მაიზერ ნანავა - თუ გამოიკვეთება სტადიონის უხარისოდ მშენებლობა, შემსრულებლის პასუხისმგებლობის საკითხი  დადგება

ზუგდიდის მშენებარე სტადიონის პირველ სართულზე ჭერის ჩამონგრევის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია და უკვე მიმართეს სამშენებლო კომპანია „დაგს“. ნანავას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება უხარისო მშენებლობის ფაქტი, შემსრულებლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„ჩვენ მივმართეთ სამშენებლო კომპანია „დაგს“. მას აქვს თავისი საგარანტიო ვადები და ვალდებულება, რომ პირვანდელი სახე დაუბრუნოს სატადონს და აღადგინოს ის დაზიანებები. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა გადახურვას, მეორე სართული რომ არ იყო გადახურული, ჩამოვიდა წყალი და დააზიანა პირველი სართული. თუ გამოიკვეთა უხარისხო მშენებლობის ფაქტი, აუცილებლად დაისჯება შემსრულებელი“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.

კომპანია „დაგში“ აცხადებენ, რომ სტადიონის პირველ სართულზე არსებულ დაზიანებებს აღადგენენ, თუმცა, მათი მტკიცებით, მშენებლობის დროს ხარვეზები არ იკვეთება. მათივე ცნობით, შენობას ვენტილაცია-კონდიცირება არ აქვს, რის გამოც ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.

ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა, მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. პირველ ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს