ოთარ კახიძე - მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ბრძოლაში ბაჩანა შენგელიას გვერდში დავუდგები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე ზუგდიდში, მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით გამართულ აქციას დაესწრო. კახიძის თქმით, იგი თბილისიდან საგანგებოდ ამ აქციაზე დასასწრებად და ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
„მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ბრძოლაში ბაჩანა შენგელიას გვერდში დავუდგები.
ხელისუფლება მასწავლებლებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს განიხილავს არა როგორც ღირსების მქონე ინდივიდებს, არამედ როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, რომელიც შეგიძლია დაამცირო, რომელზეც შეგიძლია იძალადო და დააკისრო ყველანაირი უკანონობა, იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიიღო. ეს არის ამორალური პრაქტიკა და სამწუხაროდ, ახალი არ არის და ყველა ხელისუფლება ცდილობს ამას სხვადასხვა დოზით. ამას უნდა დაესვას წერტილი და მე აქ ვარ იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები სამომავლოდ არ განმეორდეს“, - აღნიშნა კახიძემ.
ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით 19 დეკემბერს მიმართა. უწყებამ იგი გამოკითხვაზე 25 დეკემბერს დაიბარა.

























