MTV-ის ოფიციალურმა პარტნიორმა, კომპანია Neon Angel-მა აჭარაში სტუმრობის დროს ბათუმის მუსიკალურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები განიხილა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ტელეკომპანია MTV-ის ოფიციალური პარტნიორის, ბრიტანული კომპანია „Neon Angel”-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ამის შესახებ განცხადებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში გორდონ ედგიმ და რიჩარდ კორამმა, MTV-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, აჭარის ტურისტული, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მოინახულეს „ბლექ სი არენა“ და ბათუმის მშენებარე სტადიონი. აჭარის მუსიკალურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და ამ მხრივ რეგიონის შესაძლებლობები მათ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „ბლექ სი არენა“-ს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრებზე განიხილეს.
“კომპანია „Neon Angel” ეხმარება ცალკეულ ქვეყნებს, მსოფლიო მუსიკალურ კალენდარზე დაიმკვიდრონ თავი და შესთავაზონ ტურისტებს მუსიკალური პროექტები, რომლებიც ძირითადად, MTV-თან თანამშრომლობით მზადდება. განიხილება აჭარის, კერძოდ ბათუმის მუსიკალურ ცენტრად გადაქცევა, სადაც მსოფლიო დონის მომღერლებისა და დიჯეების ჩამოყვანა, ასევე, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებითა და მიუზიკლებით დატვირთვა იგეგმება. MTV-ის ოფიციალური პროგრამებიდან სამომავლო გეგმებში განიხილება ფესტივალი “MTV Crashes Georgia”. MTV-ის პარტნიორი კომპანია „Neon Angel”-თან თანამშრომლობა MTV-ის არხის მეშვეობით გულისხმობს საქართველოს, როგორც „აუცილებლად სანახავი ქვეყნის“ პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით, რაც ძალიან დიდ გავლენას იქონიებს რეგიონში ტურისტების მოზიდვასა და სეზონის გახანგძლივებაზე,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტინე ძიძიგურმა.

























