სოფო კილაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონალური შეხვედრების კვირეული ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყო. სოფო კილაძის შეფასებით, შეხვედრების მიზანი ერთი მხრივ, მოქალაქეების ინფორმირებაა კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია დეპუტატებმა უშუალოდ პირველწყაროდან მოისმინონ მოსახლეობის გასაჭირი, მათი წინადადებები და მოსაზრებები.

შეხვედრებზე, მაჟორიტარმა დეპუტატებმა მერაბ ქვარაიამ და ირაკლი ბერაიამ კომიტეტის საქმიანობა მიმოიხილეს და მოქალაქეებთან ხშირი ურთიერთობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრებზე იმ ორ ძირითად რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს გაატარა. „სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმით, სახელმწიფო მყისიერ ინტერვენციას განახორციელებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პრობლემის აღმოსაფხვრელად, ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ მომავალ თვითგანვითარებაში.“- აღნიშნა სოფო კილაძემ. მან, ასევე, ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელშიც მეტი აქცენტი ოჯახური დანაშაულის თავიდან აცილების მექანიზებზეა გაკეთებული, ვიდრე დასჯაზე.

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული რეფორმა მათთვის ხელშესახები გახდება, მათი უფლებების დაცვისკენ და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლები ვესაუბრებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს იმ კონკრეტული სიკეთეების და სერვისების შესახებ, რომელსაც ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილებები მათ მოუტანს. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დღეს აქ. სწორედ ესაა ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანი“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რეგიონალურ შეხვედრებს კომიტეტი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით მართავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა