ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე, წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები მიმდინარეობს

წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად, ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე დღეს დილიდან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს. დღესვე, ძირითად სამუშაოებს დაასრულებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა" და დაახლოებით ერთ თვეში სრულად მოწესრიგდება გზის საფარი.
ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. ბექა ყურაშვილის განცხადებით, გზის საფარის სრული მოწესრიგება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დასრულდება.
"ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია "ეს ემ კა"-მ აქტიური სამუშაოები დაიწყო, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. "ეს ემ კა" ხვალვე ჩაატარებს საკონტროლო შემოწმებას. რაც შეეხება გზის საფარის მოწესრიგებას, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,იმედი", რომელსაც ხელშეკრულებით მითითებული აქვს კონკრეტული ვადები და თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, გზის საფარის სრული მოწესრიგება ერთ თვეში დასრულდება", - განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
გუშინ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ბერი თევდორეს ქუჩაზე იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოები პირად კონტროლზე აიყვანა.

























