ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2018

უკრაინის პრომოსკოვური მღვდელმთავრები აცხადებენ, რომ ეკლესიებს "სისხლის ფასად" დაიცავენ

1 კვირაში გაზი გაძვირდება!

უკრაინის პრომოსკოვური მღვდელმთავრები აცხადებენ, რომ ეკლესიებს "სისხლის ფასად" დაიცავენ

“სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და რუსეთი უკრაინას ეკლესიურად ოფიციალურად დაკარგავს. ახლადარჩეული მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის რანგში მსახურებას უკვე შეუდგა. ახლა ყველა 6 იანვარს ელოდება, როდესაც სტამბულში მიწვეულ ეპიფანეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ავტოკეფალიის დოკუმენტს - ტომოსს გადასცემს და უკრაინა რუსეთის რელიგიური გავლენებისგან ოფიციალურად გათავისუფლდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უკრაინის პრომოსკოვური მღვდელმთავრები აცხადებენ, რომ ეკლესიებს "სისხლის ფასად" დაიცავენ

"ცალსახად ნათელია ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს. თუმცა არაღიარების გარდა, კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ონუფრის უკვე გაცხადებული აქვს, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტაძრებს სისხლის ფასადაც დაიცავენ და ქუჩაში უკრაინული ტაძრების სამღვდელოება და მრევლი გამოვა. კიევში გამაერთიანებელი საეკლესიო კრება 15 დეკემბერს გაიმართა, სადაც 192 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 64 ეპისკოპოსი, 64 მღვდელი და 64 საერო პირი. ფარული კენჭისყრით ეკლესიის ახალი მეთაური 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე (ერისკაცობაში სერგეი დუმენკო) აირჩიეს და დაამტკიცეს ეკლესიის წესდება. ამ კრების შედეგად ნებაყოფლობით გაუქმდა უკრაინაში მოქმედი ორი მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლი იყო ფილარეტი და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლი იყო მაკარი. თუმცა უკრაინაში ასევე არის მესამე მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და მისი წინამძღოლი გახლავთ ონუფრი. მოსკოვის საპატრიარქო უკრაინაში სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს არ აღიარებს და ასევე არ აღიარებს 15 დეკემბრის გამაერთიანებელ კრებასაც“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეპიფანე იქამდე არაკანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა. გამაერთიანებელ კრებაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიიდან მხოლოდ 2 ეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელი ესწრებოდა. მოსკოვის საპატრიარქომ ეს სასულიერო პირები სქიზმატებად გამოაცხადა. გუშინ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანგებო სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მღვდელმთავრობა ჩამოართვეს და მსახურება აუკრძალეს იმ ორ მიტროპოლიტს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო 15 დეკემბრის გამაერთიანებელ კრებაში, სინოდმა მათ ნაცვლად ახალი ეპისკოპოსები აირჩია. გარდა ამისა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს იმ მღვდლებთან და დიაკვნებთან დაკავშირებითაც, რომლებმაც ეპისკოპოსებთან ერთად მიიღეს გამაერთიანებელ კრებაში მონაწილეობა.როდესაც ახალი გაერთიანებული უკრაინული ეკლესია შეიქმნა, მნიშვნელოვანია რა ბედი ელის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის დაქვემდებარებაში არსებულ ათასობით ტაძარს“, - განაგრძობს გამოცემა.

"უკრაინული მედია წერს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი პირველიერარქი წოდებული იქნება, როგორც რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი უკრაინაში, ხოლო ტაძრები უკრაინის ახალ ეკლესიას გადაეცემა. დღეს უკრაინაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, მრევლის თვალსაზრისით და ტაძრების რაოდენობით, არის მოსკოვის დაქვემდებარებაში არსებული ეკლესია, რომელსაც ონუფრი ხელმძღვანელობს. მის მფლობელობაში 11 392 ეკლესია და ტაძარი, მაშინ როდესაც, კიევის საპატრიარქოს ჰქონდა - 3 784 ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას კი - 868 ტაძარი. მოსკოვის საპატრიარქო ფლობს უკრაინის სამ ყველაზე მნიშვნელოვან მონასტერს - კიევ-პეჩორის ლავრას, პოჩაევის ლავრას და წმინდა სამების ლავრას კიევში. 23 ნოემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ რელიგიურ ორგანიზაციას პოჩაევის ლავრის ნაგებობებით სარგებლობის იურიდიული უფლება გაუუქმა და ის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. მსგავსი ბედი ელის სხვა ტაძრებსაც“, - დასძენს გამოცემა.

„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადეს, რომ საკუთრების გადანაწილების მცდელობები „ძალადობას" და „სისხლისღვრას" გამოიწვევს. ამდენად, სწორედ ტაძრების საკუთრების თემაზეა მოსალოდნელი დიდი პრობლემების დაწყება რუსეთის მხრიდან. თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, მოსკოვის მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი. „6 იანვარს გადაეცემა ახლადარჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსი ფანარში და ეს ერთგვარად სიმბოლურიც იქნება. „ეპიფანია" - ბერძნულად ნათლისღებას ნიშნავს და შესაძლოა ეს დამთხვევაა, მაგრამ მაინც სიმბოლურია, რომ მას სწორედ ახალი სტილით ნათლისღების დღეს - 6 იანვარს გადაეცემა ტომოსი. ამის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას სტატუსი უნდა შეეცვალოს და ასევე დროთა განმავლობაში მათ ტაძრები და მონასტრები უნდა დატოვონ. ლოგიკურად, უკრაინის ხელისუფლება მათ ამ ტაძრებიდან გამოიყვანს. სხვანაირად არ შეიძლება. ტაძრები უკრაინის ეკლესიის საკუთრება უნდა გახდეს. სამართლებრივი დავა გახდა. ოფიციალურად კონსტანტინოპოლმა უკვე აღიარა უკრაინის ახალი ეკლესია და ევქარისტულ კავშირში მოიხსენია. ამიტომ ის ქონება, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზეა, ეკუთვნის ამ ქვეყნის კანონიკურ ეკლესიას - ახლადგამოცხადებულ უკრაინის ეკლესიას. მე ვფქრობ, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის იურისდიქციაში მყოფი უკრაინელი მღვდელმთავრები ნელ-ნელა გადაბარგდებიან უკრაინის ეკლესიაში. ასევე რუსეთი პროვოკაციებისგან თავს არ შეიკავებს. არ გამოვრიცხავ შეტაკებებსაც, რასაც საეკლესიო ისტორიაში ჰქონდა კიდეც ადგილი ბერებს შორის შეტაკებებსაც," - წერს სტატიის ავტორი.

1 კვირაში გაზი გაძვირდება!

"გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს. 1 კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. მართალია, სემეკში გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ სპეციალისტებისთვის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია. ტარიფი თბილისელებს 2-3 თეთრის ფარგლებში გაუძვირდებათ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება რეგიონებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი ისედაც ძვირია. დედაქალაქში გაზის ტარიფი 8-9 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 50 თეთრი გახდება. სემეკში კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით 26 დეკემბერს განიხილავენ. მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 1 კვირაში გაზი გაძვირდება!

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გოჩა შონიას თქმით, ტარიფში, ლარის კურსთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის კომპონენტი, რომელიც ტარიფის ფორმირების პროცესში მონაწილეობს. „წინასწარ სატარიფო ცვლილებაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. 26 დეკემბერს არის სხდომა ჩანიშნული. დეპარტამენტს მუშაობა არ დაუსრულებია და დეტალებს აზუსტებს. ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თითოეული ნიუანსი გასაანგარიშებელია. ყველა კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული: საინვესტიციო ხარჯი, განაწილება, ლარის კურსი და სხვადასხვა. თითოეულ ხარჯს დეტალურად ვსწავლობთ, შეჯერების პროცესში ვართ. ყველაფერი აისახება ტარიფზე, ვერ გამოვყოფ, რომელი კომპონეტი უფრო მეტად ან ნაკლებად იქონიებს გავლენას გადასახადის კორექტირებისას. ძალიან რთულია საუბარი. ზრდას ვერ დაგიდასტურებთ, სანამ საბოლოო ციფრი არ გვეცოდინება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გოჩა შონიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"დეპარტამენტი ახლა გადის ხარჯების აუდიტს და დეტალურად ყველა ხარჯს აჯამებს. ეს არის გეგმური გადახედვა, მოქმედ ტარიფს ვადა გასდის 31 დეკემბერს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ განაცხადების განხილვა. „აქ არ არის მხოლოდ სამომხმარებლო ტარიფი, საკმაოდ კომპლექსური თემაა, რომელიც ეხება მიწოდების ნაწილს, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს. დიდი სამუშაოა გასაწევი. ცხადია, კურსი თავისთავად მოქმედებს გაზის სექტორზე, რადგან ბუნებრივი აირის შესყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, კურსს გარკვეული ზეგავლენა აქვს, შესაძლოა, მიწოდების ნაწილში ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ განაწილების კომპლექსში შემცირდეს, არაფერი არ არის გამორიცხული. ცხადია, ინვესტიციების ხარჯიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ როგორ შეიცვლება ტარიფი, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გოჩა შონია. ტენდენცია მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა ენერგეტიკოსებისთვის, რომლებიც დანამდვილებით ამბობენ, რომ მოსახლეობას გადასახადი გაუძვირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ტარიფი განსაკუთრებით რეგიონებში მოიმატებს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამის მიზეზად ინვესტიციებს მიიჩნევს და ამბობს, რომ ტარიფზე ყველაზე მეტ გავლენას სწორედ ეს კომპონენტი მოახდენს. იგი არ მალავს, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ლარი საბედისწერო ზღვარზეა. ასე თუ გაგრძელდა და ყოველთვე თითო პუნქტით გაუფასურდება ლარი, ბუნებრივია, ტარიფის დაჭერა შეუძლებელი გახდება. ძველი ნიშნული ჩვენ დავგეგმეთ 2,50-ზე, ახლა 2,70-ზეა საუბარი, რაც გადასახადის გაძვირების ალბათობას ზრდის. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუკი კურსი მომავალში 2,80-ს მიაწღევს, რაც, ფაქტობრივად, ტარიფის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტარიფში მარტო კურსი არ არის, ყველა პრობლემა წარმოიშვება როგორც გატარების, ისე შესყიდვის თვალსაზრისითაც. კურსიდან გამომდინარე, შესყიდვის კომპონენტში მაინც მეტი პრობლემაა. ჩემი აზრით, ჩადებული ინვესტიციების ამოღების საკითხი არ იქნება, რომ ტარიფი ამ მხრივ დაიტვირთოს, ამჯერად ეს საკითხი არ დადგება. ცვლილება ზრდისკენ იქნება მიმართული, მაგრამ 1 კბ/მ-ის ფასი 50 თეთრს არ უნდა გადასცდეს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი სავალუტო კრიზისია, რის გავლენასაც გაზის ტარიფი ვერ გაექცევა", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" არაბიძე. ბუნებრივი აირის დანაკარგების შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია, რაც ტარიფზე სამომავლოდ აისახება. „ბუნებრივი აირის დანაკარგებს 3-5%-მდე თუ ჩამოიყვანენ, ეს მოითხოვს დიდ ხარჯს, სამაგიეროდ, შემცირდება დანაკარგები და აქედან გამომდინარე, კომპანია შეიძლება დაზარალდეს ფინანსურად. მოგვიანებით ეს თავისთავად ასახვას ტარიფში ჰპოვებს. პრინციპში, ასეთია რეალობა, ბევრი ფულია ჩასადები, რომ დანაკარგებთან დაკავშირებული ვითარება მოგვარდეს“, - დასძენს გამოცემა.

"ფაქტია, ქსელი მოსაწესრიგებელია. ცოტა ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ „ყაზტრანსგაზმა" 3%-მდე შეიძლება შეამციროს დანაკარგი, მაგრამ რეალურად იგი 10%-ზე მეტია. ცვლილებას ველოდები გადასახადთან დაკავშირებით, რაც ზამთარში მოსახლეობას დიდ ტვირთად დააწვება", - დასძენს ენერგეტიკოსი. გია არაბიძე ამბობს, რომ ტარიფი 3 კომპონენტისგან შედგება: ტრანსპორტირების თანხა, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, შეიძლება ცოტათი შემცირდეს, თუკი კურსი 2,67-ზე დარჩა. რაც შეეხება შესასყიდ ხარჯს, წინა შესასყიდი ფასი 2,5-ზე იყო გაანგარიშებული, ალბათ ამ მხრივ კორექცია მოხდება მატების მიმართულებით. სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტში კი ენერგეტიკოსი ზრდას ელოდება. „სერიოზულ ცვლილებას არ ვვარაუდობ, განსაკუთრებით თბილისში. მნიშვნელოვანი მდგენელი არის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც გარკვეულწილად გაიყო. თუ მოხერხდა „სოკართან", ანუ ინვესტიციების ჩამდებთან შეთანხმება, რომ ტარიფს მაქსიმალური ტვირთი არ დააწვეს ინვესტიციების ამოსაღებად და ხარჯის გადანაწილება წლების მიხედვით მოხდეს, მაშინ სამომხმარებლო ტარიფის სერიოზული მატება არ იქნება, თუმცა ცოტათი მაინც გაძვირდება. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში მეტი ინვესტიცია განხორციელდა, იქ გადასახადსაც მეტად გააძვირებენ, ვიდრე თბილისში. მოკლედ, გაზის გაძვირება გარდაუვალია. ლარის კურსი და ინვესტიციები ამ მხრივ გარკვეულ გავლენას მოახდენს", - ამბობს არაბიძე და დასძენს, რომ გადასახადის სიდიდის მიხედვით სხვაობა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის მცირე არ იქნება. „ველოდები, რომ დედაქალაქში გადასახადი 2-3 თეთრის ფარგლებში მოიმატებს. რეგიონებში კი სამომხმარებლო ტარიფი ისედაც მეტია, რამდენადაც იქ ტრანსპოტირების ხარჯი უფრო დიდია. სხვადასხვა რეგიონისთვის ეს მაჩვენებელი სხვადასხვა იქნება. იქ რამდენიმე წვრილი კომპანიაა და თითოეულს განსხვავებული ტარიფი ექნება, განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით სად მეტი იქნება ეს გადასახადი, ჯერჯერობით ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, თბილისთან შედარებით, სხვაობა უმნიშვნელო არ იქნება", - აღნიშნავს არაბიძე. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მუდმივად საუბრობენ, რომ შეშის მოხმარება შეამცირონ, გათბობის სხვა ალტერნატივა მოსახლეობას, ფაქტობრივად, აღარ ექნება. გაზიფიცირების სამუშაოების მიუხედავად, ხალხს გადასახადი საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება და გაზის მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდება. სხვა გამოსავალი ხალხს, უბრალოდ, არ ექნება“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს