ქართული პრესის მიმოხილვა 19.12.2018

"ეფ-ეს-ბე" რუსეთში ქართველი ჯაშუშების გააქტიურებაზე ალაპარაკდა

ხორავას ქუჩის საქმეში ახალი მოწმეები და ახალი მასალები გაჩნდა

საქართველო ენერგეტიკულ ჩიხში ექცევა

"ეფ-ეს-ბე" რუსეთში ქართველი ჯაშუშების გააქტიურებაზე ალაპარაკდა

“რუსული უშიშროების ფედერალური სამსახურის - "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო იმ 10 სახელმწიფოთა შორისაა, რომელთა სპეცსამსახურთა ნომერ პირველ ინტერესს რუსეთის არმია და რუსეთის შეიარაღება წარმოადგენს და ბოლო 5 წელიწადში მოსკოვმა ამ სახელმწიფოების რამდენიმე ათეული აგენტი გამოავლინა. დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ჯაშუშების გამოვლენაზე განცხადება რუსულ მედიასთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ნიკოლაი იურიევმა გააკეთა. მისი თქმით, მინუმუმ 10 ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან გაზრდილია ინტერესი რუსული შეიარაღების მიმართ და ამ 10 ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ეფ-ეს-ბე" რუსეთში ქართველი ჯაშუშების გააქტიურებაზე ალაპარაკდა / რუსულმა კონტრდაზვერვამ საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელთა აგენტების გამოვლენაც ყველაზე ხშირად ხდება

"უცხოური დაზვერვის სამსახურებისათვის ნომერ პირველ ინტერესს ისევ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს. ამის დასტურია სამხედრო კონტრდაზვერვის მიერ გამოაშკარავებული აგენტების რაოდენობა - მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, შვედეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, საქართველოს, პოლონეთის სპეცსამსახურებიდან ათობით აგენტია გამოვლენილი", - აცხადებს "ეფ-ეს-ბე"-ს გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი იურიევი.როგორც თბილისში აცხადებენ, რუსეთის მიზანია, წარმოაჩინონ, რომ ამერიკელები და სხვა დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იყენებენ პლაცდარმად ერთობლივი ოპერაციების დასაგეგმად რუსეთის წინააღმდეგ, რომ ვითომ აგერ ამის დასამტკიცებლად სხვა დასავლური ქვეყნის ჯაშუშებთან ერთად ქართველი ჯაშუშებიც გამოავლინეს და ასევე თითქოს ლუგარის ლაბორატორიაც ამერიკელებმა და ქართველებმა სწორედ რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის საწარმოებლად შექმნეს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია უფრო რუსული საინფორმაციო ომის გამოვლინებაა. "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შემთხვევით არაფერს ამბობს და ისინი ამ ფაქტებს რას დაუკავშირებენ და რისთვის გამოიყენებენ, ეს დამაფიქრებელია. მისივე თქმით, რუსეთი ჩვენი სამხედრო მოწინააღმდეგეა და ჩვენ რომ რაღაც ინტერესი გვქონდეს, თუ რუსეთს რა შეიარაღება აქვს, ეს გასაგებიცააა. თუმცა, თუ ქართველი აგენტების მასობრივად გამოვლენა სიმართლეა, რუსულმა მხარემ კონკრეტული ფაქტები და დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, რაც არ მომხდარა და ამიტომ თვლის, რომ ინფორმაცია არარეალურია და მიზანი სულ სხვაა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მაისაიას აზრით, "რუსების მიზანია წარმოაჩინონ, რომ საქართველოში ქართველები და ამერიკელები რუსების წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ - რომ თბილისში ლაბორატორია შექმნეს, ახლა კი აგერ თურმე ქართველი ჯაშუშებიც გამოუვლენიათ, რომლებიც მიბმული არიან დასავლეთის სპეცსამსახურების ჯაშუშების რიცხვს". "მე ცუდად მენიშნა რამდენიმე დღის წინანდელი სერგეი ლავროვის ინტერვიუ, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის ინტერესია საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის წინაპირობაა თურმე და ამას უნდა მიხედონ. ახლა ასევე უხილავი ჯაშუშებიც გამოუვლენიათ, რომლებსაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების სიაში აბამენ. "ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია. "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შემთხვევით არაფერს არ ამბობს და ისინი ამ ფაქტებს რას დაუკავშირებენ და რისთვის გამოიყენებენ, ეს კიდევ სხვა თემაა. ეს არის ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული ფსიქოლოგიური ომი და ეს არის ამ ომის პრელუდიური მომენტი", - მიიჩნევს მაისაია“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, ჩვენ კარგად ვიცით, ვითომ ჯაშუშების გამოვლენას როგორ იყენებს რუსეთი. "კარგად გვახსოვს, როდესაც 2008 წლის ომის დაწყებამდე ივნისში რუსებმა დააკავეს 16 ადამიანი, განაცხადეს, რომ გამოავლინეს ქართული რეზიდენტების საქმიანობა რუსეთში და ამ 16 ადამიანს შორის 2 საქართველოს მოქალაქე იყო, ასევე იყვნენ ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებიც. ეს იყო ჰიბრიდული ომის გამოვლინება და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო რაღაც ფიქტიურ და არარეალისტურ ქმედებებზე. "ასევე შემდეგ, 2012 წელს, რუსებმა კიდევ გაავრცელეს რაღაც დოკუმენტური ფილმი, რომ თითქოს დე ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს ქართველი მზვერავები. მათი აღიარებითი ჩვენებები ჰქონდათ და ეტყობოდა, რომ ეს ადამიანები საშინელი დამუშავებისა და წამების ქვეშ იყვნენ. ანუ, ეს არახალია. რუსეთს უნდა, საქართველოს საკითხი მუდმივად ზედაპირზე იყოს და ამით აჩვენოს, რომ თურმე საქართველოს სპეცსამსახურების უკან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან. "რუსების ლოგიკაა, რომ საქართველოს პლაცდარმად იყენებენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, აქ საჯაშუშო პლაცდარმია შექმნილი რუსეთისათვის საფრთხის შესაქმნელად. მათი ნარატივი გასაგებია, მათი მესიჯია, რომ საქართველოს იყენებენ პლაცდარმად სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და ერთობლივი ოპერაციები იგეგმება რუსეთის წინააღმდეგ."მსგავსი რამ რუსებმა 2013 წელს ესტონეთის წინააღმდეგაც გამოიყენეს, როდესაც ესტონეთის სპეცსამსახურები ესტონეთის ტერიტორიაზე დაიჭირეს, გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე და შექმნეს აჟიოტაჟი, რომ ესტონეთის ჯაშუშები რუსეთში გამოავლინეს. ეს გამოიყენეს ესტონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის საწარმოებლად. მსგავსი მიზანია ჩვენი მიმართულებითაც - ფსიქოლოგიური ომის წარმოება", - წერს სტატიის ავტორი.

ხორავას ქუჩის საქმეში ახალი მოწმეები და ახალი მასალები გაჩნდა

„ხორავას ქუჩის საქმეზე, უახლოეს მომავალში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოკლულ დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეს კრიმინალური პოლიციის უფროსმა მიაწოდა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაში არსებულ ახალ გარემოებებს აცნობდნენ. სარალიძე აცხადებს, რომ მას კრიმინალური პოლიციის უფროსი ვლადიმერ ბოცვაძე დაჰპირდა, რომ საქმე ბოლომდე გამოძიებული იქნება და ყველა ის პირი დაისჯება, ვისაც მკვლელობასთან შემხებლობა ჰქონდა. მას ადვოკატთან ერთად საქმის მასალებს 3 საათის განმავლობაში აცნობდნენ“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხორავას ქუჩის საქმეში ახალი მოწმეები და ახალი მასალები გაჩნდა / ადვოკატი: "ყველაფერი ახალი იყო... დავადასტურებ იმასაც, რომ საქმეში ახალი დაკითხული პირები არიან"

„სარალიძის ინფორმაციით, საქმეზე არასრულწლოვნები ხელახლა არიან გამოკითხული და ასევე, მირზა სუბელიანის სხვადასხვა ეტაპიანი დაკითხვის ოქმები აჩვენეს, რომელსაც ისინი დეტალურად გაეცნენ. თუმცა სარალიძე ამბობს, რომ საქმე არასრულწლოვნების გამო დახურულია და მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჟურნალისტებთან უფრო მეტის თქმის უფლება არ აქვს. დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა არ ვიცი, მათი დაკავებისაგან თავს ამდენი ხანი რატომ იკავებენ. როცა საქმის მასალებს ბოლომდე გადავიკითხავ, გავერკვევი, რა ხდება. 3 საათის მიუხედავად ბოლომდე ყველაფერს ვერ გავეცანი. რაც ვნახე, საქმეში გარკვეული სიახლე არის, თუმცა დეტალურად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვსაუბრობ. რაც შეეხება კალანდიას, შინაგან საქმეთა სამინიტროში მისი დაკავების საკითხი ყოველთვის იდგა და მის დაკავებაზე თავს პროკურატურა იკავებს. მარტო კალანდიას დაკავებას არ ვითხოვ, ასევე ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც საქმესთან შემხებლობაში იყო და გააყალბა. ნებისმიერმა პროკურორმა თუ გამომძიებელმა, მნიშვნელობა არ აქვს, ყველამ პასუხი უნდა აგოს. გავეცანი საქმის ახალ მასალებს. ვნახეთ, რომ განმეორებით არასრულწლოვნები არიან დაკითხული. ასევე ვაპირებ, პროკურორებს შევხვდე და საქმის ახალ გარემოებებს გავეცნო, რა აქვთ და რას აპირებენ. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რას იზამენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ მათ გამომძიებლებისა და კრიმინალური პოლიციის უფროსისაგან მიიღეს მესიჯები და მზაობა იმისა, რომ მათ საქმის ირგვლივ ჭეშმარიტების დადგენა სურთ. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი სრულიად ახალი საქმის მასალებს გაეცნენ, სადაც ახალი პირებიც იყვნენ გამოკითხული. თუმცა ლონდარიძე აცხადებს, რომ მათ საქმის ყველა მასალა ჯერჯერობით არ უნახავთ და არ გამორიცხავს, რომ საქმის ირგვლივ ახალი გარემოებებიც აღმოაჩინონ. შსს-ს ჩვენ მივმართეთ განცხადებით და საქმის მასალების გაცნობა მოვითხოვეთ, რასაც გავეცანით. ყველაფერი ახალი იყო. ასევე დაკითხული იყვნენ ისევ ის არასრულწლოვნები, თუმცა ახალი მათ არაფერი ჰქონდათ ნათქვამი. დავადასტურებ იმასაც, რომ საქმეში ახალი დაკითხული პირები არიან. ჯერ მთლიან მასალას ვერ გავეცანით და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ახალი გარემოებებიც იყოს გამოკვეთილი. გამომძიებელმაც და კრიმინალური პოლიციის უფროსმაც გამოგვიცხადეს მზაობა, რომ მათ ამ საქმის ირგვლივ სიმართლის დადგენა სურთ და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ. მათი მესიჯებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა, პასუხისგებაში სხვა პირებიც მიეცნენ. ასევე საქმის ახალი პროკურორები არიან და მათთან შეხვედრასაც ვაპირებთ", - წერს სტატიის ავტორი.

საქართველო ენერგეტიკულ ჩიხში ექცევა

"ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში კატასტროფულად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ქვეყანაში დღითიდღე მცირდება, მსხვილი მრეწველობა გაჩერებულია და არც მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შეინიშნება, დენით მომარაგება სახელმწიფოსათვის სულ უფრო რთული ხდება. როგორც აღმოჩნდა, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა, 9%-ით გაიზარდოს. საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა არათუ ვერ გვარდება, უფრო და უფრო ჩიხში შედის. ამის ძირითადი მიზეზი კრიპტოვალუტების გამომუშავების ზრდა და აფხაზეთის უწყვეტი ელექტრომომარაგებაა. ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 14 მლრდ 832.1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის მოხმარებაა პროგნოზირებული, რაც მიმდინარე წლის, ასევე საპროგნოზო მაჩვენებელს (13 მლრდ 359,5 მლნ კვტ/სთ) დაახლოებით, 9%-ით აღემატება. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში არსებულ ვითარებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 2%-ით აჭარბებს და 1 მლრდ 78,081 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ენერგეტიკულ ჩიხში ექცევა

"სპეციალისტები ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემის მიზეზად მსხვილი ჰესების მიმართ მოსახლეობის პროტესტს მიიჩნევენ. რაც შეეხება დენის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, მათ მიაჩნიათ, რომ პრობლემა კრიპტოვალუტების გამომუშავების პროცესს, ე. წ. მაინინგს უკავშირდება. გარდა ამისა, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ ამჟამად ელექტროენერგიით სრულად დაკმაყოფილება ქვეყნისათვის რეალურად შეუძლებელია. „ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა დიდწილად კრიპტოვალუტასთან არის დაკავშირებული. სხვა მიზეზი ამ ეტაპზე რეალურად არც შეიძლება არსებობდეს, რადგან წარმოება განვითარებული არ არის, არც მოსახლეობაშია დიდი ზრდა და სხვა ფაქტორი ნაკლებად სავარაუდო მეჩვენება. ჰესების მშენებლობა არ მიმდინარეობს, სიმძლავრეები ვერ ვითარდება და დენის მოხმარების სრულად დაკმაყოფილება რეალურად შეუძლებელი ხდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება აფხაზეთის ფაქტორს, წელს იქ, შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა არ არის, მაგრამ წინა წლებში სწრაფად მატულობდა, განსაკუთრებით - 2015-17 წლებში. ეს განპირობებულია მაინინგების გამომუშავებით. როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, თუ ის გამოწვეულია მშპ-ის ზრდით, 9M-10 ან მეტი პროცენტითაც შეიძლება ფიქსირდებოდეს, მაგრამ დღეს ეს რეალობა არ გვაქვს. კრიპტოვალუტა კი ქვეყანას არაფერს აძლევს, მარტო ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანს უზრდის შემოსავალს. ამასობაში ელექტროენერგია იხარჯება, მოხმარება იზრდება, მაგრამ ეკონომიკა ამ პროცესების შედეგად ვერ ვითარდება. საშუალოდ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების დონით 10-ჯერ ჩამოვრჩებით. შეიძლება, უფრო მეტადაც, ამიტომ ყველაზე მეტი ყურადღება ეკონომიკურ ზრდას უნდა მიექცეს. შარშან დენის იმპორტმა 1,5 მილიარდი მგვტ შეადგინა. ახლა 1 მილიარდს გადასცდა და სწრაფი ტემპით თუ გაიზრდება, გაისად 2 მლრდ მგვტსაც მიაღწევს", - აცხადებს „რეზონანსთან" არველაძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"ენერგეტიკოსის თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ სწრაფი ტემპით ჰესების მშენებლობის პროცესი დაიძრას. ახალი სიმძლავრეები უნდა ავამოქმედოთ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით, როცა ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზეა საუბარი. მძლავრი ჰესები, ფაქტობრივად, ვერ შენდება, რადგან ამ პროცესს წინააღმდეგობა ხვდება. რაც შეეხება დენის ალტერნატიულ წყაროებს, ამ მხრივ ქარის ენერგია ძალიან არასტაბილურია. იგივე შეიძლება მზის ენერგიაზეც ითქვას, ზამთარში ჩვენ ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს და მზის სადგურები დღეში 2-3 საათზე მეტხანს ვერ მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ალტერნატივაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა ამ მხრივ არსებობს. იძულებული ვხდებით, რომ ელექტროსადგურების მშენებლობაზე გადავერთოთ", - აცხადებს რევაზ არველაძე. დენის მოხმარების ზრდის მიზეზად ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავაც მაინინგის პროცესს ასახელებს. გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო სექტორში ზამთრის პერიოდია და ამ დროს ქვეყანაში დენის მოხმარება მატულობს. რაც შეეხება მრეწველობას, ტრანსპორტსა და სოფლის მეურნეობას, აქ ზრდა საეჭვოა. ტყიბულის მაღარო და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაჩერებულია, შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა არ უნდა ფიქსირდებოდეს. „პრობლემა, ძირითადად, მაინც ბიტკოინის პროცესს უკავშირდება. რაც შეეხება მძაფრ მოთხოვნას, საერთაშორისო ფორმულაა, როცა ტემპერატურა 1 გრადუსით იკლებს, მოხმარება 13%-ით მატულობს. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა - კლიმატური, ეკონომიკური და ამავე დროს ენერგოტევადი ახალი ობიექტების შესვლა ექსპლუატაციაში“, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება აფხაზეთში დენის მოხმარებას, ვითარება სტაბილურადაა, ენგურის გამომუშავება შემცირდა, თუმცა ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგია, პრაქტიკულად, აფხაზეთის მიმართულებით მიდის. ფაქტობრივად, თავისუფალი სიმძლავრეები არ რჩება. ჯერჯერობით ისეთი კატასტროფული მდგომარეობაც არ არის, დეკემბერში წყალსაცავი საშუალო დონეზეა და კრიტიკულ ზღვარს თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში მიაღწევს", - ამბობს „რეზონანსთან" ჭითანავა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ახფაზეთისათვის მიწოდების საკითხს, აკადემიკოსი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას, გარკვეული მოსაზრების გამო, არაფრის შეცვლა არ შეუძლია. „ის, რომ აფხაზეთს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ელექტროენერგია, მთავრობის დონეზეა გადაწყვეტილი და აქ ვერაფერს შევცვლით. პოლიტიკა ხელუხლებლად დარჩება, როგორც შესასრულებელი ვალდებულაბა მომდევნო რამდენიმე წელიწადშიც. ჩვენი ეკონომიკა გადახდისუუნაროა, ღარიბი მოსახლეობა გვყავს და სანამ ეს ვითარება არ შეიცვლება, ენერგეტიკა ვერ განვითარდება. დღეს ენერგეტიკა კუდში მიჩანჩალებს და ეკონომიკა წინ გარბის, როცა პირიქით უნდა იყოს", - ამბობს ჭითანავა“, - წერს სტატიის ავტორი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა