აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ სამოქმედო გეგმა წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

ღონისძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან მაისურაძემ გახსნეს.

მერაბ კარანაძემ USAID-სა და IFES-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს განხორციელებული სამუშაოებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას.

ნინო ჩხეტიას განცხადებით, სამოქმედო გეგმის პროექტზე, მის საჯარო განხილვამდე, კანონმდებლებმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ მხარდაჭერილ სამუშაო შეხვედრაზე დარგის ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს. დოკუმენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაგრძელება- განვითარებას, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური უფლებების თანასწორი რეალიზების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სამოქმედო გეგმა 7 უმთავრესი მიმართულებით მუშაობას ისახავს მიზნად: 1. გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა/გაძლიერება, 2. გენდერულად მგძნობიარე კანონმდებლობის შემუშავება 3. გენდერული ბიუჯეტის ფორმირება 4. ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების დონეზე 5. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება 6. განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლება 7. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, პეტრე ზამბახიძე, დავით თედორაძე, ვახტანგ წულაძე, აპარატის ხელმძღვანელი მაია ხაჯიშვილი, აპარატის თანამშრომლები, გენდერის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

პროექტის წარდგენის შემდეგ, სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო