ლია მუხაშავრია - იუსტიციის საბჭო დაუყოვნებლივ დასათხოვია და საჭიროა, გონიერებისა და სამართლიანი სასამართლო პრინციპებით ახალი წევრების შერჩევა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სიის გარშემო არ ცხრება კამათი. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსამართლეების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. როგორც გაირკვა ამგვარი სამუშაო ჯგუფი პარლამნეტში კარგა ხანია არსებობს და გაუგებარია „ოცნების“ ლიდერები რაზე საუბრობენ.

იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობენ იმაზე, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა დაიხვეწოს. დამკვირვებელთა უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესი როგორადაც არ უნდა დაიხვეწოს, მოსამართლეთა სიას ხმა იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა უნდა მისცენ, ვის მიმართაც საზოგადობის საკმაოდ დიდ ნაწილში საკმაოზე მეტი კითხვები არსებობს. ამ თემაზე საკმაოდ ბევრი კი ითქვა და დაიწერა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა მოსამართლეთა სიასთან და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით ხდება?

- იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები ძალიან კარგად ასახავს ზოგადად დღეს ქვეყანაში მიმიდინარე პროცესებს. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების უზურპაციის საყურადღებო მომენტს ვუყურებთ.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხოლოდ მისთვის სასურველი და საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი მოსამართლეების დანიშვნით აპირებს სრულად გააკონტროლოს ხელისუფლების სამივე შტო და მოახდინოს ხელისუფლების სრული უზურპაცია

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხოლოდ მისთვის სასურველი და საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი მოსამართლეების დანიშვნით აპირებს სრულად გააკონტროლოს ხელისუფლების სამივე შტო და მოახდინოს ხელისუფლების სრული უზურპაცია.

ვფიქრობ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ის უკვე სრულად აკონტროლებს საკონსტიტუციო უმრავლესობით არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის სახით. ის, რაც ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მოხდა, ამის უტყუარი მტკიცებულებაა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში თვითნებურად, ყველასგან ფარულად და მხოლოდ და მხოლოდ ერთპიროვნულად ივანიშვილის მიერ პრემიერის შერჩევა ხომ საყოველთაოდ ცნობილი ამბავია.

ახლა მას მხოლოდ მართლმსაჯულების შტო დარჩა ბოლომდე გაუკონტროლებელი და თუ მოახერხა უზენაესი სასამართლოს მის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემული სიით დაკომპლექტება, მაშინ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება საქმეთა განხილვა-გადაწყვეტას სასამართლოს ნებისმიერ ქვედა ინსტანციაში. ყველა საქმე საბოლოოდ გადაწყდება უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებასა და გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ხდება ხელისუფლების უზურპაცია და ამასთან იმ პირის მიერ, რომელიც საკანონმდებლო რეგულირების, კონტროლისა და პასუხისმგებლობის სფეროდან სრულიადაა გასული და მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერის როლითაა დაკავებული

ამრიგად, ვფიქრობ, ხდება ხელისუფლების უზურპაცია და ამასთან იმ პირის მიერ, რომელიც საკანონმდებლო რეგულირების, კონტროლისა და პასუხისმგებლობის სფეროდან სრულიადაა გასული და მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერის როლითაა დაკავებული.

ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონით ივანიშვილს არც ერთ მის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს მოქმედი საქართველოს არც ერთი კანონით ეკისრება პასუხისმგებლობა და არც მომავალში დაეკისრება, თუკი მან ამგვარი „წარმატებით“ გააგრძელა თავისი საქმიანობა.

ახლა მართლაც გადამწყვეტი მომენტია საზოგადოებამ მართლაც მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს მართლმსაჯულების საკითხისადმი, თორემ, მერე მართლა გვიან იქნება

ამიტომ, ახლა მართლაც გადამწყვეტი მომენტია. საზოგადოებამ მართლაც მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს მართლმსაჯულების საკითხისადმი, თორემ, მერე მართლა გვიან იქნება. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო მედიისა და კოლეგა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ხმალამოღებული იბრძვიან, მაგრამ საჭიროა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა.

- თითქოს ყველა თანხმდება, რომ დღეს სასამართლო სისტემის რეფორმირება უმთავრესი პოლიტიკური საკითხია. როგორც იუსტიციის არაწევრი მოსამართლე ანა ამბობს - „გზაგასაყარზე ვდგავართ.“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს დაკვირვებით კი -„თუ სასამართლოს სისტემის რეფორმირების აუცილებლობას ხელისუფლება კარგად ვერ გააცნობიერებს, ეს მისი დასასრულის დასაწყისი იქნება“.

არადა, თუ ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარებს მივადევნებთ თვალს, რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდში ამ თემაზე ასე აშკარად არ ფიქრობენ და ამჯერადაც კოსმეტიკური ცვლილებების იმედად არიან. თუ თქვენც ასე თვლით, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- ამ კითხვაზე კითხვა მიჩნდება, თქვენი დაკვირვებით, რამეზე საერთოდ თუ ფიქრობს მმართველი გუნდი, გარდა საკუთარი, კერძო და მერკანტილური თემებისა? ამ ბოლო დროს საერთოდ გაჩნდა მოსაზრება და განცდა, რომ ხელისუფლებაში და მაღალ თანამდებობაზე ადამიანები იმისთვის მოდიან მხოლოდ და მხოლოდ რომ საკუთარი ცხოვრება მოიწყონ. ასეთ ვითარებაში მეტისმეტად პათეტიკურადაც კი ჟღერს სამშობლოზე ზრუნვა და საზოგადოების ინტერესებისათვის სამსახური და სხვა მსგავსი სიტყვათწყობანი.

ჩემი აზრით, სახეზეა მმართველი გუნდის სრული ხრწნის სურათი. აშკარაა, რომ ყველა და ყველაფერი თითქმის ერთი კაცის არაფორმალური გადაწყვეტილებებით წყდება

ჩემი აზრით, სახეზე მმართველი გუნდის სრული ხრწნის სურათია. აშკარაა, რომ ყველა და ყველაფერი თითქმის ერთი კაცის არაფორმალური გადაწყვეტილებებით წყდება. ხოლო მის ორბიტაზე, მის გუნდში, თუ გნებავთ მის სიახლოვეს პოლიტიკოსები იმდენად კარგად ხვდებიან ხელისუფლების სრულ უზურპაციას, რომ, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არიან ასე მონდომებულნი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი საქმეებისა და ცხოვრების მოწყობით.

ანუ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდის წევრებისთვის არც ახალი და საკმაოდ ცხდია, რომ ისინიც კი არ არიან არავითარი გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილენი.

- იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე თქვა უარი მაინც გაუგებარი სიტუაცია იქნება. კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი დარწმუნებულია - მოსამართლეთა შერჩევის პროცესი რაც არ უნდა დაიხვეწოს, იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის წესით არასერიოზულია და არამხოლოდ დანიშვნა-წარდგინების პროცესს შეაფერხებს, არამედ ეწინააღმდეგება საბჭოს შემადგენლობაში მოსამართლეთა უმრავლესობის ყოფნის არსს, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობის ერთ-ერთ პრინციპს.

მისივე აზრით, ამ თემაზე ინიციატივები პერსონალიებზეა ორიენტირებული და არა სისტემურ რეფორმებზე, ამიტომ ისინი იგივე პრობლემებს წარმოშობენ მომავალში, როგორც ახლა გვაქვს.

თუ ბატონ ლევან ბოძაშვილის მტკიცება საფუძვლიანია, თქვენი აზრით, რატომ სურს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის წესით, რაც ეწინააღმდეგება საბჭოს შემადგენლობაში უმრავლესობის ყოფნის არსს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ პრინციპს?

- აქ მივადექით იმ საკითხს, რომელიც იურისტებს შეუძლიათ ნებისმიერ ბრუნვაში აბრუნონ ისე, რომ უბრალო მოკვდავთათვის ყველაფერი მაინც ბუნდოვანი გახდეს. არადა, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნის და საქმიანობის ის პრინციპები, რომელსაც ის დაეფუძნა, სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საფუძველს უნდა ქმნიდეს, მოხდა კი პირიქით.

არადა, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნის და საქმიანობის ის პრინციპები, რომელსაც ის დაეფუძნა, სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საფუძველს უნდა ქმნიდეს, მოხდა კი პირიქით

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც ვერ შეიქმნება ისეთი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, რომელთაც ვერც კი გაუცნობიერებიათ სასამართლო ხელისუფლების არსი და დანიშნულება და რომელთაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობები მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის უნდათ, რომ ნებისმიერმა მოსამართლემ და მსაჯულმა მათ დაკრულზე იაროს.

ვერ წარმოუდგენიათ რა ბედი ელის იმ სახელმწიფოს, სადაც სასამართლო ნამდვილი და სამართლიანი მოსამართლეებით კი არა, პოლიტიკოსების დაკვეთების შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული.

ხელისუფლების სათავეში მყოფის ცვლილებისა და ერთი პირის ხუშტურის შესაბამისად ნებისმიერ უდანაშაულოს, მათ შორის ყოფილ პოლიტიკოსებს ანგარიშს სწორედ სასამართლოს უკანონო და უსამართლო განაჩენებით რომ უსწორებენ და ყოფილი ჯალათები თვითონ რომ ხდებიან ახლადგამოჩეკილი ჯალათების მსხვერპლები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეებს, ჩემი აზრით, სასამართლოში საქმეთა განხილვა-გადაწყვეტაც კი არ უნდა მიანდო, არა თუ უზენაესი სასამართლოსთვის მოსამართლეები შეარჩევინო

როცა ელემენტარული სამართლებრივი კულტურა და მართლშეგნება არ არსებობს, იმ სახელმწიფოში ბუნებრივია, იუსტიციის საბჭოში ყოველგვარი ნომინაციის გარეშე უეცრად საიდანღაც ჩნდება ათკაციანი უზენაესი სასამართლოს კანდიდატი მოსამართლეების სია, რომელიც ამ საბჭოს არც ერთ წევრს არც კი დაუსახელებია საბჭოს სხდომაზე და არც ერთ მოსამართლე წევრს კითხვაც კი არ უჩნდება, რომ ათ ვაკანსიაზე ფორმალურად თუნდაც 11 კანდიდატიც კი არ არსებობს.

ანუ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეებს, ჩემი აზრით, სასამართლოში საქმეთა განხილვა-გადაწყვეტაც კი არ უნდა მიანდო, არა თუ უზენაესი სასამართლოსთვის მოსამართლეები შეარჩევინო.

აქ უნებლიეთ მივადექით იმ „უზენაეს გონს“ რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად ფიქრობს და სიას ადგენს და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების წივილ-კივილის შემდეგ გვიცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ პარლამენტი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს სამომავლოდ შეიმუშავებს და ამ კრიტერიუმებით შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს წევრები.

რომ არა მედიის აქტიურობა და საზოგადოების ძალუმი პროტესტი ყველაფერი ისე ჩაივლიდა, როგორც ნორმალური პროცედურა. არადა, მე რომ მკითხოთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის შერჩევა არ უნდა ხდებოდეს არსებული პროცედურით, არამც თუ უზენაესი სასამართლოს წევრების.

ასეთი ვითარებაში სამართლებრივი იწილო-ბიწილო იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცედურის თაობაზე უადგილო და უსაგნო მეჩვენება

ამას ხელისუფლების ყოვლისმომცველი უზურპაციის გარდა ვერაფერს დაარქმევ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირების პირობებში ჩნდება შანსი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უკვე არსებული უზურპაციის პირობებში დემოკარტიული მმართველობის გადარჩენისა.

ამიტომაა მიმდინარე ხელისუფლების უზურპაციის ეს ეტაპი ასეთი საშიში და სახიფათო. ასეთი ვითარებაში სამართლებრივი იწილო-ბიწილო იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცედურის თაობაზე უადგილო და უსაგნო მეჩვენება. ნაცვლად პროცედურის გაუმჯობესებაზე მსჯელობისა, რაც ფუჭი და უშედეგო მგონია, საბჭოა დაუყოვნებლივ დასათხოვი და გონიერებისა და სამართლიანი სასამართლო პრინციპების შესაბამისად მისი ახალი წევრების შერჩევა.

- ვხედავთ, რომ მოსამართლეთა სიის საკითხში მმართველ უმრავლესობაში საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. არ გამართლდა მოლოდინი იმისა, რომ ეკა ბესელია სკანდალურ განცხადებებს გააკეთებდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა უკვე დაპირისპირებული თანაგუნდელები ერთმანეთს ბოლომდე არ წირავენ, თუმცა კობახიძემ არ გამორიცხა, რომ სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია სავარაუდოდ არ იქნება. ფაქტია, რომ ასეთი ვითარება „ოცნებაში“ დიდხანს ვერ გაგრძელდება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება მოსამართლეთა სიის გამო პროცესები მმართველ კოალიციაში?

- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ამ ბედნავსი სიის გატანას, მაგრამ თუ საზოგადოების წინააღმდეგობა გაძლიერდა და არ შენელდა, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით შეეცდება დროის მოგებას.

თუ დროის მოგების ხერხმა არ გაჭრა, ივანიშვილმა შეიძლება უკან დახევა და სხვა ხერხის გამოყენება სცადოს. რადგან, მისთვის სასურველ მოსამართლეთა გაყვანა სამომავლოდ ხელისუფლების ზენიტში მისი ყოფნის ერთადერთი შესაძლებლობაა

თუ დროის მოგების ხერხმა არ გაჭრა, ივანიშვილმა შეიძლება უკან დახევა და სხვა ხერხის გამოყენება სცადოს. რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სამომავლოდ მისთვის ხელისუფლების ზენიტში ყოფნის ერთადერთი შესაძლებლობაა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის უკვე ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სასამართლოს გზით „გაპრავებისათვის“, მიმხვდარია, რომ მოსყიდვა-დაშინების საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული მეთოდები მოძველდა და ამიტომ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, სხვაგვარად არჩევნების მოგება წარმოუდგენელია, აუცილებლად დასჭირდება გასაჩივრებული საარჩევნო საქმეების სასამართლოში „მოგება“, რაც დღევანდელი სიის მოსამართლეების დახმარებით უნდა მოხდეს.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საჭიროა ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება.

როგორც გაირკვა, ამგვარი გეგმები აქვს მმართველ გუნდსაც. მაგრამ, საქმეში ჩახედული ადამიანების მტკიცებით, ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ გამართულია. თუ მმართველმა გუნდმა მაინც გადაწყვიტა ცილისწამებაზე კანონმდებლობის გამკაცრება, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რა ტიპისა და როგორ ცვლილებებს შეიტანდით ამ კანონში?

- მე რომ მკითხოთ, არავითარ ცვლილებას არ შევიტანდი კანონმდებლობაში, მით უმეტეს, სისხლის სამართლის კოდექსში არ აღვადგენდი ცილისწამების მუხლს. თავის დროზე ჩვენთან ცილისწამების მუხლი სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციით გაუქმდა.

ახლა თუ ვინმეს ცილისწამება, რბილად რომ ვთქვათ, მისთვის არასასურველ მოსაზრებაში ერევა და ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო პირისათვის, ანუ მისთვის კანონით დაკისრებული თმენის ვალდებულება მომრჩეველსა და რიგით მოქალაქეეს უნდა გადააკისროს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.

მე რომ მკითხოთ, არავითარ ცვლილებას არ შევიტანდი კანონმდებლობაში, მით უმეტეს, სისხლის სამართლის კოდექსში არ აღვადგენდი ცილისწამების მუხლს. თავის დროზე ჩვენთან ცილისწამების მუხლი სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციით გაუქმდა

უდავოა, რომ მხოლოდ პლურალიზმის, აზრებისა და იდეების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის პირობებში არსებობს და ვითარდება დემოკრატია. მართალია დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა არ არის, მაგრამ უკეთესი ცივილიზებულ საზოგადოებას ჯერ-ჯერობით არ გამოუგონია. ამიტომ, საწყენია, როდესაც პირველი პრეზიდენტი ქალი ასეთი საკანონმდებლო ინიციატივით იწყებს საპრეზიდენტო მოღვაწეობას.

- სუს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სუს-ში იმ კადრებს ემშვიდობებიან, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების ფავორიტის სასარგებლოდ ჯეროვნად ვერ იმუშავა.

ოპოზიცია ასევე ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი რეგიონებშიც ახორციელებს საკადრო ცვლილებებს, რომელიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილის დაბალ შედეგს უკავშირდება. ვინაიდან თქვენ ამჟამად უფრო მეტად გურიაში ცხოვრობთ და საქმიანობთ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების მიმართ?

- ვფიქრობ, სუს-მა ხელისუფლებისთვის საარჩევნო პროცესებში „დახმარების“ საკუთარი რესურსები სრულად ამოწურა და როგორც ზოგადად ბუნებაშია მიღებული, არსებობის პათოლოგიებს სამყარო ვერ გუობს, ისეა აქაც, როცა სუს-ი იმის გაკეთებას ცდილობს, რაც მისთვის შეუფერებელი და არაბუნებრივია, არც საქმე გამოდის და არც ეს ინსტიტუცია აგრძელებს სიცოცხლეს.

სუს-მა ხელისუფლებისთვის საარჩევნო პროცესებში „დახმარების“ საკუთარი რესურსები სრულად ამოწურა… საკადრო ცვლილებებით სუს-ის, როგორც ორგანოს რეანიმაცია ან მისი გაძლიერება აღარ გამოვა

ამიტომ, მგონია, რომ საკადრო ცვლილებებით სუს-ის, როგორც ორგანოს რეანიმაცია ან მისი გაძლიერება აღარ გამოვა. მე ვერ გეტყვით, რამდენად მიმდინარეობს ცვლილებები რეგიონებში, რადგან მე ამ ორგანოს საქმიანობასთან, ან მის შიგნით მიმდინარე პროცესებზე არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია და ვერაფერს ვიტყვი.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს