ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წელს გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას პატიმრის ცემაში მსჯავრდებული სამი პატიმრიდან მხოლოდ შოთა შანიძე ესწრებოდა. მოსამართლის ინფორმაციით, ლევან მოისწრაფიშვილმა და გიორგი სეხნიაშვილმა პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. მათ ინტერესებს ადვოკატები იცავდნენ.

სხდომას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია უძღვებოდა. დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულ შოთა შანიძის ადვოკატმა გიორგი გოგინავამ სამი შუამდგომლობა დააყენა, რაც ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის დროს დარბაზში ვიდეო გრაფიკის ჩვენებას, ამ მტკიცებულების საქმეში დართვას და გამოძიებას გულისხმობდა. ადვოკატის ინფორმაციით, არსებული გრაფიკა დაეხმარებოდა ბრალდებულ შოთა შანიძეს დასკვნითი სიტყვის შინაარსის გადმოცემაში.

არსებულმა ინფორმაციამ ლევან მოისწრაფიშვილისა და გიორგი სეხნიაშვილის ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, მათ, როგორც მხარეს აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ ადრე უნდა მიწოდებოდათ ინფრომაცია და რადგან არ იციან, რა ჩანაწერზეა საუბარი და როგორ იმოქმედებდა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესზე, ამიტომ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს. საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვაზე უარი განაცხადა პროკურორმაც. მოსამართლეთა კოლეგიამ ადვოკატის არც ერთი შუამდგომლობა დააკამყოფილა.

დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წაიკითხა მსჯავრდებულმა შოთა შანიძემ. მან უნდობლობა გამოუცხადა იმ ადვოკატებს, რომლებიც მის ინტერესებს ამ დრომდე იცავდნენ. შანიძემ ასევე ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა პროკურატურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარე გარკვეული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს. დასკვნით სიტყვაში დეტალურად გაიხსენა 4 მარტს პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბი.

„მე ამდენი ხანი პროკურორების და ადვოკატების მითითებებით ვმოქმედებდი, ისინი მაიძულებდნენ არ მელაპარაკა და პროცესებს არ დავსწრებოდი. ვთანამშრომლობდი მათთან, მაგრამ ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. პროკურატურა არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, თუ რა უნდოდათ ღამის საათებში ჩვენს საკანში სხვა პატიმრებს და როგორ მოხვდა ალკოჰოლი ციხეში, ეს ყველაფერი ხომ ციხის ადიმინისტრაციის ნებართვით ხდებოდა. მე მონაწილეობა არ მიმიღია ცემაში, მაგრამ მოხდა შეთანხმება, რომ არც ერთ ბრალდებულს არ უნდა გვესაუბრა ვინ ცემა ფარტენაძე. ამის სანაცვლოდ რა მივიღე?! # 9-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოახდინეს ჩემი იზოლირება. ოთხი წელი როგორ არ გავგიჟდი, მეც მიკვირს. ჩემს ოჯახს მოუხსნეს დაცვა და მეც საფრთხე მემუქრება. არაერთ საქმეზე მაქვს ინფორმაცია და არაა გამორიცხული, ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონ“, - განაცხადა შოთა შანიძემ.

ადვოკატ გიორგი გოგინავას თქმით, გამოძიებას გარდა სამი პატიმრისა, მოცემულ საქმეში სხვა პირების ბრალეულობა არ დაუდგენია, მის დაცვის ქვეშ მყოფი კი ბრალდებას არ აღიარებს და თავად შეეცდება დაამტკიცოს შანიძის უდანაშაულობა. სასამართლო პროცესი 22 თებერვლამდე გადაიდო. მომდევნო სხდომაზე დასკვნით სიტყვას ადვოკატები და ბრალდების მხარე წაიკითხავენ.

შეგახსენებთ, 2014 წლის მარტში მომხდარ საქმეზე ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, შოთა შა­ნი­ძეს ნა­წი­ლობ­რივ და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილს ასე­ვე და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი - ჯა­რი­მა 3 000 ლარი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ჯა­რი­მა 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა