ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2018

“ოცნება“ გიორგი გახარიას დაუპირისპირდა

ვახტანგ ძაბირაძე: "დღევანდელ ხელისუფლებაშ გახარია საკვანძო ფიგურაა“

***

“ოცნება“ გიორგი გახარიას დაუპირისპირდა

სრულიად საქართველოს ყურადღება 21 დეკემბერს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსკენ იყო მიპყრობილი, სადაც ბოლო დროის ყველაზე პოპულარული მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. გახარიას პარლამენტში მისვლამდე ქვეყანაში დიდი ამბები დატრიალდა. ეს იმის წინაპირობას ქმნიდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში წიოკი იქნებოდა. 21 დეკემბერი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა და ნაციონალებს შეიძლებოდა მისი გულის გასახარებლად გახარიასთვის ნერვები მოეშალა“ , - წერს "ახალი თაობა“ სტატიაში სათაურით, “ოცნება“ გიორგი გახარიას დაუპირისპირდა / ირაკლი სესიაშვილი: „დანაშაულის ზრდა ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც კი არის“

"მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, ჩვენ არასდროს არ შეგვშინებია მწვავე კითხვებისა და მწვავე დისკუსიების და, რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს მცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ ასევე დისკუსიებისთვის... დანაშაულის მატებაზე განცხადება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დანაშაულის ზრდა ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც კი არის. მან კითხვით მიმართა შს მინისტრს, დაგეგმილი რეფორმები რამდენად მოახდენს დანაშაულის პრევენციას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სესიაშვილის თქმით, ცხადია, ყველას საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა რა მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში გაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის. ამიტომ, ცხადია ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს“... გახარია შეეხო ხორავას ქუჩის საქმესაც. მინისტრის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეს ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ამით ფსევდოინტელექტს ამჟღავნებს. "პოლიტიკურად მოტივირებული ის კი არ იყო, რომ ბატონ სარალიძეს კარავში ყოფნა მოუწია, სამწუხარო ის არის, რომ ამას თქვენ იყენებთ პოლიტიკურად. თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი როდესაც პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ფორმებს, თქვენ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს. თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს“, - განაგრძობს გამოცემა

"გახარიას გამოსვლის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა მინისტრის პასუხები შეაფასეს... საზოგადოებაში ბევრს დარჩა იმის განცდა, რომ უმრავლესობის წევრებმა შს მინისტრის წინააღმდეგ გაილაშქრეს. აშკარა იყო, რომ არც ნაციონალების შეტევებისგან იცავდნენ. როგორც "ახალ თაობას“ "ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ უთხრა, ამის მიზეზი შესაძლოა გახარიას გაპრემიერება იყოს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილს არ სურს, რომ შს მინისტრი მთავრობის მეთაური გახდეს“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე: "დღევანდელ ხელისუფლებაშ გახარია საკვანძო ფიგურაა“

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ახალ თაობასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლასა და მის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. "მიუხედავად იმისა, მმართველობის რა ფორმაა ქვეყანაში, პარლამენტი ყოველთვის იყო განმსაზღვრელი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის. პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველის ფუნქცია. აუცილებელია, მინისტრი გამოცხადდეს და დეპუტატთა შეკითხვებს პასუხი გასცეს. შესაძლოა ისიც იყო ჩადებული, რომ უმრავლესობას თავად დაესვა ყველა კრიტიკული შეკითხვა, მაგრამ ეს რეალობას ვერ ცვლის. ძალიან კარგია, რომ კრიტიკულ კითხვებს თავად სვამენ“, - წერს გაზეთი "ახალი თაობა“ სტატიაში სათაურით, ვახტანგ ძაბირაძე: „დღევანდელ ხელისუფლებაშ გახარია საკვანძო ფიგურაა“

"ძაბირაძის თქმით, ამას გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის მხრიდან და მაშინ ეს იქნება სწორედ ის, რაც არის რეალურად საპარლამენტო მმართველობის როლი და ფუნქცია. როდესაც მთავრობის საქმიანობას ეხება საკითხი, ოპოზიცია და პოზიცია არ უნდა იყოს სხვადასხვა მხარეს. უმრავლესობა უფრო მეტად არის პასუხისმგებელი, ვიდრე ოპოზიცია, რადგან მთავრობა უმრავლესობის დანიშნულია და ის პასუხისმგებლობას ინაწილებს. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ რამეს მიუჩვეველია. როგორც წესი, უმრავლესობა პარლამენტში მისულ თავის მინისტრს კბილებით იცავდა და ამის მეტი რა გვინახავს?!“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კრიმინოგენული მდგომარეობის გამოსწორების პოტენციალი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. სხვა საკითხია რამდენად მოინდომებს, რადგან ძალიან რთული პრობლემაა. შს სამინისტრომ, ერთის მხრივ, უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლების მაღალი სტანდარტით და, მეორე მხრივ, უნდა აღკვეთოს და პრევენცია გაატაროს დანაშაულის. წინა ხელისუფლებამ ამ ამოცანას უფრო მარტივად გაართვა თავი. რაც შეეხება ნულოვან ტოლერანტობას, ძაბირაძის თქმით, თუ იგივე პროცესი დაიწყება, რასაც ნაციონალური მოძრაობის ძალოვანი სტრუქტურები აკეტებდნენ, მაშინ ეს ბევრად მარტივი იქნება, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ ამაზე უარი თქვა. დღევანდელ ხელისუფლებაში გახარია საკვანძო ფიგურაა. თუ ზოგადად შევხედავთ ხელისუფლებას, მის აქტივს, აქ მხოლოდ ორი ფიგურა ჩანს. ერთი მოგახსენეთ გახარია და მეორე არის კალაძე. სხვა პირები არ ჩანან, რომელთაც მომავლის, ხვალინდელი დღის პრეტენზია აქვთ. გახარიაც და კალაძეს პოლიტიკოსად ყალიბდებიან.“, - წერს სტატიის ავტორი.