ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2019

"განკითხვის დღე" მმართველ პარტიაში - რას აპირებს ივანიშვილი უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე

"მსგავსი რამ პირველად ხდება“ - ოკუპანტები ავადმყოფ ბავშვებს თბილისში სამკურნალოდ არ უშვებენ

რუსეთი იაპონიას კურილიის კუნძულების ნაწილს უბრუნებს?

***

"განკითხვის დღე" მმართველ პარტიაში - რას აპირებს ივანიშვილი უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე

“რა ვერდიქტს გამოიტანს ბიძინა ივანიშვილი "არაგუნდურობაში" დადანაშაულებული პარტიის წევრებისათვის და რა პასუხები ექნებათ ეკა ბესელიასა და მის მხარდამჭერ "ამბოხებულებს" - დიდი გარჩევა ხვალ, ხუთშაბათს უნდა შედგეს. უმრავლესობის სხდომა უკვე ჩაინიშნა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ეს არის პირველი დიდი შეკრება "ოცნებაში" მას შემდეგ, რაც უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო პარტიაში დიდი ურთიერთლანძღვა დაიწყო და ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "განკითხვის დღე" მმართველ პარტიაში - რას აპირებს ივანიშვილი უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე

"საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრს უკვე გადაეგზავნა სხდომაზე დასწრების მოწვევა და სწორედ ამ შეკრებაზე დასასწრებად ეკა ბესელია წყვეტს სტრასბურგში ვიზიტს და თბილისში ბრუნდება. მთავარი კითხვაა, რამდენად ხმაურიანი იქნება ეს შეკრება, დაპირისპირებული მხარეები რა ბრალდებებს წაუყენებენ ერთმანეთს ან საერთოდ წაუყენებენ თუ არა და რა ბედი ელით ბესელიასა და მის მხარდამჭერებს - მხოლოდ გაკიცხვა თუ შესაძლოა, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არაგუნდურობისათვის პარტიიდან გაუშვან კიდეც. "შეხვედრა 24 დეკემბერს, 11 საათზე პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართება", - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, სხდომაზე მიწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი და საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის - სასამართლოსთან დაკავშირებულ თემაზეც. მისივე თქმით, მსჯელობა ასევე იქნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, იმსჯელებენ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასა და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებზე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თალაკვაძის მიერ ჩამოთვლილი საკითხებიდან მთავარი ინტერესი მოსამართლეების თემის განხილვის მიმართაა, რადგან სწორედ ამ თემას უკავშირდება "ოცნებაში" არსებული კრიზისიც. რა საკითხებს დააყენებენ და რა მოლოდინები აქვთ ე.წ. ამბოხებულებს? ეკა ბესელია სტრასბურგიდან აცხადებს, რომ ის წყვეტს ვიზიტს და აუცილებლად ჩამოვა სწორედ სხდომაზე დასასწრებად. "ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმისა და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი მოლოდინია, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს რაც შეიძლება საქმიანი და მოხდეს არგუმენტებისა და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ", - განაცხადა ბესელიამ. ე.წ. ურჩი დეპუტატების გუნდიდან სავარაუდო გარიცხვის თემაზე საუბრისაგან ბესელია თავს იკავებს. ცალკეულ განცხადებებსა და არასერიოზულ გამონათქვამებზე არ მინდა, ახლა რაიმე რეაგირება გავაკეთო", - აღნიშნავს ბესელია“, - განაგრძობს გამოცემა.

"პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მოსამართლეთა სიის კრიტიკის გამო მათი ამბოხებულებად მონათვლა არასწორია."მე მგონი, ის ადამიანები უფრო არიან ამბოხებული, ვინც ჩინჩალაძის მხარის დაჭერას უპირებენ. ისინი მიდიან დინების საწინააღმდეგოდ და მოსახლეობისა და ჩვენი ამომრჩევლის საწინააღმდეგო ნებაზე. შესაბამისად, ამბოხი უფრო იქით არის, ვიდრე აქეთ. "ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ, ჩვენს პრინციპზე ვდგავართ, ჩვენ ჩვენი მორალური პლატფორმა გაგვაჩნია, რომელიც თანხვედრაშია მოსახლეობის უმრავლესობასთან... ჩვენ ვაპირებთ ამ პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენ ვაპირებთ ყველას დარწმუნებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოებრივი საქმის გაკეთება", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. კიდევ ერთი "ურჩი" დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ კონკრეტულად რა საკითხებს დააყენებს, ეს წინასწარ დაგეგმილი არ აქვს, რადგან არ იცის, დისკუსია როგორ წავა. ფოფხაძე აცხადებს, რომ გუნდურობის დარღვევაზე პრეტენზიას არ იღებს და არავისთან თავი სამართლებელი არ აქვს“ არ ვიცი, დისკუსია როგორ წავა და აქედან გამომდინარე, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩემი აქცენტები. ჩემთვის მთავარია, ღირსეული ადამიანები უზენაეს სასამართლოში და არანაირ პოლიტიკურ კონიუნქტურას არ უნდა შეეწიროს ეს საკითხი. რაც შეეხება ჩვენი არაგუნდურობის საკითხს, ეს ძალიან არარელევანტურია ამ ვითარებაში. ამ პრეტენზიას არ ვიღებ. ჩემი აზრით, ეს პოზიცია რომ არ დაგვეფიქსირებინა და ეს პროცესი არ გაგვეჩერებინა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდოდით და ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებდა პარლამენტი. ეს პროცესი უნდა გაჩერებულიყო და ახლა ვცდილობთ პროცესის ლოგიკურ, სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, რომ მას ნდობა ჰქონდეს და ეს რატომაა არაგუნდურობა?! ჩვენ რა გვაქვს თავის გასამართლებელი, ვისთან გვაქვს თავი გასამართლებელი?! არ დამირღვევია გუნდურობა და ამას ყველგან ვიტყვი. ბატონ ბიძინასაც ვეტყვი. მოსარიდებელი არაფერი მაქვს, სწორ პოზიციაზე ვდგავარ", - ამბობს "რეზონანსთან" ფოფხაძე“, - დასძენს გამოცემა.

"მისი თქმით, როგორ წავა შეხვედრა, წინასწარ ვერაფერს იტყვის, მაგრამ იტყვის, რა უნდა მოხდეს. საქმეები კი არ უნდა გავურჩიოთ ერთმანეთს - ვინ არ გამოიჩინა გუნდურობა და ვინ რას ლობირებდა - არამედ უნდა შევთანხმდეთ, რომ მთავარი მიზანია ღირსეული ადამიანების მოყვანა უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნისათვის პროცედურები უნდა გაიწეროს... თუ ვიღაცას ჩემი ქცევა არ მოსწონს და ჰგონია, რომ ამის გამო უნდა მისაყვედუროს, მაპატიეთ, პატარა ბავშვი არ ვარ და იმედია, მშობლების დაბარებასაც არ დაიწყებენ იმის გამო, რომ ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს", - ამბობს ფოფხაძე. კითხვაზე, ელოდება თუ არა მისი ან ბესელიას გუნდიდან წასვლის საკითხის დასმას, პასუხობს, რომ "ეს საკითხები ახლა აქტუალური არ არის და ამაზე აქცენტირება სწორი არ იქნება". "მე ამაზე არც ვფიქრობ იმიტომ, რომ არასწორი იქნება ამ თემების წინ წამოწევა. ეს გადაფარავს არსებით თემას. მაშინ მეც მაქვს რაღაც პრეტენზიები და წამოვაყენებ. სანამდე მივალთ?! ახლა კონფლიქტი არავისთვის არ იქნება სასარგებლო და სჯობს, ჩვენი დრო, ინტელექტუალური რესურსი მივმართოთ სწორი გადაწყვეტილების მიღებისაკენ", - დასძენს ფოფხაძე. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ შეკრებაზე ბესელიასა და მის ჯგუფს უმრავლესობიდან გარიცხავენ. "დაპირისპირების გარჩევა იქნება, მაგრამ ეს რადიკალურ გადაწყვეტილებამდე არ მივა. შეიძლება, ბესელიამ პრეტენზიები წამოაყენოს, მაგრამ წამოაყენებს არა ივანიშვილის მისამართით, არამედ ამ ახალგაზრდა გუნდის წინააღმდეგ. "ბესელია დასწრებას აპირებს უფრო პრევენციისათვის, ვიდრე იმისათვის, რომ დაპირისპირებაში შევიდეს ივანიშვილთან. მგონია, რომ ბესელიასა და მისი ჯგუფის გარიცხვა უმრავლესობიდან ამ ეტაპზე ივანიშვილის ინტერესებში არანაირად არ უნდა შედიოდეს, არც უმრავლესობის ინტერესებში, იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეებმა თავად მოხსნეს კანდიდატურა. უფრო მგონია, რომ სამუშაო შეხვედრა იქნება, ივანიშვილი შეხედავს, რა განწყობებია უმრავლესობაში. არც სამთავრობო ცვლილებებს ველოდები ამ შეხვედრის შემდეგ. არაფერში ჩანს, რომ ამის მზაობაა", - აღნიშნავს ძაბირაძე.

"მსგავსი რამ პირველად ხდება“ - ოკუპანტები ავადმყოფ ბავშვებს თბილისში სამკურნალოდ არ უშვებენ

"დე ფაქტო ხელისუფლება რაღაც ზეიმების, იუბილის, ან რაიმე პრობლემების გამო რეგულაურად კეტავს და ხსნის ხოლმე გამშვებ პუნქტებს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა საქმე, ყოველთვის ხდებოდა კონტაქტი თბილისსა და ცხინვალს შორის და კონკრეტულ ადამიანებზე ხდებოდა შეთანხმება, რომელთაც შემდეგ ე.წ. საზღვარზე ატარებდნენ," - აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მსგავსი რამ პირველად ხდება“ - ოკუპანტები ავადმყოფ ბავშვებს თბილისში სამკურნალოდ არ უშვებენ

"ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე ორ მოზარდს ე.წ. საზღვარზე არ უშვებენ. დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის მიზეზად ე.წ. საზღვარზე კარანტინსა და ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან არიდებას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მოზარდების მშობლებს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის ნებართვა არ მისცეს იმისთვის, რომ მოზარდებს მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რა ვითარებაა ოკუპირებულ ახალგორში და რატომ ვერ ხორციელდება მოზარდების გადმოყვანა, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს და ამ ფაქტს უცნაურს უწოდებს. იშვიათი შემთხვევაა, რომ კონკრეტულ ადამიანს არ ატარებენ, ძალიან უცნაურია. წესით, უნდა არსებობდეს თბილისსა და ცხინვალს შორის ასეთ დროს კონტაქტი, ცხელი ხაზი და ურთიერთობები. ურთიერთვალდებულბები ყოველთვის არსებობდა. მართალია, ეს ვალდებულბები ყველაფერზე არ ვრცელდებოდა, თუმცა კონკრეტული ადამიანების ბედზე კი ვრცელდებოდა - დაღუპულების გადმოსვენებაზე, ავადმყოფების გადაყვანაზე და ა.შ. კრიტიკულ სიტუაციებში გარკვეული ნაბიჯის გადადმა უხმაუროდ, დარეკვით ან ვინმეს თხოვნით ხდებოდა - ე.წ. საზღვარზე გადასვლის საკითხი, როგორ წესი, გვარდებოდა. რაც დღეს გავიგე, ცოტა არ იყოს უცნაურია. ეტყობა რაღაც კავშირები აღარ არის, რაც იყო ადრე თბილისსა და ცხივალს შორის. კარანტინია გამოცხადებული, ეშინიათ, რომ თბილისიდან არ შევიდეს ვირუსი, მაგრამ აქეთ გამოშვება რა პრობლემაა?! პირველად ხდება, არ მახსოვს აქეთ არ გამოეშვათ ადამიანი, რომელიც ავად არის. ერთი არის პოლიტიკა, მეორე - კონკრეტულ ადამიანებზე ზრუნვა," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

რუსეთი იაპონიას კურილის კუნძულების ნაწილს უბრუნებს?

"თეორიულად, კუნძულების გადაცემის შანსი არსებობს, ეს სრულიად შესაძლებელია და, პირიქით, რუსეთს აქვს ამის ვალდებულება აღებული 1956 წელს. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ხელშეკრულებების შესრულება რეალური პოლიტიკის საკითხია, დღეს კი რეალური პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკოსთა გარკვეულ ნაწილს ამგვარი ვაჭრობის აუცილებლობას კარნახობს," - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთსა და იაპონიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას და სადავო კურილის კუნძულების მომავალს ეხება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთი იაპონიას კურილის კუნძულების ნაწილს უბრუნებს?

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ 22 იანვარს მოსკოვში ისტორიული შეხვედრა გამართეს, სადაც სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისა და კურილის კუნძულების მომავალზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებიათ, მაგრამ დააანონსეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თებერვალში და თავად მათი შემდეგი შეხვედრა, რომელიც ივნისში გაიმართება. აღინიშნა, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია საერთო შეთანხმების მიღწევაში. რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ თეორიულად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაუთმოს იაპონიას კურილის კუნძულების ნაწილი, მაგრამ ეს რაიმე მნიშვნელოვან პრეცედენტს მსოფლიოსთვის არ შექმნის. რაც შეეხება საქართველოს, მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ კურილის რამდენიმე კუნძულსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლება არასწორი იქნება, რადგან ეს ორი საკითხი პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთსა და იაპონიას შორის დავა მიდის კურილის არქიპელაგის 3 კუნძულზე - იტურუპი, კუნაშირი და სიკოტანი და ასევე ჰაბომაის ჯგუფში შემავალ მცირე კუნძულების ჯგუფზე. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტერიტორიები სსრკ-მ დაიკავა, თუმცა, 1956 წელს სსრკ-სა და იაპონიას შორის გაფორმდა დეკლარაცია ამ ტერიტორიების ნაწილის იაპონიისათვის დაბრუნების შესახებ. უფრო კონკრეტულად კი, 1956 წლის 8 დეკემბერს ხელმოწერილ დეკლარაციაში წერია, რომ სსრკ „კეთილი ნების ნიშნად" იაპონიას გადასცემს შიკოტანსა და ჰაბომაის ჯგუფის კუნძულებს იმ პირობით, რომ მათზე იაპონიის სუვერენიტეტის პრაქტიკული განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაიწყება. თუმცა, სსრკ-მ ამ საკითხზე თავისი პოზიცია 1960 წელს შეცვალა, როდესაც აშშ-სა და იაპონიას შორის გაფორმდა სამხედრო შეთანხმება, რომლის ძალითაც ამერიკელებს იაპონიის მთელს ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგების უფლება მიეცათ. ამით უკმაყოფილო სსრკ-მ შიკოტანსა და ჰამობაიზე 1956 წლის დეკლარაციით აღებული ვალდებულებები გააუქმა. დღეს მოსკოვსა და ტოკიოს შორის სწორედ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და იაპონიის ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ კუნძულებზე, მათი დაბრუნების შემთხვევაში, ამერიკული ბაზების განლაგებას არ დაუშვებს. შიკოტანისა და ჰამობაის იაპონიისათვის დაბრუნება ორივე ქვეყანაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს. რუსული საზოგადოება ამას „ტეროტორიების დაკარგვად" აღიქვამს, იაპონელთა უკმაყოფილება კი იმას უკავშირდება, რომ მხოლოდ შიკოტანისა და ჰამობაის დაბრუნებაზე დათანხმებით ოფიციალური ტოკიო დარჩენილ 2 კუნძულზე დავის გაგრძელების სამართლებრივ უფლებას კარგავს. იაპონიაში გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება იმ წინაპირობით უნდა მოხდეს, რომ მომავალში მხარეები იტურუპსა და კუნაშირზე მოლაპარაკების დაწყებაზე თანახმა იქნებიან“, - განაგრძობს გამოცემა.

"იაპონიის ხელისუფლების მთელი მონდომება რუსეთთან მოლაპარაკებისას სწორედ ამის მიღწევისკენაა მიმართული. აქვე აღსანიშნავია, რომ იტურუპი და კუნაშირი კურილიის არქიპელაგის უდიდესი კუნძულებია და ისინი სადავო ტერიტორიის 93%-ს შეადგენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი იაპონიას სადავო ტერიტორიის მხოლოდ 7%-ს უბრუნებს. ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, შესაძლოა, რომ პუტინმა მართლაც დაუთმოს აბეს ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ აქ სხვა პრობლმა იჩენს თავს - რუსეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილი ამ პირობის სასტიკი წინააღმდეგია: რუსეთის პოლიტიკური წრეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილის ეს მიუღებელ დათმობად მიაჩნია იაპონიის მიმართ. რუსეთის ინტერნეტსივრცეში ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მწვავე შეფასება გაისმა პრეზიდენტ პუტინის მიმართაც კი. გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ლავროვმა ამგვარი კომპრომისი პრაქტიკულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრის დაწყებამდე იაპონიამ უნდა აღიაროს, რომ ეს კუნძულები ულაპარაკოდ რუსეთის საკუთრებაა. ფაქტობრივად, მისი ეს განცხადება გამორიცხავს რაიმე შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს პუტინის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისთვის „ფასის აწევას" და კომპრომისის შედეგად იაპონიის მხრიდან უფრო სერიოზული დათმობების მიღებასაც ემსახურებოდეს. თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იაპონიასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იმ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა თავისი აგრესიული მოქმედების გამო, ეს სერიოზული გარღვევა იქნებოდა", - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა