ქართული პრესის მიმოხილვა 01.02.2019

ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს "დაიბრუნებენ“

საშინელი ტრაგედია - გაზის გაჟონვით 7 მუშა, მათ შორის მამა-შვილი და ძმები გარდაიცვალნენ

***

ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს "დაიბრუნებენ“

“ცხინვალის რეჟიმი ბოლო დროს უფრო და უფრო ააქტიურებს მუქარას ყაზბეგის ტერიტორიის დაბრუნების პრეტენზიაზე. ამჯერად, ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რიგი ტერიტორიები - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს" და ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოსეთს დაუბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს "დაიბრუნებენ“

"თბილისში, ტრადიციისამებრ გაკეთდა განცხადებები, რომ ეს მორიგი პროვოკაციული და საღ აზრს მოკლებული განცხადებაა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა კი თქვა, რომ მედოევის ინტერვიუ მისი აბსურდულობიდან გამომდინარე „ნაკლებად იმსახურებს ფართო ტირაჟირებასა და ზედმეტ ყურადღებას", თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენმა საელჩომ გერმანიაში დაამყარა კონტაქტი აღნიშნულ გამოცემასთან, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. ცხინვალის რეჟიმის პრეტენზიაა, რომ ოს ხალხს ეკუთვნის მცხეთა-მთიანეთის რიგი ტერიტორიები, თრუსოს ხეობა, კობის ქვაბული და გუდოს ხეობა და ეს არის "აღმოსავლეთ ოსეთი", რომელიც ბოლშევიკებმა ავტონომიების შექმნის დროს ოსი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე უკანონოდ გადასცეს ახლად შექმნილ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას, რაც მათი მტკიცებით, „უკანონო ანექსიას წარმოადგენდა" და "ოსები არასდროს აღიარებენ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ბოლშევიკების მიერ 1922 წელს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს განცხადება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებას გასული წლის ზაფხულში აქვს გაკეთებული და სწორედ ამ დროიდან იწყება ახლა უკვე მცხეთა-მთიანეთის რიგ ტერიტორიების მიტაცების სურვილი და ახალი პრეტენზიები ცხინვალიდან. მაშინ „აღმოსავლეთ ოსეთის" კუთვნილების საკითხი ჟენევის დისკუსიებზეც დაისვა. შემდეგ ე.წ. საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა და ცხინვალში დაანონსდა, რომ ე.წ. პარლამენტში სულ მალე დიდი განხილვა იწყება, „სამხრეთ ოსეთის კუთვნილი მიწებიდან" რა ნაწილი აღმოჩნდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს პრობლემა როგორ უნდა გამოსწორდეს. ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი გერმანულ გამოცემასთან ამბობს, რომ „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთზე" პრეტენზიას ისინი უკვე დიდი ხანია აყენებენ სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის ჟენევაშიც და „მომავალშიც გააგრძელებენ ოსების უფლებების დაცვას მათი წინაპრების ისტორიულ მიწაზე". ეს მტკივნეული საკითხია მთელი ოსეთისთვის. ჩვენი რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების, რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთელი ოსი ერის ნათელი პოზიციაა, რომ ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები დაგვიბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ", - განაცხადა მედოევმა გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდთან" საუბრისას“, - განაგრძობს გამოცემა.

"გერმანულ გამოცემასთან მედოევის ინტერვიუზე განმარტება გააკეთა გერმანიაში საქართველოს საელჩომ და აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ეს გამოცემა დაბალტირაჟიანია, მემარცხენე-რადიკალური და პრორუსული, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ხოლო თავად ინტერვიუს ავტორი არის ორგანიზაცია „რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების" წევრი და აქტიური მხარდამჭერი. შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ „აღმოსავლეთ ოსეთი" ბუნებაში არ არსებობს, თუმცა, წლებია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაზე პრეტენზიას აყენებენ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები და ამ ტერიტორიას ბოლო წლებია უწოდეს გამოგონილი სახელი - „აღმოსავლეთ ოსეთი". თრუსოს ხეობის თემა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და დუშეთის სოფლების ნაწილის თემა, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ "აღმოსავლეთ ოსეთი" - ეს ახალი გამოგონილი ტერმინია. ბუნებაში არც სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, კომუნისტებმა შექმნეს. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამ ტერიტორიაზე ყოფილიყო ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული. ამ არასწორად, ხელოვნურად შექმნილ ამ ტერიტორიის ფარგლებშიც კი, არსად, არანაირ კონტექსტში არ იგულისხმებოდა თრუსოს ხეობა. თუმცა, ოსები სადისკუსიოდ ამბობდნენ, რომ იქ ცხოვრობდნენ ოსები და ის უნდა ყოფილიყო სამხრეთ ოსეთის ნაწილი, რომელიც თავისთავად უკანონო იყო. ასე რომ, ამაზე საუბარი პირველად არ ხდება, ეს გრძელდება მუდმივად, რომ დაძაბულობა შექმნას, იგივე ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და საპასუხო განცხადებები იყოს. ეს რუსეთიდან ჩამოწოდებული თემაა მუდმივად, რათა არსებობდეს განცდა მსოფლიოში, ყველა დონეზე, ვინც ამ სფეროზე მუშაობს, რომ კონფლიქტის არეალი უფრო ფართო ხდება, ვიდრე ისაა, რაც დღეს გვაქვს. ეს ერთგვარი პიარ-კამპანიაა, სადაც კონფლიქტს ამძიმებენ მოგონილი ლეგენდებით და მითებით,"- აცხადებს ზაქარეიშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"ზაქარეიშვილის გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მაინც, ყაზბეგისა და დუშეთის მიმართულებით რაიმე შეიარაღებული პროვოკაციები მოეწყოს. ეს განცხადებები თავისთავად პროვოკაციის ნაწილი. დღევანდელი გადასახედიდან, არ მგონია, რომ იქ შეიარაღებული პროვოკაცია დაიწყოს. ეს არავის ინტერესებში არ შედის. მე მგონი, ეს უფრო პიარ-კამპანია და პროპაგანდაა, რომ ამით კვებონ საკუთარი საზოგადოება და უცხოური საზოგადოებაც, რომ მათ პრეტენზიები აქვთ. მთავარია, მოქმედებებში არ ავყვეთ ვინმეს. რისკები არის, მაგრამ, შეუქცევადი საფრთხე არ არის. ამაზე მუდმივად მშვიდი პასუხებია საჭირო, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს რეალობა არ არის. წარმოვიდგინოთ, რომ ყურადღება საერთოდ არ მივაქციოთ, არ კი გამოჩნდებოდა ეს საკითხი. ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვპასუხობთ და ამით ხდება თემის, როგორც ვირუსის, გავრცელება. მათი ინტერესიც ესაა, რომ მუდმივად საფრთხის და დაძაბულობის ქვეშ ამყოფოს ქართული საზოგადოება,"- აღნიშნავს ზაქარეიშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

საშინელი ტრაგედია - გაზის გაჟონვით 7 მუშა, მათ შორის მამა-შვილი და ძმები გარდაიცვალნენ

"ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდები მათ მეზობლად რამდენიმე თვის წინ ქირით გადმოვიდნენ და ისინი მშენებლობაზე მუშად მუშაობდნენ. ახალგაზრდებს შორის გარდაცვლილია, შუახნის მამაკაციც, რომელიც ერთ-ერთი ახალგაზრდის მამაა. ასევე გარდაცვლილები არიან ძმები“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საშინელი ტრაგედია - გაზის გაჟონვით 7 მუშა, მათ შორის მამა-შვილი და ძმები გარდაიცვალნენ

"მამაკაცები გაზით გაგუდული მათივე თანამშრომელმა დილით აღმოაჩინა. ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისინი სამსახურში არ მივიდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი მათ სახლში მივიდა და უკაკუნებდათ,ხოლო მათ ხმაურზე რეაგირება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ ეჭვი გაუჩნდათ, რომ რაღაც ხდებოდა და კარის შეტეხვა მოახერხეს. სახლში შესვლისას კი ნახეს, რომ 7 ადამიანი საწოლში გარდაცვლილი იყო. მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში ღია ტიპის გამათბობელი იყო. „ყაზტრანსგაზში“ კი აცხადებენ, რომ ამ ბინაში გამათბობლის გამო გაფრთხილება არა ერთხელ მოხდა და მათ გაზის მიწოდებაც კი შეუწყვიტეს. თუმცა როგორც ჩანს ბინაში გამათბობლით ხმარება მაინც ხდებოდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ბინის მფლობელი გააფრთხილეს და მათ ამის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლიათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"არ ვიცი არ ვიცნობდით ვინ იყვნენ. ერთი კი ვიცით, რომ აქ ქირით ცხოვრობდნენ. მშენებლობაზე მუშაობდნენ და რაიონიდან იყვნენ ჩამოსულები. 7 ადამიანს ერთი ოთახი ჰქონდა ნაქირავებული. ამბობენ, რომ სახლში ღია წვის გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული. მათ პოვნა დღის 11 საათზე მოხდა. მუშების მოსაძებნად მათი თანამშრომელი მოვიდა. უკაკუნებდათ და კარს არავინ აღებდა. მერე ტელეფონზე ურეკავდათ და ზარის ხმა სახლიდან რომ ისმოდა დავეჭვდით. კარი შევანგრიეთ და 7 კაცი გარადაცვლილი საწოლში ვნახეთ. ოთახში იყო საშინელი გაზის სუნი. გარეთაც ცუდი სუნი იდგა. გვეგონა ვიღაცას საჭმელი დაეწვა. თურმე ეს საცოდავები გარდაცვლილან. ამბობენ, რომ ორი მამა-შვილი არიან და ძმები, დანარჩენი მემგონი ერთი სოფლიდან უნდა იყვნენ. 6 ახალგაზრდა და ერთი შუახნის მამაკაცი იყო“,-აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი გივი მამიაშვილი „რეზონანსთან“. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას“, - წერს სტატიის ავტორი.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს