ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2018

ამერიკა “შერჩევითი ჩარევის პრინციპით” მოქმედებას იწყებს
“20-30 მოსამართლის ჯგუფი სასამართლოს დააჯდა და მართავენ როგორც უნდათ” - მამუკა ახვლედიანი
“ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც…” - ცისკარიშვილი
* * *
ამერიკა “შერჩევითი ჩარევის პრინციპით” მოქმედებას იწყებს
“ამერიკის შეერთებული შტატები მომავალში სამხედრო დახმარებას საკუთარი ჯარისკაცებით აღარავის აღარ გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყში ყოფნისას განაცხადა. ტრამპმა განმარტა, რომ სირიიდან აშშ-ის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ინფორმაციას “იუესეი თუდეი” ავრცელებს. თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩვენი საბრძოლო მისიის მიზანია - “ხალიფატისთვის” (ტერორისტული დაჯგუფება) მათი დასაყრდენი პუნქტები წაგვერთმია. 8 წლის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენს სამხედროებს მოვმართავთ 3 თვით, მაგრამ იქვე დარჩნენ. ახლა კი სწორ ნაბიჯებს ვდგამთ და ბოლომდე მივიყვანთ ამას”, - თქვა ტრამპმა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება არ იქნება გლობალური და არ შეეხება აბსოლუტურად ყველა მის მოკავშირე სახელმწიფოს. მისი თქმით, ამერიკა “შერჩევითი ჩარევის პრინციპით” მოქმედებას დაიწყებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკა “შერჩევითი ჩარევის პრინციპით” მოქმედებას იწყებს / “ტრამპი აღარ გაგზავნის შეიარაღებულ ძალებს სხვა ქვეყნების დასაცავად, თუ ეს უშუალოდ ამერიკას არ შეეხება”.
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ტრამპი უარს აცხადებს შეიარაღებული ძალების გაგზავნოს იმ ქვეყნებში, რომელთა საკითხიც უშუალოდ არ ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - “რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით ამერიკის 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულია საკმაოდ სერიოზული დახმარებები. ეს ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისრაელი, იემენი, იორდანია და ა.შ. ბუნებრივია დახმარების აბსოლუტურ შეწყვეტაზე არც არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები გამოდიან სირიიდან, ისინი რჩებიან ერაყსა და ავღანეთში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკა ერაყში საკუთარ კონტინგენტს ორჯერ ამცირებს, რაც, ჩემი აზრით, შემაშფოთებელია. ტრამპმა იგულისხმა ის, რომ ის აღარ უზრუნველყოფს ამერიკის შეიარაღებული ძალების გაგზავნას სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ეს უშუალოდ ამერიკას არ შეეხება. მაგრამ, სამხედრო დახმარების გაწევა მაინც გაგრძელდება - საუბარია სამხედრო ინსტრუქტორებზე, ფინანსურ დახმარებაზე, შეიარაღების შესყიდვასა და გადაცემაზე - ეს ყველაფერი რჩება, უბრალოდ, ამერიკა თავის შეიარაღებულ ძალებს აღარ ჩართავს რეგიონალური ტიპის სამხედრო კონფლიქტებში. როგორც ჩანს, 2020 წლამდე ამერიკელები იქნებიან ავღანეთში და შემდეგ იმ კონტინგენტსაც გამოიყვანს”, - დასძინა მაისაიამ. მისივე თქმით, შესაძლოა, რომ ტრამპმა სხვა გზით განახორციელოს თავისი გეგმა-შეამციროს კონტინგენტები და “შერჩევითი ჩარევის პრინციპით” იმოქმედოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ტრამპს ყოველთვის ახლ-ახალი იდეები “აწუხებს” და ესეც რაღაც ახალია. თუ ის შეიარაღებული ძალების გამოყვანას აპირებს ყველა კონფლიქტური კერიდან და მარტო ამერიკის თავდაცვაზე ფიქრობს, მაშინ გამოდის, რომ ამერიკა ხელს იღებს გლობალურ ჰეგემონობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, სტაბილურ მოკავშირეებზე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, მაგრამ შესაძლოა, რომ მან შეამციროს ვალდებულებები და “შერჩევითი ჩარევის პრინციპი” დაიცვას, რომელიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია განსაზღვრული. ტრამპმა შესაძლოა, რომ შეარჩიოს ის ქვეყნები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი და იმათ გაუწიოს დახმარება. ალბათ, განსაკუთრებული ტიპის ქვეყნებს, ისეთს, როგორიცაა ისრაელი გაუწევს სერიოზულ დახმარებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაიასაია.
“ფაქტობრივად, დონალდ ტრამპის ლოზუნგია - “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, ის მიიჩნევს, რომ ამერიკამ თავისი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას უშუალოდ თავისივე უახლოეს სამეზობლოში და გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური და საბრძოლო პოტენციალი. ტრამპი თვლის, რომ სამხედრო დანახარჯები საკმაოდ მაღალია და მას ურჩევნია, რომ დანახარჯები გადაიტანოს სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად, ვიდრე სამხედრო ხარჯებზე. ის ამბობს, რომ გლობალური ჰეგემონობა ამერიკას არ სჭირდება - ეს არის მისი მიდგომა და ახორციელებს კიდეც ამას”, - დაასკვნის რესპონდენტი, რომლის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს უკრაინის მიმართ და, სავარაუდოდ, მის დახმარებას განაგრძობს. მისივე თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი პერსპექტივა არ ჩანს საქართველოსთვის მხარდაჭერის საკითხში”, - დასძენს გამოცემა.
“ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, ვიტყოდი, რომ არის საკმაოდ არაორდინალური. თუმცა, უკრაინასთან ეს პრინციპი, სავარაუდოდ, დარჩება, რადგან ამ წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის გამოსაყოფია 300-დან 500 მლნ-მდე აშშ დოლარი. ამაში შედის იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა, საბრძოლო შენაერთების მომზადება და ა.შ. გარდა ამისა, ამერიკამ დანიშნა სპეციალური მრჩეველი, ამერიკელი გენერალი, რომელიც უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ახლახანს დაინიშნა ახალი ამერიკელი გენერალი, რომელიც უშუალოდ გაუწევს პირდაპირ სტრატეგიულ კონსულტაციას და დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში. ჩვენთვის ეს დახმარება, რატომღაც, გამოყოფილი არ არის. თუ ჩვენი 9 ბატალიონის მომზადება დაასრულეს, მაგაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. მაგალითად, ჩვენ 2019 წლის სამხედრო ბიუჯეტში ვერ მოვხვდით, ყოველ შემთხვევაში, სპეციალურად ჩვენთვის მუხლი გამოყოფილი არ არის - უკრაინა შესულია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო-არა”, - განმარტავს ვახტანგ მაისაია.
“20-30 მოსამართლის ჯგუფი სასამართლოს დააჯდა და მართავენ როგორც უნდათ” - მამუკა ახვლედიანი
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი “რეზონანსთან” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს აფასებს. ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ სიტუაცია იმაზე რთულად არის, ვიდრე ეს რეალურად წარმოგვიდგენია. ახვლედიანი აცხადებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის 30-კაციან კლანს, რომლებიც მთელს სასამართლოს აკონტროლებენ, თანამოაზრეები და მხარდამჭერები სახელმწიფოს ყველა უწყებაში ჰყავთ. მისი თქმით, მათ ფესვები იმაზე ღრმად აქვთ გადგმული, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია. ახვლედიანი აცხადებს, რომ სასწრაფოდ მოსამართლეთა შერჩევის და უვადოდ დანიშვნის წესი უნდა შეჩერდეს და ახალი სისტემა შეიქმნას. ასევე, მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ის სხვა ახალი წევრებით უნდა დაკომპლექტდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ახვლედიანი ფიქრობს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე გახდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “20-30 მოსამართლის ჯგუფი სასამართლოს დააჯდა და მართავენ როგორც უნდათ” - მამუკა ახვლედიანი.
“ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს ვანო ზარდიაშვილი ლობირებს, არავისთვის დასამალი ფაქტი არ არის. ჩვენ როდესაც კლანზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ სასამართლოს შიგნით არსებული დაჯგუფება არ არის. მათ სხვადასხვა სტრუქტურებში ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ, მათ შორის პარლამენტში. მათ ერთმანეთთან წლების განმავლობაში როგორც პირადი, ასევე მიმდინარე წლებშიც მეგობრობა აკავშირებთ და ერთ-ერთი მათგანი ვანო ზარდიაშვილია. ის ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მხარდამჭერია. ეს ადამიანები წლებია ერთად მუშაობენ. ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე ახლო მეგობრები არიან... რა თქმა უნდა, რომ ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. ეს არის იმ გაუაზრებელი რეფორმების შედეგი, როდესაც პირველი და მეორე ტალღის დროს მინისტრმა უამრავი შეცდომები დაუშვა. მესამე და მეოთხე ტალღა კი ისევ სასამართლოს მხრიდან დაიწერა. ეს ადამიანები ამ თანამდებობებს 10-12 წელია უკვე საკუთარ თავებზე ირგებენ. ფაქტობრივად, კანონმდებლობებს თვითონ წერენ. იუსტიციის სამინისტროს არ ესმის რა არის რეფორმა და რისი რეფორმირებაა საჭირო. ამიტომ ეს შეკვეთები სასამართლოს მხრიდან მოდის და ესენიც არა რეფორმაზე არამედ საკუთარ თავზე ზრუნავენ”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთას საუბრისას მამუკა ახვლედიანი.
“პრობლემა სახელსა და გვარებში კი არ არის, ჩინჩალაძესაც და მურუსიძესაც დღესვე სხვა სახელით და გვარებით ჩაანაცვლებენ. პრობლემა სისტემურია, სადაც კლანური მმართველობის ფორმა მივიღეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნული არ არის და ვინც არის მოქმედი, მანაც კი სიურპრიზად გაიგო მოსამართლეების ვინაობა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უნდა აერჩიათ. 2-3-მა ადამიანმა იცოდა მხოლოდ მათი ვინაობა, იქნება ამ ადამიანმა საკუთარი ვინაობა თავისი სურვილით დაამატა. დოკუმენტიც კი არ არსებობს, მსგავსი უკანონობა არ ვიცი, არასდროს მინახავს! იმდენად არიან თავზე წასულები, რომ არაფრის და არავის რიდი არ გააჩნიათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“როდესაც მე სასამართლოში პრობლემებზე საუბარი დავიწყე და სისტემაში არსებული მძიმე სიტუაცია საჯარო გავხადე, მას შემდგომ ჩემს წინააღმდეგ ამ ადამიანებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. ყველაფერი იღონეს, რომ როგორც იურისტმა ფეხი ვერსად ვერ შევდგა. ზეწოლა და ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გრძელდება. ყველგან მისწვდნენ და ყველა გააფრთხილეს, რომ სამსახურში არ ამიყვანონ. რომელი მოსამართლე გაბედავს, რომ ამათ წინააღმდეგ საჯაროდ ერთი სიტყვა მაინც თქვას? რა გააკეთოს გარეთ? ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამის შემდეგ ოდესმე, სადმე იმუშავებს? ამიტომაც ხმას ვერ იღებენ, მოსამართლეები ამ ადამიანებზე არიან დამოკიდებულები. მათ არანაირი სოციალური გარანტიები არა აქვთ. ძალიან ბევრი კარგი მოასმართლეა და ამ ჭაობში მეცოდებიან. დამიჯერეთ, მე ვსაუბრობ ხმამაღლა, მაგრამ შესაძლოა იმათ ჩემზე მეტი პროტესტი ჰქონდეთ, თუმცა რა ქნან? იქ არის 20-30 მოსამართლის ჯგუფი, რომლებიც სასამართლოს დააჯდა და მართავენ როგორც უნდათ. მათი შემზღუდველი და შემწინააღმდეგებელი კაცი არ არის. ყველა განსხვავებული აზრი, თუნდაც აპარატის თანამშრომლების მხრიდანაც, სოციალურ ქსელში, რომ გაიზიარონ და მოიწონონ, ამ ჯგუფის მიერ ესეც კი კონტროლდება. წარმოგიდგენიათ საქმე რასთან გვაქვს?”, - დასძენს მამუკა ახვლედიანი და შეკითხვაზე - “რაშია მაშინ გამოსავალი, ფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა გადადგნენ?”, - პასუხობს:
“თავმოყვარე სასამართლო სისტემა ზუსტად ასე მოიქცეოდა. მათ შეურაცხყოფა მოსამართლეებსაც მიაყენეს, როდესაც ეს სია თავად ჩამოწერეს და კაციშვილს არაფერი არ ჰკითხეს. ამის შემდეგ ფიქრობთ მოსახლეობასთან და ხალხთან რა დამოკიდებულება აქვთ?! ამათთვის არაფერი ღირებული არ არსებობს. სახელმწიფოებრივი ინტერესები არა აქვთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ”.
“რაც შეეხება მურუსიძის დანიშვნას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მოსამართლეობის ეთიკას ვიცავ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე აღარ ვარ - პიროვნებებს არ მინდა შევეხო, მით უმეტეს მურუსიძეს, რომელიც მართლა ვერაფერს წყვეტდა თავად და ვიღაცეების ბრძანებების გამხმოვანებელი იყო. გეტყვით, რომ თუ უნდათ, მურუსიძე ან ჩინჩალაძე არ იქნება, სხვა გვარს მოძებნიან, რომელსაც ყველაფერს შეასრულებინებენ. პრობლემა სახელსა და გვარებში არ არის, ეს მახინჯი სისტემა ნებისმიერ ადამიანს იმად აქცევს, რადაც ეს ხალხი არიან ქცეულები. ამიტომ მოსამართლეთა დანიშვნა-შერჩევის წესი საერთოდ შესაჩერებელია. საბჭოს ფორმირება თავიდან გასაკეთებელია. პასუხისმგებლობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს, როცა ასეთ პასუხისმგებლობას ერთი ჯგუფი იღებს, ხომ ვხედავთ, რაც ხდება. როგორ მხოლოდ ერთი ადამიანი ჩინჩალაძე გახდა ის პროფესიონალი, რომელიც წლების განმავლობაში წყვეტს მოსამართლე ვინ გახდეს. ამიტომ პრობლემა საფუძვლებშია”, - დაასკვნის მამუკა ახვლედიანი.
“ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც…” - ცისკარიშვილი
“ლევან მურუსიძე ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ შემოგვაპარეს - თუ რატომ, კითხვით უნდა მიმართოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ რომ სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც საქართველოს შემარცხვენელი იყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში," - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, სოსო ცისკარიშვილმა ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. მან კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრთა 11 ხმა მიიღო...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც…” - ცისკარიშვილი.
“ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილი. ჯერ ეს ერთი, მისი გამონათქვამები საკუთარ თავზე მიუთითებს, რომ კვალიფიციურ ექიმს უნდა გაესინჯოს. საკუთარი თავის ქებამ და ასეთმა გაუგებარმა ფრაზეოლოგიამ, რასაკვირველია, შეიძლება ნებისმიერი მოულოდნელი შედეგი შექმნას და ეს ფაქტი, რასაკვირველია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტართა დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ მათი მამამარჩენალის კლანჭებში სუფევს”, - აცხადებს გამოცემის კოესპონდენტთამ საუბრისას სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვაზე - “უმრავლესობაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებმა. ეკა ბესელიამ, როგორც თავად განაცხადა, ამის გამო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა. მიანიშნებს თუ არა ეს ფაქტი, რომ მმართველ გუნდში განხეთქილებაა?” პასუხობს:
“რასაკვირველია, ჩვენი პარლამენტის სერიოზული რაოდენობის ადამიანების მკაფიო და სამართლიანი რეაგირება მისასალმებელი იყო, მაგრამ მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განამწესეს და ამაზე არ არის ადეკვატური რეაგირება თუნდაც ერთი პარლამენტარის მხრიდან! ეს მიგვანიშნებს, დიახ, სწორედ იმაზე, რომ დიდი ნაწილი პარლამენტის წევრებისა კვლავ პრივატიზირებულია იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ამხანაგი მურუსიძე შემოგვაპარა, როგორც ქართული მართლმსაჯულების სიმბოლო”.

























