვიან საღამოს აღიარა. როგორც კი მან ეს განცხადება გააკეთა, თალაკვაძემ ნაციონალების დროშა გადააგდო, “ოცნების” დროშა დაიჭირა და მოზეიმე ქოცებს შეუერთდა... შეუერთდა თუ არა მათ, ეგრევე სისხლიან 9 წელზე დაიწყო საუბარი - ეტყობა, იმ 9 წლის განმავლობაში სისხლიანი ჯამიდან მარტო მე ვსვამდი სისხლს და თალაკვაძეს არ ვასმევდი”, - აცხადებს დეპუტატი მეგი გოცირიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არჩილ თალაკვაძე სააკაშვილს დასდევდა და “მიშა მაგარიას” ხმის ჩახლეჩამდე უმღეროდა” / ვინც სისხლიან რეჟიმს ქმნიდა. დღეს ყველა “ოცნების” მოწინავე რიგებშია”.

“ნაციონალები” რომ არა, 2012 წელს ივანიშვილს პარლამენტში უმრავლესობა არ ეყოლებოდა. ივანიშვილმა პარლამენტში ჩვეულებრივი უმრავლესობაც კი ვერ შეიყვანა - აღარაფერს ვამბობს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე: სასურველ მიზანს მან მოღალატეების დახმარებით მიაღწია. “ოცნებამ” ყველაფერი იკადრა - ცოცხების სცენებმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია... დადგება დრო და აუცილებლად აგებენ პასუხს ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაზე, რომლის ამბავმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო - როცა “ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, პირადად ირაკლი ღარიბაშვილი და მანანა ბერიკაშვილი ილაპარაკებენ, ვინ დაუკვეთა ეს მკვლელობა და და სინამდვილეში რა მოხდა... ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ნაციონალური მოძრაობის უდიდესი შეცდომა იყო, როცა 2003 წლის არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გაუქმდა - პროპორციული თავიდან ჩაატარეს, მაჟორიტარულის შედეგები კი დარჩა - ეს იყო გაუგენარი სიბეცე... ისინი ნაციონალებში კი არ გადმობარგდნენ - როგორც კი პარლამენტში შევედით, ეგრევე ხელები ასწიეს და ჩაგვბარდნენ - ჩვენც ჩავიბარეთ და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეგი გოცირიძე.

“ჩაბარების შემდეგ ყველა მათგანმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა დანარჩენ არჩევნებში 5 ნომრით იყარა კენჭი” ეს ხალხი თავს იკლავდა, რომ ნაციონალური მოძრაობას გაემარჯვა. მათ აქტიურობა არც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ შეუწყვეტიათ. სხვათა შორის 7 ნოემბერს ნიკა მელია იმ დღეს ნაციონალების წინააღმდეგ რუსთაველზე იდგა - ის ჩვენ გვებრძოდა და დღეს მას ის ხალხი ეძახის სისხლიანი რეჟიმის წევრს, რომელიც 7 ნოემბერს და მას შემდეგაც “მიშა მაგარიას” მღეროდა. ამ ხალხს ვეკითხები - არ გრცხვენიათ, მელიას წარსულზე რომ ლაპარაკობთ?.. ან გოგიტა ვაშაძეს როგორ ეძახით სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელს - ეს ბიჭი არსად გარეულა, თავჩაღუნული აკეთებდა საქმეს - იუსტიციის სახლები მაგის მოგონებულია. ამ სისტემის არევაც უნდოდათ, მაგრამ გოგიტას ისე მაგრად ჰქონდა ყველაფერი გაკეთებული, არაფერი გამოუვიდათ... დარწმუნებული ვარ, “ოცნება” მათ დიდი სიამოვნებით მიიღებდა, მაგრამ იქ გადასვლა არ იკადრეს... ივანიშვილი რეჟიმის მალე დასრულდება და მერე რას იზამენ თალაკვაძე, ოქრიაშვილი, მკოიანი...”, - დასძენს მეგი გოცირიძე და შეკითხვაზე - “ნაციონალებმა” თუ გაიმარჯვეს, ალბათ ისევ “მიშა მაგარიას” შემოსძახებენ?” - პასუხობს:

“სიამოვნებით შემოსძახებენ, მაგრამ პირადად მე ამას არარ დავუშვებ. ყველაფერს გავეკეთებ, რომ ასეთი მოღალატეები ნაცმოძრაობაში აღარ მოხვდნენ... მართალია, ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ვარ, მაგრამ მხარდამჭერი ვარ და გული შემტკივა - დიახ, ამ პარტიის თანამებრძოლი ვარ - ნაცმოძრაობის ყოფილი წევრები კი “ოცნების” წინა რიგებში მოიკითხეთ”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა