რუსთავის მერი მგზავრებს მოუწოდებს, რუსთავი-თბილისის მიმართულებით „მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი“ არ გადაიხადონ

რუსთავის მერია რუსთავი–თბილისის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტის შემოყვანის საკითხზე აქტიურად მუშაობას, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარია M3 კატეგორიის ტრანსპორტზე, კერძოდ ავტობუსებზე, რომელითაც დედაქალაქში მგზავრების გადაყვანა დაბალ ფასად მოხდება. ტაბაღუას თქმით, საკითხზე დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრაც.

„ნოემბერში თბილისის მერიას მივმართეთ M3 კატეგორიის ავტობუსებთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩართულები არიან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკითხთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა უკვე გავმართეთ თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურებთან, შეხვედრა გვქონდა ასევე იმ კომპანიასთან, რომელიც კვლევას აწარმოებს ტრანსპორტის კუთხით თბილისში. ბოლო შეხვედრა გვქონდა გუშინ, სადაც სავარაუდო სამარშრუტო პუნქტი განისაზღვრა, რომელიც ოფიციალურად წარგვედგინება რუსთავს და შესაძლებლობა გვექნება გამოვაცხადოთ კონკურსი და M3 კატეგორიის დანიშვნაზე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები”, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერმა კომენტარი გააკეთა ასევე რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, მძღოლების მხრიდან მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ტაბაღუა განმარტავს, მგზავრობის საფასური მძღოლებმა 1 ლარი და 50 თეთრიდან 2 ლარამდე, თვითნებურად გაზარდეს, რითაც ტარიფის განსაზღვრაზე, რუსთავის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დაარღვიეს. ქალაქის მერის განცხადებით, მგზავრობის ოფიციალური საფასური რუსთავი-თბილისის მარშრუტზე საკრებულოს მიერაა დადგენილი და ის 1,50 ლარია.

„ტარიფი - 1,50 თეთრი საკრებულოს დადგენილების შესაბამისად არის განსაზღვრული და შესაბამისად, როდესაც მეტს ითხოვს თვითნებურად მძღოლი ან კომპანია, ეს არანაირ შესაბამისობაში არ მოდის. ტარიფის გაზრდაზე როდესაც ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა მონიტორინგი და თითოეულ ლოტზე, სადაც მოხდა მგზავრობის საფასურის გაზრდა, გატარდა შესაბამისი სანქციები. გარდა ამისა, ამ კომპანიასთან დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც განსაზღვრავდა რეალურ ტარიფს. მოსახლეობა არ არის წინააღმდეგი, რომ რეალური და გამჭვირვალე ტარიფი დაიდოს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს კომპანიის გაკოტრება, როგორც ისინი აცხადებენ, თითქოსდა ფასების გაზრდა გამოწვეულია აქედან. მე ვფიქრობ, რომ თუ არ დაიდო შესაბამისი დასკვნა და სპეციალისტებმა არ განსაზღვრეს ტარიფი, ასე თვითნებურად ფასების მატება, ეს არ არის სწორი მიმართულება“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ირაკლი ტაბაღუა მგზავრებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი. „ასე ცალმხრივად, მძღოლის მიერ ფასის გაზრდას შესაბამისი სანქცია მოყვა და თუ შესაბამისი სანქცია მოყვა, ესე იგი, ეს არ არის კანონის ჩარჩოში მოქცეული თანხა, რომელსაც მძღოლი ითხოვს. მგზავრების მიერ ზედმეტი თანხის გადახდა, შეიძლება ეს შევადარო იმას, როდესაც გარკვეულ ავტოსადგომებზე მომსახურე პირებს მანქანის დაყენების დროს გარკვეულ თანხას, ანაზღაურებას ავტომობილების მძღოლები საჩუქრად აძლევენ, ფაქტობრივად ამ შემთხვევაშიც ასე გამოდის “, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

29 დეკემბერს, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა, მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაზარდეს. მათი განმარტებით, მიკროავტობუსების შენახვა და შეკეთება ძვირი უჯდებათ, ამას ემატება ყოველდღიური ნორმირებული გადასახადი, რომელსაც კომპანია „ინტერტრანსს“ უხდიან და თავად მხოლოდ მიზერული თანხა რჩებათ.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა