ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი HMS ECHO შევიდა

ბათუმის პორტში დღეს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შევიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს, მათ შორის პოლიტიკურ, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში, აღნიშნული ვიზიტით კი დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მხარდაჭერას.
„ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს გემებს როგორც ევროკავშირიდან ასევე დიდი ბრიტანეთიდან. ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ეტაპობრივად განვავითარეთ რეალური, მჭიდრო ურთიერთობები, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება. ეს არის ერთ-ერთი გეგმური ვიზიტი და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის დინამიური თანამშრომლობას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დახვედრის ცერემონიაზე.
მათივე ინფორმაციით, ბრიტანული ხომალდის HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას და კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობების.
ხომალდი „HMS ECHO-“ ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.
იხილეთ ვიდეო: ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი შევიდა

























