ვაჟა ბერიძე -  დღეს სასამართლო სისტემის რეფორმირება უმთავრესი პოლიტიკური საკითხია, თუ ამას დღევანდელი ხელისუფლება კარგად არ გააცნობიერებს, ეს მისი დასასრულის დასაწყისი იქნება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, პროკურატურის მიერ “თიბისიდან“ მასალების გატანის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამართლებრივი თვალსაზრისით, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „თიბისის“ წინააღმდეგ პროკურატურის ბრალდებამ?

- საქმე რომ ერთ, რიგით ფაქტს არ ეხება, ამაზე მე მგონი არავინ დავობს. ფულის გათეთრებაზე გამოძიებები მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში და „თიბისი ბანკზე“ ბევრად დიდ და ავტორიტეტულ ფინანსურ ორგანიზაციებში ხდება, მაგრამ იქ პოლიტიკური სარჩული ნაკლებად შეიმჩნევა.

თავი რომ დავანებოთ კონტექსტს, რა ფონზეც მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება, „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებული განცხადებაც ცხადყოფს, რომ ამ ფაქტის დადგომამდე ადგილი ჰქონდა გარკვეულ უთანხმოებებს, ე.წ. „გარჩევებს“ და ბანკი ცალსახად მიანიშნებს რომ ამ კამპანიის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან.

10 წლის შემდეგ ამ ფაქტის გამოჩენა ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბანკზე ან მისი მესვეურებზე ანგარიშსწორებას. ეს შეგრძნება ხელისუფლებამ უნდა გააქარწყლოს თუ ეს მართლაც ასეა

ბანკის განცხადებაში ნახსენებია „ორკესტრირებული შავი პიარის ავტორები“, „პოლიტიკური თავდასხმები“, რითაც ბანკი მიანიშნებს, რომ ადგილი არა აქვს კონკრეტული საბანკო ოპერაციის კანონიერების შესწავლას, რომელიც რატომღაც მოხდენიდან 10 წლის შემდეგ მოექცა იმ სამსახურის ყურადღების ცენტრში, რომლის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დაუყონებლივი რეაგირება უნდა მოეხდინა.

მსგავსი მოცულობის - 17 მილიონ დოლარამდე ტრანზაქცია ავტომატურად ხვდება ფინანსური მონიტორინგის „ხედვის არეალში“ და 10 წლის შემდეგ ამ ფაქტის გამოჩენა ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბანკზე ან მისი მესვეურებზე ანგარიშსწორებას. ეს შეგრძნება ხელისუფლებამ უნდა გააქარწყლოს თუ ეს მართლაც ასეა.

ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ საქართველოში საბანკო სექტორის და მისი დიდი ნაწილის, „თიბისი ბანკის“ საქმიანობის ხარვეზებზე, ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე, ბანკებს საკრიტიკო ნამდვილად ბევრი აქვთ, კი ბატონო, შეიძლება ვისაუბროთ კანონდარღვევებზეც, ფულის გათეთრებაზეც, ამაზე მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებიც არ ამბობენ ხოლმე უარს და სათანადოდაც ისჯებიან, მაგრამ კონტექსტს ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იგი ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადგილი აქვს არაჯანსაღ პროცესს, რომლითაც დაზარალებულთა წრე ბევრად დიდი იქნება, ვიდრე მხოლოდ მამუკა ხაზარაძე, ან რომელიმე სხვა პირი ან პირთა ჯგუფი, ან თუნდაც მთლიანად ბანკი.

არც ბანკს და არც რომელიმე სხვა ტიპის ორგანიზაციას არ უნდა ეპატიოს დანაშაული, მით უმეტეს ფინანსური დანაშაული, რომელიც ყველაზე მკაცრად სწორედ განვითარებულ ქვეყნებში ისჯება, მაგრამ ის, რაც ახლა „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში ხდება, კითხვებს აჩენს

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს იმდენად მახინჯი ფინანსური სისტემა და იმდენად ასიმეტრიული ეკონომიკა, რომ „თიბისი ბანკის“ რამე ფორმით შეფერხება შეეხება არა მხოლოდ ბანკს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არც ბანკს და არც რომელიმე სხვა ტიპის ორგანიზაციას არ უნდა ეპატიოს დანაშაული, მით უმეტეს ფინანსური დანაშაული, რომელიც ყველაზე მკაცრად სწორედ განვითარებულ ქვეყნებში ისჯება, მაგრამ ის, რაც ახლა „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში ხდება, კითხვებს აჩენს.

- იმაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს პროკურატურის მხრიდან „თიბისიზე“ შეტევა, უკვე ბევრმა ვერსიამ გაიჟღერა. ზოგი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ხაზარაძის სახით ქართულ პოლიტიკურ ველზე კონკურენტს ხედავს, ზოგის მტკიცებით, ივანიშვილი ხაზარაძეს გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობას ვერ პატიობს, ზოგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ახლა ისევე იქცევა, როგორც პუტინი 2004 წლის შემდეგ, როცა გუსინსკის, ხოდორკოვსკის და სხვა ოლიგარქებს დაერია, უმეტესობა დაიმორჩილა, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან. მოკლედ, ახლა ხაზარაძეს ბევრი ხოდორკოვსკის ბედსაც კი უწინასწარმეტყველებს.

როგორც ვხედავთ, ამ თემაზე მოსაზრებების პალიტრა მართლაც მრავალფეროვანია. თქვენი დაკვირვებით, რომელი მათგანი უფრო ჰგავს სიმართლეს და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხაზარაძე ქართველ ხოდორკოვსკად იქცეს?

- რთული და მრავალპლანიანი კითხვაა. ვეცდები, მოკლედ გიპასუხოთ.

ბიძინა ივანიშვილი ცაიტნოტშია. ის შეცდომების დაშვებას იწყებს. ივანიშვილის ფაქტორია დღეს პოლიტიკური პროცესის ვექტორის განმსაზღვრელი და არა ესა თუ ის ჰიპოთეტური კონკურენტი.

ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა უკვე გადავიდა რადიკალურ ცვლილებებზე, რომლებიც ხალხის ინტერესებს მოემსახურება და საზოგადოების განწყობას უპასუხებს. სხვა შემთხვევაში „ოცნების“ შანსები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიზერული იქნება, ფაქტობრივად უშანსოდ რჩება მმართველი პარტია

ივანიშვილმა ადეკვატურად აღიქვა ხალხის ვერდიქტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებში აისახა. ხალხმა მისდამი უდიერ და გულგრილ დამოკიდებულებას პროტესტის ერთადერთი და ეფექტური ნაბიჯით უპასუხა – არ მივიდა არჩევნებზე, ნაწილმა ივანიშვილის წინააღმდეგ და სააკაშვილის სასარგებლოდ მისცა ხმა.

მეორე ტურის შედეგებით კი საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ მანდატს კიდევ ორი წლით უდასტურებს და მისგან რეალურ ცვლილებებს ელის. მართალია, არჩევნები სულ ახლახანს დასრულდა და მას დღესასწაულები მოჰყვა, მაგრამ ასეთი ინიციატივები „ქართული ოცნებისგან“ არ ჩანს. ეს არის პრობლემა.

თუ ორი წლის განმავლობაში ბევრის მოსწრება შეუძლებელია, ხალხმა უნდა დაინახოს რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა უკვე გადავიდა რადიკალურ ცვლილებებზე, რომლებიც ხალხის ინტერესებს მოემსახურება და საზოგადოების განწყობას უპასუხებს. სხვა შემთხვევაში „ოცნების“ შანსები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიზერული იქნება, ფაქტობრივად უშანსოდ რჩება მმართველი პარტია.

ვფიქრობ, ივანიშვილს ეს გააზრებული აქვს, ჩქარობს და შეცდომებს უშვებს. შეცდომა იყო კანაფის სამრეწველო კულტივაციის იდეა, რომელიც ქართველებისთვის, ერის უმრავლესობისთვის მიუღებელია, შეცდომაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო არჩევისა და საერთოდ სასამართლო სისტემისადმი მისი მხარდაჭერა და უკრიტიკო დამოკიდებულება და ვფიქრობ, ბოლო შეცდომა იქნება თუ ფულის გათეთრების ბრალდებით „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ საწინააღმდეგო კამპანიად გადაიქცევა.

ივანიშვილს ეს გააზრებული აქვს, ჩქარობს და შეცდომებს უშვებს. შეცდომა იყო კანაფის სამრეწველო კულტივაციის იდეა, რომელიც ქართველებისთვის, ერის უმრავლესობისთვის მიუღებელია, შეცდომაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო არჩევისა და საერთოდ სასამართლო სისტემისადმი მისი მხარდაჭერა და უკრიტიკო დამოკიდებულება და ვფიქრობ, ბოლო შეცდომა იქნება თუ ფულის გათეთრების ბრალდებით „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ საწინააღმდეგო კამპანიად გადაიქცევა

ცალკეულ ამ შეცდომას თავისი ქვეტექსტი და განმაპირობებელი ასპექტები აქვს და თუ საინტერესო იქნება, ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.

ახლა, რა შუაშია ამ ყველაფერთან მიმართებაში მამუკა ხაზარაძე. ის პოლიტიკოსი არ არის, პოლიტიკური ამბიცია დიდი ხანია და საერთოდაც შესაძლოა არ დაუფიქსირებია, ხოლო თუ ის გავლენიანი და შეძლებული პიროვნებაა და ამიტომ ივარაუდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურად ეს დასაშვებია როგორც მასთან, ისე ყველა სხვა გავლენიან ბიზნესმენთან მიმართებაში.

ერთი რამ მკაფიოდ შეიძლება ითქვას – დღეს მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის კონკურენტი პოლიტიკურ ველზე არ არის. მაგრამ, დაპირისპირება ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის სახეზეა. მას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი უძღოდა წინ და მათ შორის, მთავარი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემა.

ის, რომ ქვეყნის ორი გავლენიანი მულტიმილიონერი დაპირისპირებულია ერთმანეთთან, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არაფერს სასიკეთოს არ ნიშნავს

მიუხედავად ყველაფრისა ის, რომ ქვეყნის ორი გავლენიანი მულტიმილიონერი დაპირისპირებულია ერთმანეთთან, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არაფერს სასიკეთოს არ ნიშნავს.

წამყვანი ბიზნესმენები შესაძლოა პიროვნულად არ მეგობრობდნენ, მაგრამ ბიზნეს-არენაზე თუ პოლიტიკაში სათანადო წესების და კანონიერების ფარგლებში ურთიერთობდნენ, რაც მეტი ასეთი ადამიანი იღვაწებს ქვეყნისთვის, მით უკეთესი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილს, მე მჯერა, ერთადერთი რამ ამოძრავებს - ქვეყნის კეთილდღეობა და თუ ის ამ უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპზე შეცდომების დაშვებას გააგრძელებს, მისი განსაკუთრებული ღვაწლი ქვეყნის წინაშე და მილიარდიანი ქველმოქმედება გაუფასურდება.

მამუკა ხაზარაძე არის და დარწმუნებული ვარ იქნება, არა ქართველი ხოდორკოვსკი, არამედ მამუკა ხაზარაძე, წარმატებული საფინანსო ინსტიტუტის შემქმნელი და მასშტაბური ქველმოქმედი

მამუკა ხაზარაძე არის და დარწმუნებული ვარ იქნება, არა ქართველი ხოდორკოვსკი, არამედ მამუკა ხაზარაძე, წარმატებული საფინანსო ინსტიტუტის შემქმნელი და მასშტაბური ქველმოქმედი. ერუდირებული პიროვნება და ბიზნესმენი, რომელმაც ურთულეს პირობებში, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული შექმნა და განავითარა თავისი ბიზნესი.

ის, რომ ქართული კომერციული ბანკები ხალხის თვალში „მძარცველები“ არიან, საკრედიტო რესურსი ძვირია, პროცენტები მაღალი, ბიზნეს-სესხები მიუწვდომელი და ძვირი, არ აფინანსებენ სტარტაპებს და ასე შემდეგ, ეს დამოუკიდებლობის დროინდელი ყველა ხელისუფლების ბრალია, ამ ხელისუფლების ჩათვლით და ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ქართული საზოგადოების.

- გია ხუხაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ვიღაცას უნდა „თიბისის“ აქციების ფასის დაგდება და მერე ლონდონში იაფად რაღაცის ყიდვა. ასეც რომ იყოს, ლონდონში იაფად რაღაცის სავარაუდო მყიდველთა შორის უპირველესაც ივანიშვილი შეიძლება გაიხსენოს ადამიანმა...

- ბატონი გია მართალია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მოდი, ნუ ვისაუბრებთ მეტაფიზიკაზე, ვიმსჯელოთ იქედან გამომდინარე, რაც ცნობილია, დადასტურებულია და ცხადია.

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვისაც „თიბისის“ გაკოტრება და ხელში ჩაგდება უნდა

- საგულისხმოა ისიც, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი „თიბისისთან“ დაკავშირებით თუ რამეს ელოდა ალბათ ის საკითხი იყო, თუ როგორ მოხდა ამ ბანკიდან „ოცნების“ ექსმინისტრ ლევან ყიფიანის მონაწილეობით 4 მილიონი ლარის გატანა.

დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „თიბისისთან“ დაკავშირებული აჟიოტაჟი სწორედ იმისათვისაა დაწყებული, რომ ამავე ბანკიდან 4 მილიონი ლარის საეჭვო გარემოებებში გატანის ფაქტი „გადაიფაროს“. ამგვარი ვარაუდი რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს?

- 4 მილიონის თემა საკმაოდ გასაჯაროვდა და სათანადო პოზიტივი და ნეგატივი ყველა მხარემ მიიღო, რომელიც ამ სკანდალთან იყო დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ამ ერთი, თუნდაც სკანდალური ფაქტის გადასაფარად „თიბისის“ ტორპედირება არ მგონია, ვინმესთვის ხელსაყრელი იყოს.

საბანკო სფერო და მასთან დამოკიდებულება უაღრესად ფაქიზი თემაა. საბანკო და საბანკო-საფინანსო კრიზისების დამანგრეველ მოქმედებას მე რეგიონში ატომური ბომბის აფეთქების შედეგებს შევადარებდი და ყველას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „თიბისი“ ქვეყნის ერთ-ერთი სისტემაშემქმნელი ბანკია, უამრავი კლიენტით, უცხოელი აქციონერებით, ასეთი ინსტიტუტის განადგურება როგორც ქვეყნისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, დამაზიანებელია.

საბანკო სფერო და მასთან დამოკიდებულება უაღრესად ფაქიზი თემაა. საბანკო და საბანკო-საფინანსო კრიზისების დამანგრეველ მოქმედებას მე რეგიონში ატომური ბომბის აფეთქების შედეგებს შევადარებდი და ყველას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ.

- თუ ივანიშვილმა ოლიგარქებთან ბრძოლა ხაზარაძით დაიწყო და იმედი აქვს, რომ ხალხი ამ ამბავს „გაგებით მოეკიდება“, მაშინ გაუგებარია, რატომ არ დაიწყო ივანიშვილმა და სახელმწიფომ პარალელურად იმ მსხვილ ბიზნეს-ჯგუფებთან ურთიერთობების გარკვევა, რომლებსაც სხვადასხვა სფეროებში გადანაწილებული აქვთ ქართული ბაზრები და პრაქტიკულად ყველაფერს აკონტროლებენ?

რადგან ახლა გრიპის ვირუსი მძვინვარებს და მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია, ვთქვათ, თუნდაც სააფთიაქო სექტორის მონოპოლისტებთან...

- თავს უფლებას მივცემ რამდენიმე რამ დავაზუსტო. პირველი, არ მგონია, რომ ივანიშვილმა ოლიგარქებთან ბრძოლა დაიწყო. მეორე, მიმოქცევაში, ვგულისხმობ მედიას და არასამთავრობოებს, ცნება „ქართველი ოლიგარქი“ პოპულარული არ არის, რადგან პატარა ქვეყნებში დიდი ფული იშვიათად კეთდება.

შეიძლება მითხრათ, რომ პატარა ქვეყანაში ცოტა ფულიც დიდია, მაგრამ ეს მხოლოდ ეკვილიბრისტიკა იქნება. თუ იქიდან ამოვალთ, რომ ხელისუფლება და ბიზნესი დამოუკიდებელ საქართველოში ხშირად იყო გაუმიჯნავი, ასე ძალიან ბევრი პატარა ოლიგარქი გვეყოლება.

ყველა ხელისუფლება ცდილობს თვალი დახუჭოს ბევრ მნიშვნელოვან რამეზე, რადგან ჩამოყალიბებული დარგი და ბაზარი რყევებზე მძიმედ რეაგირებს. ამიტომ, ოლიგოპოლიების ალაგმვას უახლოეს მომავალში არ ველი... ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ 2 წელიწადში ამას არ ველი. მერე ვნახოთ...

მოდი, დავანებოთ თავი ამ მიმართულებით ჩაღრმავებას და თქვენი კითხვის არსს დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ შემოსავლიანი ბიზნესები ოლიგოპოლიებს აქვთ გადანაწილებული. ფარმაცია იქნება ეს, ნავთობპროდუქტებისა თუ კვების პროდუქტების იმპორტი და ზოგადად იმპორტი. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ამ თემას ვერ მიხედა. ამის გამოა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რომ ეცემა და ჩვენთან ბენზინის ფასი იზრდება ან ყოველ შემთხვევაში, არ იკლებს.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ შეხვედრას გავიხსენებ ბიზნესმენებთან, სადაც მან წამლებზე მაღალ ფასებზე დაიჩივლა. როგორ გეკადრებათო, მიუგეს, ჩვენთან რამდენიმე ათეული შემომტანი ფირმაა და მათ შორის კონკურენციააო და მაშინ მიუგო მათ ბიძინამ – კარგით რა, არა გრცხვენიათ, მე თვითონ ვაპირებდი საქართველოში წამლების შემოტანას და ვერ შევძელიო... ასეთი ვითარებაა.

ყველა ხელისუფლება ცდილობს თვალი დახუჭოს ბევრ მნიშვნელოვან რამეზე, რადგან ჩამოყალიბებული დარგი და ბაზარი რყევებზე მძიმედ რეაგირებს. ამიტომ, ოლიგოპოლიების ალაგმვას უახლოეს მომავალში არ ველი და არც იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნით ისარგებლებს და ოლიგოპოლიებს შეებრძოლება. თუმცა შესაძლოა, მას ეს გულით სწადდეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ 2 წელიწადში ამას არ ველი. მერე ვნახოთ...

- მთავრობის წევრები პრემიერის ჩათვლის ბევრს კი საუბრობენ იმაზე, რომ ბანკებს კანონმდებლობით აქვთ სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რომელიც სააკაშვილის დროს იქნა მიღებული, რის გამო ხალხი ზარალდება. მაგრამ, თქვენი აზრით, რატომ არ შეცვალა „ოცნების“ გუნდმა ბანკებთან დაკავშირებით ასე დრაკონული კანონი?

- თუ თქვენ ბანკების მიერ არაპროფილური საქმიანობის წარმოებას გულისხმობთ, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დონეზე ამის აკრძალვა მოხდა და ბანკებს შეეზღუდათ არაპროფილური ბიზნეს-საქმიანობის წარმოება.

ის, რაც წლების განმავლობაში შეეზარდა და შესისხლხორცდა ერთმანეთთან, იურიდიულად ქაღალდზე გაიმიჯნა, მაგრამ რეალურად ისევ ერთი ჯგუფი უდგას სათავეში და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია

საბანკო სექტორი მაღალი კვალიფიკაციის საკადრო რესურსითაა დაკომპლექტებული და მათ არ გაუჭირდათ იურიდიულად ისე გადაწყობილიყვნენ, რომ კანონის მოთხოვნები არ დაერღვიათ. ის, რაც წლების განმავლობაში შეეზარდა და შესისხლხორცდა ერთმანეთთან, იურიდიულად ქაღალდზე გაიმიჯნა, მაგრამ რეალურად ისევ ერთი ჯგუფი უდგას სათავეში და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია.

წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა, ასე ადვილად ვერ დაიშლება და ამას უნდა შევეგუოთ. მსგავსი პრობლემები ბევრი მიმართულებითაა, თავის დროზე ზოგჯერ სახელმწიფოს ხელშეწყობით, ზოგჯერ სხვა არაჯანსაღი მეთოდით ბევრი ბიზნესი გამსხვილდა და განვითარდა, მაგრამ ახლა იგივე მეთოდით მათი დასჯა, არ მგონია, სწორი იყოს.

კატეგორიულად არ მომწონს ბანკების საცეცების არსებობა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში, ამჯერად უკვე ფორმალურად გამიჯნული, მაგრამ რეალურად მაინც არსებული. მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ ეს არის რეალობა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით მყისიერად ვერ შეიცვლება

არაპროფილური ბიზნესის წარმოების კუთხით, დღეს საბანკო სექტორი კანონთან მიმართებაში პირნათელია და მოგვწონს ეს თუ არა, უნდა შევეგუოთ. მონოპოლიური და ოლიგოპოლიური ბაზრებიც მსგავსი პრობლემაა, მაგრამ ქირურგიული მეთოდით ამ პრობლემის მოგვარება ნიშნავს, რომ ეკონომიკა უნდა დავანგრიოთ და თავიდან ავაშენოთ.

ვაღიარებ და ალბათ უმრავლესობაც გაიზიარებს ამ პოზიციას, რომ კატეგორიულად არ მომწონს ბანკების საცეცების არსებობა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში, ამჯერად უკვე ფორმალურად გამიჯნული, მაგრამ რეალურად მაინც არსებული. მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ ეს არის რეალობა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით მყისიერად ვერ შეიცვლება.

- „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები, მათ შორის მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა და მედიაშიც აქტიურად განიხილება.

ძნელია არ დაეთანხმო ზაალ ანჯაფარიძეს, რომელიც თვლის, რომ მოსამართლეთა სიის საკითხმა სააშკარაოზე გამოიტანა ის, რის დამალვასაც ასე გულდასმით ცდილობს მმართველი პარტია. მისივე თქმით, “ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება არა მხოლოდ ღირებულებათა სისტემების და მსოფლმხედველობის კონფლიქტია, არამედ ინტერესების და ინტერესთა ჯგუფების კონფლიქტიც.

თქვენი დაკვირვებით, რა ხდება „ქართულ ოცნებაში“ და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს დაპირისპირება მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში?

- „ელემენტარულია უოტსონ“! დღემდე არც ერთ ხელისუფლებას დამოუკიდებელ საქართველოში, შევარდნაძიდან მოყოლებული, ხელს არ აძლევდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი „მესამე ხელისუფლება“.

შინაგანად ყველა მათგანი რეფორმების და გარდაქმნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ფიქრობდა, თუმცა ყველას მართვადი სასამართლო, მორჩილი პროკურატურა და უფრო მეტიც, გარკვეულ ნებას დაქვემდებარებული პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური ოპოზიცია სურდა. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მიგვეღო დამოუკიდებელი სასამართლო?

უზარმაზარი რეფორმა ჩატარდა სააკაშვილის დროს. დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი დაიხარჯა სისტემის რეორგანიზაციაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის აქტიური მხარდაჭერით, საერთაშორისო ფონდების დახმარებით და მონაწილეობით და რა მივიღეთ შედეგად?

პროკურატურის მიერ მომზადებული განაჩენების ნოტარიატად ქცეული სააკაშვილის სასამართლო. ცდუნებას ვერც ბიძინა ივანიშვილმა გაუძლო. მას, სააკაშვილისგან განსხვავებით, ანგარებითი მიზნები არ ამოძრავებდა, მაგრამ, ჯერ ერთი, მოსამართლეთა კორპუსის რადიკალურ განახლებას თავი აარიდა. შეუძლებელიც იყო ერთბაშად ამდენი კვალიფიციური და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე მოსამართლის მოძიება და მეორეც, განა ვის აწყენს წინა რეჟიმის დროინდელი ცოდვების მიტევების გამო მორჩილად ქცეული სასამართლო...

ესეც შეცდომა იყო.

ახლა მაინც უნდა გამოფხიზლდეს ქვეყნის ხელისუფალიც და პოლიტიკური ისტებლიშმენტიც.

დღეს სასამართლო სისტემის რეფორმირება უმთავრესი პოლიტიკური საკითხია. სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად და თუ ამას კარგად არ გააცნოებიერებს დღევანდელი ხელისუფლება, ეს მისი დასაასრულის დასაწყისი იქნება.

- „ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით და მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს. ივანიშვილის განმარტებით, ეკა ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ, ამიტომ ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი. რაც შეეხება მოსამართლეთა თემას, მან განაცხადა - „მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე მოხდება, რომელშიც დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან“.

დამკვირვებელთა აზრით, ივანიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ მოსამართლეთა სიის უკან და ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის უკან სწორედ ივანიშვილი დგას. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ორ უმნიშვნელოვანეს თემაზე ბიძინა ივანიშვილის განმარტებებმა?

- ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე „სტატუსკვოს“ არ შეცვლის, ანუ მისი დამოკიდებულება "ოცნების“ სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის საბჭოსთან და მოსამართლეთა კორპუსთან არ შეიცვლება.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე „სტატუსკვოს“ არ შეცვლის, ანუ დამოკიდებულება მისი და „ოცნების“ სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის საბჭოსთან და მოსამართლეთა კორპუსთან არ შეიცვლება

პარლამენტის თავმჯდომარის და მის ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფის პოზიცია მოსამართლეთა ეგრეთწოდებული „შავი სიის“ მიმართ იყო ივანიშვილის პოზიცია. ახლა, ასე ვთქვათ, გუნდურობის თაობაზე.

რას ნიშნავს გუნდურობა, ვინ შექმნა გუნდი, გარკვეული შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა ეს გუნდი, თუ ბიძინა ივანიშვილმა „დანიშნა“?

ეკა ბესელია გუნდურობის წინააღმდეგ კი არ წავიდა, მან როგორც „ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციიდან ერთ-ერთმა გამონაკლისთაგანმა, რომელიც პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა პარლამენტში, იგრძნო კატასტროფის მოახლოება და ცდილობს ხელისუფლების რეპუტაციის და თუ გნებავთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენას.

ეკა ბესელია გუნდურობის წინააღმდეგ კი არ წავიდა, მან როგორც „ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციიდან ერთ–ერთმა გამონაკლისთაგანმა, რომელიც პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა პარლამენტში, იგრძნო კატასტროფის მოახლოება და ცდილობს ხელისუფლების რეპუტაციის და თუ გნებავთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენას

სულო ცოდვილო და მე არ მჯერა, რომ ეკა ბესელიას აქტივობების თაობაზე წინასწარ ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული არ იყო, მაგრამ ასეც რომ იყოს, ბესელიამ, რომელსაც წლების განმავლობაში უტყუარი პოლიტიკური ალღო ჩამოუყალიბდა, იგრძნო დიდი საფრთხე და პრობლემა, იგრძნო, რომ მომავალ არჩევნებზე „ოცნება“ ვერ წარდგება ღირსეულად თუ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრობლემა არ გადაწყდა.

გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ საქმეთა მოსამართლეებით ხანგრძლივი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა „ოცნებისთვის“ მიუღწეველი მიზანია და ფაქტობრივად მარტო, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, წავიდა დინების წინააღმდეგ. წესით და რიგით, ეს ბატონ ბიძინასაც უნდა ჰქონდეს კარგად გაცნობიერებული. რა თქვა, ამჯერად და ამ ეტაპზე, სხვაა, და რას ფიქრობს, სხვა. ივანიშვილი მარტივი და მალემრწმენი კაცი არ გახლავთ.

- ივანიშვილის განცხადებას ბესელია სტრასბურგიდან გამოეხმაურა და განაცხადა - „ნათელს მოვფენ ყველაფერს“! ვოლსკიმ ბესელიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა - „გუნდში ერთად ვერ დავრჩებითო“. უკვე ცხადია, რომ მოსამართლეთა სია აღმოჩნდა ის საკითხი, რომელმაც „ოცნებაში“ განხეთქილება გამოიწვია. სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები „ოცნებაში“ ივანიშვილის განცხადების შემდეგ?

- მოვლენათა განვითარების იმანენტური, შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე, პროცესი უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის გაყოფით ან მეამბოხეების „ოცნების“ ფრაქციიდან გარიცხვით და ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით.

ივანიშვილისთვის უმჯობესია, რომ სასამართლოს რეფორმირებისთვის ბრძოლას მისი „ძველი“ თანამებრძოლი ჩაუდგეს სათავეში

ეს კარგი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის და ქვეყნისთვის. ივანიშვილისთვის უმჯობესია, რომ სასამართლოს რეფორმირებისთვის ბრძოლას მისი „ძველი“ თანამებრძოლი ჩაუდგეს სათავეში. ეს კარგი იქნება ქვეყნისთვისაც. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების მოთხოვნილება ელექტორატმა არჩევნებზეც დაადასტურა და ჩვენც ბოლო 2 წელია ვსაუბრობთ ამის თაობაზე, მათ შორის თქვენთან ინტერვიუშიც.

ერთია ოღონდ, ამ ახალმა პარტიებმა, თუ ბესელია ასეთ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში, პლუს ალეკო ელისაშვილი, პლუს სხვა ძველი და ახალი პოლიტიკოსების გაერთიანებები, სად უნდა მოიძიონ სათანადო ფინანსური რესურსი? ამ ქვეყანაში ცოტა ვინმე თუ გაბედავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას. სხვა შემთხვევაში, რაგინდარა სასიკეთო წამოწყება პოპულიზმისთვის და უპერსპექტივობისთვის არის განწირული.

- მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე დღეს ბევრს კი მსჯელობენ, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობა ასეთია - „ოცნება“ არც იუსტიციის საბჭოს უფლებების დროებით შეჩერებას აპირებს და არც იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეთა სიის უკან გაწვევას მოითხოვს.

ასეთ ფონზე აქტუალობას არ კარგავს ამგვარი კითხვა - რაში სჭირდება ივანიშვილს დისკრედიტებულ მოსამართლეთა მხარდაჭერა და ლობირება? მით უმეტეს, რომ საზოგადოებრივი აზრი იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც სააკაშვილის დროს ზეწოლას ვერ გაუძლეს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ სასარგებლოდ სულაც არაა...

- ისევ ვიმეორებ, ივანიშვილი ცაიტნოტშია. ის სულაც არ აპირებს 2020 წელს ხელისუფლებიდან წასვლას. მას ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა აქვს გადასაჭრელი. სასამართლოს გადალაგებას კი მინიმუმ 3-4 წელი სჭირდება.

მას არ სურს დამატებითი სერიოზული პრობლემები, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ ის იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას უახლოეს მომავალში დათანხმდება და მოითხოვს კონკრეტული, რეალისტური გზის დასახვას თავისი მრჩევლებისგან მართლმსაჯულების მთელი სისტემის რეფორმირების მიმართულებით.

ივანიშვილი ცაიტნოტშია, ის სულაც არ აპირებს 2020 წელს ხელისუფლებიდან წასვლას, მას ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა აქვს გადასაჭრელი, სასამართლოს გადალაგებას კი მინიმუმ 3-4 წელი სჭირდება

ის დარწმუნდება, რომ ამის გარეშე მის ხელისუფლებას პერსპექტივა არ აქვს. ამოცანა სერიოზულია, გადასახედია ბევრი რამ. იუსტიციის საბჭოს რეორგანიზაციიდან დაწყებული, უვადო მოსამართლეებად გამწესების წესითა და კრიტერიუმებით დამთავრებული.

არც სხვა ქვეყნების გამოცდილებაა უარსაყოფი და უფრო გაბედულადაა დასანერგი საყოველთაო არჩევნების გზით უმაღლეს სამოსამართლეო თანამდებობებზე მოსამართლეთა არჩევის საკითხი, არც მივიწყებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გახსენება გვაწყენდა.

სააკაშვილის და ადეიშვილის რეალობა მართლმსაჯულებასთან მიმართებაში აღარასოდეს აღდგება

თუმცა მისი დანერგვა საქართველოში, შედარებით პატარა ქვეყანაში, ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული. ჩვენთან ხომ შესაძლოა ბრალდებული დასავლური მეთოდის გამოყენებით შერჩეული ნაფიცის ნაცნობი აღმოჩნდეს.

- თუ მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი შეიცვალა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გაცილებით უარეს მართმსაჯულების სისტემას მივიღებთ, რომელსაც სააკაშვილი და ადეიშვილი აკონტროლებდნენ?

- მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც შესაცვლელია, შეიცვლება. სააკაშვილის და ადეიშვილის რეალობა მართლმსაჯულებასთან მიმართებაში აღარასოდეს აღდგება. სააკაშვილი რომც დაბრუნდეს ხელისუფლებაში, წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, მაშინაც კი. ეს უბრალოდ შეუძლებელია. სააკაშვილის საყვარელი სინგაპურიზაციაც კი სამართლიან მართლმსაჯულებას გულისხმობს.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს