ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2019

“ივანიშვილი ცვლილებებს თუ არ დაიწყებს, ცვლილებები თვითონ მას შეეხება” - იგორ კვესელავა

რაზე იმსჯელეს “ოცნების” “მეამბოხე” დეპუტატებმა ჟორჟოლიანის კაბინეტში

გალსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია - ხალხი აქციებს მართავს

* * *

“ივანიშვილი ცვლილებებს თუ არ დაიწყებს, ცვლილებები თვითონ მას შეეხება” - იგორ კვესელავა

“შეხვედრა შეხვედრისთვის კი არ უნდა გაიმართოს, მას უნდა ჰქონდეს შედეგი, რომელსაც საზოგადოება ელოდება, თუ არა და მალე მოვა 2020 წელი, ანგარიშის ჩაბარების დრო. თუ დღეიდანვე არ დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი ცვლილებებს, მაშინ ცვლილებები თვითონ ბიძინას შეეხება. რაც ქვეყანაში ხდება, ამას ანალიზი სჭირდება, აბა რისთვის ხვდება ამ ხალხს, ფეხბურთზე სალაპარაკოდ ხომ არა? მმართველმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე; ან უნდა თქვან, რომ არ შეუძლიათ და მაშინ საზოგადოებაში გამოჩნდება სხვა ძალა, რომელიც იტყვის, რომ მე ვარ მზად და ავიღებ ხელში მართვის სადავეებსო”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით“ივანიშვილი ცვლილებებს თუ არ დაიწყებს, ცვლილებები თვითონ მას შეეხება” - იგორ კვესელავა.

“მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წინაშე არ გამოიტანს ბესელიასა და კობახიძის დაპირისპირებას, რადგან ამ ეტაპზე სიტუაციის გამწვავება არ უნდა აწყობდეს. სიტუაცია გართულებისკენ კი არა, ალბათ დიპლომატიური ნაბიჯებისკენ წავა. ასე ჩანს ბესელიას განცხადებებში, რომ არც ის აპირებს რადიკალური ზომების მიღებას. ისე ბესალიას და მის მხარდამჭერებს თავისუფლად შეუძლიათ პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნან, მათი გასვლა პარტიიდან კი სასურველი არ უნდა იყოს “ოცნებისთვის”... საერთოდ საჭირო არ არის არც ამდენი სამინისტრო და არც ამდენი მინისტრი, ბევრი მინისტრი კი ნამდვილად შესაცვლელია. პრემიერ-მინისტრის შეცვლაზეც თუ იქნება საუბარი, ამ თანამდებობას, ჩემი აზრით, მშვენივრად გაუძღვება გიორგი გახარია, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა თავისი უნარები. შესაცვლელია გუბერნატორებიც და გამგებლებიც და საერთოდ ძირეული ცვლილებებია საჭირო მართვის სისტემაში”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა და შეკითხვაზე - “ბოლო მოვლენებს უკავშირდება ასევე გაერთიანებული ოპოზიციის გააქტიურება, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იწყებს ბრძოლას, აქვთ ამის რესურსი, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ?” - პასუხობს:

“ოპოზიციის რესურსი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ შეცდომას დაუშვებს “ოცნება” და ამის მიხედვით გაიზრდება რესურსიც. ვერც სააკაშვილს გააჩერებ, იგი პოლიტიკაში ვერცხლისწყალივითაა. მართალია უკრაინის პოლიტიკიდან დაასვენეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში საცეცები კიდევ დარჩა და ახალ-ახალ ვერსიებს სთავაზობს. რამდენად გამოუვა ემიგრანტების ჩამოყვანა და აქ სიტუაციის შეცვლა, არ ვიცი, არა მგონია, რომ ემიგრანტებმა მისი მოწოდებები გაიზიარონ, თავიანთი პრობლემები აქვთ, მაგრამ სააკაშვილი “ოცნების” ყველა შეცდომას რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ფაქტია, ამიტომ ცვლილებები დღეიდანვე უნდა დაიწყონ და საქმეს მიხედონ”.

რაზე იმსჯელეს “ოცნების” “მეამბოხე” დეპუტატებმა ჟორჟოლიანის კაბინეტში

“ქართული ოცნების” იმ დეპუტატებმა, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიასა და პარტიის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდნენ, ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების” თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის სამუშაო კაბინეტში შეხვედრა გამართეს. შეკრებას ესწრებოდნენ ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, მირიან წიკლაური და რუსლან პოღოსიანი. ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, საუბარი იყო არგუმენტებზე, რომელიც მათ აქვთ. შეაჯერეს პოზიციები და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე თუ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვება, ისინი გაუზიარებენ საკუთარ არგუმენტებს კოლეგებს და შეეცდებიან დაარწმუნონ ამ არგუმენტების სისწორეში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რაზე იმსჯელეს “ოცნების” “მეამბოხე” დეპუტატებმა ჟორჟოლიანის კაბინეტში.

“ხვალინდელ სხდომაზე საუბარი იქნება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და იმ კონკრეტულ სიაზე, რომელიც პარლამენტში იქნა წარმოდგენილი. ჩვენ მყისიერად დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. გარდა ამისა, იმედია, ხვალინდელი შეხვედრა გახდება საფუძველი იმის გააზრებისა, რომ სასამართლო რეფორმაში არა მხოლოდ ის საფრთხე არსებობს, რომ ეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ იქნენ არჩეული, არამედ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. ეს კი ერთხელ და სამუდამოდ შექმნის ისეთ სისტემას, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა მყარი იქნება და ამასთანავე, ნდობა აღდგება. საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ დაბალია”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.

“ცნობისათვის, მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს განცხადებით მიმართა, მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე არ იქნას განხილული. ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ ეს მხოლოდ “ტაქტიკური სვლა” არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატთა ეს დაპირისპირებული ჯგუფი, ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. “იმედი მაქვს, რომ ეს არ არის მათი მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ეს პროცესები მინელდეს და სხვა ტაქტიკით ეცადონ, გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ აიყვანონ. ამ შემთხვევაში კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ გასარკვევია, რა დგას ამის უკან. ეს არის მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, - მათ სწორად შეაფასეს ვითარება, მაგრამ თუ ეს არის რაღაც ტაქტიკური სვლა, ეს მომავალში გამოჩნდება და ჩვენი რეაქციაც იქნება შესაბამისი”, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. ცნობისათვის, ხუთშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, რომელიც პარტიის ოფისში გაიმართება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება”, - დასძენს გამოცემა.

გალსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია - ხალხი აქციებს მართავს

“ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების გადაწყვეტილებით, დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილი ე.წ. საზღვრების გამო თითქმის ორი კვირაა, ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების გამო გალის რაიონის მოსახლეობამ ოთხშაბათს დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციაც გამართა ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით, თუმცა მათ დე ფაქტო “გამგებელმა” თემურ ნადარაიამ განუცხადა, რომ აფხაზეთში “ღორის გრიპის” გავრცელებას არ დაუშვებენ და ამიტომაც ვერ გახსნიან “საზღვარს”. აკრძალული მიმოსვლის შედეგად ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას არც სასწავლებლად, არც პროდუქტების საყიდლად და, რაც ყველაზე გადაუდებელია, არც სამკურნალოდ არ უშვებენ. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ყველაზე დიდი პრობლემები ცხინვალის რეგიონს შეექმნა, რადგან, ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვის გარდა, დიდთოვლობის გამო 2 კვირაზე მეტია, ჩაკეტილია ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც არის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ცხინვალსა და რუსეთს შორის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გალსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია - ხალხი აქციებს მართავს.

“ცხინვალის რეგიონი ორმხრივ ბლოკადაში მოექცა, რის გამოც საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეტანა შეწყდა და მაღაზიები და აფთიაქები სანახევროდ დაიცალა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა 11 იანვარს ჩაკეტეს, წინასწარი განცხადებით - 2 თვით და მიზეზად დასახელდა ის, რომ “საქართველოდან ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს”. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამდენი ხნით გაახანგრძლივებს დე ფაქტო ხელისუფლებები ამ კარანტინს. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი როკის გვირაბისა და ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჩაკეტილი ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გამო ცხინვალის რეგიონი 12 იანვრიდან ორმხრივ ბლოკადაშია და მაღაზიების დახლებიდან ნელ-ნელა ქრება ხორცეული, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი. დაცარიელებულ დახლებსა და საკვები პროდუქტების დიდ დეფიციტზე ადგილობრივი ოსური მედიაც წერს. ოსები ვერ ახერხებენ ვლადიკავკაზში სამკურნალოდ წასვლას, რაც ასევე დიდი პრობლემაა მათთვის და “ფეისბუკში” წერენ, რომ ცხინვალის ექიმების იმედი არ აქვთ. ადგილობრივი ოსების ნაწილი ცარიელი დახლების გამო უკმაყოფილებას არ მალავს, მეორე ნაწილი კი ამ უკმაყოფილო თანამემამულეებს ამუნათებს და აცხადებს, რომ მათ გადაიტანეს ომი, ათწლეულის განმავლობაში ბლოკადით იტანჯებოდნენ და გაუძლეს, ამიტომაც ახლა ამ რამდენიმედღიან გზის ჩაკეტვასაც გაუძლებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახალგორთან “ჩაკეტილი საზღვრის” გამო დიდი პრობლემები შეექმნა ახალგორის ქართულ მოსახლეობას, რადგან სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ახალგორის ე.წ. საზღვარზე გაატარონ ადამიანები, მათ შორის - ვირუსული ინფექციით დაავადებული ბავშვებიც კი. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ “ორი კვირაა, რაც ჩაკეტილია ე.წ. საზღვარი და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა გაატარეს 3 ადამიანი წინა კვირას გასვენებაში, გარდაცვლილის შვილები და რძალი და შემდეგ ისინი ისევ უკან გამოატარეს. დანარჩენი, არავინ არ გაუშვიათ. ავადმყოფებსაც კი არ უშვებენ”. მისი თქმით, ცხინვალის რეჟიმი ადრეც რამდენიმე დღით კეტავდა ხოლმე ე.წ. საზღვარს, ძირითადად - დღესასწაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთ დღეებშიც კი ავადმყოფების გამოტარება ხდებოდა, ახლა კი ამ ვითომ ვირუსის გავრცელების საფრთხის მომიზეზებით, ავადმყოფებიც ბლოკადაში მოაქციეს, რაც ძალიან არაადამიანური გადაწყვეტილებაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამოიწურა როგორც მედიკამენტების მარაგი, ასევე სურსათი. ახალგორში რამდენიმე აფთიაქია, რაღაც პატარა ჯიხური და წამლები თითქმის აღარ აქვთ. ასევე ცარიელია სურსათის დახლები, რადგან ახალგორში სურსათი თბილისიდან შედიოდა და შემდეგ ეს სურსათი ცხინვალშიც მიჰქონდათ. ამიტომ მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, თუ რამე იყო, შეიძინეს მარაგის გასაკეთებლად. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ავადმყოფებსაც არ უშვებენ. ორი ბავშვი იყო ცუდად, ვირუსული ინფექციის ნიშნებით, მაგრამ აქეთ გადმოყვანის საშუალება არ მისცეს მშობლებს და იძულებული გახდნენ, ისინი ცხინვალის საავადმყოფოში გადაეყვანათ, თუმცა ცხინვალში არც შესაბამისი კვალიფიციური კადრები ჰყავთ და არც შესაბამისი მკურნალობის პირობები აქვთ. ასევე, ორშაბათს წეროვანში დევნილებისათვის “ოფთალმიჯის” მიერ თვალის ოპერაცია იყო დაგეგმილი, რომელიც უფასოდ ტარდება. 15 პაციენტიდან 5 ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და ვერ შეძლო ოპერაციის გაკეთება. მიმოსვლის ჩაკეტვა არაჰუმანური, არაადამიანური გადაწყვეტილებაა. ამით ზარალდებიან არა მარტო იქ მცხოვრები ქართველები, არამედ - ოსებიც. “ღორის გრიპის” მიზეზით მიმოსვლის ჩაკეტვა მხოლოდ საბაბია, მაგალითად, ახალგორში მუშაობენ პედაგოგები, სამედიცინო მუშაკები, რომლებიც ხშირად დადიან ახალგორიდან წეროვანის დევნილთა დასახლებაში. ახლა, ამ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ბევრი მათგანი ახალგორში არ შეუშვეს და დიდია ალბათობა, ამ ადამიანებს განუცხადონ, რადგან ეს დღეები სამსახურს აცდენდით, გათავისუფლებული ხართო. ამის შიში აქვთ ახალგორელებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუგზარ თინიკაშვილი.

“ჩაკეტილი ენგურის ხიდის გამო პრობლემების საჯაროდ გაპროტესტება დაიწყო გალის მოსახლეობამ. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ოთხშაბათს მოაწყო გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობასთან. აფხაზური მედიის ცნობით, გამშვები პუნქტის ჩაკეტვა არასასიამოვნო სიახლე გახდა გალის რაიონის მცხოვრებლებისათვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით კვეთენ ენგურს - ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ, სოციალური დახმარებებისათვის თუ სავაჭროდ. ენგურის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში ფასებიც მკვეთრად გაიზარდა და ამ ყველაფრის გამო გალის მოსახლეობამ, დაახლოებით 80-მა ადამიანმა აქცია მოაწყო. ადგილობრივი მედია წერს, რომ მომიტინგეებს შეხვდა “გალის ადმინისტრაციის უფროსი” თემურ ნადარაია და მათ განუცხადა, რომ მიმოსვლა “ღორის გრიპის” გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩაიკეტა. “აუცილებელია ვიცოდეთ, ეს ზომები მივიღეთ იმიტომ, რომ აფხაზეთში "ღორის" გრიპის გავრცელება არ დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს აფხაზეთში რ1#1 ვირუსისაგან ოთხი ადამიანი დაიღუპა”, - განუცხადა ნადარაიამ ადგილობრივებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ამბობს, რომ ენგურის ხიდზე ატარებენ მხოლოდ და მხოლოდ “ენგურჰესის” თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, ვინც მიწვევით იყვნენ აფხაზეთში და იმ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც თბილისში მკურნალობენ, მაგალითად, ვისაც ქიმიოთერაპია ან დიალიზის კურსი სჭირდებათ”, - დასძენს გამოცემა.

“გალში პროდუქტი ძირითადად ზუგდიდიდან შედიოდა, ახლა კი 2 კვირაა, შეტანა შეწყდა, რის გამოც გალში ფასებმა მკვეთრად იმატა და ეს ადგილობრივებისათვის ძალიან მძიმეა. ახლა რუსეთიდან შეაქვთ პროდუქტები, მაგრამ რუსეთიდან შემოტანილი ძვირია. ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა მათ, ვინც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობს, ამიტომაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ვინც გალში ჩარჩა, მათ დაეხმაროს, მათთვის გამოცდები გადაიდოს და არც ჯარიმები დაეკისროთ. პრობლემა შეექმნათ პრობაციონერებსაც და უწყებებს ესეც ეცნობათ. როდის გაიხსნება მიმოსვლა, ჯერ უცნობია. საუბარი იყო, რომ 21-ში უნდა გახსნილიყო, მაგრამ არ გაიხსნა. ხან ერთ თვეს იძახიან, ხან - ერთ კვირას, თავადაც არ იციან. გალში აქციისას ამის გარკვევაც სურდათ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ალექსანდრე ჩიკვაიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა