სოფელ ხურჩის მოსახლეობა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, ამბობს, რომ პირუტყვი ხშირად ეკარგება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მოსახლეობა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, ამბობს, რომ პირუტყვი ხშირად ეკარგება. 71 წლის ლეილა ეხვაიას თქმით, მას 15 ძროხიდან მხოლოდ ერთი დარჩა. ეხვაიას ინფორმაციით, პირუტყვი ოკუპირებულ სოფელში გადადის, რომელიც ხურჩიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და მათ დაბრუნებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პრობლემა ლეილა ეხვაიას გარდა სოფლის სხვა მკვიდრებსაც აწუხებთ.
„თხუთმეტი სული საქონლიდან ახლა დამრჩა ორი. ერთი გადასულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ათი დღეა ვცდილობ, რამენაირად დავიბრუნო. გუშინ ვესაუბრე რუს მესაზღვრეებს, დახმარებაზე უარი მითხრეს. წინათ გვეხმარებოდნენ, ნაცნობობით შეიძლებოდა მოძებნა და გადმოყვანა, მაგრამ ახლა უკვე აღარ. იმ საზღვარზე ვინც ცხოვრობს, ყველას ეს პრობლემა აქვს. ახლა ჩემი და ჩემი მეზობლის ძროხაა დაკარგული. ბევრსაც დაეკარგა. ძროხების გარდა ღორებიც იკარგება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ დახმარებას“, - ამბობს ლეილა ეხვაია.
გარდა ამისა, ხურჩის მკვიდრი სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, სოფელში არც სიმინდი და შეშა აქვთ. „ჩალაც არ გვაქვს, არც სიმინდი და არც შეშა. სოფელში, რომ ცხოვრობ ეს თუ არაა, ის თუ არაა, რატომ უნდა გაჩერდე?! არ გვაძლევენ საშუალებას, რუსებმა დაიკავეს ის მიწა“, - ამბობს ხურჩის მკვიდრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში დღეს მრგვალი მაგიდა, თემაზე: „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“ გაიმართა. შეხვედრა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის პრობლემების გამოვლენა და მათი დროული მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

























