თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ბიბლიოთეკა მოეწყო

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ბიბლიოთეკა მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სულ მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა.

რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“, „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას შესთავაზებს.

„მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, „საქართველოს რკინიგზისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნული პროექტით მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ, რაც ერთი მხრივ, წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მგზავრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი - ეს ის რკინიგზის სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა წიგნები მოიტანეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. მიხარია, რომ წინასაახალწლოდ სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ მგზავრებს და იმედი მაქვს, ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკის საშუალებით მგზავრები თავიანთ წიგნებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. ნებისმიერ მგზავრს შეუძლია საკუთარი წიგნი დატოვოს სხვა მგზავრისთვის“, - აცხადებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

აღსანიშნავია, რომ მოძრავი ბიბლიოთეკა სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მკითხველზეა გათვლილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. საგანგებოდ ისეთი წიგნები შევარჩიეთ, რომელსაც 5 საათის განმავლობაში მგზავრი ადვილად წაიკითხავს. წარმოდგენილი ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. უცხოელი ტურისტების ფაქტორიც გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ წიგნებს ინგლისურ და რუსულ ენაზეც ვთავაზობთ მკითხველებს. შევარჩიეთ ახალი გამოცემები და თაროებს ხშირად განვაახლებთ როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურით, ისე თარგმანებით“, - აცხადებს გამომცემლობა "ინტელექტისა" და "არტანუჯის" მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია.

მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო