ქართული პრესის მიმოხილვა 14.01.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “ივანიშვილმა შესაძლოა, კობახიძის ფრთა მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს”

“ოცნება” სოციალურ ქსელებსა და მედიაში “კუდიანებზე ნადირობას” იწყებს

დავით უსუფაშვილი - “დღეს საქმე გვაქვს სახელისუფლებო საძმოების ქსელთან“

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ივანიშვილმა შესაძლოა, კობახიძის ფრთა მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს”

“გამოკვეთილ ორ გუნდს პრინციპულად განასხვავებს ის, თუ რას უკავშირებენ ისინი თავიანთ პოლიტიკურ მომავალს. იმ ჯგუფს, რომელიც თავის პოლიტიკურ მომავალს დღევანდელი იუსტიციის საბჭოს მორალურ სახეს უკავშირებს და ეს მომავალი მასთან და იმ მოსამართლეებთან კოაბიტაციაში წარმოუდგენია, ვისაც ლობირებს, პირობითად დავარქვათ “კოლექტიური კობახიძე”. მეორე მხარეს კი თავისი პოლიტიკური მომავალი და ახალი პოლიტიკური იმიჯის ფორმირება წარმოუდგენია იმ პრინციპის დაცვით, რომელსაც ჰქვია სამართლიანი სასამართლო და სასამართლო სისტემასა თუ პარლამენტში მორალური გარემო. აი, ეს არის ნამდვილად წყალგამყოფი, თუმცა ე.წ. ანტიმოსამართლეთა ფლანგიც ძალიან ჭრელია და ვერ ვიტყვით, რომ ამის საფუძველზე შეიძლება ერთიანი პოლიტიკური გუნდი ჩამოყალიბდეს”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტისთვის” მიცემულ ინტევიუში, სათაურით “ივანიშვილმა შესაძლოა, კობახიძის ფრთა მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს” / “თუ “ოცნებიდან” სახიერი ადამიანების უმეტესობა წავიდა, ვის იმედად რჩებიან “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი? “კოლექტიური კობახიძისა” და ამ სასამართლოს „მაყურებლების“?! / თუ ამ ხელისუფლებას ფეხი დაუცდა, სისუსტის გამოვლენისთანავე ეს “მაყურებლები” იქნებიან პირველები, ვინც კბილებით დაგლეჯენ.

“უკვე გაისმა ვერსია, რომ შესაძლოა, ამ პროცესებით ივანიშვილი თავისთვის კომფორტულ ოპოზიციას ქმნიდეს. ამის მტკიცება წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ხვალ რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა დანაწევრდეს დღევანდელი “ქართული ოცნება”, ივანიშვილისთვის მომავალ სამთავრობო კოალიციაში მათი ყოფნა უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ფრთისა. ამ, ასე ვთქვათ, “დაუმორჩილებლების” ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ამომრჩევლის სერიოზული ბაზა. ეს არის ის ხალხი, ვინც 2012 წელს `ოცნების~ ამომრჩეველი იყო სწორედ იმიტომ, რომ უნდოდა თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა და უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრება... ეს ის ამომრჩეველია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში შინ დარჩა და მხოლოდ მეორე ტურში წავიდა ხმის მისაცემად... ეს ხალხი პოტენციურად სწორედ `ოცნებიდან" წამოსული პოლიტიკოსების ამომრჩეველია, თუ, რა თქმა უნდა, ისინი შეძლებენ თვითორგანიზებას და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას. მათი მონაწილეობით, შესაძლოა, მივიღოთ ის მესამე ძალა, რომელზეც კარგა ხანია, ვლაპარაკობთ... თუმცა, “თიბისი ბანკის” გარშემო დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე ჩნდება კითხვა: თავისუფალი ფული დარჩება თუ არა თავისუფალი იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობების დაფინანსება მოხერხდეს?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრსისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ივანიშვილის განცხადება ცალსახა ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. მას რამდენიმე შრე აქვს. ერთი ის არის, რომ მისი გულისწყრომა ბესელიას მიმართ აშკარაა და გარკვეულწილად, ამის ახსნა შეიძლება. საქმე ის არის, რომ 2018 წლის გაზაფხულზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, პირდაპირ თქვა - დავბრუნდი, რადგან გუნდი იშლებოდაო, ახლა კი ბესელია აღმოჩნდა პირველი მედროშე, ამ რღვევის გაფორმების ინიციატორი, რამაც აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუნდის გაერთიანება ვერ შეძლო. ჩემი აზრით, მისი გულისწყრომა სწორედ ამით არის განპირობებული. ის ფიქრობს, რომ გუნდის გასაერთიანებლად მის ძალისხმევას ეკა ბესელიამ შეუშალა ხელი. აქვე ვიტყვი - ამ განცხადებაში არსად ჩანს, რომ ის ირაკლი კობახიძეს უჭერს მხარს... რაც შეეხება მოსამართლეთა თემისადმი მის დამოკიდებულებას... აქაც ერთი მხრივ აშკარად გამოჩნდა, რომ მას იუსტიციის საბჭოს მიმართ აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება არა აქვს, ისევე როგორც კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის დაჩქარებული პროცესის მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, ივანიშვილის განცხადებაში ასახულია ის უარყოფითი განწყობაც, რომელიც ამ პროცესს პარლამენტსა და საზოგადოებაში მოჰყვა. მან განაცხადა, რა დროც დასჭირდება ამ საკითხის საჯარო განხილვას, ის დრო დაეთმობა და პროცესები შეთანხმების შედეგად გაგრძელდებაო და ეს აშკარად იყო საზოგადოებრივი განწყობის პასუხი...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს. აქ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი - ეს ადამიანები გრძნობენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათი უმრავლესობის ადგილი “ქართული ოცნების" სიაში არ იქნება, ამიტომაც სხვადასხვა ფორმით იბრძვიან საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად. სწორედ ამის გამო `ქართული ოცნების" სეგმენტირება გარდაუვალი პროცესია. მას დაშლისგან მოსამართლეთა ოდიოზური სიის ჩაგდებაც კი ვერ დაიცავს, თუმცა ეს ახლა მოხდება, გაზაფხულზე თუ ცოტა მოგვიანებით, ძნელი სათქმელია. ვერც იმას გეტყვით, წასვლის მსურველები ერთ დიდ ფრაქციას ჩამოაყალიბებენ თუ რამდენიმე პატარა ფრაქციად დაიშლებიან, თუმცა, ვიმეორებ - ეს, ჩემი აზრით, გარდაუვალია. ვფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია და იძლევა უკეთეს შანსს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჯანსაღი სამთავრობო კოალიცია შეიქმნას. “ქართული ოცნების” სახის გადასარჩენადაც ეს პროცესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ არის მეორე საკითხიც: თუ “ოცნებიდან” სახიერი ადამიანების უმეტესობა წავიდა, ვის იმედად რჩებიან `ქართული ოცნება~ და ბიძინა ივანიშვილი? `კოლექტიური კობახიძისა" და ამ სასამართლოს “მაყურებლების?!” - ამბობს ექსპერტი.

“ისე, თუ ბიძინა ივანიშვილი დაინახავს, რომ კობახიძის ფრთა ისეთი ტოქსიკურია, “ქართულ ოცნებას” ძალიან უშლის ხელს, არ არის გამორიცხული, ისინი ამ ოდიოზურ მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს კიდეც. “ქართული ოცნების” ნაწილს ერთი რამ არ ესმის: მოსამართლეთა ეს ჯგუფი დღეს თუ სასამართლო სისტემის “მაყურებელია”, ხვალ შეიძლება მთელი პოლიტიკური სისტემის მაყურებლად იქცეს. ისინი მორჩილები არიან მანამ, ვიდრე ძალას ხედავენ. თუ ამ ხელისუფლებას ფეხი დაუცდა, სისუსტის გამოვლენისთანავე ეს `მაყურებლები" იქნებიან პირველები, ვინც კბილებით დაგლეჯენ დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის იბრძვიან და ვისთან ურთიერთობასაც ხელსაყრელად მიიჩნევენ, იქით გადაინაცვლებენ. ასე რომ, თუ ამ მოსამართლეების შენარჩუნებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ 2020 წლის არჩევნებში `ოცნებას" გაყალბება “გაუპრავონ”, თავს დავდებ - ისინი 2020 წელს ვისგანაც ძალას იგრძნობენ, იქით წავლენ და მხარს იმას დაუჭერენ”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“თიბისი” ბანკის საქმეში საღ აზრს ვერ ვხედავ, ვერც პოლიტიკურად და ვერც ფინანსურად. თუ ვინმემ ეს საკითხი იმიტომ შემოაგდო, რომ მოსამართლეების თემა გადაეფარა, ამით პრობლემა უფრო გაამწვავა - გაჩნდა ეჭვი, რომ “ქართულ ოცნებას” ასეთი ოდიოზური მოსამართლეები სწორედ ბიზნესის კონტროლისთვის სჭირდება. მართლაც საოცარია, რომ დღეს საზოგადოება იძულებულია, დაიცვას ის საბანკო სისტემა, რომელიც სწორედ საზოგადოებისგან არ იმსახურებს დაცვას, რადგან საბანკო სისტემამ დიდი მონაწილეობა მიიღო ჩვენი მოსახლეობის გაღატაკებაში. თუმცა უარეს მდგომარეობაში ჩავცვივდებით, თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, რადგან საბანკო სისტემის ჩამოქცევამ, შესაძლოა, სახელმწიფოს ჩამოქცევა გამოიწვიოს. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე - ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ანაკლიის პორტის მომავალი, რომელიც არ არის ჩვეულებრივი პორტი და რომელსაც დიდი შემოსავალი და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უკავშირდება. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, რომლისადმი ინტერესი აქვს აშშ-სა და ევროპას. თავის დროზე დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, რომ ეს პორტი რუსული ან ჩინური გავლენის ქვეშ არ აღმოჩენილიყო ანუ მათი საკუთრება არ გამხდარიყო”, - განმარტავს რესპონდენტი.

“სიმართლე გითხრათ, ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესში ლოგიკას ვერ ვხედავ. ხაზარაძის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ სვლის სურვილი არ ჩანს. რა ინფორმაცია აქვს მმართველ გუნდს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მან “ქართული ოცნების” რჩეულ კანდიდატს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა. საერთოდ, ქართულ ბიზნესს არ ახასიათებს ოპოზიციის მხარდაჭერა მანამ, სანამ უკიდურესად არ შეავიწროებენ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ფიქრს, რომ მათი თავისუფლების გარანტია ხელისუფლების კეთილგანწყობა კი არა, თავისუფალი და კონკურენტული პოლიტიკური გარემოა. ამიტომ უფრო გაუგებარია ეს ნაბიჯი. თუ მიზეზი პოლიტიკური მოტივია, ჩემთვის ეს სრულიად აუხსნელია. ითქვა ისიც, თითქოს ვიღაცას ბანკის აქციების ფასის დაგდება და შესყიდვა სურდა, მაგრამ ესეც ალოგიკური მეჩვენება... თუ ვინმემ გადაწყვიტა, პროტესტანტი დეპუტატებისთვის ეჩვენებინა, ჩვენს წინააღმდეგ ვინც წავა, ხელშეუხებელი არავინ იქნება - ნახეთ, ხაზარაძეც კი არ არის ხელშეუხებელიო, არ ვიცი... ღირდა ეს ყველაფერი ასეთ ხმაურად?! ეს საკითხი გაცილებით რეზონანსული გახდება, თუ დროულად არ გაჩერდა”, - მიიჩნევს ექსპერტი

“უცნაურია, რომ ამ საკითხს უკავშირებენ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს აქტივები დასავლეთში და იცის, როგორი მნიშვნელოვანია იმ სამყაროსთვის ფინანსური სტაბილურობა. “თიბისის” საქმე დასავლეთისთვის შეიძლება ისეთივე წითელ ხაზად იქცეს, როგორი წითელი ხაზიც თავის დროზე “რუსთავი 2” იყო. ვფიქრობ, ეს პროცესი უფრო შორს არ წავა. მოსინჯეს, ხმაური ატეხეს, საზოგადოების აქტიური ნაწილის განწყობა გაიგეს და ახლა გაჩერდებიან... შეიძლება ამას ბანკის აქციების ფასის შემცირება მოჰყვეს, მაგრამ არა ისეთი, რომ ამან რყევა გამოიწვიოს.საინტერესოა, ხელისუფლებაში ფარცხალაძესთან დაკავშირებით რატომ ვერ ხედავენ პრობლემებს? ის დღემდე სახელისუფლებო ინტერესების გამტარებელია. ეს კაცი ეკონომიკური მონოპოლიებისა და ბიზნესინტერესების კუთხით მთავარ ფიგურად იქცა. საოცარია, რად უნდათ ასეთი სახელგატეხილი ადამიანი?! აი, ეს იცის უკონტროლო ძალაუფლებამ!” - დასძენს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა, თუმცა ჟურნალისტებმა შეკითხვების უმეტესობაზე პასუხი ვერ მიიღეს...” - პასუხობს:

“ამ პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი მოქალაქის დონეზეც კი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ის ხელისუფლების მორჩილი იქნება 2020 წლის არჩევნებამდე. ჩემი აზრით, მას აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი დეპუტაცია მომავალ პარლამენტში და ამისთვის “ქართული ოცნების” სიაში კვოტას მოითხოვს. სწორედ ამიტომ 2020 წლამდე ის დისკომფორტს არ შეუქმნის მმართველ პარტიას, მერე კი იმის შესაბამისად იმოქმედებს, როგორც განაწილდება ხელისუფლება”.

“ოცნება” სოციალურ ქსელებსა და მედიაში “კუდიანებზე ნადირობას” იწყებს

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოუწოდებს ცილისწამების წინააღმდეგ კანონი მიიღოს. მისი განცხადებით, პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ აქვს მორალური ინიციატივა, რომელიმე “თემა აწიოს” და მზადაა ცილისწამების შესახებ კანონის შემოღებაზე ფართო დისკუსია დაიწყოს. მისი ამ განცადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ “პრობლერმა სახეზეა” და “თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძებელი, უნდა მივიღოთ”. უფლებადამცველების განცხადებით, ცილისწამების სისხლის სამართლებრივად დასჯა მათთვის უპირობოდ ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს და ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს. იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სურს “კუდიანებზე ნადირობა” დაიწყოს და თუ ვინმე მათ საწინააღმდეგო პოსტს დაწერს “ფეისბუქში”, ან მოსაზრებას გამოთქვამს, უნდათ იმათ ამოუკერონ პირი, ეს კი მათ არ გამოუვათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნება” სოციალურ ქსელებსა და მედიაში “კუდიანებზე ნადირობას” იწყებს.

“საახალწლო მილოცვის შემდეგ, პარასკევს, სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ მეორედ გამოჩნდა და ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე შესავალ სიტყვაში კვლავ ისაუბრა ცილისწამების შესახებ კანონის შემოღების აუცილებლობაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტექსტი ჯერ მზად არ აქვთ, მაგრამ არის მზაობა, რომ ეს გახდეს ფართო დისკუსიის საგანი, რადგან საჭიროა ბალანსის დაცვა ადამიანის ღირსებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. “ცილისწამება - ეს არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. კარგად მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ბოლო ამის მაგალითი იყო საფრანგეთი, რომელმაც მიიღო კანონი ცილისწამების შესახებ, კერძოდ საარჩევნო პერიოდში და საკონსტიტუციომაც დაადასტურა, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდა სიტყვის თავისუფლებას. ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის არასამთავრობოებთან, საზოგადოებასთან ამ თემაზე დისკუსია დაიწყოს და შემდეგ ეს გამოიყენოს საკანონმდებლო ორგანოსთან, როდესაც ამ საკითხის განხილვა იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრეზიდენტი განსაკუთრებით “ფეისბუქზე” ამახვილებს ყურადღებას. “მედიას აქვს თავისი წესები და აქ უფრო დაცულია ადამიანი. როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს, მე მგონი საჭიროა, რომ ამ კუთხით ვიფიქროთ”, - თქვა ზურაბიშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დიდი პრობლემაა არა მარტო ცილისწამება, არამედ შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით. “აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ”, - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ აცხადებს ირაკლი კობახიძე. ცილისწამების პრობლემაზე პირველად სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას ილაპარაკა. “უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას. შემდეგ ცილისწამების პრობლემაზე ისაუბრა პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სადაც თქვა, რომ “სიტყვის თავისუფლებით ხშირად ბოროტად სარგებლობენ” და “დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს”. ამ “მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისათვის” პატრიარქს მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და და თქვა, რომ “სიტყვით ძალადობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ზომების მიღება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ცნობისთვის, საქართველოში 2004 წლიდან ცილისწამება აღარ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, მას შემდეგ რაც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონი მიიღეს. დღეს მოქმედი კანონი ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე, ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას და ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. თუმცა, ცილისწამებისთვის ადამიანები ციხეში არ მიდიან. დღეს ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს კომპენსაცია, თუმცა ამ დავის დროს თავად მომჩივანმა უნდა ამტკიცოს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. იურისტი ლია მუხაშავრიას მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება ცილისწამებაზე კანონპროექტს აუცილებლად მიიღებს. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა დაუშვებელია და თუკი მსგავსი კანონის მიღება მოხდება, უფლებადამცველები ამ კანონით დაზარალებული პირების სახელით ევროსასამართლოში წავლენ და ხელისუფლებას უკან დახევა აუცილებლად მოუწევს”, - დასძენს გამოცემა.

“მესმის, რომ ვიღაცებმა მძიმე თავდასხმების პერიოდი გამოიარეს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში და მაინცდამაინც არ ესიამოვნათ სიძულვილის ენით გამოხატული შეტევები, რაც ობიექტურად არსებობდა, მაგრამ მათ ამის გამო თმენის ვალდებულება არ უნდა გაუქრეთ და არ უნდა შემოიტანონ საკანონმდებლო წინადადებები ცილისწამების გამო დასჯის აღდგენის მოთხოვნით. თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ევროპის საბჭოს მოთხოვნით ამოიღეს, იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სწორედ იმას, რომ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებიც საჯარო პირებს წარმოადგენენ, ან მათთან გათანაბრებულები არიან, გააჩნიათ თმენის ვალდებულება. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. ადამიანებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ აზრი, გაავრცელონ იდეები და ასე შემდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“ჩვენი პოლიტიკოსების განათლებისა და შინაგანი კულტურის გათვალისწინებით სულ არ გამიკვირდება, რომ სს კოდექსში ცილისწამების მუხლი სულ მალე გააცოცხლონ... ვინც ამაზე ნერვიულობს, მათ ვეტყოდი, რომ ამგვარი კანონის ამოქმედების შემდეგ დაზარალებული პირების სახელით ევროსასამართლოში წავალთ და ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს. მე მინდა პრეზიდენტს ვთხოვო, ნუ იქნება ასეთ ნეგატიური ინიციატივის წამომწყები, რადგან ეს მისი ბიოგრაფიაში ძალიან ნეგატიურად აისახება. ჩემი ვარაუდით, მათ როგორც წარმოუდგენიათ, ეს იქნება “კუდიანებზე ნადირობა”, თუ ვინმე მათ საწინააღმდეგო პოსტს დაწერს “ფეისბუქში”, ან მოსაზრებას გამოთქვამს, უნდათ, იმათ ამოუკერონ პირი, ეს კი მათ არ გამოუვათ”, - დასძენს მუხაშავრია.

დავით უსუფაშვილი - “დღეს საქმე გვაქვს სახელისუფლებო საძმოების ქსელთან“

“ივანიშვილს, როგორც ყოვლისშემძლეს, ვერ წარმოუდგენია პოლიტიკური დამარცხება, ამიტომაც შეეცადა 2013 წელს ტრიუმფატორის როლში დაეტოვებინა საჯარო ასპარეზი და გუნდზე პასუხისმგებლობა ნელ-ნელა მოეხსნა. თუმცა მისივე შეცდომების გამო გუნდმა იმდენად სწრაფად დაიწყო დაქსაქსვა, რომ გარდაუვალი მარცხის თანამოზიარეობა დაემუქრა და იძულებული შეიქნა, დაბრუნებულიყო, მაგრამ უკიდურესად დავიწროებული ოცნებით - ძალაუფლების კიდევ რამდენიმე წამით, წუთით, წლით გახანგრძლივების ამოცანით. როგორც ამგვარი ამოცანით შეპყრობილი ნებისმიერი ხელისუფლისთვის, ისე მისთვისაც, თავისუფალი ადამიანი სახიფათოა, მორჩილი - სასურველი, პრინციპული - უმადური, პატიოსანი - სუსტი, ცბიერი - ჭკვიანი; ზნეობა ტვირთია, კანონი - სურვილი, სიკეთე იყიდება, ადამიანი თოჯინაა, ცხოვრება კი შურისძიება... ამიტომ არ ესმის, რას აშავებს, როდესაც მურუსიძის, ფარცხალაძის, გუნდის თუ ხაზარაძის საქმეებს აკეთებს...”, - აცხადებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „დღეს საქმე გვაქვს სახელისუფლებო საძმოების ქსელთან“.

“ახალი სახელისუფლებო ინსტიტუტი - “ბიძინას გუნდის მმართველობა” - ისე მოგვევლინა, ვერც კი შევნიშნეთ. მაინც რა არის ეს გუნდი, ვინ და როდის მიანიჭა მას საქვეყნო საქმეების გადაწყვეტის უფლებამოსილება, კონსტიტუციის რომელ მუხლში წერია გუნდზე, როგორც ხელისუფლების უზენაეს ორგანოზე? პარლამენტი გაგვიგია, მთავრობა გაგვიგია, საპარლამენტო უმრავლესობა გაგვიგია, საპარლამენტო კომიტეტი, ფრაქციაც გაგვიგია - ყოველ მათგანს კონსტიტუცია და კანონი ანიჭებს სახელმწიფო ძალაუფლების კონკრეტულ სეგმენტს, განუსაზღვრავს უფლებამოსილებას, მაგრამ “ოცნების” გუნდს ვინ მისცა უფლება, რომ ყველა ამ კონსტიტუციურ სახელმწიფო ორგანოზე ზევით დადგეს და მათ ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები?! “ბიძინას არაფორმალური მმართველობა” ყურს ჭრიდა და ახლა “ბიძინას გუნდის მმართველობა” შემოვიღეთ?! ამ უბედურების სათავე ის არის, რომ ვერაფრით დავაღწიეთ თავი საბჭოურ მენტალიტეტს და ვერაფრით ვისწავლეთ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის რა განსხვავებაა. ეს არის პრობლემა და არა ბესელიაზე ატეხილი აურზაური”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“პარტია “ქართული ოცნება” ვერასოდეს დაიშლება, რადგან პარტიად არასოდეს შექმნილა. საქმე გვაქვს სახელისუფლებო საძმოების ქსელთან, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, მათ სხვა აღარაფერი აკავშირებს ერთმანეთთან. მათი ძალაუფლების ერთადერთი წყარო ივანიშვილია, მისი მორალურ-სახელისუფლებო რესურსი კი იმდენად სწრაფად ამოიწურა, მისი კომპენსირება შეუძლებელი ხდება ფინანსური და პოლიციური რესურსებით. ამიტომ მმართველი კონგლომერატი უკვე დაშლილია და ახლა შეკოწიწებას ცდილობენ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“სახელისუფლებო ვერტიკალი, რომლის გაძლიერებასაც ივანიშვილი ერთ წელიწადში დაგვპირდა, მას სასამართლოში უკვე შექმნილი აქვს და დაფუძნებულია სიაში მყოფ რამდენიმე პირზე. ამიტომ არ ველი მათ შეცვლას. შეიძლება რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი “ბარტყი~ გადმოაგდონ და მათ ნაცვლად ორიოდე ავტორიტეტული მოსამართლე წარადგინონ, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის”, - დაასკვნის უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “დიდი რეზონანსი მოჰყვა “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას...” - პასუხობს:

“ხაზარაძესთან საეჭვო ურთიერთობაში ეჭვმიტანილი პრემიერ-მინისტრის გადაყენებიდან ათ დღეში ათი წლის წინანდელ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აქ კომენტარი აღარც არის საჭირო... შეიძლება ხაზარაძემ ათი წლის წინ მართლაც დაარღვია კანონი, მაგრამ შეიძლება არც არაფერი დაურღვევია. სამაგიეროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოძიების ახლა და ასე დაწყებით ნამდვილად დაარღვია პროკურატურის საქმიანობაში ჩაურევლობის კანონი. ვფიქრობ, მხოლოდ ანაკლიაში არ არის საქმე. ისე კი ჩემს ვარაუდებზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო თავად ხაზარაძის ვერსიებია, რომელთა გასაჯაროებას მას, ალბათ, მოვლენათა განვითარება აიძულებს, მათ შორის, ამ საქმეში ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო როლზეც...”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა