რამაზ საყვარელიძე - დიღმის და სხვა ანალოგიურ ტრაგედიას შეიძლება პოლიტიკური ვექტორი გაუჩნდეს, თუ სახელმწიფომ მათი აღმოფხვრის უნარი არ გამოავლინა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი ”ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა ამბავმა ქვეყანა შეძრა. ასეთივე რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

ამ შემხთვევებმა ცხადად დაგვანახა, რომ თბილისს ესაჭიროება ღრმა და სისტემური კომუნალური რეფორმა, საქალაქო სერვისების არსებული სისტემა ვერ პასუხობს დღევანდელობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, სერიოზული პრევენციული ზომებია გასატარებელი, რომ გზებზე სიკვდილიანობა შემცირდეს.

გასაგებია, რომ „ყანსტრანსგაზი“ კერძო კომპანიაა, მაგრამ ფაქტია, რომ მის საქმიანობაზე ხელისუფლების მხრიდან კონტროლი, როგორც ჩანს, სრულყოფილებისაგან ძალიან შორსაა. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების პრევენცია შესაძლებელი იყოს?

- უპირველეს ყოვლისა, მთელ ქვეყანასთან ერთად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს, სიმტკიცეს ვუსურვებ მათ და იმათაც, ვინც ამ ტრაგედიის შედეგად, ფაქტობრივად, დარჩა ქუჩაში.

აღმაშფოთებელია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების არაკომპეტენტურობა და დაუდევრობა, რის აღმოფხვრას რეფორმა არ სჭირდება. დანაშაულებრივ დაუდევრობაზე სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე და მისი რიცხვი შემცირდება

აღმაშფოთებელია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების არაკომპეტენტურობა და დაუდევრობა, რის აღმოფხვრას რეფორმა არ სჭირდება. დანაშაულებრივ დაუდევრობაზე სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე და მისი რიცხვი შემცირდება.

ჩვენთან ამგვარ შემთხვევებს ხშირად სახელმწიფოც ექცევა უპასუხისმგებლოდ და იქმნება დაუდევრობების ჯაჭვი, რაც გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს მოსახლეობას.

დანაშაულისას ცალკეული ადამიანის, კორპორაციის თუ ჩინოვნიკის დასჯაში სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითი - ამ მოთხოვნით გამოვიდა ხალხი რუსთაველზე და პროტესტის პოლიტიზირება რომ არ მომხდარიყო, იგი სარალიძის გვერდით დიდხანს იდგებოდა.

დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს დაუდევრობამ შეიძლება პოლიტიკური პროცესი გააჩინოს, დიდი დიღმის და სხვა ანალოგიურ ტრაგედიას შეიძლება პოლიტიკური ვექტორი გაუჩნდეს, თუ სახელმწიფომ არ გამოავლინა მათი აღმოფხვრის უნარი

ოდითგანვე ცნობილია, რომ ქაოსმა დიქტატურის მონატრება იცის. დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს დაუდევრობამ შეიძლება პოლიტიკური პროცესი გააჩინოს. კორუფციის მიმართ შევარდნაძის დაუდევრობამ „ვარდების რევოლუცია“ წარმოშვა. ამდენად, დიღმის და სხვა ანალოგიურ ტრაგედიას შეიძლება პოლიტიკური ვექტორი გაუჩნდეს, თუ სახელმწიფომ მათი აღმოფხვრის უნარი არ გამოავლინა.

რაც შეეხება რეფორმას, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის იგი აუცილებელია. შესასწავლია გახშირებული კატასტროფების მიზეზები, დიაგნოზია დასასმელი. დიდი დიღმის ტრაგედიის შემდეგ სპეციალისტები ბევრ ისეთ მიზეზზე ლაპარაკობენ, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ სისტემურად შეიძლება, რაც ისევ სახელმწიფოს ხელშია.

არა ცალმხრივი, არამედ სისტემური შესწავლა და ენერგიული მოქმედება არის ყველა პრობლემის გადაჭრის გზა, ახლის გამოგონება ძნელია. თუ პრობლემები გადაუჭრელია ან კომპეტენციის დეფიციტი გვაქვს, ან ენერგიის, ან ორივესი ერთად.

- საახალწლო დღესასწაულებმა კი ჩაიარა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი სოციალურ ქსელში უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში სუსტია საპარლამენტო კონტროლი. მეტიც, იგი პრაქტიკულად არც არსებობს. მათივე შეფასებითაც, მართლმსაჯულების სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. თვითმმართველობა მხოლოდ ქაღალდზეა, ეკონომიკა მონოპოლიზებულია. პრობლემებია მმართველ გუნდში. რადგან წლის დასაწისია, კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, 2019 წელს რა გამოწვევების წინაშე დგას მმართველი გუნდი და ხელისუფლება?

- გამოწვევების დიდი ნაწილი თავად ჩამოთვალეთ. თქვენ ჩამონათვალს დავამატებდი ერთ დიდი გამოწვევას ამ და მომავალ წლებში. ეს არის ჩვენი ნაუცბათევად გაკეთებული კონსტიტუცია.

საპარლამენტო კონტროლი სუსტიაო, ამბობთ. სხვანაირად ვერც იქნება. ურეიტინგო პარტიების პირობებში კონსტიტუციაში საპარლამენტო რესპუბლიკა ჩავდეთ. არც კი დავფიქრდით, რომ ეს ერთპარტიულ სახელმწიფოს შექმნიდა.

მივიღეთ პარლამენტი, რომელშიც გადაწყვეტილებას დაუბრკოლებლად იღებს ერთი პარტია, იგი განაგებს მთავრობასაც, მართლმსაჯულების სისტემასაც, ეკონომიკასაც. ამ ერთპარტიულმა პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს მის მიერ შერჩეული მთავრობა?

ახლა მივიღეთ პარლამენტი, რომელშიც გადაწყვეტილებას დაუბრკოლებლად იღებს ერთი პარტია, იგი განაგებს მთავრობასაც, მართლმსაჯულების სისტემასაც, ეკონომიკასაც. ამ ერთპარტიულმა პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს მის მიერ შერჩეული მთავრობა?

„ყვავს თავის ბახალა მოსწონდაო“, მთავრობა თუ სამართალდაცვის სისტემა ამ პარლამენტის „ბახალაა“, მოსწონს და ვერ იქნება კრიტიკული. ვინც კრიტიკას გაბედავს, მას უსაყვედურებენ, პარტიული გუნდურობა დაარღვიაო. პარტია და სახელმწიფო ერთმანეთშია შერწყმული და ამის შედეგია თქვენს მიერ ჩამოთვლილი თითქმის ყველა პრობლემა.

ევროპაში არის განვითარებული მრავალპარტიულობა და პარტიების კონკურენცია უშლის ხელს ერთი პარტიის დიქტატურას. როცა ევროპამ მრავალპარტიულობა ვერ მოახერხა, მიიღო ფაშიზმი. ამერიკაში მთავრობის მეთაურს, ანუ პრეზიდენტს და კონგრესს ხალხი ცალ-ცალკე ირჩევს და ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რჩება ბოლომდე. ამიტომ მათ შორის კონკურენცია და კონტროლი უზრუნველყოფილია. იქ მარტო ერთი პარტია რომც იყოს კონგრესში, კონკურენცია ხელისუფლებაში მაინც იქნება.

თუ საქართველო პოლიტიკური ჭორაობიდან ოდესმე გადავა პოლიტიკურ აზროვნებაზე, მომავალი ანალიტიკოსებისთვის ივანიშვილი-კობახიძის ეპოქის ყველაზე დიდ ხარვეზად, ალბათ, კონსტიტუციის საკითხში მათი აჩქარება შეფასდება

ნებისმიერ სისტემაში კონკურენციის გაქრობა უხარისხოს ხდის ამ სისტემას. ჩვენ ხელისუფლებაში კონკურენცია გავაქრეთ და ახლა ვჩივით ჩვენი სახელმწიფო სისტემის ცალკეულ პრობლემებზე. კონკურენციის შენარჩუნებისთვის ან პარტიული სპექტრის გაძლიერებაზე უნდა გვეზრუნა და თანდათან შემოგვეტანა საპარლამენტო რესპუბლიკის ელემენტები, ან უნდა გავმხდარიყავით საპრეზიდენტო რესპუბლიკა. არც ერთი ვქენით, არც მეორე.

დღეს უკვე გვიანია. იმის გაცნობიერებაღა დაგვრჩენია, რომ ამ კონსტიტუციის პატრონები ვართ განწირული იმისთვის, რომ კონკურენციის დეფიციტით გაჩენილი ბევრი ცალკეული პრობლემა უნდა გადავიტანოთ. თუ საქართველო პოლიტიკური ჭორაობიდან ოდესმე გადავა პოლიტიკურ აზროვნებაზე, მომავალი ანალიტიკოსებისთვის ივანიშვილი-კობახიძის ეპოქის ყველაზე დიდ ხარვეზად, ალბათ, კონსტიტუციის საკითხში მათი აჩქარება შეფასდება.

- ხელისუფლების წინაშე მართლაც არაერთი სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს მმართველ გუნდს პრობლემების თუნდაც ნაწილის დაძლევის რესურსი ვთქვათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე?

- ნათქვამია, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო, - პრობლემების დაძლევის რესურსი ხელისუფლებას უდავოდ აქვს, მაგრამ რესურსს გამოყენება უნდა.

„ოცნებას“ აქვს ძალიან შთამბეჭდავი წინსვლის რესურსიც და ასევე აქვს არანაკლებ შთამბეჭდავი მარცხის „რესურსიც“. ჯერჯერობით, მმართველი პარტია თვითგანადგურების „რესურსს“ უფრო ხშირად იყენებს

„ოცნებას“ აქვს ძალიან შთამბეჭდავი წინსვლის რესურსიც და ასევე აქვს არანაკლებ შთამბეჭდავი მარცხის „რესურსიც“. ჯერჯერობით, მმართველი პარტია თვითგანადგურების „რესურსს“ უფრო ხშირად იყენებს.

- ფაქტია, რომ ქვეყანაში არც ისე მარტივი ვითარებაა. ოპოზიციაც მრავალნაირი გვყავს, მათ აშკარად სხვადასხვა გეგმები აქვთ. თქვენი აზრით, რა ამოცანები აქვთ გადასაწყვეტი იმ ოპოზიციურ ძალებს, რომელნიც ხელისუფლებისთვის აშკარად ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალებად მიიჩნევიან?

- საინტერესო კითხვა შემომთავაზეთ. საინტერესოა ის, თუ რომელი ოპოზიციური ძალა უნდა ჩაითვალოს ანგარიშგასაწევად. „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური იმპულსი ჩაუქრო ხალხისთვის მისმა მიუღებლობამ და მეეჭვება, რომ ხელახლა გაუჩნდეს ეს იმპულსი. „ევროპული საქართველო“ იმდენად შეერწყა „ნაციონალებს“, რომ საეჭვოა ის იქცეს სერიოზულ ძალად არჩევნებისთვის. „შენებამ“ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ აჯობოს „გირჩს“. დაბალ სართულზე მიმდინარე ამ კონკურენციაში არის ჩაბმული სხვა ბევრი პარტია.

ყველა ოპოზიციურ ძალას ერთი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - რით და როგორ გახდეს მიმზიდველი ხალხისთვის. ამ ამოცანის გადაჭრაში, ჩემი აზრით, ყველა ერთნაირად მოისუსტებს მმართველი პარტიის ჩათვლით

მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ძალა შეიძლება აღმოჩნდეს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც ხალხის მობილიზაცია მოახერხა, მაგრამ იგი ნაკლებად სახიფათო იქნება „ოცნებისთვის“, მას საკუთარი ძალების რწმენა ჯერჯერობით აკლია.

სულ ესაა ქართული პარტიული სპექტრი. ყველა ოპოზიციურ ძალას ერთი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - რით და როგორ გახდეს მიმზიდველი ხალხისთვის. ამ ამოცანის გადაჭრაში, ჩემი აზრით, ყველა ერთნაირად მოისუსტებს მმართველი პარტიის ჩათვლით.

- იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილმა მოსამართლეთა სიამ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარება სრულად გააშიშვლა. ფაქტია ისიც, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე წარმოიშვა სიტუაცია, რომელსაც ხელისუფლება ცდილობს არ შეიმჩნიოს.

რადგან საქმეში ჩახედული ადამიანები, ქალბატონი ლია მუხაშავრია, კოჟორიძე საკითხს ასე აყენებენ - იუსტიციის საბჭოა დაუყოვნებლივ დასათხოვი და საჭიროა გონიერებისა და სამართლიანი სასამართლო პრინციპების შესაბამისად მისი ახალი წევრების შერჩევა“, მეც კითხვას ასე დაგისვამდით - თქვენთვის რამდენად საფუძვლიანი და ლოგიკურია საკითხის ასე დასმა?

- საფუძვლიანი რომ არის საკითხის დასმა, მოსამართლეთა სიამ აჩვენა, მაგრამ საკითხავია, რამდენად საკმარისია საკითხის ასე დაყენება. მუხაშავრიას და კოჟორიძის პოზიციიდან გამომდინარეობს, რომ ამჟამინდელი იუსტიციის საბჭო არ იყო შერჩეული გონიერების და სამართლიანი სასამართლოს პრინციპით. ესე იგი იუსტიციის საბჭოს შერჩევის მექანიზმიც შესაცვლელია.

გარდა მექანიმიზმისა, დასადგენია, შემრჩევი სუბიექტები, მოსამართლეები და პარლამენტი მოქმედებენ თუ არა ამ პრინციპით. თუ ისინი ამ პრინციპით არ მოქმედებენ, მაშინ საკითხავია, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაში.

პრობლემა რთულია იმისთვის, რომ იგი კეთილშობილური მოწოდებებით გადაიჭრას. ვისურვებდი, რომ ამ და სხვა მაღალი რანგის პროფესიონალებს მთელი სისრულით წარმოეჩინათ მოსამართლეთა ოდიოზური სიის უკან არსებული სირთულეების სურათი

ამ თემებზე აქცენტით მე იმის თქმა მინდა, რომ მოწოდება არაა საკმარისი პრობლემის გადაჭრისთვის. პრობლემა რთულია იმისთვის, რომ იგი კეთილშობილური მოწოდებებით გადაიჭრას. ვისურვებდი, რომ ამ და სხვა მაღალი რანგის პროფესიონალებს მთელი სისრულით წარმოეჩინათ მოსამართლეთა ოდიოზური სიის უკან არსებული სირთულეების სურათი.

- მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ კომისიის შექმნაზე, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის წესს შეიმუშავებს, მაგრამ პრაქტიკულად არ საუბრობენ იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების მიმართ საზოგადოებას კითხვები აქვს. როგორც ირკვევა, სავარაუდოდ საუბარია 20 მოსამართლეზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ.

ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა რომ არსებობს, ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვერც მმართველმა გუნდმა და ვერც ივანიშვილმა ჯერ ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის საფუძვლიანად განემარტათ, რომ იუსტიციის საბჭოს ახლანდელი შემადგენლობა „წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო“. თქვენი აზრით, რატომ არ დგამს მმართველი გუნდი იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას გაანთავისუფლებდა იმ მოსამართლეებისაგან, რომელთა მიმართა საზოგადოებაში ნდობა კრიტიკულად დაბალია?

- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული თანამედროვე პოლიტიკური თავსატეხი. სააკაშვილთან დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ გასაგები იყო - მას სჭირდებოდა თავისი მოსამართლეები, რადგან ხშირად სჩადიოდა უკანონობას.

ამ ხელისუფლების დამოკიდებულება გაუგებარია. ციხეში პატიმართა რაოდენობის და სახელმწიფო რეკეტის შემთხვევების მკვეთრი შემცირება აჩვენებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს წინა ხელისუფლების გზით სიარულს.

ძნელი გასაგებია, რაში სჭირდება „ოცნებას“ სახელგატეხილი მოსამართლეები, რომელთა დაცვას შეიძლება თავად გადაჰყვეს... შეიძლება „ოცნების ოლიმპზე“ ამ მოსამართლეებზე ჯვარი არც აქვთ დაწერილი და საზოგადოების პროტესტით სურთ ამ მოძლიერებული კლანის დასუსტება. ვნახოთ...

მაშინ ძნელი გასაგებია, რაში სჭირდება „ოცნებას“ სახელგატეხილი მოსამართლეები, რომელთა დაცვას შეიძლება თავად გადაჰყვეს. თანაც, მცირე იურიდიული „ცელქობებისთვის“ ხელისუფლებას ყოველთვის შეეძლება იპოვნოს მისთვის თავდადებულ იურისტთა ახალი კადრები, სააკაშვილის კადრების ამოჩემებაც გაუგებარია.

ამ გაუგებრობებიდან ერთ ლოგიკურ გამოსავალს ვხედავ - დავიცადოთ ბოლომდე. შეიძლება „ოცნების ოლიმპზე“ ამ მოსამართლეებზე ჯვარი არც აქვთ დაწერილი და საზოგადოების პროტესტით სურთ ამ მოძლიერებული კლანის დასუსტება. ვნახოთ...

- ქალბატონი ლია მუხაშავრია აცხადებს - „თუ სასურველ მოსამართლეთა გაყვანისათვის დროის მოგების ხერხმა არ გაჭრა, ივანიშვილმა შეიძლება უკან დახევა და სხვა ხერხის გამოყენება სცადოს, რადგან მისთვის სასურველ მოსამართლეთა გაყვანა სამომავლოდ ხელისუფლების ზენიტში მისი ყოფნის ერთადერთი შესაძლებლობაა“.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რბილად რომ ვთქვათ, ავტორიტეტშელახული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რომ ივანიშვილს სწორედ მისი და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასაგრძელებლად სჭირდება?

- ეს პოზიცია ბევრს უკავია, მაგრამ იგი დამაჯერებლად არ მიმაჩნია. ამ ვერსიის გაჩენის მიზეზია ის, რაც წინა კითხვაში ახსენეთ - გაუგებარია „ოცნების“ მხრიდან ამ მოსამართლეების დაცვა. ხოლო გაუგებრობა მითებს აჩენს.

პრეზიდენტის არჩევის პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხის კრიტიკულმა დამოკიდებულებამ ჩააგდო ცუდ დღეში „ოცნება“, სადაც კრიტიკა სწორედ სააკაშვილის კადრების მხარდაჭერას გულისხმობდა. მოსამართლების კორპუსი ვერ უშველიდა ამ გუნდს, ხალხს რომ არ დაეჭირა გუნდისთვის მხარი მეორე ტურში.

ამ მოსამართლეებით ხელისუფლების შენარჩუნება უფრო მითი მგონია, ვიდრე რეალობა. ძნელი დასანახი არაა, რომ ამ სიის დაცვით „ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის შანსი უფრო აქვს, ვიდრე მისი შენარჩუნების

ამ გამოცდილების ფონზე იმის ვარაუდი, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას მოსამართლეებით ინარჩუნებს, არ მეჩვენება დამაჯერებლად. თავად ივანიშვილმაც დაინახა, რომ მისი ხელისუფლების გარანტი არის ხალხი. ამიტომ, მან ხალხს სთხოვა დახმარება და არა მოსამართლეებს.

ამიტომ, ამ მოსამართლეებით ხელისუფლების შენარჩუნება უფრო მითი მგონია, ვიდრე რეალობა. ძნელი დასანახი არაა, რომ ამ სიის დაცვით „ოცნებას" ხელისუფლების დაკარგვის შანსი უფრო აქვს, ვიდრე მისი შენარჩუნების.

- პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა კომისიის შექმნა, რომელშიც სავარაუდოდ ეკა ბესელიას იგი არ მოიაზრებს. ბატონ ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფში შეყვანილი ეკა ბესელია.

მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ არ შეიმჩნიონ ის, რომ მოსამართლეთა თემამ „ოცნებაში“ სერიოზულ პროცესებს დაუდო საფუძველი. მართალია, ისინი კი ცდილობენ გუნდში არეულობა შეუმჩნეველი გახადონ, მაგრამ საქმე სულ მარტივადაა - თქვენი აზრით, რა მოხდება „ოცნებაში“ მაშინ, თუ ივანიშვილი და კობახიძე მმართველი უმრავლესობისაგან მოითხოვენ მხარი დაუჭირონ იმ მოსამართლეების სიას, რომლებზეც გაბრაზებულმა ხალხმა 2012 წელს ხმა „ოცნებას“ მისცა?

- ამგვარი მოთხოვნა, საეჭვოა, რომ შესრულდეს. მოსამართლეებამდე დადგა საზ.მაუწყებლის ბორდის, თუ მარიხუანას საკითხი. საზ.მაუწყებელის თემა ერთმა დეპუტატმა გააპროტესტა და მას ადვილად მოერივნენ - გააგდეს უმრავლესობიდან.

სიის მხარდაჭერის მოთხოვნა ივანიშვილს დააკარგვინებს უმრავლესობის, „ძველი გვარდიისა“ და საზოგადოების ნდობას, რამაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება უმრავლესობაც დააკარგვინოს

მარიხუანის ინდუსტრიის შექმნას კი უმრავლესობის ბევრი დეპუტატი ფარულად თუ ღიად ეწინააღმდეგებოდა და საბოლოოდ ეს კანონი გაიწვიეს.

მოსამართლეების საკითხში გაბედულად დაუმორჩილებელი უმრავლესობაში უფრო მეტი აღმოჩნდა. „ოცნება“, როგორც გუნდი, თანდათანობით ვაჟკაცდება, ავლენს პრინციპულობას, რადგან არ უნდა, რომ შერცხვეს ქუჩაში გამოსვლის.

რაც შეეხება ივანიშვილ-კობახიძის მოთხოვნას, არა მგონია, რომ ეს მტკიცე ტანდემის საფუძველი იყოს. სიის მხარდაჭერის მოთხოვნა ივანიშვილს დააკარგვინებს უმრავლესობის, „ძველი გვარდიისა“ და საზოგადოების ნდობას, რამაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება უმრავლესობაც დააკარგვინოს.

მოსამართლეთა სია მხოლოდ მოსამართლეთა სია არაა, იგი ივანიშვილისგან რთულ პოლიტიკურ მანევრებს ითხოვს, რაც გამორიცხავს კობახიძის გუნდის ავტომატურ მხარდაჭერას. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ივანიშვილი, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური

ყოველივე ეს კარგად იცის ივანიშვილმა, რაც გამოჩნდა მის მოწოდებაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ. ივანიშვილს შეიძლება იმის ეშინია, რომ ახალგაზრდები არ განუდგნენ და არ გაიმეორონ „ვარდების რევოლუცია“, ასეთი სცენარი გვინახავს.

ამდენად, მოსამართლეთა სია მხოლოდ მოსამართლეთა სია არაა, იგი ივანიშვილისგან რთულ პოლიტიკურ მანევრებს ითხოვს, რაც გამორიცხავს კობახიძის გუნდის ავტომატურ მხარდაჭერას. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ივანიშვილი, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი