გიგა ბოკერია - თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას,  არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის

თითოეული დღე როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს. მისი განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.

მისი თქმით, ეკლესიისკენ ხელის გაშვერა არგუმენტად არ გამოდგება.

„ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში მართმადიდებლური ეკლესია შერწყმულია პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში და მთლიანად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენა და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის. ჩვენ საქართველოში გვაქვს ნანახი, როგორ იყენებს რუსული მართმადიდებლური ეკლესიის გავლენას პუტინის რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ, პირდაპირ აგრესიაში თუ პროპაგანდისტულ ომში. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. „ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ მიულოცეს უკრაინელ ხალხს ეს გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ მოგვისმენია არც პრემიერ-მინისტრისგან, არც საგარეო საქმეთა მინისტრისგან, არც პარლამენტის თავმჯდომარისგან და არც "ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერისგან მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ის ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას. ბოკერიას თქმით, ზურაბიშვილის მიერ ეკლესიისკენ ხელის გაშვერა ფუნდამენტურად არასწორია.

„ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის გაუგებარი განცხადება, სადაც მან ეკლესიისკენ გაიშვირა ხელი, რაც ფუნდამენტურად არასწორია. საქართველოში ჩვენი კონსტიტუციით ხელისუფლება, სახელმწიფო და ეკლესია არის გაყოფილი. საზოგადოების წინაშე პირდაპირ ანგარიშვალდებულია ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დააფიქსირონ, როგორია მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ აქვთ ის პოზიცია, რაც აქვთ. მათ მაინც მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, „ევროპული საქართველო" მათ პარლამენტში დავიბარებთ, მაგრამ თითოეული დღე როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის. შესაძლოა, ეს კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამიტომ ველოდები მათ პასუხს - რა არის მათი პოზიცია, რატომ აქვთ ეს პოზიცია და ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენმა მეგობრებმა მთელ მსოფლიოში იცოდნენ, რა ინსტრუმენტებს იყენებს ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ რუსეთი. ასეთი ინსტრუმენტი არის რუსული მართმადიდებლური ეკლესია. ამ შესაძლებლობის არგამოყენება, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ საერთაშორისო ასპარეზზე, არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა,"- განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო: გიგა ბოკერია - თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, არის ზიანის მომტანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა