ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2019

დავით ბერძენიშვილი - “ივანიშვილს სააკაშვილი გამოეცალა და ბესელია შერჩა”
თორნიკე შარაშენიძე - “ბესელიასთვის მიუღებელია, რომ ირაკლი კობახიძე თავზე აჯდეს”
გედევან ფოფხაძე - “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვირჩევთ, საბძლის ყარაულს კი არა”
* * *
დავით ბერძენიშვილი - “ივანიშვილს სააკაშვილი გამოეცალა და ბესელია შერჩა”
“ივანიშვილი და მისი დახავსებული “ქართული ოცნება” იგივე სტადიაშია, როცა შევარდნაძის დროს გაიშიგნა “მოქალაქეთა კავშირი” - ჯერ “ახალი მემარჯვენეები” გამოჩნდნენ, შემდეგ ჟვანიას და სააკაშვილის ჯგუფი და დარჩნენ რეტროგრადი, კორუმპირებული, უცოდინარი, არადასავლური ღირებულებების და ცხოვრების წესის ამარა... იგივე ემართება ივანიშვილის ახლანდელ გუნდს”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილს სააკაშვილი გამოეცალა და ბესელია შერჩა / დავით ბერძენიშვილი: “ოპოზიციისთვის მკვეთრი დარტყმების მიყენება სააკაშვილის ნამუსზეა”.
“ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში კომპრომისებზე ორიენტირებული კაცი. კომპრომისებისთვის არის იძულება - ასე სჭირდებოდა ივანიშვილსაც, სააკაშვილსაც, შევარდნაძესაც საკუთარი ხელისუფლების საწყის ეტაპზე. შემდეგ ისინი თავისუფლდებიან არა მარტო კომპრომისის მოთხოვნისგან, არამედ კვალიფიკაციისგანაც. ეს პრინციპში ერთი და იგივეა. როგორც სააკაშვილის მხარეს, ისე ივანიშვილის მხარეს არის რღვევის ნიშნები და არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება 2, 3 თუ 4 თანაზომად ერთეულად გაყოფა. მაგრამ როგორც ერთს, ისე მეორეს ფრაგმენტები მოტყდება და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს 2 პოლიტიკური ძალა აღარ იყოს დომინანტი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. ბესელიას, ფოფხაძეს გოგიჩაიშვილის ჯგუფის დაცილება “ოცნებიდან” დაცილება აშკარაა. მათ მოუწევთ ცალკე ყოფნა. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამით შეჩერდებიან. თუმცა ბევრი წამსვლელი არც არავინ დარჩა. ბევრი არ ნიშნავს ძალას. ვინც დარჩება, მათგან საკმაოდ ბევრი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ იქნება სიაში, ამიტომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფაცი-ფუცით დაიწყებენ ადგილების ძებნას გარიყულ-გაგდებულები “ოცნების” ფარგლებს გარეთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.
“იმდენად უსიცოცხლოდ რჩება ივანიშვილის ბიუროკრატია, რომ პოზიტიურია ეს პროცესი. როგორც ივანიშვილის “ქართული ოცნება”, ისე სააკაშვილის კონგლომერატი ცვლილებებს განიცდის და ეს პროცესი პოზიტიურია - არ ვარგა 2 პიროვნებაზე დამყარებული სისტემის შენარჩუნება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდეს. არსებული კანონმდებლობით ვადამდელი არჩევნების ჩატარება არავის ინტერესებში არ შედის. ეს პოზიტიური არ იქნება. ვადამდელ არჩევნებს აზრი ექნება კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ და მაჟორიტარული სისტემის გაიქმებით”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "თავად ივანიშვილს ხომ არ აწყობს ვადამდელი არჩევნები, როდესაც პარტიაში ასეთი დაძაბული და რთული ვითარება აქვს?” - პასუხობს:
“თეორიულადაც კი ერთი წელი სჭირდება კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამიტომ 2020 წლის დასაწყისამდე პრინციპში არც კი არის შესაძლებლობა არჩევნების დანიშვნისა პროპორციული საარჩევნო სისტემით... არ ვიცი, ივანიშვილის იდეები პოლიტიკის ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას იმხელა ძალისხმევა დასჭირდა ფუნქციებშეკვეცილი პრეზიდენტის დასანიშნად, რომ ახლა კიდევ არჩევნების დანიშვნა მისთვის სასარგებლო არ იქნება 50%-იანი ბარიერის პირობებში. ერთმანდატიანი ოლქების ტოტალურად მოგებას ის ვეღარ შეძლებს. ამიტომ არ მგონია, ახლა ივანიშვილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აწყობდეს თუნდაც არსებული სისტემით".
“საზოგადოება იზრდება და ის პირველ რიგში ენდობა ბიულეტენს. ძალიან ღრმა პოლიტიკური შეცდომა იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება, რაც პოლიტიკური ინტელექტის ნაკლებობამ გამოიწვია - მან იმ 800 000 ხმაზე მეტის სასწრაფოდ კონვერტაცია დააპირა, რაც ვაშაძემ მიიღო 28 ნოემბერს. ვგულისხმობ რუსთაველზე და თელავის მიტინგებს - როგორც ერთი, ისე მეორე ჩაიფუშა: ადამიანები კი არ მიბრუნებიან ივანიშვილს - უბრალოდ იციან, რომ მთავარი ბიულეტენია და კვირაობით ქუჩაში დგომა არჩევნების შემდეგ - ფუჭი გასროლაა. კონტრპროდუქტიულია ოპოზიციისთვის სააკაშვილის ასეთი ფსევდორევოლუციური მოთხოვნები. მან დააზარალა თავისი პოლიტიკური ძალა. სად არიან ახლა ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ ჯერ კიდევ თვენახევრის წინ? ეს უშუალოდ სააკაშვილის კისერზეა. ოპოზიციისთვის ასეთი მკვეთრი დარტყმის მიყენება სააკაშვილის ნამუსზეა...”, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი.
“ივანიშვილმა ერთი რამე იცის - მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა. სხვა მან არ იცის. რაკი ახლა სააკაშვილი გამოეცალა ხელიდან, ამიტომ ვიღას გალახავს?! გაიხედ-გამოიხედა რინგზე, მოხვდა ხელში ბესელია, ალბათ კიდევ სხვებიც... რაც დრო გავა კიდევ მეტ შეცდომას დაუშვებს. არ ვარ კმაყოფილი, რომ ისევ ძველ წრეზე ვტრიალებთ. საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკა ვერ გაცდა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლად. ვნახოთ, იქნებ 2020 წლისთვის გაცილებით ფართო არჩევანი მოხერხდეს... მე არ ვფიქრობ, რომ ბესელიას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი პერსპექტივები. ის ძალიან შორს არ იქნება “პატრიოტთა ალიანსისგან”, რომელიც “ქართულო ოცნების” ნაწილია. დათო ზურაბიშვილის ტერმინი რომ გავიხსენო, მათთვის “ნაცმოძრაობა” კუდიანებია და არც მანამდე და არც მერე მსოფლიოს ისტორიაში ამაზე შავბნელი ხალხი არ არსებულა - მათთვის ჰიტლერი და სააკაშვილი ერთია და ა.შ. 2012 წელს ივანიშვილის მთავარმა პარტნიორმა 2018 წელს მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა” - სალომე ზურაბიშვილს. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი მთლიანად ჩაბარდა რეტროგრადულ ბანაკს და დასავლური ღირებულებების ყაიდის გადარჩენას რესპუბლიკური პარტია ეცადა...”, - დასძენს დავით ბერძენიშვილი.
თორნიკე შარაშენიძე - “ბესელიასთვის მიუღებელია, რომ ირაკლი კობახიძე თავზე აჯდეს”
“ორი ახსნა აქვს ბესელიას საკითხს. ერთი - შეიძლება ბესელია მართლა გახვეული იყო კორუფციაში და ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად მის ზურგს უკან აკეთებს ვიღაცა ფულს და რეალურად ყველაფერი მხოლოდ ამით აიხსნება. მეორე - გაღრმავდა დაპირისპირება ძველ გვარდიასა და ახალს შორის და ამ ეტაპზე ახალგაზრდა გვარდიამ რაღაც გამარჯვება მოიპოვა. ან ორივეს კომბინაცია ერთად - გაიმარჯვა ახალგაზრდა გვარდიამ იმიტომ, რომ ივანიშვილმა გაიგო ცუდი ამბავი ბესელიაზე - ალბათ, ეს არის სიმართლე”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბესელიასთვის მიუღებელია, რომ ირაკლი კობახიძე თავზე აჯდეს” / თორნიკე შარაშენიძე: “ივანიშვილის 2020 წლის არჩევნებისთვის ჯერ არ ემზადება”.
“არ მგონია, პარტიიდან ბესელიას გარიცხვა ასე მარტივად მოხდეს იმიტომ, რომ ეს დააფრთხობს ძალიან ბევრს. ამისთვის მზად არც ივანიშვილია. მას არ სჭირდება დაპირისპირება “ქართული ოცნების” შიგნით და არც სკანდალები აწყობს. ამიტომ არ მგონია, ბესელიასგან და ძველი გვარდიის სხვა სხვა წევრებისგან დაფერთხონ პარტია. თუნდაც ამიტომ არ მოხდება ეს დაფერთხვა, რომ არ გაძლიერდეს ეს ე.წ. ახალგაზრდა გვარდია... ორ ფრთას შორის დაპირისპირება შიგნით ყოველთვის იყო. ეს დაპირისპირება გამწვავდა რაღაც საკითხის გამო - ამის რეალური მიზეზი მოსამართლეები იყო თუ სხვა რამ, ეს მე არ ვიცი. რაღაც საბაბი იყო დაპირისპირების და ეს არის ტიპური შიდა გარჩევა და მეტი არაფერი. დიდი ხანია, ეს ორი ფრაქცია ერთმანეთს ვერ იტანს, იქ მესამე ფრაქციაც არის, ოღონდ არც მაინცდამაინც გავლენიანი... 6 წლის განმავლობაში იმდენ მორალურ კომპრომისზე წავიდა ბესელია, რომ მაინცდამაინც დღეს გაახსენდა პრინციპები? ჩემი აზრით, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და მეტი არაფერი. ბესელიასთვის მიუღებელია, რომ მას თავზე აჯდეს ირაკლი კობახიძე, რომელიც სულ რაღაც 3 წელია, გამოჩნდა “ოცნებაში” და ზოგადად პოლიტიკაშიც. ეკა ბესელიას ვერ დავუკარგავთ იმას, რომ დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა სააკაშვილს და ჩანდა პოლიტიკაში. მისთვის და მისნაირებისთვის მიუღებელია, რომ მათ ასხედან კობახიძე და მისი გუნდი, მით უმეტეს, რომ კობახიძის გუნდში არიან ისეთებიც, ვინც მართლა ჩახუტებული იყო ნაციონალებთან. პრინციპებზე კი არ არის საუბარი - ისინი ბრაზდებიან იმაზე, რატომ გვანაცვალა ბიძინამ ყოფილი ნაციონალებიო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ივანიშვილისთვის გადამწყვეტი არ არის, ამ ხნის განმავლობაში ვინ სად იყო. მისთვის დღეს გადამწყვეტია, ვინ უფრო გამოადგება საკუთარი მიზნებისთვის და მორჩა. თორემ გავიხსენოთ, საკმაოდ დიდხანს თვითონ ივანიშვილის მოკავშირე იყო სააკაშვილიც. ეს ხომ ყველამ ვიცით. ბესელია გაბრაზდა იმაზე, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში ახალმოსულები დაასვა თავზე. ივანიშვილის მიზანია ხელისუფლებაში დარჩენა. ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს, რომ მან ხელისუფლებას ხელი გაუშვას იმიტომ, რომ ის საქართველოში გრძნობს თავს ყველაზე კომპორტულად. ამაზე უფრო კომფორტულად ვერსად იქნება. მას ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი. საქართველოში რომ კარგად იყოს, ამისთვის საჭიროა ამ ქვეყანაში აკონტროლოს ყველაფერი. ამიტომ სჭირდება მას ხელისუფლების კონტროლი”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რამდენად წარმატებული იქნება მისთვის 2020 წლის არჩევნები?” - პასუხობს:
“მივადექით ყველა საინტერესო საკითხს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს, რომ საქართველოში ორ ვადაზე მეტხანს ვერავინ რჩება ხელისუფლებაში. წესით, ივანიშვილი ამას უნდა ხედავდეს და ფიქრობდეს რაღაც გამოსავალზე. თუ უნდა, რომ უვადოდ დარჩეს ხელისუფლებაში, ეს შეუძლებელია! ჩვენ არ ვართ თურქმენეთი და შეუძლებელია ჩვენთან მსგავსი რამ მოინდომო და განახორციელო - ვერ განახორციელებ და იმიტომ”.
“ოცნება” რეალურად დაცლილია სერიოზული პოლიტიკური ფიგურებისგან. ვინ არის შიგნით ისეთი, ვისაც მოსახლეობა ენდობა, აქვს პოლიტიკური წონა? სამწუხაროდ, - არავინ. უბრალოდ გააგრძელებენ ერთმანეთის დაჭმას და მეტი არაფერი იქნება - ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, ვის ვის შეაჭმევინებს. ხოლო რაც შეეხება გამოსავალს, თუ რა უნდა ქნას ივანიშვილმა 2020 წელს - მე მგონი, ამაზე ფიქრი ჯერ არ დაუწყია... დაველოდოთ სესიას და თუ დაამტკიცებენ ამ ოდიოზურ ვითომ მოსამართლეებს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი 2020 წელს არანაირი გამოსავალზე არ ფიქრობს და მისი სურვილია ჩვეულებრივად დარჩეს ხელისუფლებაში, ჩვეულებრივი კონტროლით. მეორე ვადაში ყველ ხელისუფლება ცდილობდა ჩაჰფრენოდა სკამს და ყველა ხელისუფლება ქმნიდა პოლიციურ სახელმწიფოს. ამ სიტუაციაში ან “რკინის კაცი” ჰყავდათ ან “ხერხემალი”. აქაც, სამწუხაროდ იგივე ნიშნები ჩანს, რომ შეიქმნას პოლიციური სახელმწიფო - ფაქტია, გახარიაზე დიდი იმედები მყარდება და პარლამენტში მისი გამოსვლაც ამის ნიშანი იყო, რომ მას ამ როლში შესვლა უნდა”, - დაასკვნის შარაშენიძე.
გედევან ფოფხაძე - “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვირჩევთ, საბძლის ყარაულს კი არა”
"არსებითი საკითხია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად ვის ავირჩევთ. ეს ის ადამიანების იქნებიან, ვინც ღირსეულ მართლმსაჯულებას განახორციელებენ მომავლისთვის, თუ სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეები დარჩებიან. ეს არის დავის საგანი და რას გამოიწვევს ეს დავა, არ ვიცი. მე ვიცი, რომ პრინციპული პოზიცია უნდა მქონდეს ბოლომდე, რათა სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო არ დაკომპლექტდეს”, - აცხადებს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გედი ფოფხაძე: “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვირჩევთ, საბძლის ყარაულს კი არა” / ზარდიაშვილს გავლენა კი არა, ფუნქცია აქვს. მისი ფუნქცია მდგომარეობს ჩინჩალაძისა და მისი ჯგუფის ლობირებაში. თვითონ თავისი ინიციატივით ლობირებს, არა მგონია, ვინმეს დაევალებინოს”.
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვირჩევთ, საბძლის ყარაულს კი არა. მართლა ნუ გავაუბრალოებთ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლო ხელისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოა და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსამართლეებს უვადოდ ვირჩევთ. ხვალ ჩვენს არ ვიქნებით პარლამენტში და იმ ხალხმა მართლმსაჯულება უნდა აღასრულოს. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს სასამართლო ხელისუფლებაზე. არათუ ჩინჩალაძეს არ უნდა მივცეთ ხმა და უნდა გამოვრიცხოთ ამგვარი რამ, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საეჭვო არ უნდა იყოს. მართლა ისეთი ღირებულებები და წარსული უნდა ჰქონდეს, რომ კითხვის ნიშნები და სადავო არ უნდა დაგვიტოვოს. ჩინჩალაძე საერთოდ რა სალაპარაკო იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ეს ვინმესთვის სადარდებელი არ იყოს - ყველა შემთხვევაში, ვისაც საქართველოს მომავალი ადარდებს, სასამართლოს მდგომარეობა იმას ადარდებს. ვისაც ეს არ ადარდებს და პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილში სურს გაატაროს ეს ყველაფერი და პოლიტიკურ კონიუნქტურას შესწიროს, ის ადამიანები ჩემთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გედევან ფოფხაძე.
“იურიდიული კომიტეტიდან ჩემი გაწვევით ფრაქციაც იუსტიციის საბჭოს დღის წესრიგში ჩადგა - იუსტიციის საბჭოს სასარგებლო ჟესტი გააკეთა. რეალობა ისეთია, რომ პარლამენტში მართლა არის იუსტიციის საბჭოს ლობისტი ჯგუფი. მე ამ ჯგუფის მოსაზრებებს არ ვიზიარებ. როდესაც ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენელს სადამსჯელო ოპერაციას უტარებენ - ამ შემთხვევაში ჩემს გამოწვევას ვგულისხმობ, მე დიდად არ დავსჯილვარ ამ ყველაფრით, მაგრამ მათი მხრიდან განხორციელდასადამსჯელო ოპერაცია - ვფიქრობ, ეს მაინც პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი გუნდის ტენდენციურობაზე მეტყველებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“კითხვებზე, რომელიც ეხება ბატონ ბიძინას, ვანო ზარდიაშვილს - სჯობს, მათ თავად გაგცენ პასუხი. ჩემი პოზიცია ცალსახაა - სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების საკითხი არის პრინციპული პოლიტიკური თემა, რომელზეც საზოგადოება, მედია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საეჭვო ხალხის ხელში არ ჩავაგდოთ. გარატირებულად გეტყვით - თუ ყველა ის სეგმენტი, რომელიც ჩამოვთვალე შევიკვრებით და ერთად მოვინდომებთ ამ პრობლემის დაძლევას, დავძლევთ - ეს დაძლევადი პრობლემაა. ... მე მივიღე გადაწყვეტილება ვიბრძოლო იმისთვის, რომ მიუღებელი მოსამართლეების არ მივიღოთ. კომპრომისებზეც წავსულვარ, უკანაც დამიხევია, მაგრამ ეს ისეთი საკითხია უკან დახევა აქ არ შეიძლება!” - დასძენს ფოფხაძე.

























