გედევან ფოფხაძე ფარულ ჩანაწერებზე - ეს თემა ჩემთვის მოიცავს კონკრეტული მიზნით განხორციელებულ ქმედებებს

გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ჩვენ დიდად არ ვუყვარვართ და თუ რაიმე ცუდ ვიდეოს ნახავენ, დიდი სიამოვნებით გაავრცელებენ, მაგრამ მე მაინტერესებს ამ ყველაფრის გავრცელების მიზანი, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ჩანაწერების გავრცელების საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დამდგარიყო.

"ის, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი არც უნდა ყოფილიყო და ეჭვის ქვეშ არ უნდა დაეყენებინათ ვიდეოების გავრცელების საკითხი, შსს-ს გამოძიებამ ეს გააბათილა და ვერავინ იტყვის, რომ ეს ჩვენი ფანტაზიის საგანია და ჩვენ მოვიგონეთ. ეს ჩვენთვის სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პოლემიკაში არავისთან შესვლას არ ვაპირებ. ვინც აზრი გამოთქვა, მათ სინდისზე იყოს, ვინც ეს პოლემიკა წამოიწყო",- განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებას, ფოფხაძე ამბობს, რომ ვიდეოების გავრცელება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი ეპიზოდი.

"გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ჩვენ დიდად არ ვუყვარვართ და თუ რაიმე ცუდ ვიდეოს ნახავენ, დიდი სიამოვნებით გაავრცელებენ, მაგრამ მე მაინტერესებს მიზანი ამ ყველაფრის გავრცელების. ჩემთვის მიზანი არის და ეს ყველაფერი დაკავშირებულია პერიოდთან, როდესაც ეკა ბესელიამ სასამართლოსთან დაკავშირებული პრინციპული პოზიცია რომ გამოთქვა. ვიდეოების გავრცელება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი ეპიზოდი. მანამდე იყო ბატონი აბაშიძის პოსტები, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეკა ბესელიას კერძო მიზნები აქვს რაღაცასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს თემა ჩემთვის მოიცავს კონკრეტული მიზნით განხორციელებულ ქმედებებს",- განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის თქმით, მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა, არ იქცეს სტანდარტად და საშუალებად, გააჩუმონ პოლიტიკოსები და მოახდინონ მათზე ზეგავლენა.

"ხელს ვერავის დავადებ. უდანაშაულობის პრეზუმპციას ხაზს ვერ გადავუსვამ და ვერ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა გააკეთა ეს. გამოვიდეთ იქედან, ვის აქვს ინტერესი, სარგებელი და მიზანი. შეიძლება არის ადამიანი, ვისთვისაც ეს თავშესაქცევია, ამიტომ ავრცელებს და არის პოლიტიკური მოტივაცია, რომ ამით პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს და შურისძიება განახორციელოს. არ არის სწორი პერსონალურად სახელებზე და გვარებზე ვისაუბრო და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილზე. ამ შემთხვევაში მაინტერესებს მხოლოდ ის, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა, არ იქცეს სტანდარტად და საშუალებად, გააჩერონ ან გააჩუმონ პოლიტიკოსები და მოახდინონ ზეგავლენა. ეს არ არის მხოლოდ ეკა ბესელიას წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ ვინაიდან ეკა ბესელიას პოზიცია იყო ყველაზე მტკივნეული, რადგანაც უნდოდათ, რომ სასამართლოს საკითხზე დამყოლი პოზიცია ჰქონოდათ პარლამენტიდან. ამოცანა არის არა მხოლოდ ბესელიას გაჩუმება, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც პრინციპულ მოსაზრებას აფიქსირებს. ამიტომ მგონია, რომ პოლიტიკურ მიტივაციაზე და მიზანზე უნდა გავიდეთ. უნდა გამოვიდეთ იქედან, ვის აქვს სასამართლოსთან დაკავშირებით არსებული პოზიციის შესუსტების მიზანი, თუ ჩვენზე გავრცელდება კომპრომატები და ისაუბრებენ არა სასამართლოზე, არამედ, ეკა ბესელიაზე, გედევან ფოფხაძეზე, ლევან კობერიძეზე ან ლევან გოგიჩაიშვილზე, ბექა ნაცვლიშვილზე ან ძალიან ბევრ ადამიანზე, ვინც უმრავლესობაში პრინციპულ პოზიციას აფიქსირებს, მაშინ ისინი ნაწილობრივ მაინც აღწევენ მიზანს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული თემები გადაიფაროს",- განაცხადა ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა