ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2019

“ამ ცვლილებებით უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად დიპლომების სავაჭროდ გადაიქცევა”

"ველოდებით შიმშილით როდის დავიხოცებით“ - ჩაკეტილი ენგური და მიტოვებული მოსახლეობა

***

“ამ ცვლილებებით უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად დიპლომების სავაჭროდ გადაიქცევა”

“სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დიდი ცვლილებები იწყება. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. 2020 წელს კი ე.წ. კატის გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წლიდან სავალდებულო აღარ იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, თითოეულ საგანზე გადასალახ ბარიერს დააწესებენ თავად უნივერსიტეტები და ასევე შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ამ ცვლილებებით უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად დიპლომების სავაჭროდ გადაიქცევა” - განათლების ექსპერტი / სასკოლო გამოცდები უქმდება, ხოლო უნივერსიტეტები 2020 წლიდან საგნებზე გადასალახ ბარიერს თავად დააწესებენ

"განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანია აცხადებს, რომ დაანონსებული ცვლილებები განათლების ისედაც დაბალ ხარისხს კიდევ უფრო დაბლა დასწევს. მისი თქმით, სკოლებში გამოცდების გაუქმება ცოდნის ხარისხს გააუარესებს, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეულ საგნებზე გადასალახი ბარიერის დაწესების უფლების უნივერსიტეტებისთვის გადაცემა, ეს საერთოდ საშინელებაა. ჩვენი უმაღლესი განათლება სინამდვილეში ნახევრად დიპლომების სავაჭრო დახლი იყო და ახლა, თუკი გადასალახი ბარიერის დაწესების უფლება უმაღლეს სასწავლებლებს ექნება, ყველა შეეცდება კიდევ უფრო დაბლა დასწიოს ბარიერი, რომ არცერთი ფულის გადამხდელი არ გაუშვას ხელიდან და უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად დიპლომების სავაჭროდ გადაიქცევა. ეს საშინელებაა,"- აცხადებს ვახანია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 28 იანვარს გამართა. პრეზენტაციაზე ითქვა, 2019 წელს ე.წ. კატის გამოცდებს მე-11 კლასელები აღარ ჩააბარებენ, მე-12 კლასელებისთვის კი წელს არაფერი იცვლება და იმ მოსწავლეებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე. მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები გაუქმდება 2020 წლისთვის. ცვლილებებია ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც. ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ან ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით). უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის; ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ“, - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც პრეზენტაციაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, გრანტის განაწილების წესზე მუშაობა მიმდინარეობს და შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა. ჯერ სამუშაო პროცესია და უახლოეს მომავალში გეტყვით არჩევითი საგნით განისაზღვრება თუ არა გრანტი", - აღნიშნა გორგოძემ. 2019 წელს კი ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ ერთი რეგულაცია იცვლება, რომელიც არჩევით საგანს შეეხება. გორგოძის თქმით, აბიტურიენტების ნაწილი შანსების გასაზრდელად რამდენიმე არჩევით გამოცდას ირჩევდა და თუ რომელიმე საგანში ჩაიჭრებოდა ან თუნდაც ავად იყო და ვერ გამოცხადებოდა, მაშინ ის უკვე გრანტის მიღების შანსს კარგავდა, რაც ამ აბიტურიენტების მიმართ უსამართლო იყო. ეს რეგულაცია წელსვე შეიცვლება.„მაგალითად, აბიტურიენტს შეიძლება ამერჩია ქიმიაც, ფიზიკაც და ბიოლოგიაც, შემდეგ კი მენახა, სად უფრო მაღალი ქულა მივიღე. ეს ქულები განსაზღვრავდა ჩემს ჩარიცხვასა და გრანტს. ამიტომ ასეთი ყველაზე მოტივირებული აბიტურიენტების შანსები იზრდებოდა. თუმცა, ცუდია, რომ თუ მაგალითად, ერთ-ერთ გამოცდაზე ვერ მივედი, გრანტის მიღების თვალსაზრისით ყველაფერი წყალში ეყრებოდა. წელს აღარ იქნება დამოკიდებული აბიტურიენტი, ერთ-ერთ გამოცდაზე ჩაიჭრა, თუ ვერ გამოცხადდა. ეს წესი 2019 წლიდან აღარ იქნება და აბიტურიენტს გრანტის მიღების საშუალებას მისცემს", - განაცხადა გორგოძემ“, - დასძენს გამოცემა.

"პრეზენტაციაზე გორგოძემ განაცხადა, რომ ცვლილებების დაანონსებამდე ჩაატარეს კვლევა და გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემა გამოცდების რაოდენობაა. განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანიას თქმით, სკოლებში ე.წ. კატის გამოცდები გასაუქმებელი იყო, იმიტომ რომ, ეს გამოცდა არ ვარგა, ძალიან მარტივია და გაყალბებული, მაგრამ სკოლებში გამოცდები აუცილებლად უნდა არსებობდეს. კატის გამოცდების ფორმატი არ ვარგა, ძალიან ადვილია, ამასთან განათლების სამინისტრო ვერ აკონტროლებს და ამდენი თანხა ფუჭად იხარჯებოდა. ეს გამოცდა არაფრის მომცემია. გამოცდა გაყალბებულია - კარნახი და გადაწერა ხდება და რა აზრი აქვს ასეთ გამოცდებს და მასში მილიონების ხარჯვას? გარდა ამისა, ძალიან ადვილია. თუ ბავშვი ვერ პასუხობს ერთ კითხვას, გამოუგდებს უფრო ადვილს, მერე კიდევ უფრო ადვილს და ბოლოს მე-12 კლასელი რაღაც მე-3 კლასის საკითხს გასცემს პასუხს და იღებს ქულას, მერე ერთს ალალბედზე გაარტყამს და გადალახული აქვს ბარიერი. უაზრობაა. თუმცა სკოლებში გამოცდები აუცილებად უნდა იყოს და არა მარტო მე-11 და მე-12 კლასებში. თუკი ხარისხზე ლაპარაკობს სამინისტრო, მაშინ სახელმწიფო უნდა ატარებდეს გამოცდებს დაბალ კლასებშიც კი, რომ სკოლამ პასუხისმგებლობა იგრძნოს და ხარისხზე იყოს ორიენტირებული. დღეს მოსწავლის განათლების ხარისხზე არავინ ფიქრობს, იმიტომ რომ, ეს არსად არ ჩანს. გაცილებით მეტი და სისტემური სახელმწიფო გამოცდების გარეშე ცოდნის გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ზედმეტია,"- ამბობს ვახანია. მისივე თქმით, ყველაზე მიუღებელია ის, რომ ეროვნულ გამოცდებში ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და საგნებზე გადასალახი ბარიერი უნივერსიტეტებმა უნდა განსაზღვრონ. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე ზუსტად და სანდოდ ზოგადი უნარების ქულა გვიჩვენებს, რამდენად მზად არის ბავშვი სტუდენტობისთვის. ამ გამოცდაზე ჩანს, რამდენად აქვს აზროვნების უნარი ბავშვს. ვინც ზოგადი უნარების ტესტს ვერ აბარებს, ის უბრალოდ არ არის სტუდენტობისთვის მზად და უნივერსიტეტში გატარებული წლებიც დაკარგულია და ფინანსებიც დაკარგულია, იმიტომ რომ, ვერ ისწავლის ვერაფერს. ეს უკვე დადგენილია მეცნიერულად და პრაქტიკულად. ასევე, გაუგებარია ის, რომ საგნებზე გადასალახ ბარიერს უმაღლესი სასწავლებლები დააწესებენ. სახელმწიფო ბარიერი სულ არ იარსებებს?! ეს მთლად საშინელებაა. ჩვენთან ისედაც სასაცილო ბარიერი იყო, იმდენად დაბალია და ახლა თუ ეს თუ უმაღლესებს მიანდეს, ისინი უფრო დაბლა დასწევენ, რომ არცერთი ფულის გადამხდელი არ გაუშვან ხელიდან. ჩვენი უმაღლესი განათლება ნახევრად ისედაც იყო დიპლომების სავაჭრო დახლი იყო და ეს უფრო მეტად გამოიწვევს მაგას. ცოდნის დონე კი არ მოიმატებს, კიდევ უფრო სავალალოდ დაეცემა დაბლა. პირიქით, არსებული ბარიერი უნდა ამაღლდეს, თუ გვინდა, რომ უმაღლეს განათლებაში რაღაც სწავლის მაგვარი იყოს," - წერს სტატიის ავტორი.

"ველოდებით შიმშილით როდის დავიხოცებით“ - ჩაკეტილი ენგური და მიტოვებული მოსახლეობა

"საქართველოს ოკუპირებული რეგიონები შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ. ჩაკეტილი ე.წ. საღზვარი და ტყვეობაში მოქცეული მოსახლეობა. ანალიტიკოსები კი საქართველოს ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ და პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დროულად გაგზავნას ურჩევენ. მათი აზრით, ოკუპანტები ვირუსის გავრცელების საფრთხეს მხოლოდ საბაბად იყენებენ და მის უკან გარკვეული მიზნები აქვთ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ისინი ამ ფორმით მოსახლეობას რუსული პასპორტების აღებას დააძალებენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ველოდებით შიმშილით როდის დავიხოცებით“ - ჩაკეტილი ენგური და მიტოვებული მოსახლეობა

"ენგურის ხიდი 10 იანვრიდან დღემდე ჩაკეტილია. ამის გამო კი იზოლაციაში მოექცა და შიმშილისთვის განწირულია 10 ათასობით ადამიანი. აფხაზეთში საოკუპაციო ხაზის მიღმა უყურადღებოდ საკვების, მედიკამენტების და ყოველდღიური ჰიგიენური საშუალების გარეშე დარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ. საოკუპაციო რეჟიმმა როკის გვირაბი და ენგურის ხიდი ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ამბობენ, რომ რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ. ე.წ. საზღვარი ჩაკეტა ოკუპირებულმა ცხინვალმაც. მიზეზად გრიპის ვირუსი სახელდება. ადგილზე არსებული ვითარება კი, მოსახლეობის თქმით, კატასტროფულია. აფხაზეთი და ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რეზონანსთან“ გალის მკვიდრი მზია გოგია ყვება, რომ მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ენგურს აქეთ ასაღები პენსიაა. ხიდზე გადმოსასვლელად ოკუპანტები ქრთამის სახით 300 ლარს ითხოვენ. ხოლო რამდენიმე მოქალაქე ენგურის ხიდზე მხოლოდ ავადმყოფობის გამო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გაუშვეს. გოგია ამბობს, რომ ოფიცილურად ხიდის ჩაკეტვის მიზეზს არავინ ასახელებს, თუმცა მოსახლეობაში ამბობენ, რომ საქართველოში არსებული გრიპის ვირუსია. სოფელში სრულიად გამოუვალი მდგომარეობაა. საკვები არა აქვს. მაღაზიები დაცარიელებულია. ყველას სახლში რა მარაგიც გვქონდა ამოგვეწურა. ზოგს საყიდელი ფულიც არა აქვს, რადგანაც ზუგდიდში გადმოდიოდნენ და პენსიას იღებდნენ. არც პენიის ასაღებად გვიშვებენ და არც პროდუქტების საყიდლად. სახლში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს. რა ვაჭამოთ, არ ვიცით. კაციშვილი ჩვენი მომკითხავი არ არის. თუ გადაგიშვებენ, 300 ლარს ფულს გთხოვენ. ან საბუთები უნდა გააკეთო, რომ ცუდად ხარ და მკურნალობა გჭირდება. ამ საბუთებსაც ვაი უბედურებით აგროვებენ, მაგასაც ხომ ფული უნდა. მეზობლები ერთმანეთს ზეთს, მარილს და შაქარს ვუნაწილებთ. ყველას თავისი გაჭირვება აქვს. არაფერს გვეუბნებიან, როდის გახსნიან ხიდს. არც მიზეზს გვინმარტავენ რატომ არ გვიშვებენ. ახალ წელს ჩამოსული სტუმრები არიან დარჩენილები, უკან ზუგდიდში ვეღარ მიდიან. არც მედიკამენტები და არც არაფერი არ გვაქვს. ვსხედვართ და ვილოდებით როდის შიმშილით ამოვიხოცებით“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გოგია“, - განაგრძბს გამოცემა.

"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი კი ამბობს, რომ ცხელი ხაზი ამოქმედებულია და უყურადღებოდ არცერთი ზარი არ რჩება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭიროა, რომ ცხინვალთან და სოხუმთან მუდმივი კონტაქტები ჰქონდეს. მისი აზრით, გარედან ლაპარაკი, კრიტიკა და ხელების ქნევა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ამის შედეგად მეორე მხარე კიდევ უფრო იკეტება და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შიმშილისთვის ვწირავთ. ყოფილი მინისტრი აცხადებას, რომ ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, თუმცა სამინისტროს მხრიდან მიდიოდა მოლაპარაკებები და სიტუაციაში გარკვევა. ამის შედეგად კი შენს მოსახლეობას უხსნი რა ხდება და როდის მოიხსნება ეს ბარიერები. ხოლო როდესაც თავად საქართველოს ხელისუფლებასაც ინფორმაცია არა აქვს რა და როგორ ხება, თავადაც პანიკაში ვარდება და სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება. ეს კრიზისი, რაც ახლა ამ ერთი თვის განმავლობაში შეიქმნა, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის და კომუნიკაციის არ არსებობამ გამოიწვია. რას ქვია ამდენი ხანი შენი მოსახლეობა შიმშილობს და შენ ხელების ფშვნეტის მეტს არაფერს აკეთებ. კომუნიკაციის არ არსებობას კი საქართველოს მხრიდან აგრესიული განცხადებები ემატება. კრიტიკას სჯობია, რომ მათთან დალაპარაკება მოხდეს. არანაირად მოსაწონი არ არის, რაც ახლა ოკუპირებულ რეგიონში ხდება, მაგრამ თითის ქნევით საქმე უფრო ფუჭდება. იქ ხალხი ყოველდღიურად შიმშილისთვის არის განწირული. თუ კი მართლა ადამიანის უფლებებზე ვფიქრობთ და არა პოლიტიკასა და პოპულიზმზე, მაშინ სხვა მეთოდით უნდა ვიმოქმედოთ. ჩავრიოთ საქმეში უფრო აქტიურად გაერო, ჟენევის ფორმატი გამოვიყენოთ. სამწუხაროდ გალის შეხვედრები დაიხურა. სად ველაპარაკოთ ამ ხალხს?.დიალოგზე უკეთესი ახლა არაფერი არ არის. საჭიროა, რომ შუამავლი გვყავდეს და ამ ხალხს რამით დავეხმაროთ. 25 წელია ვუყურებ კონფლქიტებს და ასეთი გაუცხოვება მხარეებს შორის, როგორიც ცხინვალს, სოხუმსა და თბილისს შორის არის, ჯერ არ ყოფილა. ისეთ ელემენტარულ რაღაცეებზე ხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, რომ მიკვირს. რა დროს პოლიტიკაა, ხალხი შიმშილით გვეხოცება. მოვძებნოთ რამე გამოსავალი, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში ხალხმა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს“,- დასძენს გამოცემა.

"მისივე თქმით, ვირუსის საბაბით ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა ფარსია და მოსახლეობას ამის შემდეგ პასპორტიზაციის კუთხით გარკვეეული ნაბიჯების გადადგმას აიძულებენ. ზაქარეიშვილის აზრით, როდესაც ოკუპანტებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აგრესიული რიტორიკა გაისმა, ამ სიტუაციით სარგებლობა გადაწყვიტეს. გალის ომბუდსმენმაც კი მოსახლეობის სასარგებლო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საკუთარ მოსახლეობას ასე არ უნდა ექცეოდნენ. თვით აფხაზურ საზოგადოებაშიც კი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია. ამიტომაც ჩვენმა ხელისუფლებამ ნაკლები პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს და შექმნილ სიტუაციას როგორ უშველოს იმაზე იფიქროს“,- წერს სტატიის ავტორი.