დიმიტრი შველიძე - ძირეული ცვლილებებისათვის აუცილებელია უმრავლესობის ნება, ხელისუფლებამ კი რეალურად შეძლო საზოგადოებრივი ნების სასურველად ფორმირება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, 10 მოსამართლემ, რომელთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაეს სასამართოს მოსამართლეებად დასამტკიცებლად, პარლამენტს მიმართეს თხოვნით არ განიხილონ მათი კანდიდატურები.

არადა, ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე მათი უმეტესობა აცხადებდა, რომ მათზე ზეწოლა და დევნა ხორციელდებოდა. დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშლმა მიიღო და არა 10-მა მოსამართლემ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს იმ პოზიციების შენარჩუნება, რაც ახლა უკავიათ. პრაქტიკულად, არც არაფერი შეცვლილა. მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და სხვები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად რჩებიან. იუსტიციის საბჭოს სახლში გაშვებას არც არავინ აპირებს. თქვენი აზრით, რა მოხდა?

- ისეთი არაფერი მომხდარა. მოსამართლეთა ცნობილი „ათეულის“ მფარველმა პოლიტიკურმა ძალამ, გადაწყვიტა რომ მისი პროტეჟეები მეტისმეტად არაპოპულარულები იყვნენ და მათ უკანდახევის ბრძანება მისცა.

კომპრომეტირებულ მოსამართლეთა „გაწვევა“, არ არის შემადგენელი დიდი მიზნისა - მოხდეს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირება

მფარველის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღება გონივრული იყო - მან ანგარიში გაუწია ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს და ეს თავისთავად კარგია. მაგრამ ცუდი ისაა, რომ მსგავსი უკანდახევები მხოლოდ ტაქტიკურ ხასიათს ატარებს. ამ შემთხვევაშიც, კომპრომეტირებულ მოსამართლეთა „გაწვევა“, არ არის შემადგენელი დიდი მიზნისა - მოხდეს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირება.

- მოსამართლეთა წინააღმდეგ გააქტიურებული არასამთავრობო სექტორი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ პირადად ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა არ მოინდომა, მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებების განხორციელება, არც არაფერი შეიცვლება.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბატონმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა - „ძნელი გასაგებია, რაში სჭირდება „ოცნებას“ სახელგატეხილი მოსამართლეები, რომელთა დაცვას შეიძლება თავად გადაჰყვეს“. თქვენი დაკვირვებით, მოსამართლეთა საკითხში სავარაუდოდ რა ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი?

- საქართველოში დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას სჭირდებოდა და ჰყავდა კიდეც თავისი გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო. ამ მხრივ „ოცნებაც“ არაა გამონაკლისი.

მეტიც შეიძლება ითქვას - დღევანდელ და უახლოესი ისტორიული პერსპექტივის საქართველოში, წარმოუდგენელიც მგონია სრულიად დამოუკიდებელი, ხელისუფლების გავლენისაგან თავისუფალი, გამართული სასამართლო სისტემის ორგანიზება.

უკანასკნელმა არჩევნებმა ცხადყო, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს სურს ძირეული ცვლილებები ბევრ სფეროში და მათ შორის სასამართლო სისტემაში, მაგრამ ეს არ სურს საზოგადოების დიდ უმრავლესობას

ეს რომ მოხდეს საჭიროა ხელისუფლების ნებასთან ერთად საზოგადოების მზაობა. უკანასკნელმა არჩევნებმა ცხადყო, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს სურს ძირეული ცვლილებები ბევრ სფეროში და მათ შორის სასამართლო სისტემაში, მაგრამ ეს არ სურს საზოგადოების დიდ უმრავლესობას. ძირეული ცვლილებებისათვის აუცილებელია საზოგადოების დიდი უმრავლესობის ნება. რეალურად, ხელისუფლებამ შეძლო საზოგადოებრივი ნების სასურველად ფორმირება.

ანა დოლიძე პოპულარული პიროვნებაა, მაგრამ მაინც - ცალკეული პიროვნებაა და ამინდს ვერ ქმნის. ცალკეულ ეპიზოდებთან, პარტიებთან და ჯგუფებთან ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია გამკლავება

საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღევანდელი ჩვენი საზოგადოება ინერტულადაა განწყობილი. მისი ინერტული მშვიდად ყოფნის რუტინა ორჯერ დაირღვა უკნასკნელ ათწლეულებში - პირველად ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-რადიკალური და მეორედ - მიხელ სააკაშვილის დემოკრატიულ-რადიკალური მოძრაობების დროს. ორივე რადიკალიზმი დამარცხდა და საზოგადოების უმრავლესობა განუდგა რადიკალურ მოსალოდნელობებს.

- მოსამართლეთა დანიშვნისა და მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ანა დოლიძე მთაწმინდაზე გამონთავისებულ მაჟორიტალურ ოლქში გასამარჯვებლად არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

თუ მართლმსაჯულების სისტემაში მკაფიო და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მმართველი გუნდი არ აპირებს, ანა დოლიძის გადეპუტატება „ოცნებისთვის“ საკმაოდ სერიოზული გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენ ასე არ თვლით?

- მიუხედავად საზოგადოების უმრავლესობის კონფორმისტულობისა, მას ცხადია უარი არ უთქვამს საღ ღირებულებებზე. იგი უარს ამბობს რეალურ რადიკალიზმზე, მაგრამ სიმპატიზირებს გმირებს, პიროვნებებს.

ანა დოლიძე პოპულარული პიროვნებაა, მაგრამ ის მაინც ეპიზოდია, ჯერჯერობით მაინც - ცალკეული პიროვნებაა და ამინდს ვერ ქმნის. ცალკეულ ეპიზოდებთან, პარტიებთან და ჯგუფებთან ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია გამკლავება.

- 2019 წელი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე კარგად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ 2019 წელს საკმაოდ ბევრი გამოწვევა ექნება. ვახტანგ ძაბირაძის აზრით - „თუ ივანიშვილი პრემიერობას არ აპირებს, 2020 წელს ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს.“ თქვენი დაკვირვებით, 2019 წელს რა გამოწვევები სწინაშე დგას მმართველი გუნდი და ხელისუფლება?

- რა თქმა უნა, ხელისუფლებას გამოწვევები ექნება. არა მგონია, რომ ხელისუფლებამ შეძლოს თუნდაც ერთი რომელიმე ძირეული პრობლემის გადაჭრა, რომელთა წინაშეც ვიმყოფებით: უმუშევრობა, ეკონომიკური უკანსვლა, ლარის გაუფასურება, დემოგრაფია, იმიგრაცია, ეროვნული ღირებულებების გაუფასურება...

არა მგონია, რომ ხელისუფლებამ შეძლოს თუნდაც ერთი რომელიმე ძირეული პრობლემის გადაჭრა, რომელთა წინაშეც ვიმყოფებით

თანდათან ვემსგავსებით მეცხრამეტე საუკუნის ირლანდიას, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაიხვეწა უცხოეთში.

- მოძრაობა “ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრძოლის დაწყება დაანონსა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. ამის პარალელურად მართალია არა საქართველოში, მაგრამ ემიგრაციასთან მუშაობის კუთხით გააქტიურდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბევრი თვლიდა, რომ ივანიშვილმა „ნაცმოძრაობა“ წელში გატეხა.

ასე არ აღმოჩნდა, მეტიც, თუ ასე გაგრძელდა ისეთი პირი უჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნების“ ძირითადი კონკურენტი სავარაუდოდ ისევ „ნაციონალები“ იქნებიან. თუ „ოცნებამ“ ქვეყნის მართვა ისე გააგრძელა, როგორც ახლა მართავს, ლოზუნგი „არა მიშას“! ისე აღარ იმუშავებს, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმუშავა.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს „ძალა ერთობაშიას“ დაანონსებული ბრძოლა და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნების“ მთავარი კონკურენტი ისევ „ნაცმოძრაობა“ იქნება?

- „მეოცნებეების“ მთავარი კონკურენტები „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველოელები“ იქნებიან კვლავ და აუცილებლად. ამ სცილა-ქარიბდასეული დაპირისპირებიდან ერთ-ერთმა უნდა გაიმარჯვოს და ეს გამარჯვება სავარაუდოდ საბოლოო იქნება. მაგრამ მეეჭვება რომ ეს 2020 წელს მოხდეს.

2020 წელსაც იგივე მოხდება, რაც აწ უკვე გასული წლის არჩევნებზე მოხდა - კვლავ აქტუალურად წამოიწევა წინ - ცოცხების თემა და „ნაციონალ-ევროპელები“ კვლავ აღმოჩნდებიან ამ გადაულახავი ბარიერის წინაშე

ჯერჯერობით ამ გამარჯვებისთვის „ოცნება“ უფრო ემზადება. სამწუხაროდ, მას არა აქვს რესურსი, რომ ქვეყნის აღმშენებლობითს გზით მოემზადოს გამარჯვებისთვის და ამიტომ იგი შინაგანი ძალების გადაჯგუფებების გზით ცდილობს მომზადებას. 2020 წელსაც იგივე მოხდება, რაც აწ უკვე გასული წლის არჩევნებზე მოხდა - კვლავ აქტუალურად წამოიწევა წინ - ცოცხების თემა და „ნაციონალ-ევროპელები“ კვლავ აღმოჩნდებიან ამ გადაულახავი ბარიერის წინაშე.

ორივე ბანაკს მოუწევს სერიოზული სახეცვლილებები, ძველი რესურსებით, პროგრამებით და ფორმულებით ვერანაირი ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს

ერთი სიტყვით, ორივე ბანაკს მოუწევს სერიოზული სახეცვლილებები, ძველი რესურსებით, პროგრამებით და ფორმულებით ვერანაირი ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

- რამაზ საყვარელიძის მტკიცებით - „ახლა ყველა ოპოზიციურ ძალას ერთი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - რით და როგორ გახდეს მიმზიდველი ხალხისთვის. ამ ამოცანის გადაჭრაში ყველ აერთნაირად მოისუსტებს მმართველი პარტიისჩათვლით.“

თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რომელ ოპოზიციურ ჯგუფს აქვს მეტი რესურსი რომ ამომრჩევლმა „ოცნების“ ალტერნატივად მიიჩნიოს?

- ყოველ შემთხვევაში, არანაირ მესამე ძალას, ეს არ შეუძლია. ორ წელიწადში საამისო რესურსი ვერავის ექნება.

- საინტერესოდ და ერთობ უცნაურადაც კი ვითარდება პროცესები მეზობელ სომხეთში. დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს - არ არის გამორიცხული, რომ ფაშინიანის მიერ წამოწყებული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ სომხეთში ფერადი რევოლუციის იმიტაცია.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილის აზრით - „სომხეთში მოდერნიზაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგთან ერთად ევრაზიულ კავშირთან დაახლოების იდეის პედალირება აშკარად ხდება, რაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისათვის საკმაოდ სახიფათო სტრატეგიაა. სხვა ქვეყნებში მისი გადატანა ბევრ წინაპირობას გულისხმობს.“ თქვენი დაკვირვებით რა საფრთხეეების შემცველია ის პროცესები რაც სომხეთშია დაწყებული?

- ის რაც სომხეთში მოხდა და ხდება, არაა დაკავშირებული საგარეო ორიენტაციის ცვლილებასთან. საინტერესო ისტორიული ეპიზოდი შეიძლება გავიხსენოთ.

1892 დაფუძნებულმა „საქართველოს თავისუფლების ლიგამ“ ერთერთ საკითხად განიხილა სომხეთის ეროვნულ ძალებთან კავშირის საკითხი და დაასკვნა, რომ სომხები არავითარ შემთხვევაში არ იბრძოლებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ რუსეთი და სომხეთი მტკიცე სტრატეგიულ მოკავშირეებად რჩებიან

1892 წლის ზაფხულში გაიმართა ქართველი სტუდენტების პირველი კონფერენცია, რომელზეც მათ შექმნეს საიდუმლო პატრიოტული ორგანიზაცია „საქართველოს თავისუფლების ლიგა“.

ლიგის კონფერენციამ ერთ-ერთ საკითხად განიხილა სომხეთის ეროვნულ ძალებთან კავშირის საკითხი და დაასკვნა, რომ სომხები არავითარ შემთხვევაში არ იბრძოლებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ რუსეთი და სომხეთი მტკიცე სტრატეგიულ მოკავშირეებად რჩებიან.

რაც შეეხება სომხეთის ლიდერის დასავლურ თამაშებს, ეს პრაგმატული პოლიტიკაა და ბარაქალა ბატონ პაშინიანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი