„სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელი - რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შემთხვევების 99% დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობლებია

რუსთავში დაფიქსირებული ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შემთხვევების 99%, ტექნიკური ნორმების დარღვევით, აბაზანებში ან სამზარეულოებში დამონტაჟებული წყლის გამათბობლებია, - ამის შესახებ განცხადება ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვის ცენტრის დირექტორმა გელა წერეთელმა, ქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, კომპანიის არაერთი რევიზიისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობას ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლები კვლავ კორპუსებში არსებულ სავენტილაციო არხზე აქვს მიერთებული, რაც ყოვლად დაუშვებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„ყოველწლიურად, 1 მარტიდან 1 ოქტომბრამდე, ჩვენ ვახორციელებთ სახლში დამონტაჟებული გაზდანადგარების რევიზიას. რევიზიის შედეგად თუ გამოვლინდა, რომ ესა თუ ის გაზდანადგარი, ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დარღვევითაა დამონტაჟებული, ქსელიდან იხსნება. იხსნება და ილუქება მხოლოდ ის არასწორად დამონტაჟებული დანადგარი, დანარჩენის ქსელიდან ჩახსნის უფლება ჩვენ არ გაგვაჩნია. სავენტილაციო არხზე წყლის გამაცხელებლის გოფრირებული მილის დაერთება კატეგორიულად არ შეიძლება, მოსახლეს ჰგონია, რომ co ამ მილში გადის, ხშირ შემთხევაში კი საცხოვრებელ ბინაში ჟონავს. მხოლოდ წელს, იანვარში 17 ოჯახში დაფიქსირდა co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი. დეკემბერ-იანვარში 27 შემთხვევა გვქონდა. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, ვეუბნებით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და მაინც ე.წ. სავენტილაციო არხზე აერთებენ წყალგამათბობლიდან გამომავალ მილს“, - განაცხადა გელა წერეთელმა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა კომპანია ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელს სთხოვა პრევენციული ღონისძიებების მეტი სიხშირით გატარება და აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, იმისათვის, რომ მოსახლეობას სრულად ჰქონდეს ინფორმაცია გაზის ან ნამწვის გაჟონვის, ან კიდევ გაზდანადგარის დაზიანების შემთხევაში, ვის ან როგორ უნდა მიმართოს. ამასთან ერთად, როგორც ონიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რუსთავში ბუნებრივი აირის მილები ქალაქის გარკვეულ უბნებში პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსების ფასადებზეა ჩამოკიდებული, რაც ასევე გაზის გაჟონვის საფრთხეს ქმნის. გელა წერეთლის განცხადებით, ბუნებრივი აირის მილები მრიცხველებთან ერთად, საცხოვრებელი კორპუსის გარეთ 10 წლის წინ იქნა გამოტანილი, თუმცა ვინ ან რისთვის გააკეთა, ეს არ იცის. მისივე განცხადებით 2019-2020 წლის ბიუჯეტში კომპანიას უკვე გათვალისწინებული აქვთ თანხა, იმისათვის, რომ აღნიშნულ კორპუსებში გაზგაყვანილობა მოწესრიგდეს.

შეხვედრას, „რუსთავის წყლისა“ და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. გაზის მეურნეობაში არსებულ პრობლემებთან ერთად, საუბარი ენერგო და წყალმომარაგების სფეროებში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს