DEG-მ  და FMO-მ ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს და  პორტის კაპიტალი სრულად შეივსო

გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს.

5 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველად მოეწერა ხელი ოფიციალურ დოკუმენტს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ინვესტირებასთან დაკავშირებით.

როგორც „ინტერპრესანიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ გერმანიისა და ნიდერლანდების სახელმწიფო ბანკების შემოსვლით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და პროექტის მშენებლობის კაპიტალიც სრულად შეივსო. როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმების თანახმად, DEG-სა და FMO-ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთი ძლიერი ბანკების შემოსვლა ანაკლიის კონსორციუმში. ორივე მათგანი ევროპის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს ანაკლიის პროექტს და ორი დიდი სახელმწიფოს - გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ ჩვენი ქვეყნისადმი მეტ მხარდაჭერას განაპირობებს“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება და ამის შემდეგ პროექტი ფინანსურად დაიხურება.

კონსორციუმის განცხადებით, გერმანიის განვითარების ბანკი (DEG) KfW-ის საბანკო ჯგუფის წევრია. KfW არსებობის 70-წლიან ისტორიას ითვლის და სახელმწიფო თანამშრომლობის პროექტებს ახორციელებს, DEG-ს ამოცანაა მნიშვნელოვან კერძო ბიზნესინიციატივებს შეუწყოს ხელი რეფორმების გამტარებელ ქვეყნებში.

FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს 9.2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პორტფელით. FMO კერძო სექტორის განმავითარებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობის გამო მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, ინვესტირებას სხვა ქვეყნების კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ახდენს და წვლილი შეაქვს შესაბამისი ქვეყნების მდგრადი განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო