ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2019

ივანიშვილმა ბესელია ატირა

ახალქალაქში სომეხი მებრძოლის ძეგლის გახსნის გამო აზერბაიჯანი განმარტებას ითხოვს

* * *

ივანიშვილმა ბესელია ატირა

“მმართველ პარტიაში ორდღიანი შერიგების პროცესი დასრულდა. მთავარმა მეოცნებემ რიგით მეოცნებეებს თავისთან უხმო და საქმე გაარჩია. შედეგით ყველა კმაყოფილია, გარეთ გამოსულები ასე გამოიყურებიან. შიგნით კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ამბები დატრიალებულა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ივანიშვილმა ბესელია ატირა / “ოცნებაში ბუნტი დროებით განელდა.

“შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ მეოცნებეები ნეტარი სახეებით ამტკიცებდნენ, სულ უფროსს არ მოვუჯირყნივართო, არადა, როგორც ამბობენ, მაგარი ჭირხვნა ყოფილა. ივანიშვილის რისხვა ეკა ბესელიას დაატყდა თავს. მთავარმა სხვებსაც დაუცაცხანა, მაგრამ, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ძალიან გაამწარა - "ოცნების” წევრთა თქმით, მთავარმა ისეთები უთხრა ბესელიას, რომ მწარედ იტირა. მართალია, დეპუტატი ძალიან გამწარდა, მაგრამ მედიასთან საუბარში ის ივანიშვილს უხდიდა მადლობას. ის სამადლობელს შეხვედრის მეორე დღესაც იხდიდა და კმაყოფილია იმ გადაწყვეტილებით, რაც უმრავლესობის შეხვედრაზე იქნა მიღებული. მისი თქმით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და სწორედ ამის შემდეგ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვის დაუჭერს მხარს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრინციპულია ის, რომ პარლამენტში გადმოვიდეს სრული პროცესი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კონსტიტუციით ეხება იუსტიციის საბჭოს. აქაც არის ხედვა, რომ ის რაც კონსტიტუციაში წერია, - რომ საბჭო წარმოადგენს ამ პროექტს, გასაგებია, რომ ეს ვერ შეიცვლება, მაგრამ როგორ წარმოადგენს - სრული სია იქნება თუ მხოლოდ ის, რასაც საბჭო თავად ჩათვლის საჭიროდ, - ეს არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი. საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია 10 პოზიციაზე. საბჭოსადმი ნდობა არ არის დღეს მაღალი, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ მოდი, ეს საკითხი კიდევ გავაგრძელოთ სამსჯელოდ,” - განაცხადა ბესელიამ. რომლის თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როდესაც ვიხილავთ, ერთ პოზიციაზე სამი კანდიდატურა სახელდება... მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლების პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე უნდა იყოს ერთ-ერთი გამომრიცხავი გარემოება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც ხდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომლებსაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გამოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს”, - განმარტა ბესელიამ. კმაყოფილები იყვნენ შეხვედრიდან გამოსული სხვა მეოცნებეებიც. ყველა ამბობს, რომ დაპირისპირება დასრულდა და გუნდი გაერთიანდა. რამდენად ერთიანი იქნება გუნდი, ამას მომავალი გვაჩვენებს. ივაშვილმა ბუნტი დროებით ჩაცხრო, მაგრამ მეოცნებეები ისე ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ერთად დიდხანს ვერ იქნებიან...” - დასძენს გამოცემა.

ახალქალაქში სომეხი მებრძოლის ძეგლის გახსნის გამო აზერბაიჯანი განმარტებას ითხოვს

"20 იანვარს ახალქალაქში სომეხი ბოევიკის ძეგლის გახსნამ ოფიციალური ბაქოს აღშფოთება გამოიწვია. მიხაილ ავაგიანი, რომლის ძეგლიც ქართულ მიწაზე აღიმართ,ა უამრავი აზერბაიჯანელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოფიციალური თბილისისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ”ქვემო ქართლსა და ჯავახეთში, შესაძლოა, შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს” / ზაალ კასრელიშვილი: “იმაზე, რაც მოხდება, პასუხი იმ პირებმა უნდა აგონ, რომლებიც ახალქალაქში სომეხი მებრძოლის ძეგლის გახსნას დაესწრნენ”

“საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მოსთხოვეს საჭირო ზომების გატარება აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად, რაც ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ბაქოს ოფიციალური პროტესტი გამოხატა. აზერბაიჯანული მხარის პროტესტს სრულად იზიარებს ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი. მისი თქმით, შესაძლოა თბილისს ურთიერთობა გაუფუჭდეს ბაქოსთან. კასრელიშვილი არც შეიარაღებულო კონფლიქტის დაწყებას გამორიცხავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“კავკასიის ხალხთა კონფედერაციის სახელით ვაცხადებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიუღებელია იმ ადამიანის ძეგლის დადგმა, რომელიც აზერბაიჯანელების მკვლელობებში მონაწილეობდა. ამ ძეგლის დადგმით, გვინდა თუ არა ქართველებს, მხარე გამოვდივართ - საქართველოს ტერიტორიაზე დაიდგა ძეგლი, ძეგლის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატი დაეწრო. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი აღიარებს იმ მებრძოლს, რომელიც აზერბაიჯანელებს ხოცავდა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ აიღონ ეს ძეგლი. ვიღაცას ასე ძალიან თუ უნდა ავაგიანის სახელის უკვდავყოფა, ძეგლი ოჯახში დაუდგან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი და შეკითხვაზე - “ავაგიანს ოჯახი სომხეთში ჰყავს. ის რვა კლასის დამთავრების შემდეგ წავიდა სომხეთში და მას შემდეგ საქართველოში აღარც უცხოვრია”, - პასუხობს:

“მით უმეტეს არ უნდა იდგეს ამ კაცის ძეგლი საქართველოში. რადგან სომხები თავის ეროვნულ გმირად მიიჩნევენ, ძეგლი თავის ტერიტორიაზე დაუდგან. ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი სომხები, რომლებმაც რაღაც საერთაშორისო აღიარებასა და წარმატებას მიაღწიეს, ყველანი სომხეთში გადაასვენეს ან იქ დაკრძალეს და ძეგლებიც დაუდგეს. ავაგიანი ხომ მიაჩნიათ ყარაბაღის ომის გმირად - წაიღონ ეს ძეგლი იქ დადგან”.

“ბევრი სომეხი ბიჭი დაიღუპა საქართველოსთვის. ერთ-ერთი მათგანი და მე საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით. აფხაზეთში საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, ადგა და საქართველოს დასაცავად წავიდა, ბაგრამიანის ბატალიონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. საქართველო ასეთ გმირებს უნდა იცნობდეს, მათ უნდა დაუდგან ძეგლი, თორემ ყარაბაღისა და სომხეთის გმირს, თუნდაც ის ეთნიკურად ქართველიც იყოს, საქართველოში ძეგლის დადგმა არ ეკუთვნის. სრულიად ვიზიარებთ აზერბაიჯანის ხელისუფლების აღშფოთებას და კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ძეგლის აღებას. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ განმარტებებიც უნდა გააკეთოს”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა