თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია „93-ე აუდიტორიაში“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ პირველ შეკრებაზე პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, თსუ კურსდამთავრებულები დაესწრნენ.

„დღემდე რაც მიწერია, რასაც ვერ შეველიე - ამ ერთტომეულშია თავმოყრილი. რაზეც გული მეთანაღრებოდა, შევეცადე თავიდან ჩავრეულიყავი; რაც არ დაექვემდებარა ჩემს შალაშინს, შეველიე და აღარ შევიტანე, რასაც ვერ შეველიე - შევიტანე“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ წიგნზე საუბრისას.

ცნობილი ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“ თსუ-ში 2018 წელს აღდგა. ღონისძიებას თსუ კურსდამთავრებულები - ცნობილი მწერლები, გამომცემლები, თავის დროზე „93-ე აუდიტორიის“ წრის წევრები დაესწრნენ. დაგეგმილია ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემაც.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 93-ე აუდიტორია ყოველთვის იყო თავისუფლების სივრცე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პროზაიკოსების, პოეტების, მწერლების, კრიტიკოსების მრავალი თაობა გაიზარდა.

„დღეს, „93-ე აუდიტორია“ აღდგა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური 93-ელი დათო მაღრაძის პოეტური კრებულის პრეზეტნაციით. ეს ფორმატი სტუდენტებმა შემოგვთავაზეს და ის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს არის დიალოგი სხვადასხვა თაობებს შორის. აქ ახალგაზრდებთან ერთად ძველგაზრდებიც არიან : გამოცდილი მწერლები, პოეტები, პროზაიკოსები და იმედი გვაქვს, რომ ის ხალასი გარემო, რომელიც არსებობდა 93-ე აუდიტორიაში, ისევ აღდგება ამ კედლებში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი დამწყებ პოეტებს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთ პროექტებში ვიყოთ ჩართულნი. დამწყები პოეტების რიცხვი, შეიძლება, თანამედროვე სამყაროში ბევრი არ არის, მაგრამ ვინც არიან, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მათ. დარწმუნებული ვარ, ლიტერატურული წრით ბევრი დაინტერესდება“, - აღნიშნა თსუ სტუდენტმა თორნიკე გოგრიჭიანმა.

თსუ სტუდენტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დათო მაღრაძემ ახალგამოცემული წიგნიდან ლექსები წაიკითხა, უპასუხა შეკითხვებს, ისაუბრა სტუდენტობის დროს 93-ე აუდიტორიაში გატარებულ წლებზე.

ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. უნივერსიტეტში ბევრი გამოჩნდა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა. მათ შორის იყვნენ ომიდან დაბრუნებულებიც, ვისაც ჯერ კიდევ ფარაჯა ეცვა და სკოლადამთავრებულებიც, ვინც თვლიდა, რომ მათი მოწოდება მწერლობა იყო. ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი.

თავდაპირველად, წრე დიდი არ იყო, სხდომებს ხალხიც ცოტა ესწრებოდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა მწერალთა წრე ძალიან პოპულარული გახდა. მუშაობის ერთადერთი ფორმა მაშინ წრის სხდომაზე წევრთა ნაწერების კითხვა-განხილვა იყო. შემდგომ, მუშაობა ისე გაცხოველდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივაც უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა ,,პირველი სხივი’’, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. რექტორ ნიკო კეცხოველის სპეციალური ბრძანებაც კი გამოიცა, რომლის თანახმად, 1951 წლის 24 დეკემბრიდან უნივერსიტეტელ მწერალთა გაერთიანებას ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე’’ ეწოდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ ,,პირველი სხივის’’ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა