ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2019

ბომბზე მჯდომი ქალაქი, მიწისქვეშა ქსელს ექსპულატაციის ვადა გასული აქვს: რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

"ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებშია დამალოს რეალური მიზეზი“ - ძაბირაძე

***

ბომბზე მჯდომი ქალაქი, მიწისქვეშა ქსელს ექსპულატაციის ვადა გასული აქვს: რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

“დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, რა გახდა გაზის აფეთქების მიზეზი და ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე. ორ თვეში ეს უკვე მეორე ტრაგიკული შემთხვევა, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. ვინ აგებს 4 ადამიანის, მათ შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილი ხდება, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ იყო, თუმცა ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ. დარგის სპეციალისტები "რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ასევე საინტერესოა გაზი ქსელთან ვინ მიაერთა. ექსპერტები ქალაქში სხვა აფეთქების საფრთხეებზეც საუბრობენ, რადგანაც მიწისქვეშა ქსელს ექსპლუატაციის ვადა სრულიად გასული აქვს. ამბობენ, რომ არ არსებობს ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც ტექნიკური ზომების დაცვას ითხოვს და მხოლოდ სამშენებლო კომპანიების სინდისის ამარა ვრჩებით, რომელიც ამ უსაფრთხოების ნორმების დაცვას მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბომბზე მჯდომი ქალაქი, მიწისქვეშა ქსელს ექსპულატაციის ვადა გასული აქვს: რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

"დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა ახალაშენებული კორპუსის სადარბაზოებში გაზი პოლიეთილენის მილებით არის გაყვანილი. მათი თქმით, მილები მხოლოდ ლითონის უნდა იყოს, რათა გაზის გაჟონვა თავიდან იქნას აცილებული. მსგავსი მილები მხოლოდ ცხელი წყლის გამტარობისთვის გამოიყენება. ექსპერტების ინფორმაციით, პოლიეთილენის მილებში გაყვანილი ბუნებრივი გაზი მოსახლეობისთვის დიდი რისკის შემცველია. საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გაჩენის დროს ადვილად აალებადი პოლიეთილენის მილები, რომელშიც გაზი გადის, მარტივად იწვება, რაც აფეთქებას იწვევს და საბოლოოდ კი, სამწუხაროდ, ფატალური შედეგით სრულდება. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის მილები ისეთი მასალითაა გაყვანილი, შესაძლოა პატარა ბავშვებმაც მარტივად დააზიანონ. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე სოსო სიმონიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქალაქში გაზის აფეთქებების მიზეზი ობიექტურია, რადგანაც გაზის მიწისქვეშა ქსელს ექსპულატაციის ვადა გასული აქვს, რასაც მთლიანად შეცვლა ან რეაბილიტაცია სჭირდება. სიმონიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე ადგილზე არსებული პრობლემა არ არის“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს არის მასშტაბური პრობლემა, რაც მთელ ქალაქს საფრთხის წინაშე აყენებს. ექსპერტის განცხადებით, ასევე არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების წესებს გააკონტროლებს. მისი თქმით, 1989 წლიდან ტექნიკური ზედამხედველობის კანონმდებლობა შეიცვალა და არანაირი ტექნიკური ზომების დაცვას აღარ ითხოვს. მშენებელიც და ის ადამიანიც, რომელიც ქსელის ექსპულატაციას ახორციელებს, მხოლოდ საკუთარი სინდისის მიხედვით მოქმედებს. დაბალი პასუხისმგებლობის ადამიანები კეთილსინდისიერად აღარ მუშაობენ. შესაბამისად ყველა ეს პრობლემა კომპლექსურია და ბოლოს ამხელა ტრაგედიებამდეც მივდივართ. ქალაქის მიწისქვეშა ქსელები სრულიად შესაცვლელია. მათ ექსპულატაციის ყველა ვადა გასული აქვს. მილებს შორის შეერთებაშიც კი შეიძლება გაზი ჟონავდეს. ამიტომაც ამხელა საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. რაც შეეხება დიდ დიღომში მომხდარ ფაქტს. როგორც ცნობილია, ახალი ბინა იყო. ჩნდება კითხვა თუ ის ექსპულატაციაში შესული არ იყო, იქ ხალხი რატომ ცხოვრობდა და ვინ მისცათ უფლება, რომ გაზის ქსელის შეერთება მომხდარიყო? თუ ბინა ჩაბარებული არ არის იქ წესით გაზი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ბევრი კითხვებია, ამიტომაც ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო. თუ ეს აფეთქება დაკეტილ სახლში მოხდა, ვინ შეაერთა ამ სახლში გაზი?“ - აცხადებს სიმონიშვილი „რეზონანსთან“, - განაგრძობს გამოცემა.

"ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ გაზის ბინაში თვითნებურად მიერთება მომხდარიყო. სიმონიშვილის თქმით, პირველი ბრალეულობა ის არის, რომ იქ გაზი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ასევე ექსპერტი ამბობს, რომ როდესაც ჯგუფის გამოძახება მოხდა, მათ მთელი კორპუსი სპეციალური ტექნიკით უნდა შეემოწმებინათ და თითოეული მილი უნდა გაესინჯათ. „ეტყობა ადგილზე გამოძახებულ ჯგუფს შესაბამისი აპარატურა არ ჰქონდა. თუმცა კომპანიას ძალიან მაღალი დონის აპარატურა აქვს. ზუსტად ვიცი, რადგანაც აპარატურა, როდესაც იქ ვმუშაობდი, თავად ვიყიდე. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფს არ ჰქონდა. რატომ არ ჰქონდა ესეც გასარკვევია. პირველ რიგში ამ პრობლემის მოსაგვარებლად კანონია მისაღები. არ შეიძლება მთელი მსოფლიო ერთი კანონით მოქმედებდეს და ჩვენ საერთოდ კანონი არ გაგვაჩნდეს. რა თქმა უნდა, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური უნდა გააქტიურდეს და კანონმდებლობაში ცვლილება მოხდეს. ასევე ვურჩევ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბინაში რაც უნდა ყინვა იყოს, ერთი პატარა სარკმელი მაინც ღია დატოვონ. პატარა სარკმელი გამოღებული რომ იყოს, იქ არც აფეთქება მოხდება და არც ხალხი დაიწამლება“, - დასძენს გამოცემა.

"ენერგეტიკის ექსპერტი გია ჭაღიაშვილი კი აცხადებს, რომ პრობლემა ფუნდამენტალურია. ქალაქში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, რადგანაც სადარბაზოებში გაზის მრიცხველები პოლიეთილენის მილებით არის გამოყვანილი. მილები მხოლოდ ლითონის უნდა იყოს, რადგანაც გაზის გაჟონვა თავიდან არიდებული იქნას. მისი განცხადებით, ეს მილები მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყლის გაყვანილობისთვის გამოიყენება და არა გაზმომარაგებისთვის. ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი მილები კი ჩვენთან გაზის შიდა კომუნიკაციებისთვის გამოიყენება. ამ მილებს იყენებენ მხოლოდ ეკონომიისთვის, ლითონისაზე 10-ჯერ იაფია. „ყაზტრანსგაზი“ კერძო კომპანიაა, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. ამიტომაც ყველაფერს ამ მილებით აკეთებენ. რეალურად ყველა ნაღმზე ვზივართ და მშვიდი თვალით ვადევნებთ თვალს როდის მოვკვდებით. უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროშია შექმნილი და 12 კაცია, აქედან პროფესიონალი არც ერთი არ არის. შესაბამისად, ამ სფეროშიც რეფორმები თავად კერძო კომპანიებს აქვთ დავალებული. ამიტომაც კანონმდებლობა თვითმმართველობის მიერ არის დასაწერი და გასაკონტროლებელი. ასევე ამ კომპანიებთან ისე არის ხელშეკრულება დადებული, რომ ხელისუფლება მათ ბრალს ვერ დასდებს, რადგანაც ეს მათზე ზეწოლად ითვლება. ამიტომაც ამაზე არავინ ხმას არ იღებს. მთელ ქალაქში მსგავსი პრობლემებია, ზედამხედველობა და მონიტორინგი საერთოდ არ ხორციელდება. ყველა ხელისუფლებისგან ისინი ხელშეუხებლები არიან“, - აცხადებს ექსპერტი. რაც შეეხება სტატისტიკას, 2018 წელს თბილისში CO-თი მოწამვლის - 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ გამოითხოვა. კომპანიის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს CO-თი მოწამვლის 125 ფაქტი დააფიქსირდა, ხოლო 29 ადამიანი CO-თი გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. 2017 წელს კი, მოწამვლის - 62 და გარდაცვალების 30 ფაქტი დაფიქსირდა. კომპანა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას გეგმავს. ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა“, - წერს სტატიის ავტორი.

"ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებშია დამალოს რეალური მიზეზი“ - ძაბირაძე

"არ ვიცით, საბოლოო ჯამში, რა ხდება და როგორ ხდება. რატომ მოხდა შარშან და რამ გამოიწვია დღევანდელი. ეს ყველაფერი ხელისუფლებისადმი აჩენს უნდობლობას და რა თქმა უნდა ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებში არის დამალოს რეალური მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს ტრაგედიები," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დიდი დიღმის ტრაგედიაზე საუბრისას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებშია დამალოს რეალური მიზეზი“ - ძაბირაძე

"ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიები ხდება და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამაზე. ეს ისეთი ტრაგედიაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთში განმეორდეს, თუ არ მიეცა სწორი შეფასება. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. სხვაგვარად ჩვენ ასეთ ტრაგედიებს მომავალშიც ვერ ავცდებით“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსის თქმით, ჩვენ შეიძლება ვარაუდები გამოვთქვათ. არ ვიცი, რა კომპეტენციის ხალხი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობა ამბობს, ორჯერ იქნა გამოძახებული შესაბამისი უწყებიდან თანამშრომლები, მაგრამ მათ რეაქცია არ მოახდინეს. რა იყო ამის მიზეზი, როგორ იყო, ვის ბრალია და ა.შ. უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მედიამაც და საზოგადოებამაც კონტროლი უნდა გაუწიოს გამოძიებას, გამომდინარე იქიდან, რომ დროულად მოხდეს გამოძიებაც და ისევ არ მივიღოთ ის შედეგი, როგორიც ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ“, - წერს სტატიის ავტორი.