უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით დაიხურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, წლის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს, განცხადებების შემდეგ, სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად, დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ფრაქციის თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა გადაწყვეტილების მიზეზად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნა, მისი ბოლოდროინდელი განცხადება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ხელისუფლების ქმედებები დაასახელა. სხდომათა დარბაზი ასევე, პროტესტის ნიშნად, დატოვა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ.

კანონმდებლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ( გადამუშავებული ვარიანტი) განიხილეს. საკითხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებლებმა - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავამ წარმოადგინეს.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, რეგიონის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 324 მილიონ ლარს აჭარბებს. კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში ასახულია უმაღლესი საბჭოს წინადადებები და რეკომენდაციები ცალკეული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. მასში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომავალ წელს საამისოდ 220 მილიონი ლარი გაიხარჯება.

ბიუჯეტი 13 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა, წინააღმდეგი „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ცინცქილაძე აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ, განახლებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავას კანდიდატურის დანიშვნაზე სახელმწიფო გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემას. ფარული კენჭისყრის შედეგებით, მომხრე უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი, 13 - კი წინააღმდეგი აღმოჩნდა. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

კენჭისყრის შემდეგ, სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი. საკითხი ამჯერადაც აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ და თანამომხსენებელმა - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს.

კანონპროექტი საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროების სისტემაში გადასვლასა და რიგ სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს. 11 თავისა და 44 მუხლისგან შემდგარი პროექტის თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტები ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო საარქივო სამმართველო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში გადადის. მეორე მოსმენით კანონის პროექტი, წარმოდგენილი შენიშვნებით, 14 ხმით - ერთის წინააღმდეგ, დამტკიცდა.

სხდომა კიდევ ერთი შესვენების შემდეგ განახლდა, თუმცა დროის ამ შუალედში, გაიმართა საკონსტიტუციო, იურიდიულ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და ბიუროს სხდომები, რომლებზეც კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.

განახლებულ სხდომაზე კანონის პროექტი, მესამე მოსმენით, 14 ხმით - ერთის წინააღმდეგ, დამტკიცდა.

სხდომას აჭარის მთავრობის წევრები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო