ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2019

ლევან ალაფიშვილი - ”ირაკლი ღარიბაშვილს ის ფარული ჩანაწერები არ უნდა გაენადგურებინა”

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N2, თებერვალი, 2019) მიმოხილვა

* * *

ლევან ალაფიშვილი - ”ირაკლი ღარიბაშვილს ის ფარული ჩანაწერები არ უნდა გაენადგურებინა”

"ეს არის დანაშაული, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ერთიანად ანგრევს. ამ შემთხვევაში ყველა ერთად არის პასუხისმგებელი... რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ მასთან ერთად პასუხისმგებლობას ინაწილებს მთელი საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრთან ერთად - არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა თუ პოზიცია. შეგახსენებთ იმ სკანდალს, რომელიც ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდებოდა ასევე პოლიტიკოს ქალბატონზე და მაშინ როგორ გამოვიდა აღშფოთებული პრემიერი და როგორ მისცა პირობა საზოგადოებას, რომ დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯებოდა და რომ მსგავსი ფაქტი აღარასოდეს მოხდებოდა, რომ ეს მისთვის ღირსების საქმე იყო, მაგრამ დღეს რას ვხედავთ? ზუსტად იგივე განმეორდა!” - აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”ირაკლი ღარიბაშვილს ის ფარული ჩანაწერები არ უნდა გაენადგურებინა”.

“განმეორდა იმიტომ, რომ იმ წინა საქმეზე არანაირი წინსვლა არ ყოფილა, ისეთი, რომელიც იქნებოდა თუნდაც ამ საქმის პრევენცია. ამიტომ ამ ნაწილში პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ხოლო იმ ნაწილში, რომ მსგავსი ჩანაწერით შეიძლება ადამიანი დააშანტაჟო, აქ პასუხისმგებელი მთელი საზოგადოებაა, არ შეიძლება ადამიანი პირადი ცხოვრებით აშანტაჟო. პრევენცია შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად, წინა შემთხვევაში, შს მინისტრს თუნდაც პერიოდულად რომ გაეკეთებინა განცხადება, მეტი გამჭვირვალობა რომ ყოფილიყო პროცესის, ასევე მაშინდელი პრემიერი რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა, როგორც დაგპირდით, ეს საქმე მივიყვანე ბოლომდე და დამნაშავენი დაისაჯნენო და ა.შ. მეტი გულისყურით რომ მოჰკიდებოდნენ, დღეს შეიძლება ამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ხელისუფლების ყოფილ წევრზე იყო საუბარი, რომელიც ოპოზიციაში გადავიდა. ახლაც სუბარია ხელისუფლების წევრ ქალბატონზე, რომელიც მათ აუმხედრდათ...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ დანაშაულს სამი პოტენციური დამნაშავე ჰყავს: ერთი, ვინც შეიჭრა ადამიანის პირად ცხოვრებაში, მეორე ვინც გადაიღო-შეინახა და მესამე, ვინც გაავრცელა -ცხადია, მხოლოდ გამავრცელებელი არ არის დამნაშავე. დარწმუნებული ვარ, ფარული ჩანაწერები კიდევ იქნება და ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი უკანონო ფარული ჩანაწერი ადამიანთა პირადი ცხოვრების. თავის დროზე პრემიერმა ღარიბაშვილმა უკანონო ფარული ჩანაწერების ფაილები რომ გაანადგურა, ის არ უნდა განადგურებულიყო. მე მაშინ ამ ჩანაწერების განადგურების წინააღნდეგი ვიყავი, რადგან ეს იყო დანაშაულის მტკიცებულება და მისი განადგურება თავად იყო დანაშაული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთადერთი, ვინც ამას ხელი არ მოაწერა, მაშინ იყო კახი კახიშვილი. რაღაც კომისია შეიქმნა საზოგადოებისა და ხელისუფლების მონაწილეობით, დასხდნენ, პორნოგრაფიულ კინოს უყურეს, მერე თქვეს გავანადგუროთო, არ მოგვწონსო... არადა ეს იყო ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები, რომლებიც არ უნდა განადგურებულიყო. მე ვფიქრობ, ამას ვიმკით დღეს... თუ განადგურებულია, მაშინ როგორღა ვრცელდება თუ ის ჩანაწერებია”, - დასძენს ალაფიშვილი და შეკითხვაზე - “ბესელიამ თქვა, რომ ძველი ჩანაწერებია” - პასუხობს:

“ვერ გეტყვით. ხელისუფლებას უნდა ეზრუნა ამაზე. ჟვანიას საქმეზე გაკეთებული ფოტომასალა რომ გავრცელდა, ამაზე გვაქვს პასუხები?! იყო გამოძიება ჩატარებული, თუ საიდან გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ პროკურატურის სეიფიდან გავრცელდა, თუმცა ჩვენ არ ვიცით რეალურად როგორ მოხვდა სოციალურ ქსელში და ამაშია საქმე".

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N2, თებერვალი, 2019) მიმოხილვა

რევოლუცია ვენესუელაში - “რუსული სამყაროს” დასასრულის დასაწყისი?! / სირიის ომის ახალი ეტაპი / რუსული სასაზღვრო კატარღები ოჩამჩირეში / პირველი პარაოლიმპიელი ქართველი სამხედრო / ქართველი ჯარისკაცი ქალი აფრიკის მისიიდან / ქართული ფლოტის საუკუნის წინანდელი საზღვაო ბრძოლები / "ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა"

“ვენესუელა, სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა, დღეს სამოქალაქო ომის ზღვარზეა. საქართველოსგან ათი ათას კმ-ზე მეტად დაშორებული ამ სამხრეთამერიკული სახელმწიფოს პრობლემები ჩვენ, წესით, ნაკლებად უნდა გვაწუხებდეს, რომ არა რთული რეალობა - ვენესუელამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის “დამოუკიდებლობა”... 2009 წლის 10 სექტემბერს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ოფიციალურად განაცხადა ამის შესახებ, რითაც პუტინის გული მოიგო. ჩავესი 2013 წლის მარტში გარდაიცვალა და ვენესუელის პრეზიდენტი მას შემდეგ ნიკოლას მადუროა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის “დამოუკიდებლობას” აღიარებს - მისი ხელახლა პრეზიდენტად არჩევის ინაუგურაციაზე შორეულ კარაკასში “ჩვენებური” სეპარატისტების ლიდერებიც კი ჩავიდნენ ცხინვალიდან და სოხუმიდან”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N2, თებერვალი, 2019) სტატიაში სათაურით რევოლუცია ვენესუელაში - “რუსული სამყაროს” დასასრულის დასაწყისი?! საქართველოს ოკუპაციის “გამპრავებელ” / ვენესუელაში სამხედრო გადატრიალება მწიფდება...

“მაგრამ სწორედ ბოლო არჩევნებზე ისევ მადუროს პრეზიდენტად არჩევის გამოცხადებამ ვენესუელაში სიტუაცია დაძაბა - მის პრეზიდენტობას არ ცნობენ აშშ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოების უმეტესობის ხელისუფლებები. 23 იანვარს ვენესუელის ქალაქებში რამდენიმე მილიონი კაცი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც არმიასა და პოლიციას მადუროს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ, მათ პრეზიდენტად უკვე გამოაცხადეს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო. ვენესუელის მოსახლეობის ასეთ მასობრივ პროტესტს ობიექტური მიზეზები აქვს: ინფლაციამ ქვეყანაში (საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციის თანახმად) წარმოუდგენელ მაჩვენებელს – მილიონ პროცენტს(!) მიაღწია. მოსახლეობის 93% საკვების უკმარისობას უჩივის, ქვეყნის საგარეო ვალმა 130 მლრდ დოლარს გადააჭარბა და ვენესუელა დეფოლტის ზღვარზე დგას”, - აღნიშნავს გამოცემა.

ეს ყველაფერი მით უმეტეს გასაკვირია, რადგან ვენესუელა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ნავთობის მოპოვების სფეროში, მაგრამ სწორედ ნავთობის ექსპორტზე დაფუძნებულმა მისმა ეკონომიკამ ვერ გაუძლო ნავთობის ფასის მკვეთრ დაცემას რამდენიმე წლის წინ, რასაც დაემატა ჯერ ჩავესის და შემდგომ კი მადუროს პრეზიდენტობის დროს დაშვებული შეცდომები ქვეყნის ეკონომიკაში. მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური პრობლემებისა, მადუროს ხელისუფლება კვლავ ყიდულობს ახალ შეიარაღებას რუსეთისგან, ჩინეთისგან და სამხედროებსა და პოლიციელებს ხელფასებს უზრდის – 31 მლნ-იან ვენესუელას 142-ათასიანი არმია და ამაზე მეტი საპოლიციო ძალა ჰყავს. მადუროს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სამხედროებისა და პოლიციელების გულის მოგებას, რისთვისაც ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებულ აღლუმებზე ძალის დემონსტრაციას ახდენს (ერთ-ერთ ასეთ აღლუმზე პრეზიდენტ მადუროს ტრიბუნის თავზე დრონიც კი ააფეთქა ოპოზიციამ, მაგრამ ჩავესის მემკვიდრე გადარჩა). მიუხედავად ამისა, სამხედროებისა და გვარდიელების ნაწილმა უკვე სცადა სამხედრო გადატრიალების წამოწყება, მართალია, უშედეგოდ, თუმცა სახალხო პროტესტის ზრდისდაკვალად ამის მცდელობა, სავარაუდოდ, გახშირდება და უფრო შედეგიანიც იქნება. სამოქალაქო ომსა და სისხლის ღვრას არ ვუსურვებთ შორეული ვენესუელის მოსახლეობას, თუმცა მადუროს ხელისუფლების ჩამოგდებით იმედია ისინიც ამოისუნთქავენ და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების `დამოუკიდებლობის~ ამღიარებელ, ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს ვენესუელაც გამოაკლდება”, - დასძენს გამოცემა”.

“გასული წლის 19 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და სირიაში სახმელეთო ოპერაციის დამთავრებაზე, იქიდან ამერიკული დანაყოფების გაყვანის შესახებ განაცხადა. ამერიკელმა სამხედროებმა მოკავშირეებსა და ქურთებთან ერთობლივი ბრძოლით სირიის ჩრდილოეთში ”ისლამური სახელმწიფოსგან” დიდი ტერიტორიები გაათავისუფლეს და ამჟამად სირიის 27,6%-ს აკონტროლებენ, რომელიც მოიცავს ქურთებით დასახლებულ კანტონ როჟავას, ქალაქ მანბიჯს მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე და ნავთობით მდიდარ რაიონებს ევფრატის აღმოსავლეთით, აგრეთვე სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთით იორდანიის საზღვართან მდებარე ბაზა ალ-ტანფს. ამერიკელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე სირიის არმიის დანაყოფების, რუსი დაქირავებულებისა და ირანელ მოლაშქრეთა შეღწევის რამდენიმე მცდელობა ქურთებმა ამერიკელი სამხედროების დახმარებით აღკვეთეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით სირიის ომის ახალი ეტაპი.

“ყველაზე ცნობილი ინციდენტი 2018 წლის 7 თებერვალს ქალაქ ჰაშამის რაიონში მოხდა - ამერიკული ავიაცია 3 საათი ბომბავდა სირიელთა სამხედრო კოლონას, რასაც, სავარაუდოდ, 11-დან 20-მდე რუსი დაქირავებული შეეწირა. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ როგორც კი ცნობილი გახდა, რუსულმა სამხედრო პოლიციამ სირიის არმიის დანაყოფებთან ერთად ქალაქ მანბიჯის მახლობლად 20-ზე მეტი სოფელი დაიკავა, თუმცა თავად ქალაქში კვლავინდებურად ამერიკელები არიან. არსებული მონაცემებით, ამერიკელებს სირიაში 22 ბაზა და გამაგრებული პუნქტი აქვთ, სადაც დაახლოებით 2 ათასი ამერიკელი სამხედრო მსუბუქი ჯავშანტექნიკითა და არტილერიითაა განთავსებული. ეს დიდი სამხედრო ძალა არ არის, მაგრამ მას ზურგს ძლიერი საჰაერო მხარდაჭერა უმაგრებს. სპეციალისტთა გათვლით, სირიიდან ამერიკელების გასვლისთვის 60-100 დღე სრულიად საკმარისია,”სი-ენ-ენის” ინფორმაციით კი 2019 წლის 11 იანვარს პენტაგონმა სახმელეთო სამხედრო ტექნიკის ერთი ნაწილი სირიიდან ერაყში უკვე გადაიტანა. ტრამპის გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მათ შორის მოკავშირე ქვეყნებისა და განსაკუთრებით ქურთების, რადგან ეს უკანასკნელნი, ფაქტობრივად, დაუცველი რჩებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სირიელ ქურთებს ბაშარ ასადის რეჟიმთან რთული ურთიერთობა აქვთ. არც ერთ მოლაპარაკებაზე ასთანაში, სოჭსა თუ ჟენევაში ქურთები არ მონაწილეობდნენ და არც სირიის კონსტიტუციაზე მომუშავე კომიტეტში არიან წარმოდგენილი. ამერიკელების დახმარებით ქურთებმა შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურები ჩამოაყალიბეს და თვლიან, რომ დამასკო კომპრომისზე წამსვლელი არ არის. სირიის ხელისუფლებასთან ოპოზიციაში და ამერიკელთა მფარველობაში მყოფი ქურთულ-არაბული “სირიის დემოკრატიული ძალების” შემადგენლობაში შემავალ ქურთების “სახალხო თავდაცვის რაზმებს” ანკარა აიგივებს “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ფაქტობრივად, სირიელი ქურთები თურქეთთან ომის მდგომარეობაში არიან. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის თქმით, ანკარა ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან, ანუ სირიის ჩრდილოეთში “ტერორისტული კორიდორის” შექმნას არ დაუშვებს და პრობლემიდან გამოსავალს ვაშინგტონთან ერთობლივ მუშაობაში ხედავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის 19 დეკემბრის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკელი სამხედროების კონტროლირებად სირიის ჩრდილო ტერიტორიებზე ქურთ ტერორისტებთან ბრძოლის საბაბით ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. თურქმა სამხედროებმა სირიის სახელმწიფო საზღვრიდან საინჟინრო ღობურები მოხსნეს და მძიმე ჯავშანტექნიკას შეჭრისთვის გზა გაუხსნეს. ჯერჯერობით ანკარა ოპერაციის დაწყებაზე ფეხს ითრევს, სანამ ამერიკელებთან ქურთების თაობაზე სასურველი შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ქურთებთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარის პოზიცია ასეთია: `ჩვენ დავიცავთ ქურთებს, მაგრამ გავანადგურებთ “ქურთების მუშათა პარტიას”. ცხადია, რომ თურქეთი თავის პოზიციებს “ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკით” ამაგრებს და ქურთ ტერორისტებთან ბრძოლის საბაბით სირიის პატარ-პატარა ნაწილებს იკავებს. ამასობაში კი 16 იანვარს სირიის ქალაქ მანბიჯში “ისლამური სახელმწიფოს” მოწყობილმა აფეთქებამ და ამერიკელი სამხედროების დაღუპვამ პრეზიდენტ ტრამპისადმი უარყოფითი განწყობა უფრო გააძლიერა, ხოლო ამერიკელთა გეგმებში კორექტივები შეიტანა. ამერიკელი სამხედროები სირიიდან ერაყში ქირქუქის პროვინციაში სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზა К1-ში გადადიან, რაც ირანის მხარდაჭერილი ერაყის შიიტური დაჯგუფება “ჰაშდ აშ-შააბის” უკმაყოფილებას იწვევს. დაჯგუფების ლიდერებს ერაყში ამერიკული ძალების გაძლიერება არ მოსწონთ და მუქარიან განცხადებებსაც აკეთებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“სირიაში ვითარებას უფრო ამწვავებს ბოლოდროინდელი ისრაელ-ირანის დაპირისპირება, 20 იანვარს ჰერონის მთაზე მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით სირიიდან გამოშვებული ირანული “მიწა-მიწა” კლასის რაკეტა ისრაელმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Iron Dome-ის საშუალებით ჩამოაგდო. იმავე დღეს ისრაელის 4 გამანადგურებელი სირიის სამხრეთ საზღვრებს მიუახლოვდა და სარაკეტო დარტყმები დაიწყო სირიელთა საჰაერო თავდაცვის ობიექტების გამოსავლენად. 21 იანვრის ღამით ისრაელის ავიაციამ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის რაიონს ერთდროულად სამი მხრიდან მასირებულად ათეულობით რაკეტითა და მართვადი ავიაბომბით შეუტია. სირიელთა მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ ისრაელელთა თავდასხმის დაახლოებით 30 საშუალება ჩამოაგდო. ისრაელის მონაცემებით, განადგურდა დამასკოს აეროპორტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შენობების კომპლექსი, რომელსაც ირანის სპეცდანიშნულების ძალების Al Quds -ის დანაყოფები იყენებდნენ, ასევე რადიოლოკაციური სადგური და საზენიტო-სარაკეტო ქვემეხიანი კომპლექს “პანცირ- C1”-ის დანადგარი, ხოლო ირანელთა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა დამასკოს აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო. დაზუსტებულ ინფორმაციას იძლევა დედამიწის თანამგზავრული დაკვირვების ისრაელის სისტემა Eros-B -ის ოპერატორი კომპანია Iმაგეშატ-ის ფოტოები, რომლებზეც ჩანს 21 იანვრის საავიაციო დარტყმით განადგურებული ირანელთა სამხედრო საწყობები, ჩინური რადიოლოკაციური სადგური JY-27, რუსული საზენიტო-სარაკეტო ქვემეხიანი კომპლექსი “პანცირ- C1”-და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკ”-ი.”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ლონდონის ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის სირიის ობსერვატორიის მონაცემებით, დაბომბვისას სირიის არმიის, ლიბანის `ჰეზბოლასა~ და ირანელ მოლაშქრეთა 20-ზე მეტი მებრძოლია დაღუპული. ცნობილი გახდა, რომ 22 იანვრის დილით სირიის არმიის მე-5 კორპუსის მე-8 დივიზიასა და ირანელ მოხალისეთა მე-4 დივიზიას შორის ჰამას პროვინციის ალ-გაბის ხეობის სამხრეთ ნაწილში სროლა ატყდა რუსების მონაწილეობით, ოღონდ უცნობია სროლაში რუსი სამხედროები თუ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები მონაწილეობდნენ. სროლა ირანელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე სირიელ სამხედროთა შესვლის მცდელობას მოჰყვა. გარდა ამისა, ირანელები რუსეთს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის ხელს უწყობს ისრაელის ავიაციას თავდასხმებში და თავდასხმის დაწყების დროს ირანელებს არ აცნობებენ. თეირანი ასევე თვლის, რომ რუსები სირიის საკვანძო ზონებიდან ირანელთა გამოდევნას ცდილობენ. ისრაელის საჰაერო თავდასხმებს დამასკომ თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტზე ავიადარტყმის მუქარით უპასუხა, ირანმა კი არ გამორიცხა საზენიტო-სარაკეტო საშუალებებით ისრაელის ავიაციაზე ლიბანის საჰაერო სივრცეში დარტყმა. ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის თქმით, ირანის სამხედრო ავიაცია მოუთმენლად ელოდება სიონისტური რეჟიმის განადგურების შესაძლებლობას. ისრაელს სირიიდან ირანელი სამხედროების გასვლა სურს, იგივე უნდა ვაშინგტონსაც. მაშინ როცა ირანი სირიასა და ერაყში პოზიციების გამყარებითაა დაკავებული, ახალი ინციდენტები შესაძლოა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. საყურადღებოა ისრაელის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის მინისტრის ისრაელ კაცის შეფასება – მან შექმნილ მდგომარეობას ირანთან აშკარა დაპირისპირება უწოდა და საჭიროების შემთხვევაში მისი უფრო გაძლიერება არ გამორიცხა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“აფხაზეთის 1992-93 წლების ომში აფხაზ სეპარატისტთა მხარეს რუსეთის არმიის უშუალო მონაწილეობის გარდა, მოსკოვი აფხაზებს მრავალფეროვან სამხედრო-ტექნიკურ დახმარებასაც უწევდა, მათ შორის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაქმნელად კატარღებით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით. გარდა ამისა, რამდენიმე რუსმა საზღვაო ოფიცერმა და პრაპორშჩიკმა სამსახური სეპარატისტებთან განაგრძო. სამხედრო-ტექნიკური დახმარება უფრო გაიზარდა ომის შემდგომ და სხვადასხვა დროს რუსეთმა აფხაზ სეპარატისტებს 11 კატარღა (სამი 1400 “გრიფი”, ოთხი 1204 “შმელი” და ოთხი 1415 “კულიკი”-ი) გადასცა, ზოგი იარაღის გარეშე, ზოგიც საშტატო შეიარაღებით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის გახსნასთან ერთად სანაპირო დაცვის სასაზღვრო-სადარაჯო კატარღების დივიზიონის განთავსება გადაწყვიტა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რუსული სასაზღვრო კატარღები ოჩამჩირეში.

“ოჩამჩირეში, იქ, სადაც ადრე საბჭოთა მესაზღვრეთა მე-6 ცალკეული საზღვაო ბრიგადა იდგა, დივიზიონისთვის პრაქტიკულად ახალი ინფრასტრუქტურა აშენდა. განახლდა და მწყობრში ჩადგა ზღვაზე რადიოტექნიკური დაკვირვების პოსტი, შვეულმფრენთა მისაღები მოედანი, კატარღების სარემონტო სახელოსნო, საწყობები, პირადი შემადგენლობისთვის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, საწვავის შესანახი ავზები და სხვ. თავიდან ითქვა, რომ ოჩამჩირის დივიზიონი უახლესი პროექტების 10 სასაზღვრო-საპატრულო კატარღით დაკომპლექტდებოდა. 2009 წლის 11 დეკემბერს ოჩამჩირეში დივიზიონის პირველი ორი კატარღა – “პსკა”-301 (ბორტი N205) და “პსკა”-609 (ბორტი N609) შევიდა, ხოლო 2010 წლის იანვრის ბოლოს კიდევ ორი კატარღა, “პსკა”-302 (ბორტი N206) და “პსკა”-608 (ბორტი N608) დაემატა. 2010 წლის 26-27 ივლისს სოხუმის ყურესა და სოფელ ქვედა ეშერის სანაპირო ზოლში პირველად ჩატარდა რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი საზღვაო სწავლება “შავი ზღვის უსაფრთხოება 2010”. სწავლებაში 300 სამხედრო, ჯავშანტექნიკის 10 ერთეული, თითო-თითო აფხაზური და რუსული შვეულმფრენი, შავი ზღვის ფლოტის კორვეტი “სუზდალეცი”, 2 რუსული და 1 აფხაზური საპატრულო კატარღა მონაწილეობდა. რუსეთის სანაპირო დაცვის ოჩამჩირის დივიზიონი რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის შავი ზღვა-აზოვის ზღვის სასაზღვრო სამმართველოს ექვემდებარება. დროდადრო ოჩამჩირესა და სოხუმში სამმართველოს შემადგენლობაში არსებული სოჭის, ნოვოროსიისკისა და ბალაკლავის სასაზღვრო-საპატრულო დივიზიონების კატარღებიც შედიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღეისათვის ოჩამჩირის დივიზიონის შემადგენლობაში არის 12200 “სობოლის” პროექტის სამი (“პსკა”-301, “პსკა”-302, “პსკა”-304) და ამდენივე 12150 “მანგუსტის” პროექტის (“პსკა”-608, “პსკა”-609, “პსკა”-611) კატარღა. რუსული სასაზღვრო-საპატრულო კატარღები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტერიტორიული წყლების 12-მილიან ზონას დაახლოებით 215 კმ სიგრძეზე აკონტროლებენ. ფაქტობრივად, რუსეთის სანაპირო დაცვა საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით აფხაზეთის დახურულ პორტებში უცხო ქვეყნების სავაჭრო გემების შეუფერხებელი შესვლა-გასვლის, სამგზავრო გემების მიმოსვლისა და სანაპირო ზოლში თევზის მოპოვების უსაფრთხოების უზრუნველყოფითაა დაკავებული. უფუნქციოდ დარჩენილი ე.წ. აფხაზეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი კი გაუქმდა და სეპარატისტთა განიარაღებული ძველი კატარღები სოხუმის სატვირთო რაიონში ჯართად დაჭრის მოლოდინში იჟანგება. სოხუმს საზღვაო ტრანსპორტზე საბაჟო კონტროლის მოვალეობა დარჩა და ამ მიზნით რუსეთმა აფხაზებს 2015 წლის 16 სექტემბერს საბაჟო კატარღა TC-514 “მუფლონი” გადასცა. საინტერესოა, რომ კატარღაზე აფხაზურ დროშასთან ერთად რუსეთის საბაჟო სამსახურის დროშაც ფრიალებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“12200 “სობოლის” პროექტის კატარღებს სანქტ-პეტერბურგში გემთსაშენი ფირმა “ალმაზი” სერიულად აშენებს და პირველი კატარღა შემკვეთს, რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვას, 2006 წელს საცდელი ექსპლუატაციისთვის გადაეცა. “სობოლების” დანიშნულებაა სანაპირო ზონაში სწრაფსვლიანი საზღვაო მიზნების დაკავება, სანაპირო კომუნიკაციებისა და გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვა, ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა და სხვ. კატარღის კორპუსი და ზედნაშენი ალუმინის შენადნობის ფურცლებითაა აგებული და აღჭურვილობაში მრავლადაა გამოყენებული დასავლეთის ქვეყნებში დამზადებული აგრეგატები, სისტემები თუ მასალები. მაგალითად, `სობოლს~ გერმანულ კომპანია Deutz -ში წარმოებული ორი დიზელ-რედუქტორიანი აგრეგატი და დამხმარე ენერგეტიკული დანადგარი აქვს. კანადურ Raymarina -შია დამზადებული სანავიგაციო ინტეგრირებული სისტემა TS60 და სანავიგაციო რადიოლოკაციური სადგური ST50LCD-ი, ხოლო წამყვანი ხრახნების ორი ამძრავი ASD14 ამერიკულ კომპანია Аrneson-შია გამოშვებული. კატარღის სიგრძე 30,3 მ-ს, ხოლო სრული წყალწყვა 57,5 ტ-ს შეადგენს. შეუძლია მაქსიმალური 47-50 კვანძი სიჩქარის განვითარება და ეკონომიური 40 კვანძით 500 მილის დაფარვა. ეკიპაჟი 6 კაცისგან შედგება. საჰაერო, სანაპირო და წყალზედა მიზნებთან ბრძოლისთვის ეკიპაჟის განკარგულებაშია ტუმბაზე დაყენებული 14, 5 მმ-იანი “კპვტ”-ის სისტემის ტყვიამფრქვევი”, - დასძენს გამოცემა

“2000 წლიდან ქალაქ რიბინსკის გემთსაშენი ქარხანა "ვიმპელი" 12150 “მანგუსტის” პროექტის კატარღებს აშენებს და გადასცემს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვას, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ფლოტს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, სატრანსპორტო პოლიციასა და საბაჟო სამსახურს. კატარღის დანიშნულებაა ტერიტორიულ წყლებში საზღვრების პატრულირება, სანაპირო ობიექტებისა და საზღვაო პორტების აკვატორიის დაცვა, საზღვაო გზებით შემოსული კონტრაბანდის აღკვეთა, უკანონო თევზჭერასთან ბრძოლა, ნაოსნობის გაკონტროლება, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა და სხვ. `სობოლების~ მსგავსად, "მანგუსტებზეც" მრავლადაა უცხოური წარმოების აგრეგატები და სისტემები. მთავარ ენერგეტიკულ დანადგარში რუსული წარმოების დიზელის ძრავებთან ერთად, გერმანული MTU -სა და MAN -ის დიზელის ძრავებიცაა გამოყენებული. ამერიკული Westerbeke -ს წარმოებისაა დიზელ-გენერატორები, ხოლო წამყვანი ხრახნების ამძრავები – ამერიკული Аრნესონ-ის. “მანგუსტის~ სიგრძე 19,45 მ-ს, ხოლო სრული წყალწყვა 28,7 ტ-ს აღწევს. დაცურავს მაქსიმალური 50 კვანძის სიჩქარით, ეკონომიური 36 კვანძით კი 410 მილს ფარავს. შეუძლია 3-6-კაციანი ეკიპაჟით ზღვაში 2 დღე გაატაროს და დავალებები 4-ბალიანი შტორმის დროსაც შეასრულოს. სააბორდაჟო ოპერაციებისთვის ეკიპაჟის განკარგულებაშია რეზინის კატარღა. სასაზღვრო-საპატრულო დანიშნულების `მანგუსტის~ შეიარაღება კიჩოს მხარეს ტუმბაზე დაყენებული 14,5 მმ-იანი “კპვტ”-ის სისტემის ტყვიამფრქვევისგან შედგება, რომლითაც სანაპირო და საზღვაო მიზნების 2 ათას მ-ს სიშორეზე, საჰაეროსი კი 1 500 მ-ს სიმაღლეზე განადგურებაა შესაძლებელი”, - წერს სტატიის ავტორი.

“რამდენიმე წლის წინ ავღანეთში სამშვიდობო მისიაზე ყოფნისას ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. სტრესი დიდი იყო, თუმცა ძალიან მალე იპოვა ძალა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა... ქართველი სამხედრო, პარაოლიმპიელი თემურ დადიანი, შესაძლოა ბევრისთვის მოტივაცია გახდეს. როგორც ამბობს, ჯერ კიდევ უამრავი გეგმა აქვს, რომელსაც აუცილებლად შეასრულებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ჩემპიონობისთვის სწრაფვა ქართული არმიის სახელით / პირველი პარაოლიმპიელი ქართველი სამხედრო ოლიმპიადისთვის ემზადება.

“თავდაცვის ეროვნული აკადემიის სიმულაციურ ცენტრში იარაღის გამოყენების ინსტრუქტორი ვარ. ძალიან საინტერესო პროფესიაა, ურთიერთობა მუდმივად ახალ თაობასთან მიწევს, რაც ძალიან ბევრ რამეს მაძლევს... მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, ეს იმაშიც მეხმარება, რომ ჩემს მეგობრებს და თუნდაც სხვა ტრავმირებულ ადამიანებს დავანახვო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ცხოვრება გრძელდება. უამრავი გამოწვევის შემდეგ გადავწყვიტე, პარაოლიმპიელების ზამთრის ოლიმპიადაზეც მეცადა ბედი. კანადაში თხილამურებით კროსში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მოსამზადებელ ეტაპს გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე გავდივართ, ჩემთან ერთად არიან მწვრთნელები, თამაზ მოსაშვილი და ნიკოლოზ იაშვილი. კანადაში მსოფლიო ჩემპიონატი 15-დან 24 თებერვლის ჩათვლით არის დაგეგმილი და ზამთრის ამ სპორტის სახეობაში პარაოლიმპიელებში საქართველოს სახელით პირველად მივიღებ მონაწილეობას. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ იმედია, გამომივა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თავდაცვის ეროვნული აკადემიის სიმულაციური ცენტრის კაპრალ-სპეციალისტი თემურ დადიანი.

“ამ ეტაპზე პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ ევროპისა და მსოფლიო დონის შეჯიბრებაზე გავიდე, პარათხილამურებით ვსრიალებ. ეს არის თხილამურის ერთ-ერთი სახეობა - კორსი. სპორტის ეს სახეობა ახლა იღებს სათავეს და ძალიან გამიხარდება, თუ მის დამკვიდრებაში წვლილს შევიტან. აქამდე საქართველოში ვერც ვვარჯიშობდი, არ იყო პირობები, ერთი კვირით ადრე მივდიოდი რომელიმე ქვეყანაში და იქ ვსრიალებდი, ეს კი საკმარისი არ იყო და მცირე მომზადებით მიწევდა შეჯიბრებაზე გასვლა. ასე არასაკმარისად მომზადებული გავედი შარშან სამხრეთ კორეაში ზამთრის პარაოლიმპიურ შეჯიბრებაზე. საკმაოდ ნორმალური შედეგი მქონდა და ამან მომცა მოტივაცია, წელს უფრო კარგად მოვემზადო. შეჯიბრება სულ სამ დისტანციაზე იმართება: პირველია სპრინტი – 1 კმ-სა და 100 მ-ზე, შემდეგ მოდის შუა დისტანცია, 7 კმ და 500 მ, ბოლოს კი ყველაზე გრძელი დისტანცია 15 ან ზოგჯერ 20 კმ-ია. შარშანდელ ოლიმპიადაზე სამივე დისტანციაში ვმონაწილეობდი და პირველად შუა დისტანციაზე გავედი, სადაც 100-ზე მეტ მონაწილეს შორის 30-ე ვიყავი. შემდეგ ძალა გრძელ მანძილზეც მოვსინჯე, მაგრამ თხილამურები გამიტყდა და დავზიანდი. წელს გუდაურში სრიალის შესაძლებლობა მოგვეცა და ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელია. მთავარია, ძვრები დაიწყო, ჩვენი ძალებით რაღაცებს ვახერხებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დაჭრის შემდეგ რეაბილიტაცია აშშ-ში გავიარე და მათი გაცნობისა და მეგობრობის შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ ტრავმის შემდეგ ცხოვრება არ მთავრდება. იქ გაცნობილ მეგობრებს წლების განმავლობაში ვხვდები შეჯიბრებებსა და ოლიმპიადებზე. ეს ძალიან დიდი სტიმულია. ისინი აქტიურ ცხოვრებას განაგრძობენ და ძალიან მინდა ჩემი სამხედრო მეგობრებიც ასე იყვნენ. ურთიერთობები მაქვს როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელებთანაც, სამწუხაროდ, უცხოელები ჩვენზე მეტად რეაბილიტირებულები და ინტეგრირებულები არიან, რაც ბევრი რამით არის განპირობებული, მათ შორის მენტალობით ... ჩვენთანაც ბევრი რამ გაკეთდა, თავდაცვის სამინისტროს აქვს დაჭრილების სარეაბილიტაციო პროგრამები. ჩვენი დაჭრილები ყოველწლიურად მონაწილეობენ პრინც ჰარის მიერ დაფუძნებულ “ძლიერთა თამაშებში”. 2017 წელს ტორონტოში ბოლო რბოლაში მეც ვმონაწილეობდი, მაგრამ სათანადოდ არ ვიყავი მომზადებული და მეორე ადგილზე გავედი. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან შინაური, თბილი და მოწესრიგებული გარემოა შექმნილი, პარასპორტსმენებს ერთმანეთის გაცნობისა და ურთიერთობის საშუალება გვაქვს. ეს კი სტიმულია, რომ შენს თავში არ ჩაიკეტო, იბრძოლო და იცხოვრო. ასეთი დატვირთვა აქვს ასევე ამერიკელ საზღვაო ქვეითთა თამაშებს (Marine Corps Trials). მაგრამ მასში მხოლოდ საზღვაო ქვეითები მონაწილეობენ, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შენი თავის რეაბილიტაცია მოახდინო. ამჟამად კალათბურთსა და ცურვაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. როგორც ვიცი, თებერვალში საზღვაო ქვეითთა თამაშზე მიდიან. არის პროგრამები, სადაც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო თამაშებშიც არის ჩართული”, - დასძენს თემურ დადიანი და შეკითხვაზე - “როგორც ვიცი, მკლავჭიდელიც ხართ...” - პასუხობს:

“დიახ, შარშან მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი გავხდი. მოყვარულის დონეზე ცურვაშიც ვვარჯიშობ. ასე რომ, ბევრი რამეა, რაშიც შეიძლება თავის გამოცდა, რათა თავს დაუმტკიცო, რომ ეს შეგიძლია. ყველას ვეუბნები, არ მოდუნდნენ, იარონ ყველგან, გაიცნონ ახალი ადამიანები, ივარჯიშონ და ცხოვრება გააგრძელონ. მერე რა, თუ ჩემპიონები ვერ გახდებიან, სახლიდან ხომ გავლენ. ამისთვის სახელმწიფოს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მე სპორტმა გადამარჩინა და მას ვუმადლი, რომ ცხოვრების გაგრძელებისთვის ჩემს თავში ძალა ვიპოვე. საკუთარი რეკორდი მოვხსენი აზიდვებში (ფლენჩის სახეობა), ვარ ორგზის გინესისა და მსოფლიო რეკორდსმენი, ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატის 2 ოქროს მედლის მფლობელი, პარამოფარიკავეთა მსოფლიო ოცეულის წევრი; პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ორგზის ვერცხლის მედლის მფლობელი... ეს ყველაფერი არის ის, რითაც შემიძლია ვიამაყო და რაც ცხოვრების გაგრძელებაში დამეხმარა. მალე ოჯახს შევქმნი, უკვე რამდენიმე წელია რჩეული მყავს და აქამდე ვერ მოვაბი დაქორწინებას თავი. იმედია, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას”.

“სამხედრო პოლიციის მაიორს თამარ კიკნაძე ძალოვან სისტემაში სამსახურის მდიდარი ბიოგრაფია აქვს. შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურაში 11 წელი იმსახურა და თავდაცვის სამინიტროში ხუთი წელია რაც მსახურობს. მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. მისი მოვალეობაა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართულ დანაყოფებში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაა. საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან ასრულებს. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო იცავს ევროკავშირთან შეთანხმების პირობებს, კონკრეტულად, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობის პირობას”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართველი ჯარისკაცი ქალი აფრიკის მისიიდან.

2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო სამხედრო მრჩეველთა ახალი მისია (EUMAM RCA), რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში დახმარება. ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის ეგიდით აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანით ქართველი ჯარისკაცები საქართველოს წარმოაჩენენ როგორც ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორ ქვეყანას. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ეროვნული გვარდიის ნაკრები ქვეითი ოცეული იმყოფება. ჩვენი ჯარისკაცებისთვის საამაყოა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვასა და სტაბილურობაში მათაც შეაქვთ წვლილი, რაც ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის შეფასებასა და დაფასებას ნიშნავს. გარდა ამისა, იმ გამოცდილების გაზიარება, თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ ევროკავშირის ქვეყნები მსოფლიოს სტაბილურობაში, ქართველი ჯარისკაცებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. აფრიკის ოთხწლიან მისიას უხმაუროდ არ ჩაუვლია, იყო სკანდალიც, რომელმაც ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და ჰუმანიზმს ჩრდილი ვერ მიაყენა. პირიქით, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი პატარები, მათგან დიდ სითბოს იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ დაპირისპირებაში კოალიციის ჯარების მფარველობით მოსახლეობა თავს უფრო დაცულად გრძნობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გასული წლის 15-18 დეკემბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მყოფი ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის პირადი შემადგენლობა ცენტრალური აფრიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა მარი-ნოელ კოიარამ, დივიზიონის გენერალმა ჟან-პიერ დოლე-ვაიამ და ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჟოზე გაიოტომ ცენტრალური აფრიკის მედლით (3 ოფიცერი), ვარსკვლავი სამხედრო დამსახურებისათვის (31 სერჟანტ/კაპრალი) და ევროკავშირის მედლით (35 ს/მ) დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის იყო სამხედრო პოლიციის ოფიცერი თამარ კიკნაძეც, რომელიც პირველი ქალია საქართველოდან აფრიკის მისიაში. პოლიციის მაიორი თამარ კიკნაძე აფხაზეთის ომის გმირის გოგიტა კიკნაძის დაა. მეორე შვილიშვილი რომ შეეძინა, ავღანეთის მისიაში იმყოფებოდა. ჯარისკაცმა ბებომ პატარა გაბრიელი ექვსი თვის შემდეგ გაიცნო. თამარმა შსს-ს სტრუქტურებში 11 წელი გაატარა, თავდაცვის უწყებაში კი ხუთი წელია, მსახურობს. საერთაშორისო მისიებში მისი მოვალეობა წესრიგის დაცვაზე ზრუნვაა. სამხედრო პირისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და დედობრივი მზრუნველობა თამარს თანაბრად ახასიათებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“თამარის დედამ ელენე აფციაურმა-კიკნაძემ სამი შვილი გაუზარდა სამშობლოს: გოგიტა, მაია და თამარი. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, გოგიტა 17 წლის იყო, პოლიციის უმაღლესი სკოლის პირველ კურსზე სწავლობდა. 20 წლის ვარო, უპატაკა უფროსს და ამგვარი ტყუილით შეძლო ჩვენი ბიჭების კვალდაკვალ თვითონაც ომის ქარცეცხლში გახვეულიყო. როგორც ასაკით პატარას, მეომრები საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმას უშლიდნენ. გაგრისთვის ბრძოლებში ჯავშანტრანსპორტიორიდან გადმოსვეს, მაგრამ ხელახლა ჩაუხტა მათ. საბრძოლო მანქანა, რომელშიც გოგიტა იჯდა, მტრის სამიზნე გახდა. დაჭრილი ჯარისკაცი აფეთქებული ჯავშანტრანსპორტიორიდან სამედიცინო მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, მართლაც განწირული იყო ეს ღიმილის ბიჭი და ახლა სამედიცინო მანქანას მოხვდა ჭურვი. აქ წყდება გოგიტას სიცოცხლეც და კვალიც. გოგიტა ჯერჯერობით უსაფლავო გმირია. წყდება მისი სიცოცხლის გზა, სამაგიეროდ, ახლდება და მეორდება ისტორია. თამარზე წერაც გარკვეულწილად გოგიტას ისტორიის გამეორებაა, ხოლო მისი გზა - გოგიტას გზის გაგრძელება. დების გადაწყვეტილება სამხედრო სამსახურში შესვლის შესახებ ამანაც განაპირობა. როგორც ამბობს, თავადაც ძალიან ჰგავს ძმას, სამართლიანი, მომთხოვნი და საქმეში პირველია. იგი პირველი ქალი იყო სამხედრო პოლიციიდან ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, დღეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე შეიარაღებული ძალებიდანაა პირველი ქალი აფრიკის საერთაშორისო მისიაში. თამარი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისია EUTM RCA -ში ექვსი თვეა ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილეობს. დანაყოფი დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზეა" განთავსებული. ქართველი მშვიდობისმყოფლების ამოცანებია: ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“დედამ მხოლოდ ეს მითხრა, შვილო, ყველგან ჩემი შვილები როგორ უნდა იყვნენ წინო?! იცოდა, რომ პირველი ქალი ვიყავი სამხედრო პოლიციიდან. როცა გაიგებენ, გოგიტა კიკნაძის და ვარ, ამით ჩემს ძმას უფრო ვასახელებ. ნუ გეშინია, ყოველდღე დაგირეკავ-მეთქი, ვანუგეშე, და ასე ლამაზად შევაგუე ჩემს წასვლას. ავღანეთში ორჯერ ვიყავი, ყველა მისია ინდივიდუალური და განსხვავებულია. ავღანეთში სხვა საბრძოლო ამოცანები იყო შესასრულებელი, აქ კი სხვა დავალებებია. ავღანეთში 2017 წლის 6 სექტემბერს, როდესაც ბაგრამის საავიაციო ბაზაში ვიმყოფებოდი, ბაზის ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც მოტოციკლეტს მართავდა, თავი აიფეთქა. უფროსი ლეიტენანტის, ივერი ბუაძის მეთაურობით ქართველი ჯარისკაცები ბაზის შესასვლელთან ავტომობილებს ამოწმებდნენ. ივერი მძიმედ დაიჭრა. ორი თვე კომაში იყო, სასწაულმა გადაარჩინა. ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ისე მალე გამომჯობინდა. სამწუხაროდ, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მაგრამ პროთეზი გაუკეთეს და სიარული შეძლო. ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის ამერიკაში. სირბილზე ოცნებობს, რასაც, დარწმუნებული ვარ, აიხდენს, იმდენად მოტივირებული და ძლიერი ჯარისკაცია. მდინარი ბებიაშვილის დაღუპვამ კი ჩემი გოგიტა გამახსენა და ტკივილი გამიახლდა. დადგება დრო და ისტორია იტყვის ამ ბიჭებზე სათქმელს. სწორედ მათ გმირობებზე უნდა იზრდებოდნენ თაობები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

“ბედნიერი ვარ, როცა ამ ბიჭებს ვუყურებ, ღირსეულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს. უცხოელები გაკვირვებული არიან ჩვენი ჯარისკაცებით, ვინა ხართ ეს ქართველებიო?! ჩვენი მებრძოლების ქება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. აქ ძალიან ნესტიანი ჰავაა, ტროპიკული სიცხეები... ახლა მით უმეტეს, სიცხის სეზონი დაიწყო, მაგრამ პირობები ნორმალური გვაქვს. მოსახლეობასთან ჩვენს ჯარისკაცებს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. ქალაქში გასვლა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის ადგილები, სადაც გადაადგილება სახიფათოა. ავღანეთში თუ გახვიდოდი, მკვდარი იყავი. აქ ადგილობრივებსა და კოალიციის ჯარებს შორის უფრო კეთილგანწყობაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს. ბავშვები სულ წყალს ითხოვენ. როგორც ავღანეთშია წყლის პრობლემა, ისეა აქაც. გვეხვეწებიან წყალსა და საჭმელსაც. ხელებით გვანიშნებენ, გვშიაო. ქართველი ჯარისკაცები პირიდან იღებენ ლუკმას და მათ აძლევენ. ბაზაში მომსახურე აფრიკელებს ქართულს ვასწავლით, რამდენიმე ქართული სიმღერაც შევასწავლეთ. როცა დამინახავდნენ, “ბიჭო, ბიჭოს” მეძახდნენ, ახლა ისწავლეს და “ქალბატონ თამარს” მეძახიან”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ახლახან დაბადების დღე გქონდათ, როგორი ზეიმი მოგიწყვეს ქართველმა ჯარისკაცებმა ერთადერთ ჯარისკაც ქალს?” - პასუხობს:

“ბაზის ხელმძღვანელობა შეიკრიბა და ძალიან პომპეზურად და ოვაციებით შემხვდნენ. სამახსოვრო სუვენირიც გადმომცეს. აქ ალკოჰოლური სასმლის სმა არ შეიძლება. უბრალოდ, შევიკრიბეთ, სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთეს: „”თამარ, გილოცავთ, დაბადების დღეს”. ყველა ქართველი ჯარისკაცის დაბადების დღეს ასე აღვნიშნავთ. მთელი ოცეულია აი, ამ ფოტოზე. როცა მე აღარ ვიქნები, ჩემს მომავალ თაობას რელიკვიად ექნება”.

“1918 წლის 5 (18) მარტს ბათუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დაკავების ოპერაციას ქართველმა სამხედროებმა წარმატებით გაართვეს თავი და გაჩნდა ბათუმის დაცვაში სამხედრო ხომალდების გამოყენების შესაძლებლობა, თურქები კი ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში იყვნენ. მარმარილოს ზღვაში ბლოკირებული თურქეთის ფლოტი ძველი ჯავშნოსან Turgut Reis -ის, ძველი ჯავშანგემბანიან კრეისერ Mecidiye -სა და ორ ათეულამდე უფრო დაბალი კლასის ხომალდისგან შედგებოდა. თურქეთის მე-3 არმიის სარდლობას ბათუმის ოპერაციაში გერმანული სახაზო კრეისერ Goeben-ის გამოყენება სურდა, მაგრამ ბერლინმა უარი შემოუთვალა. გარდა ამისა, ბოსფორის სრუტის შესასვლელები რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა 1914-16 წლებში დანაღმა, ხოლო მტრალავი ხომალდების ნაკლებობის გამო თურქებს განაღმვა და შავ ზღვაში გასვლა უჭირდათ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართული ფლოტის საუკუნის წინანდელი საზღვაო ბრძოლები.

“ამ დროს ქართველ სამხედროებს ზღვიდან საცეცხლე ზემოქმედებით ხმელეთზე მოწინააღმდეგის შევიწროება შეეძლოთ, მაგრამ ამისათვის ხომალდების ეკიპაჟები საიმედო, თანაც მომზადებული მეზღვაურებით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული. რადგან ბათუმში დაკავებულ ბოლშევიკ მეზღვაურებზე უარი ითქვა, ამიტომ სასწრაფოდ მათი შემცვლელების პოვნა გახდა საჭირო. ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი ამოცანა გამოდგა. ფლოტის ახალდანიშნული სარდლის მე-2 რანგის კაპიტან ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის (ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაამთავრა ფოთში მიხაილოვის საზღვაოსნო კლასები, 1902 წელს მიენიჭა ფლოტის თადარიგის პორუჩიკის წოდება საზღვაო ნაწილში და მიჩმანად ჩაირიცხა, მონაწილეობდა იაპონიასთან ომში, სადაც 1905 წელს ნაღმოსანი N202-ის მეთაურობა ჩაიბარა, 1906 წლიდან ფლოტის თადარიგის ლეიტენანტია, პირველი მსოფლიო ომის დროს ერთხანს ბალტიის ფლოტში დამხმარე კრეისერ `მიტავას~ უფროს ოფიცრად მსახურობდა, 1918 წლიდან თბილისში ამიერკავკასიის კომისარიატის სამხედრო-საზღვაო კომისართან არსებულ ეროვნებათშორისი სამხედრო საბჭოს სამხედრო-საზღვაო სექციას ხელმძღვანელობდა.). 5 (18) მარტს ბათუმიდან შს მინისტრმა ნოე რამიშვილმა პირდაპირი ტელეფონით მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორთან საუბრისას არანაკლებ 30 არტილერისტი ოფიცრის გამოგზავნა ითხოვა. ანალოგიური თხოვნით კავკასიის ფრონტის გენერალ-კვარტირმაისტერის თანაშემწემ პოლკოვნიკმა გიორგი კვინიტაძემ შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ლევანდოვსკის მიმართა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრობლემა იმდენად მწვავე იყო, რომ 6 (19) მარტს ნოე რამიშვილი შავი ზღვის დაკავებულ მატროსებს კრებაზე შეხვდა და შესაბამისი ანაზღაურებით სამსახურის გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ მეზღვაურებმა უარი თქვეს. იმ ამბების მონაწილე ბათუმის საზღვაო ასეულის კაპიტანი შუგუროვი შემდეგ იხსენებდა: “რადგან გემებზე დაბალი ჩინოსნები არ გვყოფნიდნენ, განსაკუთრებით არტილერისტები, ამიტომ მოვიწვიეთ სახმელეთო არტილერისტები, ხოლო საგემბანო გუნდებში კი - ადგილობრივი სასწავლებლების ზედა კლასელები, როგორც ზღვისპირეთის მოსახლეობა და თავიანთ მოვალეობებს მათ თავი შესანიშნავად გაართვეს”. როგორ მოქმედებდა ამიერკავკასიის ფლოტად წოდებული ქართული ფლოტი? ამის შესახებ, ასე თუ ისე, წარმოდგენას მაშინდელი გაზეთები იძლევიან, თუმცა პათეტიკურ საგაზეთო პუბლიკაციებში არსებულ სირთულეებზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. ფლოტის მოქმედებასთან დაკავშირებული პირველი მონაცემები 1918 წლის 14 (27) მარტის გაზეთ “ერთობაშია” დაბეჭდილი. ბათუმის თავი კონსტანტინე საბახტარაშვილი 12 (25) მარტით დათარიღებულ პატარა წერილში წერს, რომ 11 (24) მარტს სამხედრო ფლოტილია ხოფასკენ გაემართა და ამ ამბავმა თურმე იმ რაიონში ოსმალთა ჯარზე დიდი გავლენა მოახდინა. ბათუმის პორტში ჩატარებული ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ მე-2 რანგის კაპიტან ალექსანდრე ჭავჭავაძის სარდლობით ფლოტი საზღვაო მოქმედებებზე გადავიდა. იმ ლაშქრობაში ჭავჭავაძემ ზღვაში, სავარაუდოდ, “გრინპორტის” კატარღები მოწინააღმდეგის დასაზვერად და დროშის სადემონსტრაციოდ გაიყვანა. ახალშექმნილი ამიერკავკასიის ფლოტი დაცურავდა ანდრიას ჯვრის გამოსახულებიანი დროშით, რომელიც რუსეთის საიმპერატორო ფლოტის დროშაც იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“15 (28) მარტს ნოე რამიშვილი ამბობდა, რომ ფლოტი უკვე მზად იყო და სევასტოპოლიდან ბოლშევიკური ცენტრაფლოტის ხომალდებით დახმარების იმედიც ჰქონდა, მაგრამ მინისტრის ეს ოპტიმიზმი ნაჩქარევი და უსაფუძვლო გამოდგა. მომდევნო ინფორმაცია დეპეშის სახით ბათუმიდან მე-2 რანგის კაპიტანმა ჭავჭავაძემ სამხედრო-საზღვაო მინისტრ ვლადიმერ გობეჩიას გაუგზავნა, სადაც წერდა: "22 მარტს (4 აპრილი) შუადღით 3 საათზე დაზვერვის მიზნით სწრაფმავალი კატარღები "გურული" და "კახელი" გაიგზავნა პორტ ლიმანამდე, რომელიც თურქებს ეკავათ. თურქებმა ლიმანისა და მაკრიალის (ახლა ქემალ-ფაშა) სიმაღლეებს შუა კატარღებს თოფებითა და ტყვიამფრქვევებით სროლა აუტეხეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა". ამ ოპერაციაში ქართველმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად აეროპლანები გამოიყენეს. როცა მოწინააღმდეგე ბათუმისკენ შეუჩერებლად მოიწევდა, გაუგებარია ფლოტის უმოქმედობა 11-დან 22 მარტამდე (25 მარტი – 4 აპრილი), ანუ 11-დღიანი პაუზა, თYანაც ამ პერიოდში ყველაზე ძლიერი ხომალდი ოთხი 152 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული დამხმარე კრეისერი Regele Carol I საერთოდ არ ჩანს. პაუზა გარკვეულწილად უამინდობის მიზეზითაც შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. ეს განსაკუთრებით "გრინპორტების" კატარღებს შეეხება. გამორიცხული არც ტექნიკური ხასიათის პრობლემებია და არც ბენზინის ("გრინპორტების" ძრავები ბენზინზე მუშაობდა) დეფიციტი, Mმაგრამ მთავარი სირთულე მაინც დამხმარე კრეისერ Regele Carol I-ის ეკიპაჟის დაკომპლექტება იქნებოდა”, - დასძენს გამოცემა.

“პირველი ინფორმაცია Regele Carol I-ის ზღვაში გასვლაზე 23 მარტით (5 აპრილი) თარიღდება. მე-2 რანგის კაპიტანმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ Regele Carol I შუადღისას გამანადგურებლების: "აფხაზის", "აჭარელის", "კახელისა" და "გურულის" თანხლებით მდინარე არხავამდე ჩაიყვანა და საღამოს 6 სთ-ზე უკან ბათუმში დააბრუნა. ამის შესახებ მან დეპეშით სამხედრო-საზღვაო მინისტრ ვლადიმერ გობეჩიას აცნობა და დეპეშის ბოლოში აღნიშნა, რომ "ახალმა კამანდამ სროლა უკვე იცის". გამოდის, რომ ბათუმში ჩატარებული ოპერაციიდან 18 დღის შემდეგ, როგორც იქნა, მოხერხდა არტილერისტთა საჭირო რაოდენობის მოგროვება-მომზადება, ხოლო ცურვისას არტილერისტებმა სროლაში ივარჯიშეს. ეკიპაჟის დაკომპლექტება ამის შემდეგაც გაგრძელდა. შემორჩენილია გენერალური შტაბის 1918 წლის 19 სექტემბრის N10 ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ მიჩმან ჩიკვაიძეს 26 მარტიდან (8 აპრილიდან) 1-ლ (14) აპრილამდე Regele Carol ჩაროლ I-ის ვახტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მოწინააღმდეგე შეუჩერებლად უტევდა ჩვენს პოზიციებს, ამიტომ ფლოტის მთავარი ამოცანა საარტილერიო ცეცხლით მისთვის მაქსიმალური დაბრკოლებების შექმნა იყო. ამას ყველაზე მეტი ეფექტიანობით დამხმარე კრეისერ Regele Carol I-ის 152 მმ-იანი ქვემეხები შეძლებდნენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მაშინდელი სახომალდო არტილერია სროლის სიზუსტეში მოიკოჭლებდა და ნაპირიდან კორექტირებაზე იყო დამოკიდებული, რასაც ამიერკავკასიის ფლოტი მოკლებული უნდა ყოფილიყო. რუსეთის საიმპერატორო ფლოტის დროშით ზღვაში 3-4 საათით ყოფნა და რამდენიმე გასროლა სასურველ შედეგს ვერ მოიტანდა. ამიტომაც ზღვაში გასვლები უფრო სადაზვერვო იყო, რათა სანაპიროზე თურქების პოზიციები გარკვეულიყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ფლოტისა და სახმელეთო ძალების მოქმედებები ყოველთვის არ ეთანხმებოდა ერთმანეთს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბათუმისკენ დაძრული თურქული 37-ე ქვეითი დივიზიის დანაყოფები ზღვიდან მარაგდებოდნენ, ტვირთის მიღების ძირითადი პუნქტი ბათუმიდან 20 მილით დაშორებული ხოფა იყო. შესაბამისად, ფლოტის სამოქმედო არეალი მოიცავდა: ხოფას, აბუსლახის, ლიმანსა და მაკრიალს (ახლანდელი ქემალ-ფაშა). ყველა დეპეშაში ლაპარაკია ფელუგებზე (იგივე ფელუკა – ადგილობრივთა ყველაზე გავრცელებული საზღვაო ტრანსპორტი), რომლითაც თურქები ტვირთს ეზიდებოდნენ, მაგრამ დასახელებული პუნქტების ზღვიდან ბლოკირებაზე ან საცეცხლე დამუშავებაზე, რაც თურქებს მომარაგებაში ხელს შეუშლიდა, არაფერი გაკეთდა. ზღვაში მეტწილად `გრინპორტის~ კატარღები: "აფხაზი", "აჭარელი", "კახელი", "გურული" და "მეგრელი" გადიოდნენ. საპატრულო დანიშნულების "გრინპორტების" შეიარაღება – Maxim-ის 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი, Hotchkiss-ის წვრილკალიბრიანი 47 მმ-იანი და 37 მმ-იანი ქვემეხებისგან შედგებოდა. სანაპირო მიზნებთან ბრძოლისთვის კატარღების შეიარაღება საკმარისი არ იყო და მოწინააღმდეგეს ბევრ ვერაფერს აკლებდა, მაგრამ სარდალს მე-2 რანგის კაპიტან ალექსანდრე ჭავჭავაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. არც ისაა გამორიცხული, რომ ფლოტის სამსახურში მყოფი რუსი ოფიცრები და მატროსები საქართველოსთვის ომში ბრძოლისთვის მაინცდამაინც განწყობილი არ იყვნენ და დავალებებს სასხვათაშორისოდ ასრულებდნენ. თურქეთის სანაპიროსთან ჩატარებულ რეიდებში არ ჩანს ბათუმის პორტის შეიარაღებული გემები: "დობროვოლსკი", "მიხაილი" და სხვები. რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი? ალბათ, ბათუმის პორტის შეიარაღებული გემები ამიერკავკასიის ფლოტის სარდალს არ ემორჩილებოდნენ. ასე რომ, თურქებისგან მაშინ ბათუმის დაცვა არ მოხერხდა. არსებობა შეწყვიტა ამიერკავკასიის ფლოტმაც, რომლის უღიმღამო მოქმედებებმა ქართველი პოლიტიკოსები სამხედროებთან ერთად მე-2 რანგის კაპიტან ალექსანდრე ჭავჭავაძის მიმართ უარყოფითად განაწყო, რასაც საზღვაო საქმიდან მისი დროებით ჩამოცილება მოჰყვა”, დაასკვნის სტატიის ავტორი.

“ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა" - ასე ეწოდება ბადრი გოგუაძის ახალ წიგნს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეულ სამხედრო მოღვაწეს, ჯავშნოსანი რაზმის უფროსსა და რკინიგზის კომენდანტს, ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძეს ეძღვნება. 1918 წლის 13 (26) აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლისა და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით მდინარე ჩოლოქზე ოსმალთა ჯართან ბრძოლის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის ვალოდია გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს და “რევოლუციის პირველი გმირის” წოდება მიანიჭეს. მხატვრულ-დოკუმენტურ ჟანრში დაწერილი წიგნი ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა. მკითხველი ვალოდია გოგუაძის პიროვნებას ყოველმხრივ გაიცნობს, გაიგებს, რისთვის დაიმსახურა მან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი სამხედრო შეფასება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით "ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა".

“ღარიბი გურული გლეხის შვილმა სამხედრო სამსახური 1900 წელს ოდესაში რუსეთის არმიის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დაიწყო, საიდანაც ის სხვა ქართველებთან ერთად გემით მანჯურიაში იაპონიასთან ომში საბრძოლველად გაგზავნეს. სამხედრო სამსახურის შემდეგ იყო თბილისის რკინიგზის სასწავლებელი და ბაქო, სადაც რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება როგორც გამოცდილი მებრძოლი. მოასწრო სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში გაწევრებაც. 1909 წლიდან ვალოდია გოგუაძე მშობლიურ გურიას დაუბრუნდა და მოსახლეობას მფარველად მოევლინა - ის ხალხს მოთარეშე ბანდებისგან იცავდა. 1917 წლის რევოლუციის დროს მონაწილეობდა თბილისის “წითელი გვარდიის” (შემდეგში საქართველოს სახალხო გვარდია) შექმნაში, ხოლო 1917 წლის დეკემბერში თბილისის არსენალის დაკავებას ხელმძღვანელობდა. 1918 წლის დასაწყისში კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი რუსული სამხედრო ნაწილებით დატვირთული ეშელონების სარკინიგზო გზა ნავთლუღის გავლით ბაქოსკენ მიემართებოდა. არსებობდა ძალიან დიდი საფრთხე, რომ ბოლშევიკური იდეებით ჭკუაარეულ შეიარაღებულ ჯარისკაცებს საქართველოს დედაქალაქი დაერბიათ. რუსული ეშელონების თბილისისთვის ასარიდებლად და ბაქოსკენ მიმავალ გზაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყო ჯავშანმატარებელი N4 ვალოდია გოგუაძის მეთაურობით. ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას ჯავშანმატარებლის 80-კაციანმა რაზმმა შესანიშნავად გაართვა თავი, თუმცა დანაკარგიც იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვალოდია გოგუაძის სამხედრო ნიჭმა განსაკუთრებით 1918 წლის გაზაფხულზე თურქებთან ომში გაიბრწყინა, როცა გენერალ მაზნიაშვილს მტრის პოზიციებში შეჭრისა და ბრძოლის გამართვის წინადადებით მიმართა. 1918 წლის 8 (21) აპრილს, დილის 5 საათზე, ჩოლოქის ხიდს ვალოდია გოგუაძის ჯავშანმატარებელი მიადგა. ქართველმა მებრძოლებმა ოსმალო გუშაგები განაიარაღეს და ჯავშანმატარებელმა სროლის გარეშე განაგრძო გზა მტრის ბანაკის სიღრმისკენ. ისე ჩანდა, რომ ნელა მიმავალი ჯავშანმატარებელი დანებების განზრახვით მოძრაობდა. ოსმალოები გათამამდნენ, ზოგი ჯავშანმატარებლის საფეხურებზე აცოცდა, ზოგიც ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვევის ლულებს ჩამოეკიდა, მაგრამ შიგნით შესვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. როცა მომხდურთა მთელი ჯარი რკინიგზის პირას გამოეფინა, ვალოდია გოგუაძემ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა...”, - დასძენს გამოცემა.

“ჩოლოქთან ჯავშანმატარებლის უნარიანი მოქმედების შედეგად თურქეთის არმიამ დიდი მარცხი განიცადა, რამაც ქართულ ჯარს რწმენა შემატა და ჯარისკაცები გამარჯვებისთვის უფრო მეტად განაწყო. ვალოდია გოგუაძე სამშობლოსთვის თავის სამ ძმასა და მეუღლესთან ერთად იბრძოდა. 1919 წელს მას ცოლად გაჰყვა ივლიტა (ნამეტია) ბერძენიშვილი, მაშინ თბილისის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. შემდგომ ის იგონებდა: “მე ჯავშნოსანზე მყავდა ახალი მეომარი - ჩემი მეუღლე. მე ჩემს ძმას და ნათესავებს დავავალე: ბრძოლის დროს ჩემს ცოლთან ახლოს ყოფილიყვნენ და თუ საქმე ცუდად წავიდოდა, მოეკლათ კიდეც, რათა ოსმალებს ტყვედ არ ჩავარდნოდა”. მკითხველისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება წიგნში წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯავშანმატარებლების გამოსახულებებით”, - ამბობს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო