ქართული პრესის მიმოხილვა 11.01.2019

გაუშვებს თუ არა ივანიშვილი ბესელია-ფოფხაძეს "ოცნებიდან"

იგორ კვესელავა: "ოცნება ამ შემადგენლობით 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს"

ლუკაშენკომ რუსეთს გაერთიანებაზე უარი უთხრა და დაემუქრა

***

გაუშვებს თუ არა ივანიშვილი ბესელია-ფოფხაძეს "ოცნებიდან"

"ქართულ ოცნებაში" ე.წ. ძველ და ახალ სახეებს შორის უკვე მეორედ აგორებულ დიდ ბრძოლაში, როგორც იქნა, მთავარი ინტრიგა - ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და საგანგებო განცხადებით ის ღიად დაუპირისპირდა ეკა ბესელიას, ვისაც "გუნდისა და გუნდურობის პრინციპის დარღვევაში" დასდო ბრალი და ამით ასევე ნათლად გამოაჩინა, რომ ის ე.წ. ახლების მხარეს დგას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაუშვებს თუ არა ივანიშვილი ბესელია-ფოფხაძეს "ოცნებიდან"

"ეკა ბესელია ივანიშვილის განცხადებას სტრასბურგიდან ერთგვარი მუქარანარევი პასუხით გამოეხმაურა და დააანონსა, რომ ორშაბათს ისაუბრებს და ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ის აცხადებს, რომ საზოგადოება მისი ბრძოლის სიმართლეში დარწმუნდება. ახლა მნიშვნელოვანია, დასრულდება თუ არა ეს დაპირისპირება ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვით. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ, დიდი ალბათობით, ის და გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის ბედს გაიზიარებენ და მათ "ოცნებიდან" გაუშვებენ. საგულისხმოა, რომ ფოფხაძე ასეთივე კრიტიკული იყო 2018 წელს აგორებული დიდი დაპირისპირების დროსაც, თუმცა მაშინ ის გუნდიდან გაშვებას გადაურჩა და მხოლოდ დავით ჭიჭინაძე შეეწირა ამ ყველაფერს. საინტერესოა, ივანიშვილს დაუპირისპირდებიან და ბესელიას გაჰყვებიან თუ არა ის დეპუტატებიც, ვინც ბოლო დღეებში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიას, ასევე ირაკლი კობახიძეს, "ახლების" გუნდის ლიდერს, მკვეთრად აკრიტიკებდნენ. მოსამართლეთა სიის მიუღებლობის გამო კი ბესელიასა და ფოფხაძეს თანამოაზრეთა რიგი არცთუ ისე მცირეა. ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, შოთა ხაბარელი, რუსლან პოღოსიანი - ესენი ის დეპუტატები არიან, ვინც მოსამართლეთა სიას ღიად და მწვავედ აკრიტიკებენ და თვლიან, რომ ამ სიის მხარდაჭერა არ შეიძლება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რა მოხდება ამჯერად, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ბესელია საქართველოში დაბრუნდება, გაიმართება ჯერ იურიდიული კომიტეტის სხდომა და შემდეგ - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირების ეს მეორე ტალღა დეკემბრის ბოლოს დაიწყო და ყველა ელოდა, რა პოზიციას დაიკავებდა ბიძინა ივანიშვილი. რამდენიმეკვირიანი ურთიერთბრალდებების შემდეგ მისი განცხადებაც გამოჩნდა და პარტიის თავმჯდომარის სახელით ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში სწორედ ის პოზიციებია დაფიქსირებული, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთელი ამ შიდა დაპირისპირებისას აცხადებდა. ივანიშვილი განცხადებაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაჩქარების აუცილებლობასა და გუნდურობის დეფიციტზე საუბრობს. მისი თქმით, ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღეს, რაც გუნდურობის დეფიციტიდან გამომდინარეობდა და ამიტომაც მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ გადადგომა მოსამართლეთა სიას. ივანიშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ ბესელიამ პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძე აირჩია და თვლის, რომ ბესელია წავიდა "გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ", რისთვისაც ივანიშვილმა ბესელია უკვე დასაჯა კიდეც და როგორც წერილშია ნახსენები, "გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი", - განაგრძობს გამოცემა.

"ამასთან, ივანიშვილი უკმაყოფილოა იმ თანაგუნდელებითაც, ვინც მოსამართლეთა სიას დაუპირისპირდნენ და მათ მოუწოდებს, "დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისაგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესს". ივანიშვილის ამ კრიტიკას სტრასბურგიდან პასუხობს ეკა ბესელია. "ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება", - განაცხადა ბესელიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. ივანიშვილის მიერ ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გაკრიტიკების შემდეგ მედიაში უფრო თამამად დაიწყო იმის მტკიცება, რომ ბესელიასა და ფოფხაძის პარტიიდან გარიცხვა გარდაუვალია. გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ არც ერთ შეხვედრაზე ვინმეს გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მათი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ, მაგალითად, ბესელიას მოუწიოს წასვლა“, - დასძენს გამოცემა.

"გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის ამ გუნდის წევრად დარჩება და ივანიშვილს მოუწოდებს, ღიად დააფიქსიროს, უჭერს თუ არა მხარს პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატთა სიას. ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი "ახლების გუნდის" კრიტიკას კვლავ აგრძელებს ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან დეპუტატ ლევან კობერიძის ლანძღვა ისმის, "კეთილენებათ" და საკუთარი თანაპარტიელი უნდა დაეცვათ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს. გააგრძელებს თუ არა "ახლებთან" ერთად ერთ გუნდში ყოფნას, გოგიჩაიშვილის თქმით, ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება - "წყალგამყოფი იქნება ის, პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კენჭისყრას" და ამბობს, რომ ამ სიის გაწვევისათვის ბრძოლას ის ბოლომდე გააგრძელებს. როგორც "ოცნებიდან" უკვე გარიცხული დავით ჭიჭინაძე ამბობს, ივანიშვილის განცხადებით დადასტურდა, რომ ის კობახიძის გუნდსა და უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სიას უჭერს მხარს და ამ სიის დამტკიცებისა და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შემთხვევაში დეპუტატი აქციებს არ გამორიცხავს“, - წერს სტატიის ავტორი.

იგორ კვესელავა: "ოცნება ამ შემადგენლობით 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს"

"ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, დღეიდან დაიწყოს ცვლილებები, რადგან ამ შემადგენლობით "ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, იგორ კვესელავა: "ოცნება ამ შემადგენლობით 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს"

"იგორ კვესელავას თქმით, პირველი მე ვიყავი, ვინც ვამბობდი, რომ "ოცნება" დაიშლება და ამ შემდეგენობით 2020 წლის არჩევნებამდე ვერ მივა, ამიტომ აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნა და არც იმას გამოვრიცხავდი, რომ მმართველი გუნდის წიაღშივე შეიქმნას. მალე კარს მოგვადგება საპარლამენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ დღესვე დაიწყოს ზრუნვა და გაატაროს კარდინალური ცვლილებები“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ნიკოლოზ მეორე ტახტზე რომ ავიდა, ვორონცოვს თხოვა, მირჩიე როგორ მოვიქცეო, მან კი ორი სიტყვით მისწერა "გაყარე იდიოტებიო". მე არ ვამბობ, რომ ყველა მინისტრი, გუბერნატორი, გამგებელი თუ პოლიციის უფროსი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა უნდა განახლდეს. შერჩევა უნდა მოხდეს არა მხოლოდ ერთგულების, არამედ პროფესიონალური ნიშნით. ქვეყანას არ აქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, არადა იძახიან, საქართველო გუგუნებსო, მითხარით ერთი, სად გუგუნებს? ამდენი გაჭირვებული და სიღარიბეში მყოფი ადამიანია. შესაცვლელია მართვის სისტემაც და სერიოზული ცვლილებების გატარებაა საჭირო როგორც განათლების სისტემაში, ასევე სხვა სფეროებში... რაც შეეხება ცვლილებებს პარტიაში, ჯერ სახელი უნდა შეიცვალოს, რადგან ოცნების დრო აღარ არის და საქმეს უნდა მიხედონ. ცვლილებებია საჭირო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში, შეიძლება ახალი ფრაქციაც კი შეიქმნას. "ნაციონალები", "ევროპული საქართველო" დამთავრებლია და პოლიტიკური არენიდან გაქრებიან, ამიტომ არის საჭირო კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნა და თავად ბიძინა უნდა ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში, რაც მალე მით უკეთესი, თუ უნდა რომ ხელისუფლებაში დარჩეს“, - წერს სტატიის ავტორი.

ლუკაშენკომ რუსეთს გაერთიანებაზე უარი უთხრა და დაემუქრა

"რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა იძაბება და შესაძლოა, მოსკოვმა დასავლეთის ტერიტორიაზე მისი ერთადერთი მოკავშირეც დაკარგოს, ბელარუსის სახით. ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვიდან ითხოვს, რომ ნავთობის სფეროში რუსეთის მიერ ახალი საგადასახადო წესის შემოღების გამო მას კომპენსაცია გადაუხადოს. პლუს, ბელარუსის ლიდერი აცხადებს იმასაც, რომ მისი ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთებაზე საუბრები უნდა შეწყდეს და "აქ არავინ არავის წახრის", - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ლუკაშენკომ რუსეთს გაერთიანებაზე უარი უთხრა და დაემუქრა

"ლუკაშენკოს მხრიდან მკვეთრი განცხადებები მთავრობის სხდომიდან გაისმა, ის მინსკიდან მოსკოვს ერთგვარად დაემუქრა კიდეც. იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი მოკავშირე ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებს და ნავთობის სფეროში გადასახადებისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციაზე არ შეთანხმდება, რუსეთი ბელარუსს როგორც მოკავშირეს დაკარგავს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "თუ რუსეთის მთავრობა ასეთ გზას გააგრძელებს და დასავლეთით მოკავშირეს დაკარგავს, ეს მისი არჩევანი იქნება. ხომ არ დავაძალებთ," - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ საკუთარ მთავრობას სხვა "სანდო წყაროების" ძებნისკენ მოუწოდა, რათა ბელარუსის ბიუჯეტის კომპენსაცია მოხდეს. მისი თქმით, თუ რუსეთთან ამ საკითხში შეთანხმება ვერ შედგება, ეს ბელარუსისთვის კატასტროფა არ გახდება და ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს დამატებით 400 მილიონი დოლარის შოვნა მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მოსკოვმა 2018 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება, რის თანახმადაც 2019-2024 წლებში ნავთობის სექტორში ე.წ.საგადასახდო მანევრს განახორციელებს, რომელიც საექსპორტო მოსაკრებლის განულებას და ნავთობმოპოვებაზე გადასახადის ზრდას გულისხმობს. აქამდე ბელარუსი რუსულ საწვავს საბაზრო ფასით იღებდა. რუსეთის ახალი გადაწყვეტილებით კი ფასი მნიშვნელოვნად იზრდება. გასული წლის დეკემბერში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი გათვლებით, ნავთობზე რუსეთის საგადასახადო მანევრების გამო მინსკმა მომდევნო 6 წელიწადში შესაძლოა 10,5 მილიარდი დოლარი დაკარგოს და მან დაიჩივლა, რომ ამ ზარალის გამო მოსკოვი უარს ამბობს მინსკს კომპენსაცია გადაუხადოს. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მინსკს დაუმსახურებელი სავაჭრო პრეფერენციების შენარჩუნება სურს. გარდა ნავთობის საკითხში დიდი გაუგებრობისა, ლუკაშენკოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბოლო დროინდელი საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა ბელარუსი რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს“, - დასძენს გამოცემა.

"ბელარუსის ლიდერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ ითქვა, რომ ბელარუსის რუსეთთან მიერთების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. "მოსკოვს მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს, ამიტომაც საჭიროა დამშვიდება და იმ საუბრების შეწყვეტა, თითქოს ვიღაცამ ვიღაც წახარა ან ხრის. აქ არავინ არავის წახრის", - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა. ლუკაშენკო ამბობს, რომ ორი ქვეყნის კავშირი მხოლოდ თანასწორობის პრინციპზე შეიძლება, აიგოს - "თუ არ იქნება თანაბარი საფუძვლები, არ იქნება კავშირი". აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკებრის ბოლოს ბელარუსის რუსეთთან შესაძლო მიერთების საკითხზე კომენტარი გაკეთდა კრემლში. ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ 1999 წლის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ბელარუსთან ქმნის ერთობლივ სტრუქტურებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, საბაჟო, მონეტარულ, იურიდიულ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სივრცეში“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო