თბილისში ქუჩების ნაწილი შესაძლოა, თავიდან გადაინომროს

2019 წელს თბილისში 13 ათასი სამისამართე აბრა გაიკვრება, ხოლო ქუჩების ნაწილი შესაძლოა, თავიდან გადაინომროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა. როგორც ნიბლოშვილი აღნიშნავს, დედაქალაქში ქუჩების ნაწილზე ახალი საკადასტრო კოდების გაჩენის გამო, მისამართები არეულია, რის გამოც, პრობლემები ექმნება როგორ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს, ასევე საპატრულო პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურებს.

რაც შეეხება ახალი ქუჩებისთვის სახელის დარქმევას, როგორც ნიბლოშვილი განმარტავს, მოქალაქის ან მოქალაქეთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია განიხილავს ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხს. ასევე, მისივე განმარტებით, კომისიას ქუჩისთვის სახელის მინიჭება დამოუკიდებლადაც შეუძლია.

„უსახელო ქუჩების სახელდებას აკეთებს საკრებულოს სიმბოლიკის და სახელდების კომისია. თუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაჩნდა ახალი ქუჩა, განაშენიანდა ტერიტორია და მას სჭირდება ქუჩის სტატუსი მიენიჭოს, ჩვენც შეგვიძლია სახელდება მოქალაქის მიმართვის საფუძველზე. დღის განმავლობაში რამდენიმე წერილი შემოდის კომისიაში ქუჩის სახელდების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ქუჩას ექნება სახელი, ნუმერაცია, მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის დაგება, კომუნიკაციების შეყვანა და ა.შ. მოქალაქეებს უკვე სხვადასხვა სიკეთეებით სარგებლობა შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ ადვილად აგნებთ სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები. განცხადების შემოსვლიდან სახელდების პროცედურის დასრულებამდე დაახლოებით, თვენახევარი სჭირდება“, - განაცხადა ნიბლოშვილმა.

რაც შეეხება ქუჩის ნუმერაციას და გადანომვრას, ნიბლოშვილის განმარტებით, ამ სამუშაოს აკეთებს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახური.

„ქუჩის სისტემურად გადანომვრას აკეთებს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახური, რომელიც სპეციალური პროგრამით მუშაობს და განსაზღვრავს კონკრეტული საკადასტრო ერთეულების პირობებში სად უნდა იყოს კენტი და სად ლუწი მისამართი. ამის შემდეგ, საკრებულო შუამდგომლობს ამ საკითხს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურთან, რომ გააკრას სამისამართე აბრები. მაგალითად, ჩიქოვანის ქუჩაზე (ყოფილი ხილიანი) არის საკმაოდ ძველი ქუჩა, ისევე როგორც დოლიძის და ფანასკერტელის ქუჩებზე, დიდი ხნის წინ არის სამისამართე აბრები განთავსებული, რის შემდეგაც გაჩნდა უამრავი ახალი კორპუსი, დასახლება და დაემატა საკადასტრო ერთეულები, რითაც ქუჩა 1/3-ით გაიზარდა. შესაბამისად, თუ მე ვცხოვრობდი პირობითაც პირველ ნომერში და ვიღაც ცხოვრობდა სამ ნომერში, ახლა შესაძლოა, ჩვენს შორის იყოს გაჩენილი 5 საკადასტრო ერთეული. ეს პრობლემა გამოსწორებადია, თუკი მოსახლეობა მიმართავს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახურს და მოითხოვს გადანომვრას. თუმცა, მოსახლეობას გადანომვრით ეცვლება მისამართი. შარშან სისტემურად გავასწორეთ წერეთლის გამზირი, რაც ნერვების ფასად დაგვიჯდა. მოსახლეობის მხრიდან მოჰყვა ამას პროტესტი, რადგან იქ განთავსებულ ობიექტებს შეეცვალათ მისამართები. თუმცა, თუ რეესტრი მიიღებს ინფორმაციას, რომ კონკრეტულ ქუჩებზე არის პრობლემა, ის ამ პრობლემას აუცილებლად გაასწორებს. 5 ათასამდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევია თბილისში და ძნელია რეესტრის სამისამართე სამსახურმა, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს დავალებული დამისამართება, იაროს და მოსახლეობის ინიციატივის გარეშე ეს გაასწოროს“, - განაცხადა ნიბლოშვილმა.

ნიბლოშვილის ინფორმაციით, თბილისში გასულ წელს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ სამისამართე აბრების გასაკრავად 500 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და 13 ათასი აბრა გაიკრა. მისივე თქმით, წელსაც, დაახლოებით, 13 ათასამდე აბრისა და 80-ზე მეტი დგარიანი ბოძის დამონტაჟება იგეგმება, რისთვისაც 450 ათასი ლარი დაიხარჯება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა