ქართული პრესის მიმოხილვა 10.01.2019

არჩილ გამზარდია - “ქართული ოცნება” შესაძლოა რამდენიმე ნაწილად დაიშალოს”

მართლმადიდებლური გახლეჩვის ზღვარზე - “რუსეთი ეცდება თან პატარა ეკლესიებიც, პირველ რიგში საქართველოც ეკლესიაც წაიყოლოს”

ვახტანგ ძაბირაძე - “შიდა ბრძოლებს წააგებს ბესელია და მისი გუნდი, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლას მოიგებენ...”

* * *

არჩილ გამზარდია - “ქართული ოცნება” შესაძლოა რამდენიმე ნაწილად დაიშალოს”

“დღეს უკვე “ქართულ ოცნებას” ერთიანობა აღარ სჭირდება - 2020 წლის არჩევნებისთვის “ოცნება” ერთი პოლიტიკური ძალის სტატუსით რომ წარსდგეს, შეიძლება ბევრად უფრო სავალალო შედეგები მიიღოს. არის მოვლენების განვითარების ორი ვერსია - პირველი, რომ მხოლოდ ცალკე ფრაქცია გამოიყოს და პროცესი მიჩუმათდეს, სადაც მცირე რაოდენობით რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანი გამოვიდეს თუ მათ მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილი არ გამოუხატავს და მეორე, რომ ამ ყველაფერმა უფრო გლობალური ხასიათი მიიღოს და “ქართულმა ოცნებამ” მინიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს, იმ ფორმით, ასე ვთქვათ, დანაწევრდეს”, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული ოცნება” შესაძლოა რამდენიმე ნაწილად დაიშალოს” - არჩილ გამზარდია.

“ეს ზოგადად, ჩვეულებრივი მოვლენაა, ხშირად ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, როდესაც ძალაუფლებაში არიან, ისინი იშლებიან რაღაც ეტაპზე და ხშირად მათშივე ჩნდება გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები. ასე შეიძლება მოხდეს “ქართული ოცნების” შემთხვევაში, თუ ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ პირს შორის დავა და თუ ამ ყველაფერს უფრო შიგნით მეტი გაგრძელება მოჰყვა. წესით და რიგით, დღეს უკვე “ქართულ ოცნებას” აღარ სჭირდება ერთიანობა. რა რესურსიც საჭირო იყო ერთი მდგრადი პარტიის არსებობისათვის, ამ არჩევნებზე მათ მაქსიმუმი გაიარეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“2020 წლისთვის “ქართული ოცნება” ამ სახით, ერთი პოლიტიკური ძალის სტატუსით რომ წარდგეს, შეიძლება ბევრად უფრო სავალალო შედეგები მიიღოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს მცდელობა, რომ “ქართული ოცნება” რამდენიმე ნაწილად დაიშალოს და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე იმუშაოს. მსგავსი რამ ბიზნესის სტრატეგიაში ცნობილია. მაგალითად, შეიძლება ერთი დიდი კორპორაცია დაიშალოს და სამიზნე ჯგუფებზე ცალკეული ბრენდით გავიდეს, ანუ შეიძლება მფლობელი ჰყავდეს ერთი, მაგრამ ცალკეული ბრენდები გავიდნენ სხვა მომხმარებლებზე. ისინი არიან ერთმანეთთან მიმართებაში კონკურენტები, თუმცა მფლობელი ერთი ჰყავთ. დაახლოებით შეიძლება ამგვარი რეალობა მოხდეს “ქართულ ოცნებაშიც” - განმარტავს პოლიტოლოგი.

“მე ვფიქრობ, რომ დაშლა ეფექტური იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდა და ისიც ვნახეთ რის ხარჯზე მოახერხეს სასურველი კანდიდატის გაყვანა. იმდენი გადაცდომა იყო, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საკმაოდ ხისტი შეფასებები დადეს, თუმცა არჩევნები შემდგარად ჩაუთვალეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მოცემულობის პირობებში “ქართული ოცნების” წინსვლის პერპექტივა ძალიან დაბალია. 2020 წლისთვის კიდე უფრო უარესი მოცემულობა შეიძლება იყოს, რის გამოც “ქართულ ოცნებას” კიდევ უფრო მეტად უნდა დასჭირდეს გადაცდომები, იმისთვის რომ ძალაუფლება არ დაკარგოს და ამას შეიძლება უკვე მოჰყვეს ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არა უბრალოდ კრიტიკული შეფასებები გააკეთონ, არამედ არჩევნების შედეგებიც არ აღიარონ. ამიტომ, ბუნებრივია, “ქართული ოცნებისთვის” უკეთესია როგორღაც სხვადასხვა ფლანგზე გაიშალონ, სხვადასხვა ჯგუფებზე იმუშაონ”, - ამბობს გამზარდია.

“ჩემი აზრით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს პოლიტიკური პროცესების ფორმირებისათვის იყენებს. მე ვფიქრობ, ეს იქნება პოლიტიკური პროცესების ნაწილი და არა მხოლოდ სასამართლოების თემა. საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი და მიზეზი მისცა პოლიტიკური პროცესისთვის და ამ სახელის საბაბის ქვეშ შეიძლება გარკვეული სხვა მოტივებით გაიშალოს. საერთო ჯამში, გამოდგება თუ არა სასამართლოების თემა პოლიტიკური პროცესების ფორმირებისთვის, აი ეს არის ახლა მსჯელობის საგანი. მაგალითად, კონსტიტუციის მიღება ამისთვის არ გამოდგა. საერთო ჯამში, საზოგადოებრივი ინტერესი და დამოკიდებულება ძალიან დაბალი იყო საკონსტიტუციო თემებზე, ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე. ფაქტობრივად, არ დაინტერესდა საზოგაოდება, ვერანაირ პროცესში ვერ მოხდა ჩართვა და სასამართლოების თემა ამ ეტაპზე ყველაზე უფრო ეფექტურად მოჩანს. შეიძლება საზოგადოებრივი ჯგუფებიც აყვნენ და მასობრივი თემაც გახდეს”, - დასძენს არჩილ გამზარდია.

მართლმადიდებლური გახლეჩვის ზღვარზე - “რუსეთი ეცდება თან პატარა ეკლესიებიც, პირველ რიგში საქართველოც ეკლესიაც წაიყოლოს”

“რა ბერკეტი აქვს მოსკოვს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიარონ და რა პოზიციას დაიჭერს საქართველო - ეს არის თემა, რომელიც 6 იანვრის შემდეგ მთავარი კითხვაა მართლმადიდებელ სამყაროში. თეოლოგების თქმით, უკრაინის საკითხზე რა პოზიციას დააფიქსირებს საქართველოს საპატრიარქო, ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი - საქართველოს ეკლესია მართლაც დამოუკიდებელია, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება. თეოლოგებს მოლოდინი აქვთ, რომ საპატრიარქო შეეცდება რაც შეიძლება დროში გაწელოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა და როგორც კი რუსეთის მხარეს რამდენიმე ეკლესია აღმოჩნდება, საქართველოც მათ გვერდით დადგება და უარს იტყვის უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მართლმადიდებლური გახლეჩვის ზღვარზე - “რუსეთისთვის უკრაინის დაკარგვა დიდი იდეოლოგიური და კულტუროლოგიური დარტყმაა”.

„საქართველოს ეკლესია სერიოზული არჩევანის წინაშეა. ისინი ხვდებიან, რომ უკრაინის ავტოკეფალია ისტორიულად სამართლიანი მოვლენაა, იმიტომ რომ, ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო საქართველო ეკლესია 1917 წელს და ხვდებიან, რომ მართებულია უკრაინის ავტოკეფალია აღიარონ, თუმცა რუსეთის ეშინიათ და ცდილობენ მაქსიმალურად გაწელონ დრო და დააკვირდნენ - რას მოიმოქმედებენ სხვა ეკლესიები. ველოდები, რომ როგორც კი ეს ეიფორია გადაივლის, ნელ-ნელა შემოგვაპარებენ პრორუსულ პოზიციას, თუ ცალსახდ არა, შეფარვით მაინც და ავტოკეფალიას არ აღიარებენ. მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე საჯაროდ აცხადებენ, რომ უკრაინა იმსახურებს ავტოკეფალურ ეკლესიას, თუმცა თავად პატრიარქი, მეუფე გერასიმე, მეუფე ნიკოლოზი ამ საკითხს ასე არ უყურებენ, მეუფე სპორიდონი კი გმობს ამ პროცესს და ამას მწვალებლობად მიიჩნევს. საპატრიარქოდან დღევანდელი განცხადებები, რომ ტომოსი არ წაგვიკითხავს და პოზიციას ამიტომ ვერ დავაფიქსირებთ, არასერიოზულია. უფრო დაბალანსებული პასუხი შეიძლებოდა, თუნდაც ის, რომ სხვა საპატრიარქოების პასუხს ველოდებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

“თეოლოგის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არ აღიარების მომხრეები საქართველოში ერთგვარ არგუმენტად ხშირად იშველიებენ იმას, რომ თუკი საქართველო აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალურ ეკლესიად აღიარებს და ეს დიდი დილემაა, თუმცა გამრეკელაშვილის მტკიცებით, ეს არგუმენტი რეალობასთან ახლოს არ დგას და არც რუსეთის მხრიდან არის ამ მიმართულებით წნეხი. ნაკლებად რეალისტურია, თუმცა დასაშვები არის. არარეალისტურია, იმიტომ რომ, აფხაზეთის ეპარქია რუსეთის ეკლესიის ნაწილი არასდროს ყოფილა და ისტორიული თვალსაზრისით არანაირი შემხებლობა ამ ორგანიზმთან არასდროს ჰქონია”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთის ეკლესიამ ასე მოწმენდილ ცაზე აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალია ან ავტონომია რომ მიანიჭოს, ეს არარეალურია. თეორიული წანამძღვარისთვისაც კი არ ეყოფათ ისტორიული დასაბუთება. კონსტანტინოპოლი უფრო მოიძიებდა საამისო არგუმენტს, ვიდრე რუსეთი, რუსეთი ამ ტერიტორიაზე საერთოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. რომც დავუშვათ, რომ რუსეთმა აღიაროს აფხაზეთის ეპარქია ავტონომიურად, ეს იქნება ფაქტიურად იმ რეალობის აღიარება, რაც ჩვენ აფხაზეთში სახეზე გვაქვს, რადგან აფხაზეთი ისედაც რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშაა, მაგრამ ეს “აღიარება” იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის აქტი, თუ არა. არ იქნება. ეს შიში არარეალისტურია. ჩვენი ეკლესიის თავშეკავების გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ სამღვდელოების დიდ ნაწილს რუსეთში აქვს განათლება მიღებული და მათი თვითრეალიზაციის სივრცე რუსეთია. რუსეთი აფხაზეთის საკითხით არ აშინებს ჩვენს ეკლესიას. უბრალოდ ჩვენს სამღვდელოებას ეშინია, რომ ის ურთიერთობები, რომელიც მათ ეძვირფასებათ, რომ ის ვოიაჟები პეტერბურგსა და მოსკოვში, შეწყდება და რომ პატრიარქი გაბრაზდება, ამიტომაც იმიზეზებენ აფხაზეთის ეპარქიის თემას”, - მიიჩნევს თეოლოგი.

“უკრაინაში რუსეთის ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი 6 იანვარს ოფიციალურად დასრულდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ახლადარჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს საზეიმოდ გადასცა ტომოსი, რის მიხედვითაც უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი გახდა და მე-15 ადგილი დაიკავა მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ეკლესიების რიგში - დიფტიხში. მართლმადიდებელ ოჯახში ახლადშემატებული უკრაინის ეკლესიის გარდა 14 ეკლესიაა. მათ შორის კონსტანტინოპოლმა მიანიჭა ავტოკეფალია უკრაინას. ამ პროცესს კი სასტიკად ეწინააღმდეგება რუსეთი. დარჩენილი 12 ეკლესიიდან ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უცნობია. ჯერჯერობით, პირველი აღმოჩნდა ელადის ეკლესია, რომელმაც უკრაინის საკითხი განსახილველად ეპისკოპოსთა საბჭოს გადასცა და მოლოდინია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თებერვალში გამოცხადდება და საბერძნეთი ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს”, - დასძენს გამოცემა.

“მირიან გამრეკელაშვილის თქმით, რუსეთისთვის უკრაინის ეკლესიურად დაკარგვა დიდი იდეოლოგიური და კულტუროლოგიური დარტყმაა და არყევს მოსკოვის იდეას, რომ ის არის მესამე რომის ტიტულის მატარებელი, მართლმადიდებელი ქვეყნების ჰეგემონი, ამიტომაც მოსკოვი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მომხრეების შემოკრებაზე დიდ ძალისხმევას არ დაიშურებს - რუსეთს დიდი ფინანსური და პოლიტიკური წნეხის რესურსები აქვს. რუსეთის მოკავშირეებად ძირითადად ითვლებიან: სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, პოლონეთის, ანტიოქიის (სირიის) და საქართველოს ეკლესიები. ჩეხეთ-სლოვაკეთი, ისე როგორც პოლონეთი პატარა ეკლესიებია და ამ ეკლესიებს მოსკოვიდან წარგზავნილი კადრები მართავენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ანტიოქიის ეკლესიაც მთლიანადაა დამოკიდებული ასადის რეჟიმზე და ამ პოლიტიკური დამოკიდებულებს გამო ის რუსეთის ორბიტაზე რჩება. ალექსანდრიის ეკლესია არ არის რუსულ ორბიტაზე, თუმცა ტომოსის გადაცემამდე ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ძალიან კრიტიკული პოზიცია დაიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ განახლებების ძალიან დიდი მომხრეა. უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური გავლენებისა თუ გათვლების გამო - მაგალითად, რუსეთის ეკლესიას იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიების ტერიტორიებზე ძალიან დიდი ფინანსური აქტივი გააჩნია, იქნება ეს შემოწირულობები, იქ დაარსებული მონასტრები თუ ამ მონასტრებისათვის საჩუქრები, ასევე დიდია წმინდა ადგილების მოსალოცად ჩასული მდიდარი რუსების ნაკადი, რაც ამ ეკლესიების დამატებითი შემოსავლის წყაროა. მოსკოვიდან ფინანსური ბერკეტი მართლაც ძალიან ძლიერია, ზაფხულში საბერძნეთიდან გამოაძევეს რუსი დიპლომატები, მაღალი სამღვდელოების მოსყიდვის ბრალდებით და ამითაც აშკარაა, რა ბერკეტებს იყენებს მოსკოვი. რუსეთი წავა ყველაფერზე, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ეკლესიების რაოდენობა, ვინც არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას. რამდენად მიაღწევს, ამას დრო გვიჩვენებს. საბოლოო ანგარიშით რომ შევხედოთ, უნდა ველოდოთ, რომ მართლმადიდებლობის გახლეჩა მოხდება, თუ საეკლესიო დონეზე ძალიან მკაცრად არა, კულტურულ დონეზე მაინც და რუსეთი ეცდება თან პატარა ეკლესიებიც, პირველ რიგში საქართველოც ეკლესიაც წაიყოლოს”, - დაასკვნის მირიან გამრეკელაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - “შიდა ბრძოლებს წააგებს ბესელია და მისი გუნდი, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლას მოიგებენ...”

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კადიდატების სიასთან დაკავშირებული მსჯელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ რად უღირს “ოცნებას” ამისთვის კიდევ ერთხელ დაკარგოს საზოგადოების ნდობა, ეს ხომ მომავალი არჩევნებისთვის მუდმივად სალაპარაკო თემა იქნება”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პოლიტოლოგი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შიდა ბრძოლებს წააგებს ბესელია და მისი გუნდი” - ვახტანგ ძაბირაძე.

“პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით შიდა ბრძოლებს წააგებს ბესელია და მისი გუნდი. ვფიქრობ, რომ მათ არც აქვთ გათვლა იმაზე, რომ შიდა დაპირისპირებაში გაიმარჯვებენ. ბესელიამ დატოვა თანამდებობა, იგივე გააკეთა ფოფხაძემ, ასე რომ, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და დაელოდებიან მოვლენების განვითარებას. შეიძლება შიდა პარტიულ დაპირისპირებაში წააგონ, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლას მოიგებენ, ვგულისხმობ საზოგადოების მხარდაჭერას, რადგან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სააკითხი თანხვედრაში მოდის საზოგადოების აზრთან, რასაც ვერ ვიტყვით კობახიძის დაჯგუფების გარშემო, რომელმაც შეიძლება ამ ეტაპზე ეს ბრძოლა მოიგოს, მაგრამ ზოგადად ქართული “ოცნება” წამგებიან პოზიციაში არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩემი შეფასებით, ამ ეტაპზე ივანიშვილის ღიად ჩარევა მისთვის მომგებიანი არ იქნება, ვფიქრობ, რომ იგი უფრო მომრიგებლის ფუნქციას შეასრულებს. თანაც ეს ფრაქციის საქმეა და შეუძლია განზე გადგეს, გარკვეულ დრომდე. დააკვირდეს საზოგადოების რეაქციას და შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ”ოცნებას” პარლამენტში იმდენად დიდი უმრავლესობა ჰყავს, რომ არა მგონია რაიმე საფრთხე დაემუქროს და არც იმას ვფიქრობ, რომ ბესელიამ პირველმა დაიწყოს შეტევა ახალგაზრდათა ჯგუფზე. ბესელიამ უკვე გააკეთა განაცხადი თანამებობიდან გადადგომის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ოპოზიციური ნიშა დაიჭირა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მაგრამ არა მგონია, რომ ბესელიასთვის პარტიიდან გასვლა მომგებიანი იყოს, თუ ფრაქციას შექმნის, მას ისედაც ექნება ტრიბუნა პარლამენტში და ფრაქციის რეგლამენტით განკუთვნილი პირობები ბესელიასთვის და მის გუნდისთვის უფრო მომგებიანი ინება თუ პარტიიდან გარიცხავენ, საზოგადოების წინაშე წარსდგება პარტიიდან განსხვავებული აზრისთვის განრიდებული. თუ ბესელია ოპოზიციაში წავა, ან ახალ პარტიას შექმნის, ახალი კონფიგურაცია შეიქმნება და ოპოზიციის კონკურენტიც ხდება, ამიტომ აკვირდება ოპოზიცია ასე ბესელიას ნაბიჯებს. “ქართული ოცნება” კი იძულებული იქნება რეაქცია ჰქონდეს, რადგან პროცესები ამჯერად “ოცნებაში” მიდის...”, - დასძენს ძაბირაძე.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა