ქართული პრესის მიმოხილვა 27.12.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 27.12.2018

უცხოელებზე მიწის მიყიდვა უკიდურესად მკაცრდება - სპეციალისტები სრულებით აკრძალვას ითხოვენ

ყველაზე ნეიტრალური და ფრთხილი ნაბიჯი უკრაინის ეკლესიის საკითხზე

ლია მუხაშავრია - “ივანიშვილიც გახდება ისეთივე მსხვერპლი ამ ურჩხულისა, როგორიც სხვა დანარჩენი”

* * *

უცხოელებზე მიწის მიყიდვა უკიდურესად მკაცრდება - სპეციალისტები სრულებით აკრძალვას ითხოვენ

“სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვას უცხოელები გაზაფხულიდან შეძლებენ. საუბარია გამონაკლის წესზე, რომელსაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს. კანონის პროექტზე პარლამენტი მუშაობს და სწორედ მათ უნდა დაადგინონ, ვინ აღმოჩნდება იმ კატეგორიაში, ვისაც, საკონსტიტუციო ჩანაწერის თანახმად, მიწის შესყიდვა შეეძლება. სპეციალისტები ამ საკითხისადმი კატეგორიულები არიან და ამბობენ, რომ არავითარი გამონაკლისი არ უნდა დაიშვას, მიწა მხოლოდ იჯარით უნდა გაიცეს უცხოელებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უცხოელებზე მიწის მიყიდვა უკიდურესად მკაცრდება, მაგრამ სპეციალისტები სრულებით აკრძალვას ითხოვენ.

“ექსპერტი ჯუმბერ ფანჩულიძე დაუფარავად აცხადებს, რომ გამონაკლისი შემთხვევებიც კი არ უნდა იქნეს დაშვებული მიწის უცხოელებზე გაყიდვის დროს. “ჩვენ, ექსპერტები, ჩართულები არ ვართ პროცესში, კანონს როგორც იყო, ისე ტოვებენ, არადა, მიწის უცხოელებზე გაყიდვა საერთოდ დაუშვებელი უნდა იყოს. თუ ინვესტიციებზე წავიდა საუბარი, იქ არის სხვადასხვა ფორმა, მაგალითად, იჯარა, აღნაგობა (უფლება). ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან 59-წლიანია და იმავე დროს მემკვიდრეობითობაც დასაშვებია, რაც სავსებით საკმარისია ინვესტორებისთვის. ყიდვა-გაყიდვა სულაც არ არის აუცილებელი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საერთოდ რა კავშირი აქვთ მიწასთან და მით უმეტეს უცხოელებზე მიყიდვასთან? შეზღუდვის კუთხით გარკვეული პირობები არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია. ვფიქრობ, მიწა არ უნდა გაიყიდოს არც ერთ შემთხვევაში და არანაირი გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს”, - ამბობს ფანჩულიძე. პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხის კენჭისყრა გაზაფხულის სესიებზე ჩატარდება. აქ მნიშვნელოვანია პროცედურის გათვალისწინება, რადგან კანონის წარდგენა, რომელიც 1 წელია, უკვე მზად არის, მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისა და პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა გავითვალისწინოთ. ამ კანონის ინიცირება შეიძლებოდა მხოლოდ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ვინაიდან ახალი კონსტიტუცია შედიოდა ძალაში. შესაბამისად, საგაზაფხულო სესიებზე ვგეგმავთ უკვე ინიცირებას, პროექტი მზად არის თითქმის 1 წელია. თებერვლიდან საკმაოდ საინტერესო პერიოდი გვექნება, როდესაც მოხდება კანონპროექტის წარდგენა და კენჭისყრა”, - განაცხადა დანელიამ. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, მიწა არის რესურსი, რომლის გაყიდვაც უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა, მის შემუშავებაზე პარლამენტი საკმაოდ დიდი ხანია, მუშაობს. სპეციალისტების აზრით, მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის პრიორიტეტი არ არის და ამის გასამართლებლად მთავრობა ინვესტიციებს არ უნდა სჯერდებოდეს. უცხოელ ინვესტორებს მიწის ყიდვის გარდა, სხვა უამრავი ალეტრანატივაც, შესაძლოა, ჰქონდეთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანზორ მესხიშვილი, რომელიც უძრავი ქონების საკითხების ექსპერტია, ფიქრობს, რომ მიწის გაყიდვამდე უამრავი პროცეუდრაა გასავლელი: “ახალ კონსტიტუციაში, რომელიც 16 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, აღნიშნულია, რომ, ფაქტობრივად, ორგანული კანონის მიღებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვა არ შეიძლება. რაც შეეხება ამ კანონპროექტს, თითქმის ერთი წელია, აგარარულ კომიტეტში მომზადებულია და როგორც მასში აღნიშნულია, უცხოელებზე მიწის გაყიდვისთვის სერიოზული მოთხოვნები დაწესდება, პროცესი გართულდება. ზუსტად არ ვიცი, რა ქვეპუნქტები ჩაიწერება, თუმცა მთავარია, რომ გამკაცრდება. გასხვისებული მიწის 99% არ არის დანიშნულებისამებრ გამოყენებული. მათი გაყიდვა უნდათ, მაგრამ როგორ უნდა გაყიდონ და რა პრიორიტეტებით, ეგ ნამდვილად აღარ იციან. უცხოელების მიზანია მიწის შესყიდვა და მერე ისევ გადაყიდვა გაცილებით დიდ ფასად. პირველ რიგში, გასაკეთებელია მიწის ბალანსი, უნდა ვიცოდეთ, რამდენი მიწა გვაქვს დღესდღეობით. ამ დროს არაფერი ვიცით, რამდენი მიწის ნაკვეთი გვაქვს დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით. როგორ უნდა გავყიდოთ ის, რაც არ ვიცით, რამდენია? 2004 წლის მერე მიწის ბალანსი აღარ გაკეთებულა. რამდენია სახნავი მიწა, ისიც კი არ ვიცით. ამიტომ უნდა იყოს შესაბამისი დებულება მიწის აღრიცხვის თაობაზე. ნაწილ-ნაწილ კი არ უნდა ვყიდდეთ დაუდგენელ ფასად”, - დაასკვნის ანზორ მესხიშვილი, რომლის თქმით, “თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ მიწის გაყიდვაზე გარკვეული მკაცრი კრიტერიუმების დაცვით”, - დასძენს გამოცემა.

ყველაზე ნეიტრალური და ფრთხილი ნაბიჯი უკრაინის ეკლესიის საკითხზე

“ხუთშაბათს, 27 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება, სადაც მღვდელმთავრებმა უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პოზიცია უნდა ჩამოაყალიბონ, როგორც თავად საპატრიარქომ ადრე არაერთხელ დააანონსა კიდეც, თუმცა თეოლოგების ნაწილს ინფორმაცია აქვს, რომ სინოდის სხდომაზე გადაწყდება მხოლოდ ის, რომ პოზიციის დაფიქსირების საკითხი რაც შეიძლება დროში გაწელონ და ამით რუსეთის გაღიზიანება თავიდან აიცილონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ყველაზე ნეიტრალური და ფრთხილი ნაბიჯი უკრაინის ეკლესიის საკითხზე / სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის თემაზე კომისიის შექმნა იგეგმება, რომ გადაწყვეტილება დროში გაწელონ.

“უფრო მეტიც, თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგ ახვლედიანმა უკვე დააანონსა, ასევე სხვა ეპოსკოპოსებმაც პირად საუბრებში განუცხადეს, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდი აპირებს შექმნას კომისია, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილების მართებულობის საკითხს შეისწავლის. თეოლოგების თქმით, კომისის შექმნა სწორედ საკითხის ხანგრძლივი დროით გაწელვას ემსახურება. ასევე ითქვა, ამ საკითხს მოსაყდრე შიო განაგებს. “მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა ინტერვიუში თქვა, ეს ასევე რამდენიმე სხვა ეპისკოპოსმაც მითხრა, (არ მინდა ახლა მათი ვინაობის დასახელება), რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს და კამათიც კი მომივიდა მათთან, რომ კომისიის შექმნას აპირებენ”,- აცხადებს გოჩა ბარნოვი. თეოლოგის პროგნოზით, სინოდის სხდომაზე არაფერი არ მოხდება, გამოაცხადებენ მხოლოდ კომისიის შექმნას, რაც დროის გაყვანის მეთოდია. “კრეტის კრების შემდეგაც შექმნეს საპატრიარქოში კომისია და 2 წელზე მეტია გასული, თუმცა არაფერიც არ შეუსწავლიათ. კომისიები შექმნა მხოლოდ დროის გაყვანის მეთოდია. მე კითხვა მაქვს, რატომ არ გააკეთეს ეს აქამდე?”, - ამბობს თეოლოგი, რომლის აზრით “ ეს არის გუნდრუკის კმევა მოსკოვის საპატრიარქოსთვის და მეტი არაფერი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ვიცი, ეპისკოპოსიდან უმრავლესობა უკრაინას უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა საპატრიარქოს ადმინისტრაცია რუსეთის შიშის თუ ზეწოლის გამო ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას და დროში გაწელვას გეგმავენ. ეს ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია. საქართველოს ეკლესიას ბოლოს მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და სჯობს, ეს ღირსეულად გააკეთოს”, - ამბობს ბარნოვი. მისივე თქმით, არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც. დაანონსებულია, რომ 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს უკრაინის ახლადშექმნილი, გაერთიანებული ეკლესიის მწყემსმთავარს, მიტროპოლიტ ეპიფანეს და ამის შემდეგ კიევისა და სრულიად უკრაინის ახალი მეთაური უნდა მოიხსენიოს ყველა ეკლესიამ, ამიტომაც ძალიან საინტერესოა, რას იზამს საქართველოს ეკლესია და 7 იანვარს შობის დღესასწაულზე სხვა ეკლესიის მეთაურებთან ერთად ჩამონათვალში მოიხსენიებს თუ არა მიტროპოლიტ ეპიფანეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“კონსტანტინოპოლი არის ტონის მიმცემი ავტოკეფალიებთან დაკავშირებით. აქიდან გამდინარე, როცა 6-ში ოფიციალურად ტომოსი გადაეცემა უკრაინის ეკლესიას და სტატუსიც განესაზღვრება, საპატრიარქო იქნება თუ საეპისკოპოსო, ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს ეკლესია რა პოზიციას დაიჭერს. თუ 6 იანვრის შემდეგ საქართველოს ეკლესია არ მოიხსენიებს უკრაინის ეკლესიის მეთაურს, ძალიან დაპირისპირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კოსტანტინოპოლთან. ეს ძალიან დიდი სკანდალია ზოგადად საეკლესიო ცხოვრებაში”,- აცხადებს ბარნოვი. თეოლოგი ვლადიმერ ნარსიას თქმით, 47 ეპისკოპოსისგან შემდგარ სინოდში უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და ამიტომაც რამდენიმე დღის წინ ივარაუდა, რომ სინოდი კომისიას შექმნიდა. “ეს არის ყველაზე ნეიტრალური, ფრთხილი ნაბიჯი, რომელსაც, ალბათ, სინოდი აირჩევს. ეკლესიაში როცა რაიმეს გაკეთება არ უნდათ, ქმნიან ხოლმე კომისიებს. ახლაც დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე”, - თვლის ნარსია, რომლის თქმით, “მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც ეკლესია აღმოჩნდა უკანასკნელი 2 წლის პროცესების პარალელურად. საპატრიარქოს მმართველ გუნდს დღეს არ აქვს ისეთი თავისუფლება, რადგან დღეს ეკლესიის საკითხებში საზოგადოების ჩართულობა გაზრდილია”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან ბევრი ახალგაზრდა თეოლოგია ჩართული, მათ შორს ისინიც, ვინც წასულია ქვეყნიდან და ისინი საკუთარ პოზიციას ხშირად აფიქსირებენ. ალბათ, ამან შეცვალა საპატრიარქოს ადმინისტრაციის ტაქტიკა და სტრატეგია, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით აყალიბებენ ამ ფრთხილ, ნეიტრალურ პოლიტიკას და ერთის მხრივ, საზოგადოების ან ნაწილს ეუბნებიან, რომ ისინი არ არიან მთლად მიმხრობილნი რუსეთს, მეორეს მხრივ კი, რუსეთსაც ეუბნებიან, რომ ჯერ ისევ არსებობს რაღაც შანსი და თუ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება, საქარველოს ეკლესია გაჰყვება ამ დინებას. ამიტომაც კომისიის შექმნაც ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნას გულისხმობს”,- ამბობს ნარსია. მისი თქმით, ეკლესია ლოგოსის ინსტიტუტია და ის უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის და სინდისის კარნახით და არა იმით, რა პოლიტიკური ვითარება იქმნება და ამის გათვალისწინებით ლავირება გვაჩვენოს. დღეს კი, უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესიის თავშეკავება მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გავლენა ძალიან დიდია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ლოგოსის სული კი გვკარნახობს, რომ არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმის, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ ვაღიაროთ. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს ეკლესია არ არის გათავისუფლებული რუსული გავლენებისგან. ბოლო დროს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსის ილარიონ ალფეევის სტუმრობა საქართველოში პირდაპირ არის მითითება იმაზე, რომ მან ჩამოტანა გზავნილი, შესაძლოა გამზადებული ტექსტიც, თუ რა უნდა ითქვას, რა ფორმით უნდა ითქვას საქართველოს ეკლესიის პოზიცია უკრაინის საკითხზე. არ გამოვრიცხავ, რუსეთიდან იყოს ეს შეთავაზებაც, რომ კომისია შეიქმნას”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ვლადიმერ ნარსია.

ლია მუხაშავრია - “ივანიშვილიც გახდება ისეთივე მსხვერპლი ამ ურჩხულისა, როგორიც სხვა დანარჩენი”

“ძალიან კარგია რომ ომბუდსმენი გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილი 10 კანდიდატის განხილვის საკითხს და ასეთი მკაფიო მოთხოვნები დააყენა პარლამენტის წინაშე, იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან უკონტროლო და სახიფათო გახდა თავად ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის - ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ჩარევა არის ძალიან დროული და ძალიან დიდი დაბეჯითებით ვურჩევდი პარლამენტს ყური დაუგდოს თავის მიერ დანიშნულ სახალხო დამცველს და შეასრულოს ეს რეკომენდაციები და მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გადაიქცევა ისეთ მონსტრად, მართლმსაჯულების სისტემა გადაიქცევა ისეთ ურჩხულად, რომელიც გადასანსლავს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და მერე ძალიან გვიანი იქნება”, - აცხადებს უფლებადამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილიც გახდება ისეთივე მსხვერპლი ამ ურჩხულისა, როგორიც სხვა დანარჩენი” - მუხაშავრია.

“როგორც კი ძალაში შევიდა სახელმწიფო ცვლილებები, ეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა ისე, რომ, როგორც გაირკვა, თავად იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც არ იყო ცნობილი ბოლო დღემდე. ანუ, პროცესი სრულიად გაუმჭირვალე იყო. კანდიდატების შერჩევისა და მათი დამტკიცების კრიტერიუმები არ არის მკაფიო, გამჭვირვალე და სანდო საზოგადოებისთვის და მათ შორის ხელისუფლებისთვის. ეს პროცედურა ძალიან ბევრ კითხვებს, ეჭვის საფუძველს იძლევა. ამიტომ, ცხადია, რომ უმრავლესობაშიც უნდა იყვნენ უკმაყოფილონი, განსაკუთრებით ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლთაც ძალიან კარგად ესმით დღეს სისტემაში შექმნილი ძალიან სავალალო მდგომარეობა და რომ ამ ვითარებაში ლომის წვლილი სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს. როდესაც მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა ხდება არაგამჭირვალე, არაცხადი, არამკაფიო კანონის მიერ დადგენილი კრიტერიმებით და კენჭისყრის პროცედურა არის ისეთი, როგორიც ჩვენ ვნახეთ, რომ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ეს ძალიან საშიში პროცესია და ცხადია არ აღუძრავს არანაირად მეტ ნდობას საზოგადოებას სასამართლოსადმი. თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საზოგადოება მაინც არასდროს ენდობოდა თავის სასამართლოს და თავის მოსამართლეებს, ხოლო, ბოლო წლებში ამან მიიღო ძალიან ცუდი და შეუქცევადი ხასიათი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“ახლა ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ სააკაშვილის დროს მოსამართლეები იყვნენ ხელისუფლების უკანონო ნებისა და მოთხოვნების უსიტყვო შემსულებლები და მათ მეტსახელად ნოტარიუსები დავარქვით. დღეს, იმისათვის, რომ მათ პასუხი არ მოეთხოვოთ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, იმის მაგივრად რომ ეს დარღვევები გამოავლინოს და გამოასწოროს, ახლა სასამართლო კორპუსი ურთიერთ ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულ დანაშაულით გაერთიანებულ კლანურ ერთეულად გადაიქცა, რომელიც საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი უკანანო პოზიციების განმტკიცებას დიდი წარმატებით ახერხებს და ამან შექმნა სწორედ ის უკონტროლო და სახიფათო ვითარება, როდესაც აუცილებელია, გადაუდებელია ამ პროცესში ჩარევა. მაგრამ, ახლა შექმნილ ვითარებაში, მე ვფიქრობ, ერთადერთი მაღალი ღმერთი და ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც შეუძლია ამეების გაცხადება, განხორციელება და გატარება - მე მაინცდამაინც პარლამენტს იმედიანად ვერ ვუყურებ იმიტომ, რომ მათ რომ კარგად სცოდნოდათ სასამართლოში მიმდინარე საშიში პროცესების შესახებ, თავიდანვე ჩაერეოდნენ და არ მივიდოდა საქმე აქამდე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე არ ვფიქრობ, რომ მათ გააჩნიათ უნარი და გონიერება რომ შეაჩერონ ეს პროცესი. ამიტომ უნდა მივმართოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ პირადად მან შეაკავოს ეს პროცესი და მოითხოვოს ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილიც გახდება ისეთივე მსხვერპლი ამ ურჩხულისა, როგორიც სხვა დანარჩენი... ვერ გაიწვევენ კანდიდატებს. ასე ვთქვათ, უკუქცევითი ძალა კანონს არ ექნება, ან დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შექმნან ახალი ორგანო, სხვანაირად ეს წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციის ცვლილებები, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო და რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს სრულ შესაძლებლობას თავიდან ბოლომდე დააკომპლექტოს სასამართლო სისტემა”, - დასძენს ლია მუხაშავრია.