მარნეულში სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად პროექტები ხორციელდება

მარნეულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან და პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად, მოინახულა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დადებითად შეაფასა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიიპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წელს, ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს, სასმელი წყლის ქსელების მოწესრიგება წარმოადგენდა.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორიცაა სოფელ კირაჩმუღანლოში სასმელი წყლის მოწყობის, სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა, ასევე შიდა ქსელის რეაბილიტაციის და სოფელ აღმამედლოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები.
აღსანიშნავია რომ სამივე პროექტების განხორციელების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემა სრულად მოეხსნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























