ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2019

“მართლმადიდებელ სამყაროში ახალი - მეორე ცენტრის ჩამოყალიბება მიმდინარეობს”

“ოცნების” რღვევა დაწყებულია და დაშლა აუცილებლად მოჰყვება” - მუხაშავრია

***

“მართლმადიდებელ სამყაროში ახალი - მეორე ცენტრის ჩამოყალიბება მიმდინარეობს”

"უკვე ერთ კვირაზე მეტია უკრაინის ეკლესია ოფიციალურად ავტოკეფალური გახდა და საქართველოს ეკლესიაში ამ საკითხზე ხმაურიანი განცხადებებიც იწყება უკრაინის მხარდამჭერთა ბანაკიდან. მიუხედავად საპატრიარქოს ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციისა, რომ განცხადებას გააკეთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტომოსს წაიკითხავენ და საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილავენ, უკვე გამოჩნდნენ ეპისკოპოსები, მეუფე პეტრე, მეუფე იოსები და მეუფე გრიგოლი, რომლებიც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “მართლმადიდებელ სამყაროში ახალი - მეორე ცენტრის ჩამოყალიბება მიმდინარეობს” / უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალის თემა შესაძლოა ქართულ ეკლესიაში ახალი დაპირისპირების საგანიც გახდეს

"უფრო მეტიც, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უკრაინის თემა არის წყალგამყოფი და საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს, სად წარმოუდგენია თავი - უკან წარსულში, რუსულ ორბიტაზე, თუ - ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე. ხოლო თუკი საქარველოს შეეშინდება და რუსულ ორბიტაზე აღმოჩნდება, ეს ქართული სახელმწიფოსთვისაც სავალალო იქნება და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც. მან ასევე სამწუხარო და არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება უწოდა ხელისუფლების მხრიდან კიევისთვის „ამ დიდი პროცესის" არ მილოცვას. ვინ შეურთდება ამ სამ ეპისკოპოსს ღიად და შესაძლოა თუ არა, რომ უკრაინის თემის გამო სინოდში ახალი დაპირისპირებაც ვიხილოთ? საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ ორ პოლუსზე ლაპარაკი ძალიან პირობითია, პრორუსულობაზე ლაპარაკით იგრძნობა, რომ საეკლესიო სივრცეში რაღაც პოლიტიკური კონტექსტი გადმოდის. მისივე თქმით, "არგუმენტები მრავლდება ორივე მხრიდან, იცვლება გარემოებები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები ჩნდება, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა". „ჯერჯერობით არც ერთ ეკლესიას არ დაუფიქსირებია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დამოკიდებულება უკრაინის ახალ შექმნილ ეკლესიასთან დაკავშირებით. იყო რამოდენიმე განცხადება, უკიდურესად ნეგატიური, ადგილობრივი ეკლესიებისა, ეს იყო სერბეთის, ანტიოქიის. ელადის ეკლესიის სინოდმა ვერ მიიღო ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გადადო ეს საკითხი, ისევე როგორც გადადო ჩვენმა სინოდმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს ეკლესიის სინოდს რა პოზიციაც აქვს, ეს ეკლესიების უმრავლესობაში არსებულ განწყობებს ეთანადება. ასე, რომ ჩვენთან არაფერი განსაკუთრებული, პოლიტიკური ნიშნით პრორუსულობის მატარებელი არ ხდება. მაშინ იგივე წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ ანტიოქიის, ან ელადის ეკლესია არის პრორუსული,"- ამბობს ჯაღმაიძე „რეზონანსთან". 6 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი გადაეცა და უკვე ერთ კვირაზე მეტია ამ თემაზე განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებენ საპატრიარქო და ხელისუფლება. ხელისუფლება აცხადებს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. საპატრიარქოს ადმინისტრაციის თქმით, სინოდის სხდომაზე უნდა მოხდეს საკითხის განხილვა. როდის შეიკრიბება სინოდი, რომელშიც პატრიარქი და კიდევ 46 ეპისკოპოსი შედის, ჯერ უცნობია. მიუხედავად ამისა, უკვე გამოჩნდნენ ეპისკოპოსები, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. მეუფე გრიგოლამდე უკრაინას ავტოკეფალია მიულოცა შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა და მილოცვა „ფეისბუქში" დაწერა“, - განაგრძობს გამოცემა.

"მანამდე ასევე იყო ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებაც, რომელიც თქმითაც, რომ უკრაინას, რომ არ მივულოცოთ, მაშინ რუსეთის ეკლესიას უნდა მიემსგავსო, რომელიც კაენის მდგომარეობაშია - ძმამ რომ შურით ძმა მოკლა". კვირას კი მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას თქვა, რომ მართლმადიდებელ სამყაროში მიმდინარეობს ახალი, ანუ მეორე ცენტრის ჩამოყალიბება ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად და თუ საქართველოს ეკლესია ამ ახალი ცენტრის ორბიტაზე აღმოჩნდება, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის. თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, უკრაინის ეკლესიის თემა ეს არის ერთგვარი ლაკმუსი და თუ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აირჩევს ჩრდილოეთის გზას, ჩვენ დაღუპვის გზას დავადგებით. მისი ინფორმაციით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას 10-მდე ეპისკოპოსი უჭერს მხარს და თვლის, რომ კარგი იქნება თუ ეს ეპისკოპოსები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. მისივე თქმით, ძალიან მიუღებელია პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეკლესიის გადაწვეტილებას დაელოდება“, - დასძენს გამოცემა.

"თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილის განცხადებით, უკრაინის ეკლესიის აღიარების პროცესი დაახლოებით თვენახევარში დაიწყება და მნიშვნელოვანია ჩვენ დავასწროთ ყველა ეკლესიას და ვთქვათ, რომ უკრაინას ვუჭერთ მხარს. მისი თქმით, მართლმადიდებელ სამყაროში საქართველოს ეკლესიას ყველა რუსულ ორბიტაზე მყოფად მიიჩნევს და სწორედ ამიტომაცაა ჩვენთვის პრინციპული, სხვა ეკლესიებს დავასწროთ „აღიარება" და ვთქვათ, რომ დამოუკიდებლები ვართ. თეოლოგი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა დიდ პრობლემას ქმნის ქვეყნისთვისაც და ეკლესიისთვისაც. პირველი - გამართლდება აზრი, რომ ჩვენ სინოდში გადაწყვეტილებას იღებს არა ეპისკოპოსების უმრავლესობა, არამედ ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა, რამაც შესაძლოა სამომავლოდ მოგვიყვანოს რაიმე სახის განხეთქილებამდე, რაც შიდა საეკლესიო დიდი პრობლემაა. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს მეორე საეკლესიო ცენტრის შექმნას. „უკრაინის საკითხის განხილვის პარალელურად რუსეთმა მასობრივად დაიწყო საზღვარგარეთის ეპარქიებისთვის ახალი ეპისკოპოსების გამორჩევა, რომ ამ გზით საკუთარი იურისდიქციები განავრცოს მთელ მსოფლიოში და შექმნას მეორე , ახალი საეკლესიო ცენტრი, სადაც ის იქნება პირველი და ეს იქნება ე.წ. მესამე რომი. მეუფე გრიგოლი სწორედ ამ პროცესზე საუბრობს და თუ ჩვენ უკრაინას არ დავუჭერთ მხარს, ეს პრობლემა იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ, საკუთარ თავს ნელ-ნელა რუსეთის მიერ შექმნილ ახალი ცენტის წევრად დავაყენებთ და მთლიანად ჩამოვშორდებით დასავლურ სამყაროს,"- ამბობს ლურსმანაშვილი. თეოლოგს მოლოდინი აქვს, რომ დიდია ალბათობა, საქართველოს ეკლესიამ რუსეთის მხარე დაიჭიროს, როგორც ეს მოხდა 2016 წელს, როცა კრეტის კრებაზე ცალსახად რუსეთის პოზიცია გაითვალისწინა და არ წავიდა. „თუ ჩვენ თვენახევარში არ დავასწარით სხვა ეკლესიებს უკრაინის მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთიდან ველოდებით მითითებას, რა პოზიცია დავიჭიროთ,"- დასძენს ლურსმანაშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

“ოცნების” რღვევა დაწყებულია და დაშლა აუცილებლად მოჰყვება” - მუხაშავრია

"რა შედეგით შეიძლება დასრულდეს "ქართულ ოცნებაში" კობახიძე-ბესელიას შორის არსებული დაპირისპირება? იურისტი, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რღვევა დაწყებულია და ამას აუცილებლად მოყვება დაშლა. ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას სამართლიანობისთვის ბრძოლა მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც შეეძლო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ოცნების” რღვევა დაწყებულია და დაშლა აუცილებლად მოჰყვება” - მუხაშავრია

"მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს უკავშირდება. ამის გამო ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და აღნიშნული სიის გაწვევას მოითხოვს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ბესელია საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა. "სრულ გაუგებრობაში ვარ. ერთის მხრივ, ბესელიამ გამოაცხადა, რომ სამართლიანობისთვის მებრძოლი და თავდადებული ადამიანია, თუმცა მეორეს მხრივ, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა ეს დაემტკიცებინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მაგრამ ეს არ გააკეთა. "მეორეს მხრივ, მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის კომენტარები, რომელმაც თქვა, რომ ბესელია გუნდის წინააღმდეგ გამოდიოდა და დიდიხანია უნდოდათ მისი თანამდებობიდან ჩამოცილება."ერთი რამ არის ცხადი, რომ გუნდში ძალიან სერიოზული უთანხმოება და განხეთქილებაა და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ გუნდის რღვევა დაწყებულია. როცა გუნდში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, ეს სულ მცირე იმას ნიშნავს, რომ რღვევა დაწყებულია და რღვევას დაშლა აუცილებლად მოყვება," - განაცხადა იურისტმა, ლია მუხაშავრიამ "რეზონანსთან" საუბრისას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საბჭო იმდენად გაუმჭვირვალედ მოქმედებს, რომ რთულია წინასწარ განჭვრეტა, თუ რას გააკეთებს. მაგრამ, ეტყობა საზოგადოებრივი და მედიის საპროტესტო ტალღის შემდეგ ცდილობენ ვითარება შეცვალონ და რაღაცა გამოასწორონ მაინც. საქმე იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები იყოს საკმაოდ ცალსახა, მკაფიო და ძალიან ცხადი. იმისათვის, რომ შემდეგ მოხდეს შერჩეული პირების გადამოწმება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ამ კრიტერიუმებს. მე ვისურვებდი, რომ ეს სია საერთოდ არ იქნას განხილული და ამ სიიდან არცერთი არ იქნას დანიშნული. ასევე, ვისურვებდი, რომ შერჩევის პროცესი წავიდეს საჯაროდ, გამჭირვალედ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველას ბიოგრაფია ზედმიწევნით დეტალურად, რომ ამის მიხედვით მოხდეს შერჩევა და მერე იქნებ ამით ნდობა გაჩნდეს, თუკი ძალიან კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იურისტები იქნებიან შერჩეული“, - განაგრძობს გამოცემა.

"ხელისუფლებას სურვილი აქვს სასამართლო ჰყავდეს სრული კონტროლის ქვეშ და მხოლოდ და მხოლოდ ის ადამინები ჰყავდეს სასამართლოს უმაღლეს რგოლში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სრულად აკონტროლოს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოვა. ასეთ ვითარებაში ძალიან საშიშია ქვეყნის დატოვება, იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენ არ ვართ მიჩვეული რეჟიმებს და რეჟიმებს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ ხოლმე. თუმცა, ვნახოთ ეს ჭიდილი როგორ განვიათარდება. უნდა ვივიარაუდოთ, რომ ძალიან მოკლე დროში დასრულება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამარცხებით. გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედად არის მიჩნეული დასავლური პრაქტიკის, დასავლური პოლიტიკური ცხოვრებისა და სასამართლო პრაქტიკის შედეგად. ამიტომ, მგონია, რომ ნებისმიერი ცვლილებების მოთხოვნა, ან ნებისმიერი ინიციატივის გამოცხადება ახლა, როდესაც ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, განსაკუთრებით პრეზინდეტის მხრიდან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცვლილება მოასწავებს მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და არამც და არამც მის მეტად გაფართოებას. ასეთი ინიციატივა ძალიან საფრთხილოა და საშიში, იმიტომ რომ შეიცავს საფრთხეს, რომ დემოკრატიული პოლიტიკის წინააღმდეგ იყოს მიმართული და ძალიან საწყენი იქნება, თუ პრეზიდენტის პირველი ინიციატივა ანტიდემოკრატიული და ამგვარი ხასიათის იქნება“, - დასძენს გამოცემა.

"მუხაშავრიას თქმით, Fake ნიუსების საკითხი მოითხოვს კარგ გამოძიებას და შემდგომში ძალიან ობიექტურად და მიუკერძოებლად საკითხის განხილვას. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამოძიება ჩაფლავებულია, სასამართლოს მიუკერძოებულობის და სასამართლოს იმედი არავის არ აქვს, ამ საკითხის ამგვარად დაყენება მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს რომ ეს იქნება, ჩემი ვარაუდით, კუდიანებზე ნადირობა და ძალიან საშიში პროცესის დაწყება“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა