ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 689 ოჯახს სათბობით უზრუნველყოფად, ფულადი დახმარება გაუწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 689 ოჯახს სათბობით უზრუნველყოფად, ფულადი დახმარება გაუწია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 150-150 ლარი ბორჯომში მცხოვრებ ყველა იმ ოჯახს ჩაერიცხა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და უფიქსირდებათ 70 000 ან მასზე ნაკლები ქულა.
"ზამთრის სეზონზე მოსახლეობის ხარჯები იზრდება. გასულ წლებთან შედარებით, წელს თანხა 50 ლარით გავზარდეთ და თითოეული ბენეფიციარი უკვე 150 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა შეიძლება მცირედია, თუმცა ვფიქრობთ, ადგილობრივებს დაეხმარება საშეშე მერქნის შეძენის დროს, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვისას", - აღნიშნა მერმა ლევან ლიპარტიამ.
ბორჯომის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინიციატივის განხორციელებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 103 350 ლარი გაიხარჯა, ხოლო თანხა თითოეულ ბენეფიციარს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა.
„აღსანიშნავია, რომ ინიციატივა პირველი არ არის და ის მუნიციპალიტეტის მიერ ყოველწლიურად ხორციელდება.
უახლოეს დღეებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საახალწლოდ მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში 100 ლარს გადასცემს კიდევ 437 ოჯახს“, - აცხადებენ მერიაში.

























