რუსთავში საახალწლო ღონისძიებები და გალა-კონცერტი გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“  გაიმართება

რუსთავში საახალწლო ღონისძიებები და გალა-კონცერტი გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“  გაიმართება

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები და გალა-კონცერტი გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში სპეციალურად მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გასართობი ღონისძიებები დღეს, 16:00 საათზე დაიწყება, გაიმართება ანიმატორების შოუ, საბავშვო სპექტაკლი, საბავშვო კონცერტი მუსიკალური სტუდიების მონაწილეობით, საცირკო წარმოდგენა.

მათივე ინფორმაციით, 19:30 საათზე ,,საახალწლო სოფელში“ მისულ პატარებს სანტა კლაუსი დამდეგ ახალ წელს მიულოცავს და საჩუქრებს გადასცემს. 21:00 საათზე დაიწყება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „თუთარჩელა“, მარიამ ღვალაძე, გური პასიკაშვილი, მარიამ დოკვაძე, ჯგუფები „გროს ოქტეტი და „სინთეზი“, ანსამბლ „თუთარჩელას“ უმცროსი თაობა, ანსამბლი „მე რუსთველი“ და ჯგუფი „რეგიონი“ მიიღებენ.

„დამდეგ შობა-ახალ წელს რუსთაველებს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მიულოცავენ.

რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, წინასაახალწლო დღეებში, საახალწლო საჩუქრები 700-მდე სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა ოჯახმა, შშმ პირმა, დღის ცენტრების აღსაზრდელებმა, „ქსენონში“ მცხოვრებმა მოხუცებმა მიიღეს. 4 000 რუსთაველი პატარა დასაჩუქრდება სანტა კლაუსის სიურპრიზით, 2000-მა ბავშვმა კი, საახალწლო ნაძვის ხეზე და საბავშვო სპექტაკლ „ბურატინოზეც“ მიიღო მოსაწვევი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.