„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი - ვთანხმდებით იმაზე, რომ საკანონმდებლო ბაზა გამოსასწორებელია

ვთანხმდებით იმაზე, რომ საკანონმდებლო ბაზა გარკვეულწილად გამოსასწორებელია, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომლები კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარს ჩახსნიან, მოქალაქეს ვალდებულება აქვს თავად მივიდეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოფისში, რათა ხელახლა მოხდეს ახალი დანადგარის დამონტაჟება.

მისივე თქმით, ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, ამას გამოძიება დაადგენს.

„შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აღნიშნული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახლდათ CO, ანუ მხუთავი აირი, რომლის წარმოშობის წყარო გახლავთ არასწორად, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი დანადგარი. „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ და ნებისმიერ გამანაწილებელ კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ წელიწადში ერთხელ განახორციელოს გეგმური რევიზია ანუ შემოწმება და ხარვეზი, რომელიც არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტებს, ჩახსნას, დალუქოს. ამ შემთხვევაში, მოქალაქეს, რომელსაც ჩავუჭრით, ვალდებულება აქვს მობრძანდეს „ყაზტრანსგაზის“ ოფისში, შედგეს ახალი ტექნიკური პროექტი და შემდეგ მოხდეს ახალი წყალგამაცხელებელი სისტემის დამონტაჟება.

შიდა გაზგაყვანილობის სისტემის მომსახურებაზე, დანადგარებზე პასუხისმგებლობა არის იმ მოქალაქეების, ვინც ბინაში ცხოვრობს.

ვთანხმდებით იმაზე, რომ საკანონმდებლო ბაზა გარკვეულწილად გამოსასწორებელია. მერიაში, ეკონომიკის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიაში შეხვედრა გვქონდა. აღნიშნული პროცედურა დაწყებულია და შესაბამისად გარკვეული ხარვეზები, რაც ამ სივრცეში ჩნდება, უნდა გამოსწორდეს,“ - განაცხადა თამაზაშვილმა.