ხარაგაულის საკრებულომ მერის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა

ხარაგაულის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა, რომლის შემდეგ სხდომაზე მყოფი 28 დეპუტატიდან 27-მა მას უარყოფითი შეფასება მისცა. უკმაყოფილო დეპუტატების უმრავლესობა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია.
საკრებულომ ასეთი შეფასება მერის საქმიანობას მას შემდეგ მისცა, რაც გაირკვა, რომ 31 პროექტიდან შარშან 21 ვერ შესრულდა. ასევე, მუნიციპალიტეტმა ვერ გასცა გაჭირვებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება და ვერ აშენდა საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტები საბავშვო ბაღების სახით სოფლებში ვერტყვიჭალასა და საღანძილეში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს დეპუტატებმა განუცხადეს, მერმა ვერ აითვისა ჯერ კიდევ 2017 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიის ლიკვიდაციისათვის გამოყოფილი თანხები. ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძის განცხადებით, არ უხარია მერის საქმიანობის უარყოფითად შეფასება, თუმცა შექმნილ მდგომარეობაზე თვალს ვერ დახუჭავენ.

























