ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2019

ნუკრი ქანთარია - “მოსამართლეების სია კენჭისყრაზე ჩავარდება”

“ივანიშვილი ზურაბიშვილს სასახლიდან გამოსვლას აუკრძალავს - ოლიგარქს პრეზიდენტი ბუტკიდან გამოეპარა “

* * *

ნუკრი ქანთარია - “მოსამართლეების სია კენჭისყრაზე ჩავარდება”

ჩემი პოზიცია ბუნდოვანი არ იყო - როგორც კი ეს სია პარლამენტში შემოვიდა, მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს სია არ იმსახურებს პარლამენტის კენჭისყრაზე დადგეს და გავიდეს. ერთია ამ ადამიანების პროფესიული წარსული, რომელიც ძალზე საეჭვოა და მათი უვადოდ გამწესება დიდ ღელვას იწვევს საზოგადოებაში და მეორეა თუ რას მოუტანს მათი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით”, -აცხადებს დეპუტატი ნუკრი ქანთარია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნუკრი ქანთარია: “მოსამართლეების სია კენჭისყრაზე ჩავარდება” / დღეს არ არის ის მომენტი, როდესაც საკუთარი პოზიციის გამოვლენა თავგანწირვის ტოლფასია. ძალიან დიდი ღელვაც, მოჭარბებული ემოციებიც არ არის საჭირო, უფრო ტაქტიკური მიდგომა შეიძლება.

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარტიისთვის წამგებიანი ნაბიჯი იქნება ამ პერსონების მხარდაჭერა პოლიტიკური თვალსაზრისით - ამიტომ მიუღებლად მიმაჩნია ამ სიის გასვლა. ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებები იქნება. პარლამენტმა დრო აიღო და ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა თავის წერილში. ალბათ უმრავლესობა, საერთაშორისო ექსპერტები, საზოგადოება ყველა ჩაერთვება და კრიტერიუმები იქნება განსაზღვრული. არავის უნდა დარჩეს ეჭვი, რომ ეს სია სადღაც დაიწერა და უცებ შემოვიდა პარლამენტში და პარლამენტმა ჰარიჰარალეთი უნდა მიიღოს. ყველა კითხვა, რომელიც საზოგადოებას ეჭვს უჩენს, უნდა მოიხსნას. პროცედურულად, როგორც ვიცი, სიის გაწვევა არ ხდება - ამ შემთხვევაში კენჭისყრაზე დადგება და ჩავარდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

“თუ გაწვევის პროცედურას არ მოიფიქრებენ, მაშინ ჩავარდება და ახლიდან დაიწყება პროცესი, ამასობაში კრიტერიუმები ორგანულ კანონში გაიწერება... ჩვენ კი ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღაზე, მაგრამ უკვე საკმაო დრო არის გასული და შეიძლებოდა უფრო მკვეთრად მომხდარიყო ეს ყველაფერი - თუნდაც ამ ხლხის ჩანაცვლება, ახალი კადრების მომზადება. დღეს არ არის ის მომენტი, როდესაც საკუთარი პოზიციის გამოვლენა თავგანწირვის ტოლფასია. ძალიან დიდი ღელვაც, მოჭარბებული ემოციებიც არ არის საჭირო, უფრო ტაქტიკური მიდგომა შეიძლება”, - დასძენს ქანთარია და შეკითხვაზე - “ქართული ოცნების” ლიდერებმა არ იცოდნენ, რომ ამ სიას ასეთი შედეგი მოჰყვებოდა?” - პასუხობს:

“არ ვიცი, ალბათ ეს მეორეხარისხოვანია... სია ნაუცბათევად იყო გამოგზავნილი, სასწრაფოდ უნდა მიღებულიყო - ეს ფაქტია. ამის შემდეგ საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა დაფიქრდა... როგორც კი სია მოვიდა და გადავხედე, უკვე ჩამთვის გასაგები იყო, რომ მისი მხარდაჭერა გამორიცხული იყო... რა შეეხება შეთანხმების მიღწევას, მიუხედავად ყველაფრისა ჯერ ზღვარს არ არის ეს ყველაფერი გადასული. მე მაინც მგონია, რომ შეთანხმება შესაძლებელია”.

“ივანიშვილი ზურაბიშვილს სასახლიდან გამოსვლას აუკრძალავს - ოლიგარქს პრეზიდენტი ბუტკიდან გამოეპარა “

“ანეკდოტია სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ მისი გაპრეზიდენტება არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის. არჩევნებიდან დიდი დრო არ გასულა და ყველაფერი კარგად გვახსოვს. გვახსოვს, რომ მეორე ტურისთვის მის ნაცვლად ივანიშვილის, კალაძის, კობახიძის და სერგეენკოს პლაკატები იყო გაკრული. თავად სალომეს რომ უთხრეს, შედი ქალო ბუტკაშიო, შევიდა და იქიდან ერთი თვის განმავლობაში არ გამოსულა. ჩიგვებში თავჩარგული ელოდებოდა, როდის დამთავრდებოდა არჩევნები, რომ ბიძინას ნაყიდი პრეზიდენტი გამხდარიყო. დაჯდა თუ არა ივანიშვილის ნაყიდ სკამზე. გამოვიდა და გვეუბნება, რომ თურმე არავის მიუძღვის წვლილი მის გაპრეზიდენტებაში”, - აცხადებს მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილი ზურაბიშვილს სასახლიდან გამოსვლას აუკრძალავს” / დიმიტრი ბიძინაშვილი: “ოლიგარქს პრეზიდენტი ბუტკიდან გამოეპარა”.

“ეს ის ქალია, რომელსაც არმიამ და სხვა ძალოვნებმა არ დაუჭირეს მხარი, არადა მას უმაღლესი მთავარსარდალი ჰქვია დღეს. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას არაფერზე არ აიღებს. 11 იანვრის პრესკონფერენციაზე ეს თავად დაადასტურა - პირდაპირ თქვა, რომ არც ერთ საკითხზე არ აქვს პოზიცია... არც მოსამართლეებზე იღებს ხმას, არც უკრაინაზე, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალია მიანიჭა და არც რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს. ზურაბიშვილის მისია მხოლოდ ივანიშვილის ნაყიდ სკამზე ჯდომაა. და ის კიდევ იმ სასახლეში უნდა იყოს, რომელში შესვლაც ოლიგარქმა უბრძანა” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ბიძინაშვილი.

“ივანიშვილს თავის კარზე ძალიან მძიმე და ჩახლართული თამაშები აქვს დ მან სალომე ზურაბიშვილისთვის ვეღარ მოიცალა. არ გამორიცხოთ, რომ ქალბატონი ბუტკიდან გამოეპარა და თუ ეს ასეა, ოლიგარქი მას განურისხდება და საერთოდ აუკრძალავს მედიასთან ურთიერთობას - შესაძლოა ისევე გადამალონ, როგორც მეორე ტურის წინ ჰყავდათ დამალული. იმ სასახლეში ჩაკეტავენ და გარეთ იმ პირობით გამოუშვებენ, თუ ხმას არ ამოიღებს. პრესკონფერენცია გამართა და ხმა არ ამოუღია იმ ეპიდემიაზე, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ცილისწამების მუხლის ამოქმედების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. რაღაც ცუდად გადაეკიდა ამ კანონს და რა ხდება?” - პასუხობს:

“რა ხდება და უნდათ განსხვავებული აზრის აკრძალვა. ეტყობა ოლიგარქს აღარ მოსწონს კრიტიკა და თავი მარიონეტებს აიძულებს ცილისწამების მუხლზე ისაუბრონ”

სალომე ზურაბიშვილის ადგილზე დავფიქრდებოდი ამ განცხადებაზე. დღეს მას ყველაზე მეტად არ უნდა აწყობდეს ამ კანონის მიღება. თუ ეს კანონი მიიღეს, პირველი სალონე ზურაბიშვილი უნდა გასამართლდეს - მან საქართველოს ცილი დასწამა და ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ეს არის ღალატი და ამის გამო ის აუცილებლად აგებს პასუხს. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ხელფასს არ აიღებს და ფრანგული პენსიით იცხოვრებს, საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა ამას, რასაც მე ვერ გავიზიარებ - ხელფასს არც კახა კალაძე იღებს, მაგრამ უამრავ კორუფციაშია გარეული, ლამის მთელი თბილისი გაყიდა. იგივეს იზამს ზურაბიშვილი, ხელფასს არ აიღებს, მაგრამ ბიუჯეტიდან აიღებს ხელფასზე მეტ ფულს”, - დაასკვნის მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს