ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება. სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, ოპოზიცია პასუხისმგებლობას არ აიღებს ბიუჯეტზე, რომელიც აჭარაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას არ უზრუნველყოფს. ოპოზიცია აცხადებს, რომ რეგიონში ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს და მშენებლობები გაჩერებულია. მათ აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„მილიარდიც რომ ყოფილიყო აჭარის ბიუჯეტი, ისინი სხდომას მაინც დატოვებდნენ“, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დავით ბაციკაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრების მიერ აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომის დატოვებას. ბაციკაძის თქმით, ოპოზიციას მათი დღის წესრიგი აქვს და ბიუჯეტის პროექტის განხილვაშიც კი მონაწილეობა არ მიუღიათ.
„მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, მილიარდიც რომ ყოფილიყო აჭარის ბიუჯეტი, მაინც დატოვებდნენ სხდომას, აქამდე პროექტის განხილვაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა და არც ის უნდათ გაიგონ, რომ ამომრჩეველი მათ უარს ეუბნება",- განაცხადა დავით ბაციკაძემ.

























