სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ არსებულ პირობებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ არსებულ პირობებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაბა ბაკურიანს ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, რწმუნებული ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნო.

მათი ცნობით, ბესიკ ამირანაშვილი კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, მათი საჭიროებები და მუნიციპალური სამსახურების შეუფერხებელი მუშაობის საკითხები განიხილა.

„ტურისტულ სეზონზე ბაკურიანში დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტული პირობებისთვის მობილიზებულია სპეცტექნიკა, ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში დაგეგმილია დამატებითი სპეცტექნიკის ჩართვა.

წელს დაბა ბაკურიანში განახლდა და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, განხორციელდა 4 ქუჩისა და 9 ჩიხის რეაბილიტაცია, დამატებით მოეწყო ავტომანქანების საპარკინგე ადგილები. დიდველთან მისასვლელად გაყვანილია ახალი ალტერნატიული გზა, რომელიც საცობებისგან განტვირთავს მთავარ გზას და ხელს შეუწყობს დამსვენებლის კომფორტულად გადაადგილებას. ასევე, განხორციელდა ბაკურიანი-ციხიჯვრის 8კმ გზის მშენებლობა. გრძელდება 3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა.

კურორტზე სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრულები, სამაშველო და სამედიცინო სამსახურები უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.